განაჩენი

სისხლის სამართლის 14.09.2018
საქმის ნომერი
140100118002292128
ინსტანცია
თარიღი
14.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

საქმე №1ბ/591-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

10 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის მდივნობით,პროკურორ - გ---------------–---–ის,მსჯავრდებულ - შ--–-----------–---–ის,ადვოკატ - ქ---------------ის მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

შ--–-----------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–-------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენით:

 

შ--–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ს რეალურად მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შ--–-----------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 18 დეკემბერს, ღამით, შ--–-----------–---–მა უკანონოდ შეაღწია გორის რაიონის ს------–----------ვში მდებარე პ--------–-------–---–ის კუთვნილ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს: 12 ჩანგალს, 15 დანას, ყავის 4 ჭიქას, მიქსერს, უთოს, კუთხსახერხსა და ელექტრო ბურღს, რითაც დაზარალებულს მიადგა 370 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ--------------ემ და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

ბრალდების მხარის მითითებით, სასამართლოს განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი და აშკარად ლმობიერია; დანიშნული სასჯელი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან და სპეციფიკიდან. შ--–-----------–---–ის მიერ ჩადენილია განზრახი მძიმე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მაკვალიფიცირებელი გარემოებებით. ამასთან, მის მიმართ წარსულში არაერთხელ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თვისობრივად იგივე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, რაც მიუთითებს საზოგადოებისათვის მის მომეტებულ საშიშროებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შ--–-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას, რადგან ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში ვერ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ---------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა შ--–-----------–---–მა და მისმა ადვოკატმა ქ---------------მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გორის რაიონული პროკურორის პროკურორ ბ--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და კვალიფიკაცია არც მხარეებს გაუხდიათ სადავოდ. შ--–-----------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: პ--------–-------–---–ის, დ-----------–----ის, ვ-------------------------------------------------–--------–------------–---–-–-–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შ--–-----------–---–ის სახლის ჩხრეკის ოქმით; ნივთიერი და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს შ--–-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენას.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მისი ასაკი და ჯამრთელობის მდგომარეობა, ის ფაქტი, რომ შ--–-----------–---–მა აღიარა და გულწრფელად მოინანია ბრალად შერაცხული ქმედება, ითანამშრომლა გამოძიებასთნ, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე, დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი და მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ აქვს. ყოველივე აღნიშნულისა და დანაშაულის მოტივის, მიზნის, მისი სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ასევე, მსჯავრდებულის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ის მიმართ, დადგენილი სანქციის ფარგლებში დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების საფუძველი არ არსებობს. სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მსჯავერდებულის მიმართ წარსულში არაერთხელ იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი თვისობრივად იგივე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, პალატა განმარტავს, რომ შ--–-----------–---–ი დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშველებია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #322აპ-14 გადაწყვეტილება).

 

შესაბამისად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

შ--–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩედენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შ--–-----------–---–ს დანიშნული სასჯელიდან 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 1 (ერთი) წელი და 4 (ოთხი) თვე - ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ შ--–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2017 წლის 18 დეკემბრიდან, 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;

 

შ--–-----------–---–ს დაევალოს, ს/ა დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი და მეთვალყურეობა მის ყოფაქცევაზე დაევალოს ამავე ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

შ--–-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი ფულად თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს, კანონით დადგენილი წესით;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

უთო, მიქსერი, ყავის ჭიქები - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ანაწმენდები, ხელის ანაბეჭდები, ხელის კვალი, სუნის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე