განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.04.2018
საქმის ნომერი
080310017001884005
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
17.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310017001884005

საქმე №3/ბ-591-2017წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) – ვ----–-------–-----–--ე (დაუსწრებლად)

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი – ე-------------–---

 

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 12 აპრილს ვ----–-------–-----–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი ოჯახისათვის 121580 ერთეული სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 5 აპრილის №------- მიმართვის ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება მოახდინოს მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრის დავალდებულება აუნაზღაუროს ვ----–-------–-----–--ეს 2014 წლიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე.

 

მოსარჩელის აღნიშვნით, რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი. 2016 წლის 5 დეკემბერს შევსებული იქნა ოჯახის ახალი დეკლარაცია და მინიჭებულ ქულათა რაოდენობამ შეადგინა 121580 ქულა, რაც განპირობებულია დეკლარაციაში არასწორი და არასრული მონაცემების შეტანით, კერძოდ, არასწორია დეკლარაციის ,,C 3’’ გრაფა სადაც შემოსავლებში ჩათვლილია ფულადი სოციალური დახმარება 204 ლარის ოდენობით, დეკლარაციაში შეტანილი არ იქნა მონაცემები ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე არასწორად იქნა მითითებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა, ვინაიდან მასში გათვალისწინებული იქნა დამხმარე ფართობი.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს და ამავე სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა ვ----–-------–-----–--ის სარჩელის უარყოფა. მოპასუხის განმარტებით, 2016 წლის განმავლობაში ვ----–-------–-----–--ის ოჯახში იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ოჯახის სოციალური ეკონომიური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით არ განხორციელებულა. შესაბამისად 2017 წლის 12 თებერვალს მინიჭებული ქულით ვ----–-------–-----–--ის ოჯახს არ შეწყვეტია ფულადი სოციალური დახმარება, ვინაიდან იგი ასეთ დახმარებას არ იღებდა 2014 წლიდან. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ვ----–-------–-----–--ის ოჯახის დეკლარაციაში, მათ შორის დაფიქსირდა ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაანგარიშდა სარეიტინგო ქულა, რამაც შეადგინა 121580 ერთეული.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწვეტილებით ვ----–-------–-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. 2017 წლის 13 იანვარს შეივსო ვ----–-------–-----–--ის ოჯახის დეკლარაცია, რომლის თანახმად: ვ----–-------–-----–--ის ოჯახის შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი არის 90 კვ. მეტრი (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 4 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი არის პარკეტი (A10 ბლოკის მე-1 გრაფა).

 

ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები (B ბლოკი): ვ----–-------–-----–--ე (ასაკი 91 წელი), ნ----------–-----–--ე (ასაკი 67 წელი), დ----------–-----–--ე (ასაკი 63); ვ--–------------–-----–--ე (ასაკი 35 წელი).

 

ოჯახის უფროსი არის ვ----–-------–-----–--ე (B2 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსულად (20 და მეტი კვირის), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ასაკის ბავშვით), სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას - არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება ნ----------–-----–--ე, დ----------–-----–--ე და ვ--–------------–-----–--ე; ვ----–-------–-----–--ე - დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს.

 

სპეციალური სტატუსი (B4 ბლოკი): ნ----------–-----–--ეს, დ----------–-----–--ეს და ვ--–------------–-----–--ეს არ გააჩნია, ხოლო ვ----–-------–-----–--ე - მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (I ჯგუფი).

 

დ----------–-----–--ეს ჰყავს შვილი, რომელიც არ ცხოვრობს მასთან ერთად (B5 ბლოკი).

 

პირადი ფულადი შემოსავალი (C ბლოკი): - ნ----------–-----–--ე - სახელმწიფო პენსია -

180 ლარი, ვ----–-------–-----–--ე - სოციალური პაკეტი 44 ლარი და სახელმწიფო კომპენსაცია 242 ლარი. კომუნალური ხარჯები (E ბლოკი): ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიისთვის გადახდილი იქნა 300,20 ლარი; ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული წყლისთვის გადახდილი იქნა 70 ლარი; ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზისთვის გადახდილი იქნა 250 ლარი;

 

2.1.2. 2017 წლის 24 იანვარს ვ----–-------–-----–--ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს და მოითხოვა 2017 წლის 13 იანვარს შევსებულ დეკლარაციაში B3 პუნქტის მე-6 გრაფის ნავლად მოინიშნოს გრაფა 5;

 

2.1.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა 2017 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება №-----, რომლითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ვ----–-------–-----–--ის ოჯახის დეკლარაციის B ბლოკში შეტანილი იქნა კორექტირება, კერძოდ: ა) ბიოგრაფიული მონაცემების B1 პუნქტში ასაკის ამსახველ გრაფაში მე-3 წევრზე დ----------–-----–--ეზე 63-ის ნაცვლად დაფიქსირდა 64; ბ) მე-4 წევრზე ვ--–-----------–-----–---ზე ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ B3 პუნქტის მე-6 გრაფის ნავლად მოინიშნა გრაფა 5 (სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას).

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 იანვრის №----- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით ვ----–-------–-----–--ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2017 წლის 12 თებერვალს განისაზღვრა 121580 ერთეულით;

 

2.1.4. 2017 წლის 27 მარტს ვ----–-------–-----–--ემ განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა განხორციელდეს მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შემოწმება და სოციალური დახმარების აღდგენა;

 

2.1.5. 2017 წლის 5 აპრილს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა №---------- წერილით მიმართა ვ----–-------–-----–--ეს და აცნობა, რომ ოჯახის დეკლარაციაში გათვალისწინებულია ბიოგრაფიული მონაცემები, გაწეული კომუნალური ხარჯები, ვ----–-------–-----–--ის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ოჯახის წევრის ვ--–------------–-----–--ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამასთან სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური აზრი, რაც გამორიცხავს ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი გარემოების ასახვას.

 

ამავე წერილით ვ----–-------–-----–--ეს ეცნობა, რომ მისი ოჯახისათვის განკუთვნილი სარეიტინგო ქულა 121580 არ ითვალისწინებდა ფულად სოციალურ დახმარებას, ხოლო განმეორებითი შეფასების მოთხოვნით ოჯახს სააგენტოსთვის შეეძლო მიემართა 2018 წლის 12 თებერვლიდან;

 

2.1.6. ვ----–-------–-----–--ეს მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, ბენეფიციარს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია სასჯელაღსრულების ხაზით - წელთა ნამსახურობით/სოციალური პაკეტი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილის კატეგორიით. ვ----–-------–-----–--ის სახელმწიფო გასაცემლის ჯამური თანხა თვეში შეადგენს 286 ლარს (სახელმწიფო კომპენსაცია 242 ლარი, სოციალური პაკეტი 44 ლარი).

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ 2017 წლის 13 იანვრის დეკლარაციაში არასწორად იყო შევსებული A ბლოკის A8 პუნქტში მითითებული მონაცემი ,,შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი 90 კვ. მეტრი’’;

 

2.2.2. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ 2017 წლის 13 იანვარს შევსებულ ოჯახის დეკლარაციის ,,C3’’ ბლოკში არასწორად იყო შეტანილი ინფორმაცია ფულადი შემოსავლის შესახებ, კერძოდ: ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი №----- ბრძანების მე-8 მუხლის მე-მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის „C3“ პუნქტის ,,პირადი ფულადი შემოსავალი (მიღებული ან მისაღები) დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში (ლარი)“ შევსებისას: იმ შემთხვევაში, თუ „C3“ პუნქტით გათვალისწინებული ფულადი შემოსავალი წარმოადგენს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად რაიმე სახის ფულად სოციალურ გასაცემელს, აღნიშნული დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს უფლებამოსილი პირის მიერ, სააგენტოში დაცულ მონაცემებზე დაყრდნობით;

 

2.2.3. 2017 წლის 13 იანვრის დეკლარაციაში პირადი ფულადი შემოსავალი (C ბლოკი) მითითებულია: - ნ----------–-----–--ე - სახელმწიფო პენსია - 180 ლარი, ვ----–-------–-----–--ე - სოციალური პაკეტი 44 ლარი და სახელმწიფო კომპენსაცია 242 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2017 წლის 10 იანვრის №--------- წერილით ირკვევა, რომ ვ----–-------–-----–--ეს მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, ბენეფიციარს სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია სასჯელაღსრულების ხაზით - წელთა ნამსახურობით/სოციალური პაკეტი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილის კატეგორიით. ვ----–-------–-----–--ის სახელმწიფო გასაცემლის ჯამური თანხა თვეში შეადგენს 286 ლარს (სახელმწიფო კომპენსაცია 242 ლარი, სოციალური პაკეტი 44 ლარი).

 

შესაბამისად სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ----–-------–-----–--ის ფულადი შემოსავლების შესახებ დეკლარაცია შეიცავდა სწორ მონაცემებს, ისევე როგორც ნ----------–-----–--ესთან მიმართებაში, სადაც მითითებული იყო სახელმწიფო პენსია 180 ლარის ოდენობით;

 

2.2.4. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 13 იანვარს შევსებულ ოჯახის დეკლარაციის ,,B3’’ ბლოკში არასწორად შეტანილი ინფორმაციის გამო მოხდა ოჯახისათვის მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭება, კერძოდ: დეკლარაციაში ოჯახის წევრთა ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი, დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს; ორსულად (20 და მეტი კვირის), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ასაკის ბავშვით), სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, მითითებულია, რომ არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება ნ----------–-----–--ე, დ----------–-----–--ე და ვ--–------------–-----–--ე; ხოლო ვ----–-------–-----–--ესთან დაკავშირებით მითითებულია, რომ დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს;

 

2.2.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა 2017 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება №-----, რომლითაც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ვ----–-------–-----–--ის ოჯახის დეკლარაციის B ბლოკში შეტანილი იქნა კორექტირება, კერძოდ: ა) ბიოგრაფიული მონაცემების B1 პუნქტში ასაკის ამსახველ გრაფაში მე-3 წევრზე დ----------–-----–--ეზე 63-ის ნაცვლად დაფიქსირდა 64; ბ) მე-4 წევრზე ვ--–-----------–-----–---ზე ფიზიკური მდგომარეობის ამსახველ B3 პუნქტის მე-6 გრაფის ნავლად მოინიშნა გრაფა 5 (სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას).

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 იანვრის №----- ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ოჯახის დეკლარაციის კორექტირება და აღნიშნულის გათვალისწინებით ვ----–-------–-----–--ის ოჯახის სარეიტინგო ქულა 2017 წლის 12 თებერვალს განისაზღვრა 121580 ერთეულით;

 

2.2.6. ვ----–-------–-----–--ისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭება მოხდა მას შედეგ, რაც კორექტირებული იქნა ოჯახის დეკლარაცია და მასში შეიცვალა ,,B3’’ ბლოკის მონაცემები.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს განმარტებით, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას.

 

ამავე დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

 

სასამართლოს მითითებით, ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესი’’-ს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული სარეიტინგო ქულა მყარი ერთეულია, რომლის შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ, გარდა მე-9

მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №--- დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს.

 

სასამართლოს მითითებით, დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის დონის შესაფასებლად კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №----- ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მითითება, რომ მისი ოჯახისათვის განსხვავებული და მაღალი სარეიტინგო ქულების მინიჭება განხორციელდა კანონშეუსაბამოდ. ოჯახის დეკლარაცია შევსებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო სარეიტინგო ქულათა მინიჭება განხორციელდა შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ----–-------–-----–--ის სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა ვ----–-------–-----–--ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტის მითითებით, 2015 წლის 01 მაისიდან ამოქმედებულ ცვლილებათა გამო, ოჯახის განმეორებით შეფასება/შესწავლის მიზნით 2016 წლის 05 დეკემბრის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა მის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, კერძოდ შედგენილ იქნა ოჯახის დეკლარაცია არასრული და არასწორი მონაცემებით. ოჯახის დეკლარაციის შედგენისას არ განხორციელდა შევსებული მონაცემების სრული განმარტება, ამდენად მასზე მისი ხელმოწერა არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული მიჩნეული არასწორი მონაცემების დადასტურებად;

 

3.1.2. აპელანტის აღნიშვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არის იმდენად არასრული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გააანალიზა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს, ასევე სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს განსაზღვრავს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №----- ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მაძიებელი და რეგისტრირებული ოჯახების იდენტიფიკაცია და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებისა და გამოკითხვის (ინტერვიუირების) შედეგად დაფიქსირებული მონაცემებისა და ფაქტების ერთობლიობა. ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაცია არის სპეციალური ფორმის დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მონაცემებს ოჯახის შემადგენლობაში მყოფი წევრების, ოჯახის შემოსავლებისა და კომუნალური დანახარჯების შესახებ, აგრეთვე მონაცემებს, რომლებიც ასახავს ოჯახის ფაქტობრივ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საჭიროა ოჯახის სარეიტინგო ქულის დასადგენად.

 

მითითებული ბრძანების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ოჯახი ვალდებულია: ა) შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს საქმიანობის სათანადო პირობები მოქმედების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ბ) არ შეუქმნას სააგენტოს უფლებამოსილ პირს დაბრკოლებები და/ან არ შეუშალოს ხელი მისთვის დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებაში (ასეთ გარემოებად განიხილება, მაგ.: ოჯახის საცხოვრებელში შესვლის, საცხოვრებლის რომელიმე ადგილის დათვალიერებისათვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი საბუთ(ებ)ის განზრახ დამალვა და სხვა); გ) არ მოახდინოს სააგენტოს უფლებამოსილ პირზე რაიმე ზემოქმედება მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით.

 

ბრძანების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.

 

ზემოთ მოხმობილი ნორმების შესაბამისად პალატა ასკვნის, რომ საარსებო შემწეობის ან სხვა ფულადი დახმარების მიღება ოჯახის სარეიტინგო ქულის ოდენობაზეა დამოკიდებული, რომლის გამოთვლა ხდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სპეციალურ კითხვარში - ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სადავო სარეიტინგო ქულის გამოთვლა გამოიწვია ოჯახის დეკლარაციის ცალკეულ გრაფებში არასწორი მონაცემების შეტანამ; კერძოდ: არასწორად შეივსო დეკლარაციის ,,C 3’’ გრაფა, სადაც შემოსავლებში ჩათვლილი იქნა ფულადი სოციალური დახმარება 204 ლარის ოდენობით, დეკლარაციაში ასევე შეტანილი არ იქნა მონაცემები ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე არასწორად იქნა მითითებული საცხოვრებელი ფართის მოცულობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახის დეკლარაციის შევსების წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“, რომელიც ასახავს იმ მონაცემებს, რომელთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ვალდებულებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოჯახის დეკლარაციაში მონაცემების სწორად ასახვას ხელმოწერით ადასტურებს თავად ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება აპელანტის სარეიტინგო ქულის დასადგენად შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში უზუსტო მონაცემების არსებობა, რასთან დაკავშირებით პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას. მეტიც, 2017 წლის 12 თებერვალს მინიჭებული ქულით აპელანტის ოჯახს არ შეწყვეტია ფულადი სოციალური დახმარება, ვინაიდან იგი ასეთ დახმარებას არ იღებდა 2014 წლიდან. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსის 2017 წლის 26 იანვრის ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ვ----–-------–-----–--ის ოჯახის დეკლარაციაში, მათ შორის დაფიქსირდა ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაანგარიშდა სარეიტინგო ქულა, რამაც შეადგინა 121580 ერთეული. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ასევე დადგენილია, რომ დავის პერიოდში - 2018 წლის 17 თებერვალს კვლავ შემოწმდა აპელანტის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რის შედეგად დაუდგინდა სარეიტინგო ქულა 244570, რაც არ ითვალისწინებს საარსებო შემწეობის ან სხვა ფულადი დახმარების მიღებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება მის მიერვე მითითებული გარემოებების დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა, ამასთან ვერც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ფორმალურ-მატერიალური კანონიერების თვალსაზრისითაც წარმოადგინა რაიმე არგუმენტირებული დასაბუთება, რაც სააპელაციო საჩივრის უარყოფის საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოცილაური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----–-------–-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე