განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0502-0118002344584
№ 2/ბ-663-18წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 სექტემბერი 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: შპს ,,ხ----–--- 9-“
წარმომადგენელი: თ---------- ტ-----–---
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ა------ 2-“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინება
დავის საგანი: სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე განჩინების კანონიერება
სააპელაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 12 მარტს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ხ----–--- 9-“-ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა------ 2-" და მოპასუხისათვის, შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით, შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი, შპს ,,ა------ 2-"-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დარჩა განუხილველად;
გაუქმდა, ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის-შპს ა------ 2--ის (ს/კ 2--------, მდებარე ჩოხატაური, სოფ. გ-----) და ერთობლივი საწარმოს (შპს ა------ 2-, შპს N---------------------, მისამართი თ---–------------------------------------------- ს/კ 4--------, მის. თბილისი, ბ---------------) სახელზე არსებულ ყველა საბანკო ანგარიშებს სასარჩელო მოთხოვნის 294 307.37 ლარის ფარგლებში;
მოსარჩელე, შპს ,,ხ----–--- 9-“-ს დაუბრუნდა, მის მიერ, 2018 წლის 14 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის 70% - 3500 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300903150 (საგადასახადო დავალება №1518604313).
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 183-184-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმის მომზადების მიზნით, 2018 წლის 22 მარტს, მოსარჩელის წარმომადგენელთან - თ---------- ტ-----–---სთან შედგა სატელეფონო საუბარი და ეცნობა, რომ სარჩელი მიღებულია განსახილველად და ვალდებული იყო უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის 2 თვის ვადაში სასამართლოში წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის ''თ'' პუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ მოსარჩელე ამ კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარმოადგენს მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან შუამდგომლობას მოპასუხისათვის გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, შპს ,,ხ----–--- 9-“-ს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 2 თვიანი ვადა ამოეწურა 2018 წლის 22 მაისს. კანონით დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც სასამართლო გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ შუამდგომლობით მოუმართავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ხ----–--- 9-"-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა------ 2-" მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ხ----–--- 9-“-ის წარმომადგენელმა თ---------- ტ-----–---მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ 2018 წლის 22 მარტს, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე და აცნობა, რომ შპს ,,ხ----–--- 9-“-ის ზემოხსენებული სასარჩელო განცხადება მიღებული იყო წარმოებაში და მას უნდა უზრუნველეყო გზავნილის (სასარჩელო განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების) მოპასუხისათვის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ორი თვის ვადაში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენა.
აღნიშნული სატელეფონო საუბრისას მან, მოსამართლის თანაშემწეს განუმარტა, რომ მოპასუხეზე ჩასაბარებელი სარჩელი თანდართული დოკუმენტებით წარდგენილი ჰქონდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ითხოვა მისთვის გადაეგზავნათ, რადგან არ ჰქონდა სარჩელის ასლი.
გარდა ამისა, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფდა (გაუჭირდებოდა), რადგან მათთვის ცნობილ ყველა მისამართზე მოპასუხეს გზავნილები არ ბარდებოდა.
მისი მოთხოვნის პასუხად, მოსამართლის თანაშემწემ აცნობა, რომ მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება არ უნდა გასჭირვებოდათ, რადგან მოპასუხე უკვე რამდენჯერმე იყო მისული სასამართლოში ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით.
მოსამართლის თანაშემწისაგან ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სთხოვა თანაშემწეს, რომ მართალია, სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების მოპასუხეზე ჩაბარება ცალსახად მოსარჩელის ვალდებულებაა, მაგრამ რადგანაც მოპასუხეზე გადასაცემი სარჩელის ასლი სასამართლოში იყო, სადაც მოპასუხე რამოდენიმეჯერ იყო მისული, ხოლო მას უჭირდა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება, თუ შესაძლებელი იქნებოდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის მისვლის შემთხვევაში, მოსამართლის თანაშემწეს თავად ჩაებარებინა მოპასუხისათვის სარჩელი თანდართული დოკუმენტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეგზავნა გზავნილი მოსარჩელის მისამართზე, რომლის მიღების შემდეგ, მოსარჩელე უზრუნველყოფდა მიღებული გზავნილის მოპასუხეზე ჩაბარებას და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის კანონით გათვალისწინებულ 2 თვიან ვადაში სასამართლოში წარდგენას.
გარდა ამისა, განუმარტა მოსამართლის თანაშემწეს, რომ არის მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, უჭირს გადაადგილება, რის გამოც, მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილისათვის სასამართლოში მისვლა დაკავშირებული იყო გარკვეულ სიძნელეებთან, ხარჯებთან. ამიტომ, ითხოვა, მისთვის გზავნილი ფოსტის საშუალებით გაეგზავნათ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელი იქნებოდა, მისი წარმომადგენელი ჩავიდოდა სასამართლოში და ჩაიბარებდა გზავნილს.
ამის მიუხედავად, მას გზავნილი სასამართლოსაგან არ მიუღია, რის გამოც დაერღვა 2 თვიანი ვადა და შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.
სარჩელის განუხილველად დატოვება გამოწვეულია სასამართლოს მიერ სსკ-ის 183-184-ე მუხლების არასწორად განმარტებით, რადგან არსად არ არის მითითებული, რომ მოსარჩელე ვალდებულია მივიდეს სასამართლოში და ჩაიბაროს მოპასუხისათვის გადასაცემი გზავნილი. სასამართლოა ვალდებული გადასცეს მოსარჩელეს, მოპასუხისათვის გასაგზავნი სარჩელის ასლი.
გასაჩივრებული განჩინების უცვლელად
დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ შპს ,,ხ----–--- 9-“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 12 მარტს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ხ----–--- 9-“-ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა შპს ,,ა------ 2-" და მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ თანხის დაკისრება მოითხოვა.
დადგენილია, რომ შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი თანდართული მასალებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოში შევიდა ფოსტით.
დადგენილია, რომ 2018 წლის 22 მარტს, მოსამართლის თანაშემწის მიერ, მოსარჩელის წარმომადგენელს, თ---------- ტ-----–---ს, ტელეფონის მეშვეობით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღების შესახებ და რომ იგი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, ჩაიბაროს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის გადასაცემად და აღნიშნული გზავნილის მოპასუხისათვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ორი თვის ვადაში წარმოედგინა სასამართლოში.
მოსარჩელეს ასევე განემარტა, რომ თუ ორი თვის ვადაში საქმის განმხილველ სასამართლოში არ წარმოადგენდა მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს ან შუამდგომლობას გზავნილის საჯარო შეტყობინების გავრცელების შესახებ, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებდა (იხ.აქტი - ტომი 1, გვ. 267).
დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინებით, შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი შპს ,,ა------ 2-"-ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, დარჩა განუხილველად და გაუქმდა ამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს ,,ხ----–--- 9-“-ის წარმომადგენელმა თ---------- ტ-----–---მ და მისი გაუქმება მოითხოვა.
პალატა განმარტავს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის განხილვა, სწორად განმარტა, თუ არა სასამართლომ სსკ-ის 183-184-ე მუხლები და სწორად დატოვა თუ არა შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი შპს ,,ა------ 2-“-ს მიმართ განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას, სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს...
ამავე კოდექსის 184-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს მოსამართლისათვის სარჩელის (განცხადების) გადაცემიდან არა უადრეს 5 და არა უგვიანეს 14 დღისა, მათ მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ეგზავნებათ შეტყობინება ან სასამართლოში გამოცხადების შედეგად ეცნობებათ სარჩელის (განცხადების) მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) მათ მიერ მოპასუხისათვის ჩაბარების თაობაზე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით ჩაბარება ან მისი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა ამ კოდექსის 70-ე−78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, მისთვის გზავნილის გადაცემიდან 2 თვის ვადაში.
აღნიშნული ნორმების განმარტების საფუძველზე პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს კანცელარიის ვალდებულება გადასცეს (და არა გაუგზავნოს) გზავნილი (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლები) მოსარჩელეს მოპასუხისათვის ჩასაბარებლად, ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ, ხელზე იქნა წარდგენილი სასამართლოში, რა დროსაც შესაძლებლობა ეძლევა კანცელარიის მუშაკს, იმავდროულად შეამოწმოს ფორმალური დასაშვებობის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული არ არის ფოსტის მეშვეობით წარდგენილი იურიდიული პირის სარჩელზე გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლები) მოპასუხისათვის გადასაცემად მოსარჩელისათვის იმავე საშუალებით (ფოსტის მეშვეობით) გაგზავნის ვალდებულება.
ამდენად, სამოქაალქო საპროცესო კოდექსის 1.2-ე, 183-ე და 184-ე მუხლების თანახმად, სარჩელის წარმოებაში მიღებისა და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე, სწორედ მოსარჩელეა ვალდებული მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი სარჩელის ასლი თანდართული მასალებით და შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში ჩააბაროს მოპასუხეს.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ შპს ,,ხ----–--- 9-“-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ა------ 2-“-ის წინააღმდეგ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოში შევიდა ფოსტით.
ამდენად, სასამართლოს კანცელარიის მიერ სარჩელის რეგისტრაციისას, ვერანაირად ვერ მოხდებოდა მოპასუხეზე ჩასაბარებელი სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისათვის გადაცემა.
ასეთ შემთხვევაში, სსკ-ის 183-ე და 184-ე მუხლების თანახმად, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული მისულიყო სასამართლოში, პირადად ჩაებარებინა მოპასუხეზე გადასაცემი გზავნილი და 2 თვის ვადაში უზრუნველეყო მისი მოპასუხისათვის ჩაბარება ან ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიემართა სასამართლოსათვის საჯარო შეტყობინების წესით მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების მოთხოვნით, რაც არ განუხორციელებია.
შესაბამისად, კერძო საჩვრის ავტორის პრეტენზია სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების არასწორად განმარტებისა და გამოყენების თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.
პალატა ასევე არ იზიარებს შპს ,,ხ----–--- 9-“-ის წარმომადგენლის, თ---------- ტ-----–---- მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან არის მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, უჭირს გადაადგილება, სასამართლოს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან-5000 ლარიდან შეეძლო გაემეტებია 15 ლარი და გაეგზავნა სარჩელი მოპასუხისათვის სარჩელში მითითებულ მისამართზე.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს-მოსარჩელეს წარმოადგენდა არა ფიზიკური პირი-თ---------- ტ-----–---, არამედ იურიდიული პირი-შპს ,,ხ----–--- 9-“, რომელიც არის მეწარმე სუბიექტი და მითითებული მიზეზებით (წარმომადგენლის ავადმყოფობა) სარჩელის მოპასუხისათვის გაგზავნა-ჩაბარება სასამართლოს ვალდებულებას არ წარმოადგენს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ 2018 წლის 22 მარტს, მხოლოდ სატელეფონო შეტყობინების წესით ეცნობა სარჩელის განსახილველად მიღებისა და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე და რომ მსგავსი შეტყობინება სარჩელში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არ მისვლიათ, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 184.1-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს აირჩიოს მისთვის სასურველი ალტერნატივა და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება შეტყობინების გაგზავნის, რომელი ფორმა გამოიყენოს და არ გააჩნია ვალდებულება ორივე წესის გამოყენებაზე.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითებული პრეტენზია, ასევე ვერ იქნება გაზიარებული.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე შპს ,,ხ----–--- 9-“-ს, სარჩელის წარმოებაში მიღებისა და მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების ვალდებულების თაობაზე ეცნობა 2018 წლის 22 მარტს, საიდანაც, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 2 თვიან ვადაში-2018 წლის 22 მაისამდე, მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და არც სასამართლო გზავნილის საჯარო შეტყობინებით ჩაბარების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275.1,,თ“ და 19-11-ე მუხლების მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილი იყო შპს ,,ხ----–--- 9-“-ს სარჩელი განუხილველად დაეტოვებინა და იმავდროულად გაეუქმებია ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია, მისი მიღებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. გან
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ხ----–--- 9-“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 მაისის განჩინება;
3. კერძო საჩივრის ავტორის მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე