განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
330210016001253203
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001253203

საქმე №2ბ/6601-17

განჩინება

საქართველოს სახელით

17 მაისი, 2018 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი

მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ხათუნა არევაძე

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

აპელანტი - შპს „ნ-----–-“

წარმომადგენელი - ს--–-------–-–---–-

მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ „ს----------–----------------------–-----------–--–--

წარმომადგენელი - ს---------------

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ა(ა)იპ ,,ს----------–----------------------–-----------–--–--- (ს.ნ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე, შპს ,,ნ-----–-ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, ა(ა)იპ ,,ს----------–----------------------–-----------–--–--- (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ, საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით, დაეკისროს 3245 ლარისა და 88 თეთრის გადახდა. მოპასუხე, შპს ,,ნ-----–-ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, ა(ა)იპ ,,ს----------–----------------------–-----------–--–--- (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ, 2016 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს 800 ლარის გადახდა. მოპასუხე, შპს ,,ნ-----–-ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, ა(ა)იპ ,,ს----------–----------------------–-----------–--–--- (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ, 2016 წლის პირველი მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს სახით, დაეკისროს გადასახდელი ძირითადი თანხის 0.07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ს----------–----------------------–-----------–--–--სა და შპს ,,ნ-----–-ს“ შორის 2013 წლის 29 ივლისს გაფორმდა N---- სალიცენზიო შეთანხმება ,,ა---–--–---“ რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ; რომლის 4.4. მუხლით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის გადაეხადა საავტორო ჰონორარი მის საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულებისათვის, ყოველთვიურად: სილამაზის სალონი ,,ნ-----–-“, მდებარე ქ. თბილისი, ჭ-------------------- – 36.4 ლარი; მ--–---–---–------------ – 25.5 ლარი; კაფე-ბარი ,,ნ-----–-“, მდებარე ქ. თბილისი, კ---------------- – 42.48 ლარი, სულ - 104,38 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რომლის გადახდაც უნდა მომხდარიყო საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 10 რიცხვამდე.

 

2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული N---- სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, ,,ა---–--–---“ უფლება აქვს მოსთხოვოს ,,მოსარგებლეს“ პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისგან.

 

2.3. მოპასუხეს საერთოდ არ გადაუხდია არც სალიცენზიო შეთანხებით გათვალისწინებული ჰონორარი და არც პირგასამტეხლო.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 29 ივლისს დადებული N---- სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე, 2016 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით შპს ,,ნ-----–-ს“ დავალიანება მოსარჩელის მიმართ, შეადგენს 3245,88 ლარს, რამდენადაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება.

 

რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ იგი არ ფლობდა მოსარჩელის მიერ ხელმოწერილ სალიცენზიო შეთანხმების ეგზემპლარსა და რომ მოსარჩელეს ჰონორარის გადახდისათვის უნდა გამოეწერა დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასამართლო ვერ მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად, რამდენადაც უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულება ,,ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ“, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მოპასუხემ გამოხატა ნება, რომ შეუთანხმდა მოსარჩელეს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებზე და იკისრა მათი შესრულება. ის გარემოება, რომ მოპასუხე არ ფლობდა ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი დასახელებული ხელშეკრულების ეგზემპლარს, გარდა იმისა, რომ არ დასტურდება საქმის მასალებით, ვერ აქარწყლებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულება (მე-4 მუხლი) არ ითვალისწინებს ანგარიშსწორებისათვის ,,ა---–--–---“ (მოსარჩელე) მიერ ,,მოსარგებლისათვის“ (მოპასუხე) შესაბამისი პერიოდის ჰონორარის გადახდაზე წინასწარ ,,ინვოისის“ გაგზავნას ან დღგ-ს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას, შესაბამისად, მოპასუხის შედავება სასარჩელო მოთხოვნაზე უსაფუძვლოა.

 

2.5. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა, 1453,94 ლარი და 2016 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, 2016 წლის თებერვლის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლო 1453,94 ლარი უნდა შემცირდეს 800 ლარამდე, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე დავალიანების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, უნდა შემცირდეს 0,07%-მდე (სამართლებრივი შეფასება იხ. გადაწყვეტილების 5.2. პუნქტი).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება - სალიცენზიო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ერთის მხრივ მოსარჩელე მოპასუხეს აძლევდა უფლებას მის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულებაზე, ხოლო მოპასუხე, იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მოსარჩელისათვის აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის გათვალისწინებული საზღაური, სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით და ოდენობით. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული საზღაური არ მიუღია. დადგენილია ასევე მოპასუხის მოსარჩელისადმი არსებული ძირითადი დავალიანების ოდენობა - 3245,88 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის N---- სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით, 3245,88 ლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.6. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელი თანხა, 1453,94 ლარისა და 2016 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, შეუსაბამოდ მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმების 4,8 პუნქტით, მხარეები თანხმობას აცხადებდნენ ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ასევე არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის, მოპასუხის ვალდებულებას პირგასამტეხლოს - მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით გადახდის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ადგენს, რომ სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს, ვინაიდან მხარეთა შორის სალიცენზიო შეთანხმება დადებულია 2013 წლის 29 ივლისს, ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის წლის 18 თებერვალს - ორი წლისა და 8 თვის შემდეგ; ამავდროულად - მოპასუხეს, სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების დღიდან საერთოდ არ აქვს გადახდილი არცერთი თვის ჰონორარი ან მისი ნაწილი, არცერთ ობიექტზე და არც პირგასამტეხლო. მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხისათვის 2016 წლის თებერვლის ჩათვლით დარიცხული პირგასამტეხლო 1453,94 ლარი უნდა შემცირდეს 800 ლარამდე, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-მდე.

 

2.7. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული სალიცენზიო შეთანხმების 7.3. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის მოლაპარაკების გზით გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა შპს "ნ-----–-ს" მიერ ა(ა)იპ "ს----------–----------------------–-----------–--–---" სასარგებლოდ საავტორო ჰონორარის დავალიანების 3245 ლარისა და 88 თეთრის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა. მხარეთა შორის 2013 წლის 29 ივლისს დაიდო სალიცენზიო შეთანხმება #----. შეთანხმების შესაბამისად, საავტორო უფლებათა ასოციაციამ აპელანტს მიანიჭა ნებართვა, მის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ. აღნიშნული ნებართვისათვის ყოველთვიურად გადასახდელი ჰონორარის საერთო ოდენობა შეადგენდა 104.38 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

 

აღნიშნული ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ა(ა)იპ ს----------–----------------------–-----------–--–-- წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელ პირს. ამავე შეთანხმების 8.4. პუნქტის შესაბამისად, შპს "ნ-----–-ს" მიერ ჰონორარის გადახდის სამოც დღეზე მეტი დროით გადაცილების შემთხვევაში, ა---–--–--- უფლება ჰქონდა ცალმხრივად, ვადამდე შეეწყვიტა შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმება დაიდო 2013 წლის 29 ივლისს, 4.7. პუნქტის თანახმად, შპს "ნ-----–-ს“ ჰონორარის გადახდის პირველი ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 2013 წლის 10 სექტემბრამდე (აგვისტოს თვის მომსახურების ღირებულება). შესაბამისად, 2013 წლის 10 სექტემბრიდან 60 კალენდარულ დღეში - 2013 წლის 2 ნოემბერს ა(ა)იპ ს-----------------–----------–--- ა---–--–--- წარმოეშვა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება, ვინაიდან, აგვისტოს თვის ჰონორარის გადახდა დაგვიანდა 60 დღით. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგე მხარემ, არათუ შეწყვიტა ხელშეკრულება, შეტყობინებაც კი არ გაუგზავნა შპს "ნ-----–-ს" ვალდებულების შესრულების თაობაზე სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ, განზრახ, აპელანტისათვის ზიანის მიყენების მიზნით არ შეწყვიტა ხელშეკრულება, დააგროვა საჰონორარო დავალიანება 3 წლის ვადით და შემდგომ მოითხოვა ერთიანად აღნიშნული თანხის გადახდა. შპს "ნ-----–-" არ ფლობდა ინფორმაციას ნებართვის არსებობის თაობაზე, ფაქტობრივად არც სარგებლობდა ა---–--–--- რეპერტუარში შემავალი ნაწარმოებების საჯარო შესრულების უფლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაკეთილსიდისიერი ქცევა. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავისი უფლებები და მოვალეობანი. მართალია, ხელშეკრულების შეწყვეტა ა---–--–--- უფლება იყო და არა ვალდებულება, მაგრამ მას აღნიშნული უფლება უნდა გამოეყენებინა კეთილსინდისიერად. კერძოდ, არ უნდა დაეყოვნებინა ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისგან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელ პერიოდამდე (სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი), რათა მაქსიმალურად გაეზარდა მისაღები სარგებელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნივთი, ხოლო მყიდველის მიიღოს იგი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.

 

დადგენილია, რომ შპს „ნ-----–-მ“ იყიდა ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საჯარო შესრულების უფლება შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილია მხარეთა მიერ ვალდებულების შესრულების სტანდარტი, რაც გულისხმობს მის შესრულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხელშემკვრელი მხარეების მიერ შესრულებული ვალდებულება, სწორედ დასახელებული მუხლის კონსტრუქციას უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს შესრულდა თუ არა შპს „ნ-----–-ს“ მიერ ვალდებულება ზემოდასახელებული სტანდრტის შესაბამისად.

 

უპირველეს ყოვლისა, პალატა არ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ კრედიტორმა შეუსაბამოდ დიდი სარგებლის მიღების მიზნით სასამართლოს მყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევიდან არაგონივრულ ვადაში მიმართა, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის გამო სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების საშუალებები ხელშეკრულებიდან გასვლის ან შეწყვეტის გზით, რაც აღმჭურველ უფლებას წარმოადგენს და მოიაზრებს მხარის შესაძლებლობას განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულების შეწყვეტა კრედიტორის უფლებამოსილებაა. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე თავის უფლებას კეთილსინდისიერად უნდა ახორციელებდეს, რაც გამორიცხავს უფლების გამოყენებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის შემოტანამდე არსებული პერიოდი არ წარმოადგენს არაგონივრულ ვადას და არ იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ კრედიტორმა უფლება ბოროტად გამოიყენა.

 

ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი კანონის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე (სამოქალაქო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილი) თითოეული მხარე მიიჩნევა კანონის მცოდნედ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია დადგინდეს ჩარჩო რომელშიც კანონის არცოდნა საპატიოდ მიიჩნევა. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე სამოქალაქო ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი რისკის მატარებელია, რომელიც მოქმედებს სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რაც ამავდროულად, კონტრაჰენტის შერჩევის თავისუფლებასაც გულისხმობს. შესაბამისად, მხარეები ამყარებენ რა ერთმანეთთან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებს ივარაუდება რომ მათ იციან ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი საკუთარი უფლება-მოვალეობების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გამოიწვევდა ამავე ხელშეკრულეით ნაკისრი სანქციის გამოყენებას კრედიტორის მიერ. ამდენად, შპს „ნ-----–-ს“ სალიცენზიო ხელშეკრულებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულება ისე უნდა შეესრულებინა, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ყოველივე აღნიშნული კი, გამოიწვევდა იმ რისკის პრევენციას რაც ვალდებულების დარღვევას ახლავს თან (მაგალითად, პირგასამტეხლოს დაკისრება).

 

ამასთან, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ვინაიდან, მას არ განუხორციელებია ხელშეკრულების საგნით სარგებლობა, კერძოდ, ა---–--–--- რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულება, მას არ უნდა დაეკისროს შეთანხმებული საზღაურის გადახდა. პალატა განმარტავს, რომ ისარგებლებდა თუ არა აღნიშნული სიკეთით შპს „ნ-----–-“, მისი ნების სფეროში შემავალი გარემოებაა და აღნიშნულზე არ არის დამოკიდებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, თანხის გადახდის თაობაზე მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული წესის თანახმად უნდა მოხდეს. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად მოთავსებულია სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარში (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ იგი მოვალისათვის დისპოზიციურ, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიულ ხასიათს ატარებს, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი, რომელიც იმ შემთხვევაში თუ, მხარეები გადახდის წესზე არ შეთანხმებულან ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას შეუძლია კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია გასცეს დასახელებული დოკუმენტი. შესაბამისად, აპელანტს სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, უნდა წარმოედგინა უნაღდო ან ნაღდი ანაგარიშწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამოქალაქო კოდექსის 429-ე, 386-ე მუხლები), რაც მის მიერ არ განხორცილებულა.

 

4.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დასახელებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

მითითებული გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ნ-----–-ს“ მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, რაც ასევე, გონივრულ ოდენობად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა

 

1. შპს „ნ-----–-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი

 

მოსამართლეები ხათუნა არევაძე

 

თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი