განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/837-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ვახტანგ ლობჟანიძის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორ - ა-–--–--------ს,ადვოკატ - ბ---------–----ის,მსჯავრდებულ - ვ-–---------------ას,თარჯიმნების - მ-------------–--ის, ი---------------ძის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ-–---------------ას და მისი ადვოკატის ბ---------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ-–-----------–--------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ----------------------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენით:
ვ-–---------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის №1-------- განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის №1-------- განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ-–---------------ას განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-–---------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ვ-–---------------ას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ვ-–---------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე, ქ-------–--–----------------------–------------ის, ყოფილი ,,ბ--–---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ-–---------------ა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არასრულწლოვანი მ--------------–--ლის ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ფარულად დაეუფლა 110 (ასათი) ლარად ღირებულ ,,M-----ს“ ფირმის, ,,M3 NOTE-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს. ვ-–---------------ას დანაშაულებრივი ქმედებით მ--------------–--ლს მიადგა 110 (ასათი) ლარის ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ-–---------------ამ და მისმა ადვოკატმა ბ---------–----ემ.
დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; იგი დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ვ-–---------------ას განმარტება, რომ დაკავების ადგილას მას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა პოლიციის განყოფილებაში; დაკავებაში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი - ლ-----------ძე, ხოლო მეორე პირი - ა-–-----------–-------–--ლი მას შეხვდა განყოფილებაში. აღნიშნულ ოქმზე მსჯავრდებულმა ხელი მოაწერა მხოლოდ იმიტომ, რომ მასში მითითებული არ იყო დაზარალებულის კუთვნილი „M------ს ფირმის მობილური ტელეფონი, რის თაობაზეც ჩხრეკის ოქმში მითითება გაკეთდა ვ-–---------------ას ხელმოწერის შემდეგ. ასევე, აპელანტი განმარტავს, რომ სამართალდამცავებს გააჩნიათ პირადი დაინტერესება ვ-–---------------ას მიმართ მისი წარსული ნასამართლობიდან გამომდინარე. რაც შეეხება მოწმეების ლ-----------ძისა და ა-–-----------–-------–--ლის ჩვენებებს, ადვოკატის შეფასებით ისინი არიან ურთიერთსაწინააღმდეგო, არ შეესაბამებიან საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ქმნიან ეჭვის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ორი პოლიციის თანამშრომლის ჩვენებას და საქმეში არ მოიპოვება ვ-–---------------ას ბრალდეულობის დამადასტურებელი სხვა სახის მტკიცებულებები. გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად და არასრულყოფილად; სამართალდამცავებს არ მოუხდენიათ თვითმხილველი ნეიტრალური და ობიექტური მოწმეების გამოკითხვა; არ არის ჩატარებული შემთხვევის ადგილის დაათვალიერება; მიუხედავად შემთხვევის ადგილზე არსებული უამრავი კამერისა, არ არის ამოღებული ვიდეჩანაწერები; ვ-–---------------სგან არ აუღიათ თითის ანაბეჭდები, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები და არ დაუნიშნავთ შესაბამისი ექსპერტიზები.
ასევე, აპელანტი ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზეც და განმარტვავს, რომ ამ უკანასკნელის მითითებით, ვ-–---------------ას ხელში ეჭირა ტელეფონი, რომელიც ჰგავდა მის ტელეფონს, თუმცა მას არ უთქვამს, რომ ტელეფონი რომელიც ვ-–---------------ას ეჭირა, ნამდვილად მისი ტელეფონი იყო. დაზარალებულის ტელეფონს ეკრანი გაბზარული ჰქონდა და შესაბამისად, მას არ უნდა გაჭირვებოდა საკუთარი ტელეფონის ამოცნობა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონისა და მსჯავრდებულისაგან ამოღებული ტელეფონის იდენტურობა. არ არის ჩატარებული მობილური ტელეფონის ამოცნობა და მისი დათვალიერება. დაზარალებულმა წარმოადგინა რუსულენოვანი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის იმეი კოდი, თუმცა გამოძიებას არ მოუხდენია ხსენებული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმნა.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს ვ-–---------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ-–---------------ას და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ვ-–---------------ას ბრალეულობა, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მ--------------–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, იმყოფებოდა ქ. თბილისში, ვ-----–--------------, საახალწლო საჩუქრების შესაძენად. როდესაც ერთ-ერთ დახლთან შეჩერდა, დაინახა, რომ მის გვერდით, რამდენიმე მეტრის მოშორებით პოლიციის თანამშრომლები აკავებდნენ მამაკაცს, რომელსაც ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი. დაზარალებულის მითითებით, მას ტანთმოსილი ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში ედო თავისი კუთვნილი ,,M-----ს“ ფირმის ოქროსფერი მობილური ტელეფონი, რომელსაც ეკრანი აქვს დაზიანებული და დაკრული ჰქონდა დამცავი. ვინაიდან დაკავებული მამაკაცის ხელში დანახული მობილური ტელეფონი ძალიან ჰგავდა მის მობილურს, გადაწყვიტა მოეძიებინა თავისი ტელეფონი და აღმოაჩინა, რომ იგი ჯიბეში აღარ ედო. ამ დროს მასთან მივიდა ერთ-ერთი პოლიციელი და ჰკითხა, თუ სად ჰქონდა მობილური ტელეფონი. ხოლო მას შემდეგ, რაც უპასუხა, რომ მობილური ტელეფონი ჯიბეში აღარ ედო, პოლიციელმა უთხრა, რომ დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელმაც მოპარა მას ტელეფონი. დაზარალებულმა მიუთითა, რომ მისი ქურთუკის ჯიბიდან მობილური ტელეფონის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს. აღნიშნულის შემდეგ იგი სამართალდამცავებს გაჰყვა პოლიციის შენობაში, სადაც მამის და ადვოკატის თანდასწრებით გამოიკითხა მოწმის სახით. ასევე, მან მეორე დღეს გამომძიებელს წარუდგინა მობილური ტელეფონის განვადებით შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო მობილურის ყუთი არ ჰქონია. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა მიუთითა ბრალდებულზე და განმარტა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს სწორედ აღნიშნულ პირს ეჭირა ხელში მისი მობილური ტელეფონის მსგავსი ტელეფონი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-----------ძემ განმარტა, მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 – 17:00 საათზე, თანამშრომელ ა-–-----------–-------–--ლთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–--------------------------, ე.წ. ,,ბ--–---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნეს, რომ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც მოძრაობდა საეჭვოდ, მივიდა ახალგაზრდა გოგონასთან, მარჯვენა ჯიბიდან სწრაფად ამოაცალა ოქროსფერი მობილური ტელეფონი და შეეცადა ადგილიდან მიმალვას. მან (ლ-----------ძემ) და მისმა თანამშრომელმა შენიშნეს რაც მოხდა, მივიდნენ აღნიშნულ მამაკაცთან, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და დაინახეს მის მიერ დაზარალებულის ტელეფონის დაუფლების ფაქტი, გააცნეს მისი უფლებები და დააკავეს ადგილზე. დაკავებულს შესთავაზეს ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინააღმდეგო ნივთი არსებობის შემთხვევაში, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ ლ-----------ძემ და ა-–-----------–-------–--ლმა ჩაატარეს დაკავებული პირის ჩხრეკა, რა დროსაც მარჯვენა ხელიდან ამოიღეს ოქროსფერი შეფერილობის მობილური ტელეფონი; ასევე, ამოღებული იქნა შავი ფერის ,,S----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი და ლურჯი ფერი ხელჩანთა, სადაც მოთავსებული იყო დაკავებულის პირის პირადი ნივთები, მათ შორის პირადობის მოწმობა, რისი საშუალებითაც დადგენილ იქნა, რომ დაკავებული პირი იყო ვ-–-----------–--------------------ა. პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და გაკეთდა სათანადო ხელმოწერები, ხოლო დაკავებული მამაკაცი გადაიყვანეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-4 განყოფილებაში. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმი, მისი შემთხვევის ადგილზე უქონლობის გამო შედგა შს განყოფილებაში ა-–-----------–-------–--ლის მიერ. ვ-–---------------ა საუბრობდა ქართულად, მაგრამ ვინაიდან სათანადოდ არ იცოდა ქართული წერა-კითხვა, მოწვეულ იქნა თარჯიმანი, რომელმაც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი დეტალურად გადაუთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე. ლ-----------ძემ დამატებით მიუთითა, რომ იგი მივიდა დაზარალებულ გოგონასთან, განუმარტა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და ჰკითხა, თუ სად ჰქონდა მობილური ტელეფონი, რაზეც გოგონამ უპასუხა, რომ მას ჰქონდა ოქროსფერი შეფერილობის მობილური, რომელსაც ვერ პოულობდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს განუმარტა, რომ მისი მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტზე დაკავებული ჰყავდათ მამაკაცი და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში გაყოლა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–-----------–-------–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ის და მისი თანამშრომელი ლ-----------ძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ე.წ. ,,ბ--–---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნიეს 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც საეჭვოდ მიყვებოდა ახალგაზრდა გოგონას; მიუახლოვდა მას, ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოაცალა მობილური ტელეფონი და სცდა მიმალვა. მას (ა-–-----------–-------–--ლს) იმ მომენტში არ დაუნახავს, თუ სად იდგა მისი მეწყვილე, იგი უშუალოდ შემთხვევზე იყო ორიენტირებული და მეწყვილეს არ აკონტროლებდა, თუმცა ლ-----------ძესაც დანახული ჰქონდა ქურდობის ფაქტი, ვიდანიდან ისინი ერთად მივიდნენ აღნიშნულ მამაკაცთან და ადგილზე დააკავეს, წარუდგინეს თავი, განუმარტეს უფლებები, ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი და შესთავაზეს მისი ნებაყოფლობით წარდგენა, რაზედაც დაკავებულმა უარი განაცხადა. აღნიშნულის შემდეგ ჩაატარეს დაკავებული პირის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ,,M-----ს“ ფირმის ოქროსფერი შეფერილობის მობილური ტელეფონი, ჩანთა მასში მოთავსებული დაკავებულის პირადი ნივთებით და შავი ფერის ,,S----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი. პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე და გაკეთდა სათანადო ხელმოწერები, ხოლო დაკავებული მამაკაცი გადაიყვანეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც შედგა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.
ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 27 დეკემბრის #1---/ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის ,,------------------------------------------------------------------------- საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით, ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური-ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს - 110 (ასათი) ლარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თ------------ და დამატებით განმარტა, რომ მის წინაშე წარდგენილი იყო გამოსაკვლევი ობიექტი ერთ პაკეტად №2------ ლუქით, მასზე არსებული ხელმოწერებით და სისხლის სამართლის საქმის ნომრით; პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა ,,M-----ს“ ფირმის, ,,m3 note-ს’’ მოდელის, ოქროსფერი კორპუსით და ექსპლუატაციაში ნამყოფი, გამოსაყენებლად ვარგისი მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანი იყო დაზიანებული, მასზე დამცავი ფირი - ე.წ. ,,ბრონი“ იყო განთავსებული და ახლდა შალითა. მობილური ტელეფონის შემოწმების მიზნით მოხდა ე.წ. ,,ბრონის“ განცალკევება. როგორც ე.წ. ,,ბრონზე’’, ასევე ეკრანზე ქვედა მხარეს აღენიშნებოდა დაზიანება.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 22 დეკემბერს, 16:50 საათზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მე-4 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ლ-----------ძის და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ა-–-----------–-------–--ლის მიერ, ქ. თბილისში, ე.წ. ,,ბ--–---------------“ მიმდებარედ, დაკავებულ იქნა ვ-–---------------ა, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, რომელსაც ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ,,M-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, შავი ფერის ,,S----ის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და ლურჯი ფერის ხელჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით. ოქმი დადასტურებულია ვ-–---------------ას მიერ ხელმოწერით. იგი დაკავებულ პირს ეთარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე, რაც ასევე დადასტურებულია თარჯიმნის ხელმოწერით.
დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------------–---–ის მიერ, დათვალიერებულ იქნა მ--------------–--ლის მიერ წარდგენილი ს--------------------“ და პ-------------–---–ს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება №1--------------, რომლის თანახმად პ-------------–---–მა შეიძინა ორი ცალი მობილური ტელეფონი - ერთი ,,M3 NOTE’’ – 440 ლარად, მეორე ,,M----’’ – 419 ლარად. ასევე, მობილური ტელეფონის იმეი კოდის ამსახველი რუსულენოვანი დოკუმენტის ქსეროასლი, სადაც დაფიქსირებულია იმეი კოდები - 8--------------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ვ-–---------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
ბრალდებულმა ვ-–---------------ამ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 16:45 საათზე იმყოფებოდა ქ. თბილისში, ე.წ. „ბ--–---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც დააკავეს. ის დაზარალებულს არ იცნობდა და მისი ჯიბიდან ფარულად არ დაუფლებია მობილურ ტელეფონს. დაკავებისას მას დაზარალებულის ტელეფონი ხელში არ ჭერია და არანაირი კონტაქტი აღნიშნულ ნივთთან არ ჰქონია; ხელში ეჭირა მხოლოდ თავისი ,,S----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში შეერთებული ყურსასმენებით. ასევე, თან ჰქონდა ჩანთა, მასში მოთავსებული პირადი ნივთებით. მსჯავრდებულის განმარტებით, მას პირადი ჩხრეკა ადგილზე არ ჩატარებია, ასევე, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა განყოფილებაში. იგი ოქმს გაეცნო, თუმცა ზედმიწევნით არ წაუკითხავს, რადგან ქართულად კარგად არ იცის კითხვა. თარჯიმანმა განუმარტა, რომ ეს იყო მხოლოდ ფორმალობა და ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა მხოლოდ მისი პირადი ნივთების არსებობის შესახებ, რის გამოც ოქმს ხელი მოაწერა. მას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორეზე, რაიმე სახის შენიშვნა არ განუცხადებია, ვინაიდან არ იცოდა, რომ მასში მითითებული იყო მისი პირადი ჩხრეკისას დაზარალებულის კუთვნილის ,,M-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების თაობაზე. ვ-–---------------ას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები, კერძოდ ა-–-----------–-------–--ლი და ლ-----------ძე დაინტერესებულები იყვნენ მისი დაკავებით, ვინაიდან იცნობდნენ მას აღნიშნულ ფაქტამდე და იცოდნენ, რომ იყო ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ. ასევე, მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ მისი დაკავება განახორციელა ლ-----------ძემ, რაც შეეხება ა-–-----------–-------–--ლს, მას შეხვდა მხოლოდ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ვ-–---------------ამ დამატებით განმარტა, რომ ჩხრეკის ოქმის გაცნობისას მასში არ იყო ჩანაწერი ,,M-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ამოღების თაობაზე. აქვს ეჭვი, რომ აღნიშნული ჩანაწერი ოქმში შეტანილი იქნა მოგვიანებით, მის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აუცილებლად გააკეთებდა ოქმში სათანადო შენიშვნას.
პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ვ-–---------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ვ-–---------------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ორი პოლიციის თანამშრომლის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს თუ როგორ შენიშნეს „ბ--–---------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვოდ მოძრავი მამაკაცი, რომელიც მიუახლოვდა ახალგაზრდა გოგონას და მარჯვენა ჯიბიდან ამოიაცლა მოოქროსფრო მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სწრაფად სცადა გაქცევა. მოწმე ა-–-----------–-------–--ლმა მიუთითა, რომ იმ მომენტში, როდესაც დაინახა ქურდობის ფაქტი, მისი მეწყვილე ლ-----------ძე სად იდგა, არ ახსოვს (მის წინ, მის გვერდით, თუ სადმე სხვაგან). იგი ორიენტირებული იყო მომხდარ დანაშაულზე, მის ჩამდენ პიროვნებაზე და მეწყვილეს არ აკონტროლებდა. თუმცა დაადასტურა, რომ ვ-–---------------ას დასაკავებლად ორივე ერთად მივიდა, შესაბამისად ლ------------ც თავის მხრივ დანახული უნდა ჰქონოდა მომხდარი ფაქტი. ყოველივე აღნიშნული წინააღმდეგობაში არ მოდის მოწმე ლ-----------ძის ჩვენებასთან და არ გამორიცხავს, რომ ამ უკანასკნელს შეეძლო ნამდვილად დაენახა ა-–-----------–-------–--ლის მდებარეობა. ამასთან, ლ-----------ძე არ ადასტურებს, რომ ის და მისი მეწყვილე ხსენებულ პერიოდში ერთად იყვნენ და ერთად ცდილობდნენ დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენას. მისი განმარტებით, ის და ა-–-----------–-------–--ლი ბრალდებულის დასაკავებლად გაემართნენ ერთად. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამართალდამცავებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს განვითარებული მოვლენები და მხოლოდ ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვერ გაიხსენეს თუ რა ეცვათ დაზარალებულს და ბრალდებულს და როგორი ჩანთა ეკავათ, ვერ გახდება მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველი. აგრეთვე, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულების მიმართ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.).
პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა და გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. აღნიშნული საგამძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმ გარემოებებზე, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში და ამათან, თარჯიმნის მიერ მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე ოქმის შინაარსი სრულყოფილად არ იქნა ნათარგმნი, პალატა მიუთითებს, რომ როგორც მოწმეებმა ლ-----------ძემ და ა-–-----------–-------–--ლმა აღნიშნეს, ისინი შემთხვევის ადგილზე მოძრაობდნენ ფეხით და შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით აკვირდებოდნენ მოქალაქეებს, მათ თან არ ჰქონდათ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რის გამოც მოხდა მისი პოლიციის განყოფილებაში შედგენა. ამასთან, ოქმზე მითითებულია, რომ იგი ქართულიდან რუსულ ენაზე ვ-–---------------ას უთარგმნა თარჯიმანმა ნ-----–---------–--ემ და ხსენებული მინაწერი დადასტურებულია თარჯიმნის ხელმოწერით. ამდენად, პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მის სისწორესა და ობიექტურობაში. აღნიშნულითან დაკავშირებით ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის განმარტება, რომ ოქმზე ხელის მოწერისას მასში მითითებული არ იყო დაზარალებულის კუთვნილი „M------ს ფირმის მობილური ტელეფონი და ამის თაობაზეც ჩხრეკის ოქმში მითითება გაკეთდა ვ-–---------------ას ხელმოწერის შემდეგ.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში სადავოდ ხდის იმ გარემოებასაც, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონისა და მსჯავრდებულისაგან ამოღებული ტელეფონის იდენტურობა. დაზარალებულმა წარმოადგინა რუსულენოვანი დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის იმეი კოდი, თუმცა გამოძიებას არ მოუხდენია აღნიშნული დოკუმენტაციის ქართულ ენაზე თარგმნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს: დაზარალებულმა მ--------------–--ლმა დეტალურად მოახსენა სასამართლოს მისი კუთვნილი ,,M-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის აღწერილობა. მიუთითა, რომ ტელეფონი იყო ოქროსფერი, დაზიანებული ეკრანით, რომელსაც დაკრული ჰქონდა დამცავი და მოთავსებული იყო გამჭვირვალე „სილიკონის“ ჩასადებში. აღნიშნული მახასიათებლები კი სრულიად იდენტურია ვ-–---------------ასგან ამოღებული და 2017 წლის 27 დეკემბრის #1---/ს ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მობილური ტელეფონის მახასიათებლებისა. ამასთან, დაზარალებულმა გამომძიებელს წარუდგინა ტელეფონის განვადებით შეძენასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელშიც დაფიქსირებული მობილური ტელეფონის „იმეი“ კოდები და ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის „იმეი“ კოდები არის ერთი და იგივე. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ საქმეში წარმოდგენილი „იმეი“ კოდების ამსახველი დოკუმენტი არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს უშუალოდ მობილურ ტელეფონზე თანდართული საბუთის ან მისი ყუთის ქსეროასლს, რომელზეც საქმის ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია - მობილური ტელეფონის „იმეი“ კოდები წარმოდგენილია ციფრების სახით, რის გამოც პალატას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, უარი თქვას მასში დაფიქსირებული მონაცემის გაზიარებაზე.
აპელანტი ასევე, საეჭვოდ მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ სამართალდამცავებმა არ მოახდინეს თვითმხილველი ნეიტრალური და ობიექტური მოწმეების გამოკითხვა, არ არის ჩატარებული შემთხვევის ადგილის დაათვალიერება, მიუხედავად შემთხვევის ადგილზე არსებული უამრავი კამერისა, არ არის ამოღებული ვიდეჩანაწერები, ვ-–---------------სგან არ აუღიათ თითის ანაბეჭდები, სუნისა და ნერწყვის ნიმუშები და არ დაუნიშნავთ შესაბამისი ექსპერტიზები, არ ჩატარებულა დაზარალებულისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ამოცნობა და მისი დათვალიერება. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მათ მიეცემოდათ სათანადო შეფასება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა აღნიშნული მოქმედებების ჩაუტარებლობა ეჭვის ქვეშ არ აყენებს იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში და რის საფუძველზეც უტყუარად დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნშნული საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ვ-–---------------ამ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-–---------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჯანმრთელობის მდგომარეობა) და დამაძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, დამდგარი შედეგი, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი ვ-–---------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ-–---------------ას და მისი ადვოკატის ბ---------–----ის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განაჩენი;
ვ-–---------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ვ-–---------------ას, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ-–---------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ვ-–---------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ვ-–---------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,M-----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვ-–---------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები: ლურჯი ფერის ნაჭრის ხელჩანთა, ერთი წყვილი ნაჭრის შავი ფერის ხელთათმანი, შავი ფერის საფულე, ვ-–---------------ას პირადობის მოწმობა, სამგზავრო ბარათი, სს ,,ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, ვ-–---------------ას სახელზე გაცემული დევნილის მოწმობა, ,,------------ და ,,პ---ს“ პლასტიკური ბარათები, პლასტიკური ბარათი წარწერით - ვ---------–------რი, №5------- ფულადი თანხა 11 (თერთმეტი) ლარის და 70 (სამოცდაათი) თეთრის ოდენობით და შავი ფერის ,,S----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან/და მისი კანონიერი ნდობით აღჭურვილ პირს.
დაზარალებულ მ--------------–--ლს და მის კანონიერ წარმომადგენელს განემარტოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მ. კაპანაძე