განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
120100118002333251
ინსტანცია
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N120100118002333251, #1/ბ-915-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ელ--------ა დუ----–-–---–ი;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ნა------ა-------ა;

 

მსჯავრდებული - ნე------- ი-–-------- ბა--–ი, დაბადებული 196--–-–--------------ს, თ--------------------–--ის მოქალაქე, რეგისტრირებული: თუ--------------------------------------–-----–-----ი (მონაწილეობის გარეშე);

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ჯგუფურად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში დახმარება).

 

სასჯელი:

განაჩენის მიხედვით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ელ--------ა დუ----–-–---–მა (აპელანტი) მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენის გაუქმება ნე------- ბა--–ის ნაწილში, საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის თანახმად, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე რამდენიმე პირის და მათ შორის ნე------- ბა--–ის მიმართაც. საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის თანახმად, სახელმწიფო ბრალმდებელმა სხდომაზე მოითხოვა ნე------- ბა--–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. 2018 წლის 4 ივლისის განაჩენში, შეთანხმებული სასჯელის ნაცვლად შეცდომით მიეთითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ნე------- ბა--–მა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობები და ნაცვლად 2 წლით თავისუფლების აღკვეთისა, პენიტენციური დაწესებულება დატოვა 6 თვეში (ვრცლად იხილეთ სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ადვოკატმა ნა------ა-------ამ ითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა პირობის დარღვევას. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა იმ დროს, როდესაც ამოეწურა სასჯელის ვადა განაჩენის მიხედვით (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით, დაკმაყოფილდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელ--------ა დუ----–-–---–ის შუამდგომლობები და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები დადებული პროკურორს და ბრალდებულებს შორის.

 

ნე------- ბა--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ვადის ათვლა ნე------- ბა--–ს დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 19 იანვრიდან და პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის მოხდით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

პალატას მიაჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელ--------ა დუ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. შესაბამისად, იმ განაჩენებზე, რომლებიც გამოტანილია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შედეგად, მოქმედებს გასაჩივრების სპეციალური წესი.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;

ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;

დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

რაც შეეხება პროკურორს, გასაჩივრების უფლებით სარგებლობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული დაარღვევს საპროცესო შეთანხმების პირობას, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობით და საპროცესო შეთანხმების დადების ოქმით (გარდა შუამდგომლობაში მითითებული ხარვეზისა) ირკვევა, რომ ნე------- ბა--–თან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა სასჯელზე - 2 წლით თავისუფლების აღკვეთაზე. პროკურორის მოთხოვნას სასამართლო სხდომაზე წარმოადგენდა ნე------- ბა--–ის დამნაშავედ ცნობა და სასჯელის ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით, დაკმაყოფილდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელ--------ა დუ----–-–---–ის შუამდგომლობები და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმებები, მათ შორის დადებული პროკურორს და ბრალდებულ ნე------- ბა--–ს შორის. ნე------- ბა--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,25,344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატას მიაჩნია, რომ ნე------- ბა--–ისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა განაჩენით არ წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ პირობის დარღვევას. თავდაპირველად უნდა მიეთითოს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რაც მას გააჩნია საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის, საქმის პროკურორისთვის დაბრუნების ან კანონით დადგენილი წესით საქმის არსებითი განხილვის თაობაზე. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები. შესაბამისად, აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის დროს, სასამართლო არც ერთ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება სხვა პირობაზე, რომელზეც მხარეები არ შეთანხმებულან, ან არ დაუზუსტებიათ სხდომაზე.

 

ფაქტია, რომ 2018 წლის 4 ივლისს, სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა პირობის დაზუსტების გარეშე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენში უნდა ასახულიყო მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნე------- ბა--–ს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შეცდომით, რადგან ამ ვადით სასჯელზე მხარეები არ შეთანხმებულან. ამასთან, თავად ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ მოსამართლემ განაჩენში დაუშვა შეცდომა სასჯელის ნაწილში.

 

მიუხედავად ამ გარემოებისა, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს განაჩენის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ნე------- ბა--–ი პენიტენციურმა დაწესებულებამ გაათავისუფლა სასჯელის მოხდით, 6 თვის ამოწურვისთანავე, რაც, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება ჩაითვალოს მსჯავრდებულის მიერ პირობის დარღვევად, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ნე------- ბა--–ი გამოცხადებულა პროკურატურაში. გასაჩივრების სხვა საფუძველს კოდექსი ბრალდების მხარეს არ ანიჭებს.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად ნე------- ბა--–ის ადგილსამყოფელის დადგენა და მისი პოზიციის მოსმენა ვერ მოხერხდა სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესების მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო მისი ადვოკატის (გე-–-------ე) განმარტებით, ბრალდებულის ინტერესების დაცვას ახორციელებდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ელ--------ა დუ----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე