განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210015001192031
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/2744-18 16 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი _ მ-----------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ-----------–-------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ-----------–-----ძის (პ/ნ N-----------) სარჩელი მ-----------------–---–-ს (პ---------------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად; ძირითადი სარჩელით მოპასუხე მ-------------------–---–- (პ---------------) მოსარჩელე ვ-----------–-----ძის (პ/ნ N-----------) სასარგებლოდ დაეკისრა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარისა და 56 (ორმოცდათექვსმეტი) ლარის გადახდა.
2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ-----------------–---–-- და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა აპელანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით - ჯანმრთელობის მდგომარეობით. კერძოდ, იგი სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2 საათის დაგვიანებით - 17:00 საათზე, ვინაიდან იცოდა, რომ სხდომა 17:00 საათზე უნდა გამართულიყო. მან სასამართლო სხომის დრო გადაამოწმა მოსამართლის აპარატში, თუმცა სმენის პრობლემიდან გამომდინარე (სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა ორმხრივი) 15:00 საათის ნაცვლად 17:00 საათი გაიგო, რა დროსაც გამოცხადდა კიდეც სასამართლოში.
4. სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა სარჩელი რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
11. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა - სმენის ნეიროსენსორული დაკარგვა, ორმხრივი.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
13. ამდენად, საპროცესო ნორმა პირდაპირ განსაზღვრავს მტკიცებულების სახეობას, რითაც შეიძლება დადასტურებულად იქნეს მიჩნეული ავადმყოფობა, როგორც პროცესზე წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება. კერძოდ, როგორც 215–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ასეთ მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ცნობა, რომელიც ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და რომელიც პირდაპირ მიუთითებს პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობა სმენის პრობლემების შესახებ, არ გამოდგება მოპასუხის მიერ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო გარემოების დასადასტურებლად, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილია ხელწერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მხარე (მისი წარმომადგენლები) წერილობითი სახით (და არა სატელეფონო შეტყობინებით) იყვნენ გაფრთხილებულები სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ, რაც გამორიცხავს აპელანტის პრეტენზიას, სმენის პრობლემების გამო, სხდომის თარიღის არასწორად გაგების შესახებ.
15. პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე (არ წარმოადგინა შესაგებელი), რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
17. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ვინაიდან, მოპასუხე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 4000 ევრო. ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, რა დროსაც რეგისტრაციის თანხა - 56 ლარი მოსარჩელემ გადაიხადა. აღმოჩნდა, რომ ნასყიდობის საგანი ავარიულ მდგომარეობაშია - უფლებრივად ნაკლიანია, რის შესახებაც მოპასუხემ მოსარჩელეს არ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულის გამო მოსარჩელე უარს ამბობს ხელშეკრულებაზე.
18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ამავე კოდექსის 487-ე მუხლის შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
19. ხოლო 488-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
20. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 488-ე, 491-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
21. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
23. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-----------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე