განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.09.2018
საქმის ნომერი
010210118001441133
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210118001441133

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-577-2018 4 სექტემბერი, 2018 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - მ------ კ------------ე, მ------- ჯ----–---–ი

წარმომადგენელი - ა---------–------------ე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ს---------- გ-------ი

წარმომადგენელი - ლ------–---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ს-----------გ-------ის (ს/კ 4--------) სარჩელი მ------ კ------------ისა (პ/ნ 6----------) და მ------- ჯ----–---–ის (პ/ნ 6----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოპასუხეებს - მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს მოსარჩელის შპს ს-----------გ-------ის (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 5506.41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხეებს - მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს მოსარჩელის შპს ს-----------გ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 388 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება, ჯამში 538 ლარის გადახდა. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში, უცვლელად. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2016 წლის 12 აპრილს ერთის მხრივ შპს „ს-----------გ-------ს“ და მეორე მხრივ მოქალაქე მ------ კ------------ეს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის N0---- ხელშეკრულება. გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება - მარკა მოდელი B------ LI, 2009, შასი/ვანი N-----------------4, სახელმწიფო სარეგისტრაციო N----------, რომელიც შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დატვირთული იქნა გირავნობით 2016 წლის 19 აპრილს. ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 2016 წლის 12 აპრილს მითითებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მ------ კ------------ეზე გაიცა სესხი 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მიეცა მას ავტომანქანის ტარების უფლება. 2.2. მხარეებს შორის სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება დადებული იყო 40 დღის ვადით, 2016 წლის 22 ივნისის ჩათვლით. მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა თვეში 5%-ს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, პირგასამტეხლო კი - პროცენტის დაგვიანებისთვის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ძირითადი თანხის 0.02%, ხოლო ძირითადი თანხის დაგვიანებისათვის ყოველვადაგადაცილებულ დღეზე - სესხის ძირითადი თანხის 0.5%, მაგრამ ამ შემთხვევაში საურავის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირითადი თანხის 10%-ს. 2.3. 2016 წლის 12 აპრილს სესხისა და გირავნობის N0---- ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება შპს „ს-----------გ-------ს“, მ------- ჯ----–---–ს როგორც „თავდებს“ და მ------ კ------------ეს როგორც „მოვალე/მესამე პირს“ შორის. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად „თავდები“ პირი მსესხებელთან ერთად სოლიდარულად და მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს გამსესხებლის - შპს „ს-----------გ-------ის“ წინაშე, 2016 წლის 12 აპრილის N0---- სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, მსესხებელ-დამგირავებელ მ------ კ------------ის მხრიდან შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. თავდებობის თანხა შეადგენდა - 15 000 აშშ დოლარის ექვივანტ ლარს, ამ თანხაში არ შედის ძირითადი ვალი და თანხის ამოღებისათვის გაწეული ხარჯები. 2.4. მსესხებელმა - დამგირავებელმა მ------ კ------------ემ დაარღვია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და არ დაუბრუნა შპს „ს-----------გ-------ს“ სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად დათქმულ დროს, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წლის 20 ივნისს პირდაპირი მიყიდვის გზით მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია. ამ პერიოდისათვის მ------ კ------------ის დავალიანება შპს „ს-----------გ-------ის“ წინაშე შეადგენდა: 1. სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 2. დარიცხული პროცენტი - 975 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 3. დარიცხული საურავი (ძირითადი თანხის დაგვიანებისათვის) – 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 4. დარიცხული საურავი (პროცენტის დაგვიანებისათვის) – 186 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 5. შპს „ს----------- გ-------ის“ მიერ გაწეული ხარჯი - 101 ლარი (საექსპერტო შეფასება - 101 ლარი). რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 12 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2.5. გირავნობის საგნის-ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით (12 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) დაფარული იქნა მ------ კ------------ის შპს „ს-----------გ-------ის“ წინაშე არსებული დავალიანების ნაწილი, კერძოდ: 1. სესხის ძირითადი თანხა - 9 493.59 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 2. დარიცხული პროცენტი - 975 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 3. დარიცხული საურავი (ძირითადი თანხის დაგვიანებისათვის) – 1 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი; 4. დარიცხული საურავი (პროცენტის დაგვიანებისათვის) – 186 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და 5. შპს „ს-----------გ-------ის“ მიერ გაწეული ხარჯი - 101 ლარი (საექსპერტო შეფასება - 101 ლარი). აღნიშნულის გათვალისწინებით მ------ კ------------ის ნარჩენი დავალიანება შპს „ს-----------გ-------ის“ წინაშე შეადგენს: სესხის ძირითადი თანხა - 5 506.41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. 2.6. მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებელ-დამგირავებელმა მ------ კ------------ემ დაარღვია მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და არ დაუბრუნა შპს „ს----------- გ-------ს“ სესხის ძირითადი თანხა დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად დათქმულ დროს. სადავო არაა ასევე სესხის ძირ თანხაზე სარგებლისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის გაანგარიშება. 2.7. მხარეები არ დავობენ იმაზეც, რომ მ------ კ------------ეს და თავდებ პირს მ------- ჯ----–---–ს ეცნობათ მოსარჩელის მიერ, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა გირაოს საგნის რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. მათ მიმართ გაგზავნილი იქნა 2016 წლის 29 ივნისის შესაბამისი მოთხოვნა/შეტყობინება. და მისი გაგზავნის დამადასტურებელი საფოსტო ცნობა, მ------- ჯ----–---–ის მიმართ გაგზავნილი 2016 წლის 29 ივნისის მოთხოვნა/შეტყობინება და მისი გაგზავნის და ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ცნობა. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ გააფრთხილა მოპასუხე - მსესხებელი გირაოს საგნის შესაძლო რეალიზაციის თაობაზე, თუ იგი არ გადაიხდიდა დავალიანებას. 2.8. სადავო არაა, რომ გირაოს საგნის რეალიზაცია მოხდა 2016 წლის 20 ივნისს, პირდაპირი მიყიდვის გზით, რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 12 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რომლითაც დაფარულ იქნა მ------ კ------------ის დავალიანების ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა 10.06.2016წ. საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც გირაოს საგნის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 11 600 აშშ დოლარად, დასკვნას ერთვის შეფასების ანგარიშიც. 2.9. მოსარჩელე ითხოვს ვალდებულების დარღვევის გამო მხოლოდ დარჩენილი სესხის ძირი თანხის - 5506.41 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრებას. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”. 2.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 2.12. მხარეებს შორის გაფორმებული სესხისა და გირაოს ხელშეკრულების თანახმად, მართალია, სესხის უზრუნველმყოფი საგანი - მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის რეალიზაციის უფლება მოსარჩელეს ჰქონდა. სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად არის გირაო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან განხორციელდა გირაოს საგნის რეალიზაცია, გირავნობა უფლება შეწყვეტილად ითვლება. ამავე კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, მოსრჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია ან მის საკუთრებაში გადაცემა მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ მოახდინა მისი რეალიზება, თუმცა რეალიზაციის შედეგად დავალიანება მთლიანად არ დაიფარა. სადავო არაა, რომ გირაოს საგნის რეალიზაცია მოხდა 2016 წლის 20 ივნისს, პირდაპირი მიყიდვის გზით, რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 12 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, რომლითაც დაფარულ იქნა მ------ კ------------ის დავალიანების ნაწილი. მოსარჩელემ წარმოადგინა 10.06.2016წ. საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც გირაოს საგნის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 14 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 11 600 აშშ დოლარად, დასკვნას ერთვის შეფასების ანგარიშიც. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ------ კ------------ესთან დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო მ------- ჯ----–---–თან. მან იკისრა ვალდებულება მ------ კ------------ესთან ერთად პასუხი აგოს სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლებმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი უნდა აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა. მ------ კ------------ემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულება. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ მას აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირის მიმართაც.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ------ კ------------ემ და მ------- ჯ----–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. 2016 წლის 12 აპრილს ნამდვილად გაფორმდა მოსარჩელეს და მოპასუხეებს შორის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც იყო ორმხრივი ვალდებულებით და გირავნობის საგანი სრულად აკმაყოფილებდა სასესხო ვალდებულებას და შეფასებულ იყო 21000 აშშ დოლარად. 3.2. 2016 წლის 12 აპრილს ნამდვილად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც ასევე იყო ორმხრივი ვალდებულება, კერძოდ მოსარჩელეს ეკისრებოდა ვალდებულება – თუ ძირითადი მსესხებელი არ შეასრულებდა ვალდებულებას, ეცნობებინა თავდებისთვის, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ შესრულებულა მოსარჩელის მხრიდან. 3.3. სასამართლომ არ შეაფასა, რომ თავდებ პირს მ------- ჯ----–---–ს არასოდეს არ მოსვლია შეტყობინება, რომ ძირითადი მსესხებელი არ ასრულებდა თავის ვალდებულებას. 3.4. სასამართლომ არ შეაფასა, რომ მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა მსესხებელსა და თავდებთან შეტყობინების და შეთანხმების გარეშე მოეხდინა დაგირავებლი ნივთის რეალიზაცია. 3.5. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებელს და თავდებ პირს ეცნობა დაგირავებული ნივთის რეალიზაციის შესახებ, მაშინ, როდესაც აღნიშნულ მხარეებს შორის სრულად იყო სადაო. 3.6. სასამართლომ არასწორად იმსჯელა, რომ მსესხებელს ეცნობა ელექტრონულად, რომ მოხდებოდა დაგირავებული საგნის რეალიზაცია და მიუთითა ასეთზე, თუმცა არ იმსჯელა, რომ თავდების მიმართ იგივე ვალდებულება გააჩნდა. 3.7. სასამართლომ არასწორად იმსჯელა ავტომანქანის ღირებლების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რამდენადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი უზრუნველყოფს მაქსიმუმ 21000 აშშ დოლარს. არცერთ მხარეს ავტომანქანის რეალურ ფასზე ეჭვი არ გამოუთქამს, ხოლო სასამართლოს მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, „რა თქმა უნდა, უფრო მეტად მყარ მტკიცებულებას, ვიდრე ეს შეთანხმება“ არღვევს მხარეთა შეთანხმების პრინციპს და ეწინააღმდეგება კანონს. ამასთან ავტომანქანის ღირებულება პირდაპირი გაყიდვის წესით ვერ განსაზღვრავს საბაზრო ღირებულებას, რაზეც საერთოდ არ იმსჯელა. სამართლებრივი საფუძვლები 3.8. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გემოეყენებინა და არასწორი განმარტება მისცა გამოყენებულ კანონს, კერძოდ სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები სსკ–ის 102–ე მუხლით, რაც გამოიხატა იმ ფაქტობრივ მდგომარეობაში, რომ იმსჯელა მხოლოდ მოპასუხეთა ვალდებულებებზე ხელშეკრულების მიხედვით და არ იმსჯელა იგივე კუთხით მოსარჩელის ვალდებულებებზე, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლზე ვალდებულების წარმოშობის აუცილებლობაზე და ამ კუთხით მიუთითა, რომ მსესხებელმა მ------ კ------------ემ დაარღვია სესხის და გირავნობის ხელშეკრულება. ასეთს როდესაც ასაბუთებდა სასამართლო, უკვე უნდა ემსჯელა, რომ მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულება თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეცნობებინა თავდებისთვის მ------- ჯ----–---–ისთვის და მხოლოდ შემდეგ განეხორციელებინა სხვა ღონისძიებები, რაც მოსარჩელეს არ გაუკეთებია, რითაც დაარღვია თავისი და მხარეებს შორის შეთანხმებული ვალდებულება და მსჯელობით 327–ე მუხლზე უკვე თვითონ გამორიცხა მხარესთან დადებული ხელშეკრულება. მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ პირობები და შემდეგ გადავიდნენ სსკ–ის 623–ე მუხლზე და იმსჯელოს სსკ–ის 361–ე მუხლზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თვალსაზრისით ანუ, თუ მსესხებელმა დაარღვია ვალდებულება, ეს არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს ვალდებულებებისაგან შეეტყობინებინა თავდებისათვის მსესხებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შესახებ. სასამართლო მსჯელობს სსკ–ის 403–ე, 411–ე, 417–ე მუხლებზე და მიუთითებს, რომ 6–8 პუნქტით განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე არ ითხოვს პასუხისმგებლობას და იქვე მსჯელობს, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო მიღებული აქვს. სასამართლო მსჯელობს სსკ–ის 254–ე მუხლზე. მოსარჩელეს ჰქონდა – „მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის რეალიზაციის უფლება“. ასეთი უფლება მას წარმოეშობოდა თავდებზე სათანადო შეტყობინების გაკეთების შემდეგ. აღნიშნულზე სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია. სასამართლომ იმსჯელა, რომ ამავე კოდექსის 278–ე მუხლით მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, მას ასეთის უფლება ჰქონდა თავისი ვალდებულების შესრულების შემდეგ და რეალიზაციის უფლება ჰქონდა მხოლოდ აუქციონის გზით და არა პირდაპირ მიყიდვის გზით, რასაც ვერ შეცვლის სასამართლოში წარდგენილი არსებული ექსპერტიზის 20.06.2016 წლის საექსპერტო დასკვნა და ამ მიმართებით სასამართლომ რატომ მიიჩნია საექსპერტო დასკვნა უფრო მთავარ დოკუმენტად, ვიდრე მხარეების შეთანხმება ავტომანქანის ღირებულებით გირაოს თანხის მაქსიმალურ უზრუნველყოფაზე, 21000 აშშ დოლარი არ დაუსაბუთებია, მითუმეტეს რატომ გააყალბა ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით შეთანხმებული ფასის ნახევარ ფასში, არ დაუსაბუთებია და სასამართლოს მსჯელობა სსკ–ის 276–ე მუხლზე მითითებით უსაფუძვლოა, რადგან ამ კუთხით გამოყენებული უნდა იქნას ელექტრონული აუქციონი და არა პირდაპირი წესით მიყიდვა, რამდენადაც მხოლოდ აუქციონი განსაზღვრავს რეალურ საბაზრო ღირებულებას. 3.9. სასამართლო მსჯელობს სსკ–ის 891–ე მუხლზე თავდებობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და ასევე მსჯელობს სსკ–ის 893–ე და 895–ე მუხლებზე მაშინ, როდესაც საერთოდ არ მსჯელობს თავდებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე, კერძოდ, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ვალდებულება ძირითადი მსესხებლის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში გაეკეთებინა შეტყობინება თავდებისთვის, რაც არ შესრულებულა და ამ კუთხით სასამართლოს მსჯელობა არის სრულიად უსაფუძვლო, რადგან მოსარჩელემ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები თავდების მიმართ და ისე დააკისრა მას პასუხისმგებლობა, რაც ეწინააღმდეგება კანონს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2016 წლის 12 აპრილს მ------ კ------------ემ შპს ს---------- გ-------ისაგან ისესხა 15000 აშშ დოლარი. 4.1.1. ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის 22 ივნისის ჩათვლით და სესხის ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა 5%-ს. 4.1.2. ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად, სესხის საპროცენტო სარგებელი მოვალეს უნდა გადაეხადა ყოველი თვის 22 რიცხვში. 4.1.3. ხელშეკრულების 3.5. პუნქტის მიხედვით, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ძირითადი ვალის 0,5%-ის, ხოლო საპროცენტო სარგებლის 0,02%-ის ოდენობით. 4.2. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად მოვალემ გირავნობით დატვირთა კუთვნილი ავტომობილი, 2009 წელს გამოშვებული B------ LI. 4.3. ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მ------- ჯ----–---–მა. 4.3.1. თავდებობის მოცულობა შეადგენდა 15000 აშშ დოლარს. 4.4. მ------ კ------------ემ 2016 წლის 22 მაისს საპროცენტო სარგებელი არ გადაიხადა. 4.5. ამის გამო, მეორე დღესვე, ე.ი. 2016 წლის 23 მაისს კრედიტორმა მას ვალდებულების სრულად შესრულება მოსთხოვა. 4.6. 2016 წლის 20 ივნისს, ე.ი. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე კრედიტორმა, მოვალის თანხმობის გარეშე, დაგირავებული ავტომობილი 12200 აშშ დოლარად მიჰყიდა მესამე პირს. 4.7. მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილის რეალიზაციის შედეგად დაიფარა ძირითადი ვალდებულების ნაწილი, 9493,59 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 975 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ვალის დაბრუნების დაგვანებისათვის - 1500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო სარგებლის გადახდის დაგვიანებისათვის - 186 აშშ დოლარი და ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯი - 101 ლარი. 4.8. კრედიტორმა სარჩელი 2016 წლის 21 ივლისს აღძრა და მოპასუხეთათვის, მხოლოდ, სესხის ძირითადი თანხის, 15000-9493,59=5506,41 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში, საქმეზე №ას-664-635-2016 განმარტა: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“. 4.10. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის სავალდებულოა. 4.11. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტებმა, მართალია, სარჩელზე შესაგებელი წარადგინეს, თუმცა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან არც-ერთ ფაქტობრივ გარემოებას ისინი არ შედავებიან. 4.12. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადებულან. 4.13. დავის ფაქტობრივ გარემოებებს ისინი შეედავენ, მხოლოდ, სასამართლოს მთავარ სხდომაზე, თუმცა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზი არ მიუთითებიათ. 4.14. ამის შესაბამისად, დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით აპელანტების შედავება დაუშვებელია და სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება. 4.15. ამის მიუხედავად, პალატის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა სრულად საფუძვლიანი მაინც არ არის. 4.16. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტებს არ შეესაბამება. 4.16.1. სარჩელის მიხედვით მ------ კ------------ეს მოსარჩელისათვის ვალი 2016 წლის 22 ივნისს უნდა დაებრუნებინა. 4.16.2. 2016 წლის 22 ივნისამდე მოვალეს მხოლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება ჰქონდა, ისიც მხოლოდ ერთჯერ - 2016 წლის 22 მაისს. 4.16.3. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ვალის სრულად დაბრუნება პირველივე ვადაგადაცილებისთანავე დაუყოვნებლივ, ე.ი. 2016 წლის 23 მაისს მოსთხოვა. 2016 წლის 20 ივნისს კი მან უკვე დაგირავებული ნივთი გაასხვისა და გასხვისების შედეგად მიღებული თანხით ძირითადი ვალის ნაწილი და პირგასამტეხლო დაფარა. 4.16.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის უნდა გადაიხადოს. 4.16.5. როგორც აღინიშნა არც 2016 წლის 23 მაისს და არც 2016 წლის 20 ივნისს მ------ კ------------ეს მოსარჩელისათვის სესხის დაბრუნება არ ევალებოდა. 4.16.6. ამრიგად, სესხის დაბრუნების ვადა მას არ დაურღვევია და ამ ვალდებულების დარღვევისათვის არც პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა. 4.17. პალატის აზრით, 2016 წლის 23 მაისს მოსარჩელემ მოვალეს სესხის სრულად დაბრუნება არამართლზომიერად მოსთხოვა. 4.17.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. 4.17.2. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ხელშეკრულება სულ ორი თვით იყო დადებული, პირველივე ვადაგადაცილების შემთხვევაში, ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნების მოთხოვნა პალატას არამართლზომიერად მიაჩნია. 4.17.3. გასათვალისწინებელია, რომ მსგავს სამართლებრივ ურთიერთობაში, კანონი საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას ზედიზედ, სულ ცოტა ორი ვადის გადაცილების შემთხვევაში ითვალისწინებს. 4.17.3.1. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. 4.18. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. 4.18.1. როგორც აღინიშნა, სესხის ძირითადი ვალის დაუბრუნებლობისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სესხის თანხის 0,5%-ს შეადგენდა. 4.18.2. გარდა ამისა, მოვალეს სესხის სარგებელი, 5% და სარგებლის დაგვიანებისათვის პირგასამტეხლო უნდა გადაეხადა. ამასთან, ვალდებულება უზრუნველყოფილიც იყო. 4.18.3. ამ ვითარებაში, პალატას შეთანხმებული პირგასამტეხლო დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღლად მიაჩნია. 4.18.4. პალატის აზრით, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა სესხის ძირითადი თანხის 0,05% შეადგენდა. 4.18.5. ამის შესაბამისად, 2016 წლის 23 მაისიდან იმავე წლის 20 ივნისამდე სესხის ძირითადი ვალის დაუბრუნებლობისათვის გადასახდელი პირგასამტეხლო 15000X0,05%X28=210 აშშ დოლარი იქნებოდა. 4.19. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი მოვალეს, ნებისმიერ შემთხვევაში, 2016 წლის 22 მაისამდე არ უნდა გადაეხადა. 4.19.1. 2016 წლის 20 ივნისს სარგებლის მეორე ნაწილის გადახდის ვადა ჯერ დამდგარი არ იყო. 4.19.2. თუ კრედიტორმა მოვალეს ხელშეკრულება 2016 წლის 23 მაისს მოუშალა, ამის შემდეგ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდის ვალდებულება აღარ ეკისრებოდა. 4.19.3. ამრიგად, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან მ------ კ------------ემ სესხის სარგებლის გადახდის ვადა 2016 წლის 22 მაისიდან 2016 წლის 20 ივნისამდე, ე.ი. 29 დღით დაარღვია. 4.19.4. ამ შემთხვევაში, კი სარგებლის გადახდის ვადის გადაცილებისათვის ასანაზღაურებელი პირგასამტეხლო არა 186 აშშ დოლარს, არამედ 15000X5%X0,02%X29=4,35 აშშ დოლარს შეადგენდა. 4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. 4.20.1. რადგან 2016 წლის 20 ივნისს სესხის დაბრუნების ვადა დამდგარი არ იყო, მოსარჩელეს გირავნობის საგნის რეალიზაცია არ უნდა მოეხდინა. 4.20.2. ამის შესაბამისად, ამ ქონების შეფასებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება მოვალეს არ ეკისრება. 4.21. ამ გადაწყვეტილების 4.9-4.14. პუნქტებში მითითებული მსჯელობის გამო, გირავნობის საგნის სარეალიზაციო ფასს პალატა ვერ შეამოწმებს, თუმცა მიაჩნია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის ფორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. 4.21.1. ამ ნორმის თანახმად, მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით. 4.21.2. ჩვეულებრივ, გირავნობის საგნის ღირებულება ვალს მნიშვნელოვნად აღემატება. 4.21.3. საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ მოსარჩელემ სცადა მაინც გირავნობის საგნის იმგვარად რეალიზაცია, რომ რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას დამგირავებელიც დაეკმაყოფილებინა. 4.21.4. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორის მოთხოვნის უფლების დაკარგვას არ იწვევს. ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება კი გირავნობის საგნის მესაკუთრეს არ მოუთხოვია. 4.22. ამრიგად, 2016 წლის 20 ივნისისათვის მ------ კ------------ის ვალი მოსარჩელის მიმართ 15000+975+4,35=15979,35 აშშ დოლარი იყო. 4.22.1. 2016 წლის 23 მაისს ხელშეკრულების მოშლის მართლზომიერად მიჩნევის შემთხვევაში კი იგი 15000+975+210+4,35=16189,35 აშშ დოლარი იქნებოდა. 4.23. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ მოპასუხის ვალი 15979,35-12200=3779,35 აშშ დოლარს არ აღემატებოდა. 4.24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). 4.24.1. დადგენილია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის მიუხედავად მ------ კ------------ის ვალდებულება მთლიანად არ შესრულებულა. 4.25. ვალდებულების წარმოშობის დროისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4.25.1. მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. 4.26. ამის შესაბამისად, გირავნობის საგნის რეალიზაციის მიუხედავად, მ------ კ------------ის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ შეწყვეტილა და მან ვალი უნდა გადაიხადოს. 4.27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 4.27.1. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, კი თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 4.28. როგორც აღინიშნა, აპელანტებს სარჩელში მითითებულ ფაქტებზე შედავების უფლება დაკარგული აქვთ და, ამასთან, თავდებობის ნამდვილობა მათ სადავოდაც არ გაუხდიათ. 4.29. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 895-ე და 463-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება მ------- ჯ----–---–საც ეკისრება. 4.30. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ არის და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ------ კ------------ისა და მ------- ჯ----–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება და შპს ს---------- გ-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს შპს ს---------- გ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, გადახდის მომენტისათვის, 3779,35 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

 

6. საპროცესო ხარჯები 6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს შპს ს---------- გ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - (12950/5506,41)X(3779,35X3%)=266,44; 266,44+150=416,44 ლარის ანაზღაურება. 6.2. თავის მხრივ, შპს ს---------- გ-------ს აპელანტების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - (537,99/220)X(5506,41-3779,35)X4%)=168,56 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. მ------ კ------------ისა და მ------- ჯ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. შპს ს---------- გ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს შპს ს---------- გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროთ, გადახდის მომენტისათვის, 3779,35 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება;

5. მ------ კ------------ესა და მ------- ჯ----–---–ს შპს ს---------- გ-------ის სასარგებლოდ დაეკისროთ 416,44 ლარის გადახდა;

6. შპს ს---------- გ-------ს მ------ კ------------ისა და მ------- ჯ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 168,56 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე