განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118001445187
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-578-2018 14 აგვისტო, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ჯ------– კ---–--–--ე
წარმომადგენელი - ე---–------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი
წარმომადგენელი - დ---------------ე
დავის საგანი - საბანკო კრედიტი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ჯ------– კ---–--–--ესა და ხ------- კ---–--–--ეს მოსარჩელის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ SAMTG0------------- (საბარათე) ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 138,83 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ჯ------– კ---–--–--ესა და ხ------- კ---–--–--ეს მოსარჩელის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ N---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3045,99 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 458.72 აშშ დოლარი, დარიცხული % - 587.27 აშშ დოლარი. მოსარჩელეს სს ს----------–--------ს პირგასამტეხლოს სახით 675,83 აშშ დოლარის დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. მოპასუხე ჯ------– კ---–--–--ეს დაეკისრა მოსარჩელის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ, მის მიერ მიერ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის ანაზღაურება - 150.00 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ჯ------– კ---–--–--ესა და ხ------- კ---–--–--ეს მოსარჩელის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (299 ლარი) 259 ლარის და უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, ჯამში 409 ლარის გადახდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2011 წლის 21 ნოემბერს სს პ-----------სა და ჯ------– კ---–--–--ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N TGV2AE0---------, რომლის მიხედვითაც ჯ------– კ---–--–--ეზე გაიცა სესხი 4 166.26 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით, სესხს ხელშეკრულების შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.15%. 2.2. 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების გირავნობის ხელშეკრულება N TGV2AE0---------, რომლის საფუძველზეც დაგირავდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტო სატრანსპორტო საშუალება შემდეგი მახასიათებლებით: სატრანსპორტო საშუალება, რეგისტრაციის მოწმობა: BV0629493 რეგისტრაციის ნომერი I-----, მარკა მიცუბიში პაჯერო იო, გამოშვების წელი 1999, ტიპი: მსუბუქი მაღალი გავლობის, ფერი: ყავისფერი 3/8. 2.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების TGV2AE0--------- შესაბამისად გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, 2011 წლის 21 ნოემბერს გაფორმდა TGV2AE0---------, თავდებობის ხელშეკრულება ხ------- კ---–--–--ესთან, რომლის თანახმად ხ------- კ---–--–--ემ იკისრა სრულად პასუხისმგებლობა ჯ------– კ---–--–--ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე. 2.4. 2011 წლის 17 ნოემბერს სს პ-----------სა და ჯ------– კ---–--–--ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N SAMTG0-------------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი, რომლის ლიმიტი შეადგენდა 3000.00 ლარს, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36-%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 1%-ს. 2.5. 2015 წლის 11 მაისს განხორციელდა სს ს----------–--------ისა და სს პ-----------ის შერწყმა. შესაბამისად სს ს----------–--------ი წარმოადგენს სს პ-----------ის უფლებამონაცვლეს. 2.6. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე შეამცირა SAMTG0------------- ხელშეკრულებიდან (საბარათე ანგარიში) გამომდინარე დავალიანების - 438.83 ლარის ოდენობა 138,83 ლარამდე, დაადასტურა, რომ მოპასუხემ 29.09.2017წ. ჩარიცხა 300 ლარი. 2.7. 2015 წლის 28 სექტემბერს სს ს----------–--------ის მიერ ჯ------– კ---–--–--ის მიმართ, აღნიშნულ სესხზე (SAMTG0-------------) მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპონდენტის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს. 2.8. სარჩელის შემოტანის მომენტისათვის ჯ------– კ---–--–--ის დავალიანება 2011 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3 993.76 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 2 458.72 აშშ დოლარი, დარიცხული % - 587.27 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 947.77 აშშ დოლარი, ხოლო SAMTG0------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული ვალდებულება შეადგენს 138,83 ლარს. 2.9. მოპასუხე ჯ------– კ---–--–--ემ N---------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე (4 166.26 აშშ დოლარი), ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 ივლისს და მას შემდეგ საერთოდ შეწყვიტა დავალიანების დაფარვა. სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 25 ივლისს, 1 წლისა და 20 დღის შემდეგ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 2.11. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 2.12. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. 2.14. საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ჯ------– კ---–--–--ეს აქვს ორ ვადაზე მეტი გადაცილება და მას ვადაგადაცილებული ვალდებულების აღმოსაფხვრელად ჰქონდა არათუ ორკვირიანი ვადა, არამედ 22 თვეზე მეტი ვადა, რაც მან არ გამოიყენა ვადაგადაცილების აღმოსაფხვრელად. 2015 წლის 28 სექტემბერს სს ს----------–--------ის მიერ ჯ------– კ---–--–--ის მიმართ, აღნიშნულ სესხზე (SAMTG0-------------) მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რომლის საპასუხოდ რესპონდენტის- მოოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იქნა პროტესტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების სეწყვეტის შესახებ. 2.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ------– კ---–--–--ე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხდა კრედიტით მიღებული თანხა. 2.16. საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 18 %-ს. სასამართლომ შეამოწმა სარგებელის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარგებელი არ ეწინააღმდეგებოდა კანონს. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო მხარეთა შორის წერილობით იყო შეთანხმებული. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა 0.15 %. 2.18. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული და იგი შეამცირა 4-ჯერ. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, ხოლო 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ჯ------– კ---–--–--ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ხ------- კ---–--–--ესთან. 2.20. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ძირითადმა ოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს. 2.21. ჯ------– კ---–--–--ემ N TGV2AE0--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე (4 166.26 აშშ დოლარი), ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წლის 04 ივლისს და მას შემდეგ საერთოდ შეწყვიტა დავალიანების დაფარვა, სარჩელი კი აღძრულია 2016 წლის 25 ივლისს, 1 წლისა და 20 დღის შემდეგ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2015 წლის 04 ივლისის შემდეგ, მან სარჩელი აღძრა 2016 წლის 25 ივლისს. მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე არ იყო გასული 3 წელი, ანუ სარჩელი არ იყო ხანდაზმული. 2.22. გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასური, 150.00 ლარი სასამართლომ სასამართლოს გარეშე გაწეულ საპროცესო ხარჯად მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გაასაჩივრა ჯ------– კ---–--–--ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოწინააღმდგე მხარე სარჩელის აღძვრის სტადიაზე ამტკიცებდა, რომ ჯ------– კ---–--–--ეს სესხად აღებულ 4166.26 აშშ დოლარზე განხორცილებული აქვს მხოლოდ 926 აშშ დოლარის გადახდა. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე აპელანტის (მოპასუხის) შუამდგომლობით გამოთხოვილი იქნა ჯ------– კ---–--–--ის სადავო სესხზე განხორციელებლი სრული (ყველა) გადახდის ამონაწერი და გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა 4424.53 აშშ დოლარის გადახდას. 3.2. განსხვავებული გადახდების მაჩვენებლის არსებობის გამო მოსარჩელეს მოთხოვნა არ შეუმცირებია, თუმცა ფაქტია, რომ ყველა გადახდის ამსახველი მონაცემები 4.7-ჯერ მაინც აღემატებოდა სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებისათვის გამოყენებული პირველადი წერილობითი მტკიცებულების მონაცემებს. ამასთან, სრული გადახდის ამსახველი 4424.53 აშშ დოლარის ამონაწერი უქარწლევებს მოსარჩელეს მოთხოვნას, რადგან მოთხოვნის დასაბუთება ემყარებოდა მხოლოდ 926 აშშ დოლარის გადახდებს. სრული გადახდის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ მოსარჩელეს მოთხოვნა არ შეუმცირებია, თუმცა არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ გადახდის განსხვავებული - 4.7-ჯერ ნაკლები (ან მეტი) მონაცემების შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს ერთი და იგივე ოდენობა. თავისი მხრიდან არც სასამართლოს გაურკვევია მოთხოვნის საფუძვლიანობა განსხვავებული გადახდის მონაცემების ვითარების გამო. ამ მოცემულობის გათვალისიწინებით, სასამართლომ პრაქტიკულად მხარეს მიანიჭა იმაზე მეტი ვედრე ის მოითხოვდა. ეს გამოიხატა მასში, რომ სასამართლომ არ გაარკვია, თუ რატომ უნდა დაეკისროს ჯ------– კ---–--–--ეს ძირი თანხის სახით 2 458.72 აშშ დოლარი და 587.27 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებლის სახით მაშინ, როდესაც გადახდის ამსახველი მონაცემები 4.7-ით აღემატება სარჩელის დასაბუთებისათვის გამოყენებულ გადახდებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. უსწოროა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება განსხვავებული წერილობითი მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა გადახდის ორი განსხვავებული ამონაწერი, რომელშიც მონაცემები 4.7-ით განსხვავებით ასახავს მოპასუხის გადახდის ინფორმაციას. სასარჩელო მთხოვნის დასაბუთებისათვის მოსარჩელე დაეყდნო 926 აშშ დოლარის გადახდის ამონაწერს, თუმცა გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებს 4424.53 აშშ დოლარის გადახდას. ასეთ ვითარებაში მხოლოდ მოსარჩელის მტკიცების საგანი არის, თუ რა განაპირობებს განსხვავებული გადახდის მონაცემების არსებობის შემთხვევაში ერთი და იგივე მოთხოვნის არსებობას. განხილვის პროცესში მოსარჩელეს ეს თავად არ შეუსრულებია და არც სასამართლოს დაუსვამს კითხვა ამ მიმართებით და მაშინ, როდესაც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნა მაინც საფუძვლიანი იყო, იგი გასცილდა თავის უფლებამოსილებას და იტვირთა მხარის მტკიცების საგანი, რაც უცხოა სამოქალაქო საპროცესო კანონისათვის და ეწინააღმდეგება მას, ე.ი. სამართლებრივად უსწოროა სასამართლოს მსგავსი პოზიცია და ამიტომ, მისი იურიდიული დასაბუთება გადაწყვეტილებაში არც მოიპოვება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2011 წლის 21 ნოემბერს ჯ------– კ---–--–--ემ სს პ-----------ისაგან ისესხა 4166,26 აშშ დოლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო 60 თვის ვადით. 4.1.2. აპელანტს კრედიტორისათვის სარგებელი, სესხის თანხის წლიური 18% უნდა გადაეხადა; თუმცა სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 32,4%-ს შეადგენდა და მასში ავტომობილისა და პირადი დაზღვევის ხარჯი, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული საკომისიო და ავტომობილის გირავნობასთან დაკავშირებული ხარჯიც შედიოდა. 4.1.3. ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 0,15%-ის ოდენობით. 4.1.4. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს, 6381,6 აშშ დოლარის ფარგლებში სოლიდარული თავდებობა იკისრა ხ------- კ---–--–--ემ. 4.2. 2011 წლის 17 ნოემბერს სს პ-----------მა ჯ------– კ---–--–--ეს გადასცა საკრედიტო ბარათი. 4.2.1. ამ ბარათზე საკრედიტო ლიმიტი შეადგენდა 3000 ლარს, ხოლო საპროცენტო სარგებელი - წლიურ 36%-ს. 4.2.2. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აპელანტს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - ყოველდღიურად ვადაგადაცილებული თანხის 1%-ის ოდენობით. 4.3. 2015 წლის 7 აპრილის შემდეგ აპელანტს ვალდებულებები აღარ შეუსრულებია. 4.4. 2015 წლის 11 მაისს სს პ-----------ი სს ს----------–--------ს შეერწყა. 4.5. 2015 წლის 28 სექტემბერს სს ს----------–--------მა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აპელანტის მიმართ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა მოითხოვა. 4.5.1. ამ განაცხადისათვის მოსარჩელემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 150 ლარი გადაუხადა, მაგრამ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის , ე.ი. აპელანტის პროტესტის საფუძველზე, სს ს----------–--------ს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე ეთქვა უარი. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის, 625-ე მუხლის 1 ნაწილისა და 867-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტმა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნოს ვალი და გადაუხადოს სარგებელი, თუმცა პალატის აზრით, სასამართლომ გადასახდელი თანხის ოდენობა შეცდომით გამოიანგარიშა. 4.7. აპელანტის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება და მხარეები სადავოდაც არ ხდიან, რომ 2011 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს 4424,53 აშშ დოლარი აქვს გადახდილი. 4.7.1. აქედან, მოსარჩელის განმარტებით (ს.ფ. 197), 2273,68 აშშ დოლარი გამოაკლდა ძირითად ვალს, 2021,37 აშშ დოლარი - სარგებელს, ხოლო 129,48 აშშ დოლარი ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში. 4.7.2. გარდა ამისა, მოსარჩელის პოზიციით, ძირითად ვალს დაემატა აპელანტის მიერ გადასახდელი დაზღვევის თანხა, 546,89 აშშ დოლარი, რაც მოსარჩელემ მას კრედიტის სახით გამოუყო და სადაზღვევო კომპანიას გადაურიცხა. 4.8. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მის მოთხოვნას არ შეესაბამება. 4.8.1. უდავოა, რომ აპელანტმა მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედისაგან 4166,26 აშშ დოლარი ისესხა. 4.8.2. თუ აპელანტის მიერ გადახდილი 2273,68 აშშ დოლარი სესხის ძირითად თანხას გამოაკლდა, აპელანტის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 4166,26-2273,68=1892,58 აშშ დოლარს. 4.8.3. ამ თანხისა და სადაზღვევო პრემიის სახით გადასახდელი თანხის ჯამი კი: 1892,58+546,89=2439,47 აშშ დოლარია, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ძირითად თანხაზე - 2458,72 აშშ დოლარზე ნაკლებია. 4.9. გარდა ამისა, 2011 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულების დანართი 1-ის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში აპელანტს კრედიტორის სასარგებლოდ პროცენტის სახით - 62,49+63,9+63,24+58,53+61,83+59,17+60,41+57,77+58,94+58,21+55,61+ 56,67+ 54,1+55,09+54,3+48,31+52,59+50,09+50,89+48,41+49,13+48,24+45,81+46,4+44,01+44,51+43,55+38,45+41,52+39,21+39,47+37,2+37,37+36,3+34,07+34,09+31,91+31,82+30,66+26,63+28,25+26,17+25,8+23,76+23,27+21,98+20+19,33+17,4+16,61+15,21+12,91+12,35+10,54+9,41+7,65+6,38+4,83+3,15+1,65 = 2217,55 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.9.1. აპელანტის მიერ სარგებლის სახით გადახდილი 2021,37 აშშ დოლარისა და 587,27 აშშ დოლარის ჯამი კი - 2021,37+587,27=2608,64 აშშ დოლარია, რაც აპელანტის მიერ მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გადასახდელი სარგებელს 391,09 აშშ დოლარით აღემატება. 4.10. ამის შესაბამისად, საქმის მასალების თანახმად, აპელანტის დავალიანება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ 2011 წლის 21 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 1892,58+(2217,55-2021,37)=2088,76 აშშ დოლარს შეადგენს. 4.11. ამავდროულად, მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების 2.8. პუნქტის თანახმად, კრედიტის მიღებისათვის აპელანტს უნდა დაეზღვია შეძენილი ავტომობილი და გადაეხადა დაზღვევის ღირებულება. 4.11.1. ხელშეკრულების 5.5. პუნქტის შესაბამისად, კი თუ აპელანტს ანგარიშზე არ ექნებოდა დაზღვევის გადასახდელი თანხა, ბანკი გამოუყოფდა მას დამატებით თანხას და მისი დავალებით ან დავალების გარეშე გადაურიცხავდა სადაზღვევო კომპანიას. აღნიშნულ თანხას შესაბამისი საპროცენტო სარგებელიც უნდა დარიცხვოდა. 4.12. საქმეში არსებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის პოლისის თანახმად, კრედიტით შეძენილი ავტომობილი დაზღვეული იყო შპს სადაზღვევო კომპანია ტაოში და მთელი ხელშეკრულების განმავლობაში აპელანტს სადაზღვევო პრემიის სახით, ყოველწლიური დაფარვით - 220,01+198,01+178,21+160,39+150=906,62 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. 4.13. აპელანტის ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ კრედიტორმა სადაზღვევო კომპანიაში გადასარიცხად სესხის ლიმიტი რამდენჯერმე გაზარდა: ასე 2012 წლის 22 ნოემბერს სესხი 217,25 აშშ დოლარით გაიზარდა; 2014 წლის 5 მარტს - 179,64 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წლის 20 ნოემბერს - 169,25 აშშ დოლარით. 4.13.1. ე.ი. ჯამში, კრედიტორმა აპელანტის ნაცვლად სადაზღვევო კომპანიას 566,14 აშშ დოლარი გადაუხადა, თუმცა აქედან მოსარჩელემ მოპასუხისათვის, მხოლოდ, 546,89 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. 4.14. ხელშეკრულების შესაბამისად, აღნიშნული თანხა ძირთად ვალს დაემატა. გარდა ამისა, მას დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, წლიური 18%, ე.ი. 217,25X18%X4+179,64X18%X2+169,25X18%X2=312,48 აშშ დოლარი. 4.15. ამის შესაბამისად, საბოლოოდ, აპელანტის დავალიანებამ მოწინააღმდეგე მხარის წინაშე 2088,76+546,89+312,48=2948,13 აშშ დოლარი შეადგინა. 4.16. ამ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი არც-ერთი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. 4.17. ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ 3045,99 აშშ დოლარის ნაცვლად 2948,13 აშშ დოლარის გადახდა უნდა დაეკისროს. 4.18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს. 4.18.1. აპელანტმა გადაწყვეტილება, მხოლოდ, 3045,99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, ამიტომ, დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეამოწმებს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ჯ------– კ---–--–--ისათვის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 3045,99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. სს ს----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ჯ------– კ---–--–--ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ, ხ------- კ---–--–--ესთან სოლიდარულად უნდა დაეკისროს 2948,13 აშშ დოლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს ს----------–--------ს ჯ------– კ---–--–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, (3045,99-2948,13)X4%X2,46=9,62 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა
1. ჯ------– კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯ------– კ---–--–--ისათვის სს ს----------–--------ის სასარგებლოდ 3045,99 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და, ამ ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;
4. სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. ჯ------– კ---–--–--ეს სს ს----------–--------ის სასარგებლოდ, ხ------- კ---–--–--ესთან სოლიდარულად დაეკისროს 2948,13 აშშ დოლარის გადახდა;
6. სს ს----------–--------ს ჯ------– კ---–--–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 9,62 ლარის გადახდა;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე სიმონ ჩხაიძე