განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001971988
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1770-18 25 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - დ-------–-----
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს----------–----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1. 2017 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ს----------–----------- მოპასუხის დ-------–------ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხე დ-------–-----ს მოსარჩელე სს „ს----------–----------“ სასარგებლოდ დაეკისრა 15 252.54 ლარის გადახდა. მოპასუხე დ-------–-----ს მოსარჩელე სს „ს----------–----------“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 457.58 ლარის გადახდა.
3. 2018 წლის 15 იანვარს მოპასუხე დ-------–-----მ სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორებმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩნებით დ-------–------ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა;
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
6. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, აპელანტის განმარტებით, სარჩელი მას პოლიციის მეშვეობით ჩაბარდა და პოლიციას მისთვის არ განუმარტია, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას კი იურიდიული განათლება არ აქვს და არ იცოდა შესაგებლის წარმოუდგენლობის თანმდევი იურიდიული შედეგები, რაც მისი მოსაზრებით, საპატიო მიზეზია. ასევე მიაჩნია, რომ წარდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან დაკისრებული თანხის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10. მოპასუხე დ-------–-----ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა დადგენილი წესით და შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. (ტ. 1, ს.ფ. 66).
11. მოპასუხემ შესაგებელი სასამართლოში დადგენილ ვადაში არ წარადგინა, რის გამოც საქმეზე გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
12. პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. ამასთან, საქმეზე დადასტურებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობის საფუძვლით, საპატიო გარემოებად კი დასახელებულია შესაგებლის წარმოუდგენლობის თანმდევი სამართლებრივი შედეგების გაუცნობიერებლობა.
16. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო შედავებას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ვერ გააცნობიერა შესაგებლის წარმოუდგენლობის თანმდევი შედეგები. დადგენილია, რომ მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე სარჩელსა და თანდართულ მასალებთან ერთად გადაეცა სასამართლოს შესაბამისი გზავნილი, რომლითაც მხარეს განესაზღვრა შესაგებლის (პასუხის) წარმოდგენის კონკრეტული ვადა. აღნიშნულ გზავნილში მითითებულია ის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება გამოიწვიოს დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობამ. ის გარემოება, რომ მოპასუხე სათანადო გულისხმიერებით არ მოეკიდა სასამართლო გზავნილს, ვერ გახდება შესაბამისი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობით წარმოშობილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი.
17. რაც შეეხება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიულ დასაბუთებულობას პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე (არ წარმოადგინა შესაგებელი), რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ კანონით დადგენილ ვადაში შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებშიც, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
19. სს „ს----------–---------ა“ და მოპასუხეს შორის 2015 წლის 26 იანვარს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2------ და მსესხებელზე გაიცა 7870 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური 13%-ის დარიცხვით. ასევე მოპასუხე დ-------–----- 2015 წლის 26 სექტემბრიდან სარგებლობს სს „ს----------–----------“ საკრედიტო ბარათით. ე.წ. ამექსით, 1000 ლარიანი ლიმიტით, რომლის მიხედვით საკრედიტო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%-ს სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხებზე, 36% განაღდების და სხვა დანარჩენი ოპერაციებით ათვისებულ კრედიტზე, გადახარჯულ კრედიტზე წინა შემთხვევაში განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დამატებული 10%. გადახდა უნდა წარმოებულიყო. საშეღავათო პერიოდი შეადგენდა 56 დღემდე, რა დროსაც ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას არ დაერიცხებოდა პროცენტი, თუკი კლიენტის მიერ სრულად დაიფარებოდა ეს თანხა და მას არ გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება. ვადაგადაცილების თარიღიდან 62-ე დღეს უქმდებოდა საკრედიტო ბარათი, თუკი არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 10 ლარს, თუკი ბარათი არ იყო გაუქმებული და 50 ლარს ბარათის გაუქმების შემთხვევაში, რასაც დაემატებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ ვალდებულებების შესრულება ხდებოდა შესაბამის საბანკო ანგარიშზე თანხების შეტანით. ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მითითებული ბარათი არის გაუქმებული და დავალიანება შეადგენს 3977.57 ლარს. 2015 წლის 29 სექტემბერს სს ”ს----------–---------ა” და დ-------–-----ს შორის გაფორმდა საბანკო ხელშეკრულება სახელფასო პროგრამაში ჩართული პირების ოვერდრაფტის ლიმიტის შესახებ, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე დაიშვა ოვერდრაფტი 895 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 14%. პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაციებული თანხის წლიური 36%. 2015 წლის 02 ივნისს სს „ს----------–---------ა“ და დ-------–-----ს შორის გაფორმდა დისტანციური საბანკო მომსახურების, გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ ხელშეკრულება. ლიმიტი 250 ლარი, 12 თვის ვადით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე იმყოფება ვადაგადაცილებაში და დღეის მდგომარეობით 2015 წლის 26 იანვრის N2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე N2------ ერიცხება დავალიანება 9453,78 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის - 5800,48 ლარი, პროცენტი - 761,71 ლარი, ჯარიმა - 2831.59 ლარი და საკომისიო - 60 ლარი; 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ბარათიდან გამომდინარე სესხზე N3------ ერიცხება დავალიანება 3977.57 ლარი, საიდანაც ძირი თანხა არის -1833,21 ლარი, პროცენტი - 529,76 ლარი, ჯარიმა - 1614.60 ლარი.
20. 2015 წლის 02 ივნისის დისტანციური საბანკო მომსახურების გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე N2------ ერიცხება დავალიანება 744.60 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის - 250 ლარი, ჯარიმა - 98.60 ლარი და საკომისიო 396 ლარი. 2015 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ოვერდრაფტის დავალიანება სესხზე N3------ შეადგენს 1076.59 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 901,39 ლარი, პროცენტი 175.20 ლარი.
21. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოების არსებობა აპელანტმა ვერ დაადასტურა, რაც შეიძლებოდა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. შესაბამისად, გასაჩივრებული სასამართლო აქტები გამოტანილია საპროცესო ნორმების დაცვით. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
23. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაკავებელი წინაპირობა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.
საპროცესო ხარჯები
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
30. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აპელანტის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ-------–------ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე