განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010141318700065802
საქმე №1აგ/505-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 სექტემბერი, 2018წ. ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: მაია თეთრაული
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
რევაზ ნადარაია
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:
ლ--------------–---–ს (დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ 0----------) მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ვადით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით:
ლ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ--------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბა,მისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს და თბილისის საქალაქო სასასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენებში შევიდა ცვლილება.
ლ--------------–---–ს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ--------------–---–ის მიმართ დანიშნული ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ლ--------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით ლ--------------–---–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი) დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი) საათის ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
2018 წლის 24 აგვისტოს, მსჯავრდებულმა ლ--------------–---–მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ვინაიდან იგი მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული ლ--------------–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენით (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი) მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, დამატებით სასჯელად - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთვა უფლებები.
ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ლ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 აგვისტოს განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან, ასევე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამოერთმეული უფლებები.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2017 წლის 13 მარტის განაჩენებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2017 წლის 13 მარტის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.
ლ--------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან.
ლ--------------–---–ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით:
ლ--------------–---–ი ცობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2017 წლის 13 მარტის განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /მ. თეთრაული/
მოსამართლეები: /გ. ჯეირანაშვილი/
/რ. ნადარაია/