განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2018
საქმის ნომერი
330310016001301053
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001301053

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/249-18 27 ივნისი 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი: რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ---------------ი“;

წარმომადგენლები - ვა----------------ი, ი-–--------–-------ი;

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

წარმომადგენელი - რ------------–---ა;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით შპს ,,გ---------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება №11-------- საჩივარზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №4---- ბრძანება და №025-60 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის №ა1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა და №2---- ბრძანება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის №1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „გ---------------ის“ №1---------- 24/06/2011, №1---------- 27/06/2011 და №11--------- 29/062011 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

 

შემოწმების შედეგებზე გამოცემულ იქნა 2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებამ №1---------- 24/06/2011, №1---------- 27/06/2011 და №11--------- 29/062011 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით განახორციელა ბოსტნეულის იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან. საქონლის დეკლარირების დროს იმპორტიორის მიერ წარდგენილია №D------- (23.06.11), №D------- (27.06.11) და №D------- (29.06.11), EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. აღნიშნული EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი). 2014 წლის 25 აპრილს თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროდან მიღებულია №5------- წერილი, რომელშიც აფიქსირებენ, რომ №D-------, №D------- და №D------- სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე- 14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული. აქედან გამომდინარე, საზოგადოების მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელები სულ 10 505 ლარი, აქედან, იმპორტის გადასახადი - 8 903 ლარი, დამატებული ღირებულების გადასახადი -1 602 ლარი, ხოლო სანქცია - ჯარიმის სახით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 10 505 ლარი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 16 დეკემბრის №166444-21-10 მიმართვის მიხედვით, აქტში 2014 წლის 25 აპრილის №5------- წერილის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს თურქეთის საბაჟო სამსახურის 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 წერილი.

 

2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება გადასახადების დარიცხვისა და სანქციის შეფარდების შესახებ და 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, შპს „გ---------------“ გადასახდელად დაერიცხა სულ 26 651,8 ლარი, მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა - 10 505 ლარი, ჯარიმა - 10 505 ლარი და საურავი - 5 641,8 ლარი.

 

2015 წლის 13 აგვისტოს შპს „გ---------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც 2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება და №0----- საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სადავო აქტებით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საგადასახადო კოდექსის მიმართ. ვინაიდან თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულია წერილი, რომელშიც აფიქსირებენ, რომ გადაადგილების სერტიფიკატები EUR.1 არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე, გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე- 14 გრაფები (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული, მომჩივნის მიერ წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება გამოიწვია.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანების საფუძველზე გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №4---- ბრძანება და №025-60 საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, შპს „გ---------------ი“ გათავისუფლდა დარიცხული ჯარიმისაგან და შეუმცირდა დარიცხული საურავი. საწარმოს გადასახდელად დაერიცხა გადასახადის ძირითადი თანხა - 10 505 ლარი და საურავი - 162,43 ლარი.

 

2015 წლის 23 ოქტომბერს შპს „გ---------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანების, საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნისა და №2---- ბრძანების, 2015 წლის 14 ივლისის №ა1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის, ასევე, 2014 წლის 25 აპრილის თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროდან მიღებული №5------- წერილის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი №11-------- არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 18 ივლისის №21-05/50680 წერილით მიმართა თურქეთის საბაჟო სამსახურს, განმარტა, რომ შეისწავლის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტს თურქეთიდან. გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 რეალობის დადგენის მიზნით კი თურქეთის საბაჟო სამსახურს გაეგზავნა ამ კომპანიების მიერ საქონლის გაფორმებისას საქართველოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი სერტიფიკატების ორმხრივი ასლების დამოწმებული პირები და ცხრილი. წერილით მოთხოვნილ იქნა მიწოდებული გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 და მათში მითითებული მონაცემების სისწორის დადასტურება.

 

თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 წერილის მიხედვით, შემოწმდა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები (689 გვერდი). ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ. დადგენილია, რომ თურქეთის საბაჟო სამსახურიდან გადმოგზავნილ იქნა მითითებული სერტიფიკატები, მათ შორის, №D------- (23.06.11), №D------- (27.06.11) და №D------- (29.06.11), EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, სადაც მე-14 გრაფა შევსებულ იქნა უარყოფითად.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 29 ოქტომბრის №4---- ბრძანება და №025-60 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 ივლისის №ა1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნასა და №2---- ბრძანებასთან ერთად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძველია - საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისა და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.

 

ინსტრუქციის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით; ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა; გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის №1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „გ---------------ის“ საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოცემულ იქნა 2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ წარდგენილი EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა, რომელთა საფუძველზეც შპს „გ---------------ის“ მიერ იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან, გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი), რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვითაც, №D-------, №D------- და №D------- სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი იქნა სერტიფიკატები, რომელთა მე-14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად იქნა შევსებული. აქედან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ საზოგადოების მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება გამოიწვია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მიხედვით, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა, ხოლო 196-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 213-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სეს ესნ); ბ) იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან ან/და შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

ამავე კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგენს რა გარკვეულ უპირატესობებს პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, იგი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა გადამხდელის მიერ ბოროტად არ იქნას გამოყენებული მითითებული შეღავათი. დადგენილია, რომ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR. 1 გაიცემა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ განახორციელა ბოსტნეულის იმპორტი თურქეთიდან, რაზედაც წარადგინა გადაადგილების სერტიფიკატები EUR.1, იგი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. ამასთან, მოპასუხეთა მიერ, თურქეთის საბაჟო სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ წარდგენილი სერტიფიკატების ნამდვილობა და მათ საფუძველზე პრეფერენციის გამოყენების უფლების მოპოვება არის სადავოდ ქცეული.

 

მოპასუხეები განმარტავენ, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ. ვინაიდან თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულია წერილი, რომლის თანახმადაც, ზემოაღნიშნული გადაადგილების სერტიფიკატები EUR.1 არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე, გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე- 14 გრაფები (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული, მომჩივნის მიერ წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული.

 

მოსარჩელე კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადაადგილების სერტიფიკატები დამოწმებულია თურქეთის საბაჟოს სამსახურის მიერ, კერძოდ, ისინი ხელმოწერილია მებაჟის მიერ და დამოწმებულია ბეჭდით. თუკი სერტიფიკატები შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, თურქეთის საბაჟოს მიერ თავიდანვე არ უნდა განხორციელებულიყო მათი დამოწმება, უნდა მიეთითებინათ არსებულ შეცდომასა თუ უზუსტობაზე, რასაც გადასახადის გადამხდელი საქონლის იმპორტამდე გამოასწორებდა.

 

სასამართლომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

 

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 დეკემბრის №5653 დადგენილებით რატიფიცირებული 2007 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, თურქეთში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოში იმპორტისას და საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის თურქეთში იმპორტისას ისარგებლებენ წინამდებარე შეთანხმებით: EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის წარმოდგენისას EUR -1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით. თურქეთის და საქართველოს საბაჟოს და სხვა კომპეტენტური უწყებები მიაწვდიან ერთმანეთს იმ შტამპის ნიმუშებს, რომელებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის და საბაჟოს და იმ კომპეტენტური უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადო უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ამ სერტიფიკატების და ანგარიშფაქტურის დეკლარაციების დამოწმებაზე. წინამდებარე ოქმის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთი და საქართველო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატის ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციის ნადვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაში. გადაადგილების სერტიფიკატის მე-14 გრაფა ,,შემოწმების შედეგები“ მოიცავს: ჩატარებული შემოწმება უჩვენებს, რომ სერტიფიკატი გაცემულია მითითებული საბაჟო ორგანოს მიერ და მასში მოცემული ინფორმაცია ზუსტია ან არ აკმაყოფილებს ნამდვილობის და სიზუსტის მოთხოვნებს.

 

საქმეში წარმოდგენილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებით გათვალისწინებული გადაადგილების სერტიფიკატი ევრო 1-ის ბეჭდვის ინსტრუქცია, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს და თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ უფლებით, რომ დაბეჭდონ ფორმები თვითონ, ან დააბეჭდინონ ისინი უფლებამოსილ მბეჭდავებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითოეული ფორმა უნდა შეიცავდეს მითითებას ასეთ უფლებაზე. თითოეულ ფორმაზე დატანილი უნდა იყოს დამბეჭდავის სახელი და მისამართი ან ნიშანი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დამბეჭდავის იდენტიფიცირება. ფორმას ასევე უნდა ჰქონდეს სერიული ნომერი, დაბეჭდილი ან სხვაგვარად დატანილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფორმის იდენტიფიცირება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების უპირატესი ძალა შიდანორმატიულ აქტებთან მიმართებით გულისხმობს ნორმათა კონკურენციისას სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის გამოსაყენებელ ნორმაზე მითითებას. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში საერთაშორისო შეთანხმებასთან მიმართებით უნდა განისაზღვროს გაცემული სერტიფიკატების ნამდვილობა. ამასთან, აღნიშნული პრინციპი არ გულისხმობს უცხო სახელმწიფოს მიერ, თუნდაც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, გაცემული ნებისმიერი არანორმატიული დოკუმენტის უპირატესობას შიდანორმატიულ კანონმდებლობასთან მიმართებით, რამეთუ იერარქია დადგენილია ნორმატიული აქტების მიმართ და არა მათ საფუძველზე გაცემული სხვადასხვა დოკუმენტის მიმართ. ამრიგად, თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 წერილზე ვერ გავრცელდება საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ მოქმედი წესი, არამედ იგი წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელში აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობა და რომლის უპირობო გამოყენების ვალდებულება არ არსებობს, იგი წარმოადგენს მხოლოდ მტკიცებულებას, რომელიც შეფასებულ უნდა იქნას საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად და წინასწარ დადგენილი უპირატესი ძალა ვერ მიენიჭება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია გადაადგილების სერტიფიკატები, რომლებიც დამოწმებულია ბეჭდით და მათზე განხორციელებულია ხელმოწერები, ასევე, წარმოდგენილია №D------- გადაადგილების სერტიფიკატის - EUR.1 ქართული თარგმანი, რომლის მე-14 გრაფაში მითითებულია, რომ სერტიფიკატი შედგენილია საბაჟო დეპარტამენტის მიერ და მასში მოცემული თარგმანი არის სწორი და შესაბამება წესებსა და შესაბამის პირობებს, მეორე მხრივ კი, საქმეში მოიპოვება თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს წერილი, რომლის მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვის პასუხად შემოწმდა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები (689 გვერდი) და ისინი არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ სერტიფიკატების გადაგზავნის შემდეგ თურქული მხარის მიერ სერტიფიკატების მე-14 გრაფები უარყოფითად იქნა შევსებული, მიეთითა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს ნამდვილობისა და სიზუსტის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ინსტრუქციაში აღნიშნული პირობის შემოხაზვისას შენიშვნის გაკეთებაზე კეთდება აქცენტი, მსგავსი შენიშვნების არსებობა დადასტურებული არ არის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში განსხვავებული სამართლებრივი შედეგის გამომწვევი მტკიცებულებების არსებობისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართოს წარდგენილი მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, რომ რომელიმე მტკიცებულებას მიენიჭოს წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც თან ახლავს გადასახადის გადამხდელის უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, საგადასახადო პასუხისმგებლობის გამოყენება, აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებულად არგუმენტირებული, რამეთუ პირდაპირ უკავშირდება თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, პირის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპებს. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო იზიარებს რომელიმე საბუთს და არ ეყრდნობა მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, მან უნდა დაასაბუთოს, რატომ გაითვალისწინა კონკრეტული მტკიცებულებები, რის საფუძველზე მიანიჭა მათ უპირატესობა, რათა გადასახადის გადამხდელისთვის გასაგები იყოს, რატომ იქნა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება მიღებული, რაც უზრუნველყოფს მხარის მაქსიმალურ ინფორმირებას, გაიაზროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება და გაიზიაროს იგი ან წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისად იქნება მიჩნეული მისთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი/სარჩელი და მიუთითოს იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განვითარებულ მსჯელობას გამორიცხავს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე- 2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არ წარმართულა ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული წესების დაცვით. კერძოდ კი, სსიპ შემოსავლების სამსახურმა უპირატესობა მიანიჭა და ფაქტობრივად წინასწარ დადგენილი იურიდიული ძალა მიანიჭა სხვა სახელმწიფო უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს ისე, რომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ გადამხდელის წარდგენილი სერტიფიკატები დამოწმებული და ხელმოწერილი იყო. EUR-1 გადაადგილების სერთიფიკატი კი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით. ამდენად, თუკი საქონლის გადმოტანისას საბაჟო სამსახურმა დაადასტურა სერტიფიკატები, მაშინ გადამხდელი სერტიფიკატებში არსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეში ეჭვს ვერ შეიტანდა და დაუშვებელია, რომ საწარმოს მოეთხოვოს დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი გულისხმიერების გამოჩენის ვალდებულება. იმ შემთხვევაში კი, თუკი სერტიფიკატები არ არის გაცემული საბაჟო სამსახურის მიერ და ისინი შეიცავს არარსებულ მონაცემებს, გაყალბებულია, აღნიშნული წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებას, რომელიც მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეიძლება იყოს გამყარებული, რადგან შეიძლება დაუკავშირდეს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ცალსახად დაუდგენლობისას, საგადასახადო ორგანომ უნდა იმოქმედოს კონსტიტუციური პრინციპების გათვალისწინებით, არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ ეჭვსა თუ ვარაუდს, რამეთუ ყოველგვარი ეჭვი პირის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს და დაუშვებელია პირისთვის სანქციის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც სამართალდარღვევა ცალსახად არ არის დადგენილი. შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ცალსახად არ დასტურდება, დაუშვებელია მის მიმართ დამატებითი დარიცხვის განხორციელება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ როგორც ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, მოსარჩელემ №1--------- (24.06.11), №1--------- (27.06.11) და №1--------- (29.06.11) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებით განახორციელა ბოსტნეულის იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში. საქონლის დეკლარირების დროს იმპორტიორის მიერ წარდგენილია №D------- (23.06.11), №D------- (27.06.11), №D------- (29.06.11) EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები, რის საფუძველზეც საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან. ზემოაღნიშნული EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა და სიზუსტე გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი). 2014 წლის 25 აპრილს თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროდან მიღებულია №55146/21 წერილი, რომელშიც აფიქსირებენ, რომ №D-------, №D-------, №D------- სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე-14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული. აქედან გამომდინარე, შპს ,,გ---------------ის“ მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მეწარმემ წარდგენილი დოკუმენტით უსაფუძვლოდ მიიღო საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება. გაუგებარია, სასამართლომ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ წარმოშობის სერტიფიკატი დამოწმებული იყო თურქეთის საბაჟო სამსახურის მიერ, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თურქეთის საბაჟო სამსახური უარყოფს მათ მიერ სერტიფიკატების დამოწმების ფაქტს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, რაც ქმნის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივნისის №1---- ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „გ---------------ის“ საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება, რომლის შედეგებზეც გამოიცა 2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიერ წარდგენილი EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების ნამდვილობა, რომელთა საფუძველზეც შპს „გ---------------ის“ მიერ იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან, გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში (თურქეთი), რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვითაც, №D-------, №D------- და №D------- სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე გადმოგზავნილი იქნა სერტიფიკატები, რომელთა მე-14 გრაფა (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად იქნა შევსებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ საზოგადოების მიერ EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. შემოწმების შედეგად საზოგადოებას დამატებით გადასახდელად დაერიცხა ძირითადი იმპორტის გადასახდელები და ჯარიმა.

 

2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება გადასახადების დარიცხვისა და სანქციის შეფარდების შესახებ და 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, შპს „გ---------------“ გადასახდელად დაერიცხა სულ 26 651,8 ლარი, მათ შორის, გადასახადის ძირითადი თანხა - 10 505 ლარი, ჯარიმა - 10 505 ლარი და საურავი - 5 641,8 ლარი.

 

2015 წლის 13 აგვისტოს შპს „გ---------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც 2015 წლის 14 ივლისის №ა 1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №2---- ბრძანება და №0----- საგადასახადო მოთხოვნა გაასაჩივრა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საწარმო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა სადავო აქტებით დარიცხული ჯარიმისა და საურავისაგან.

 

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საგადასახადო კოდექსის მიმართ. ვინაიდან თურქეთის საბაჟო სამსახურიდან მიღებულია წერილი, რომელშიც ფიქსირდება, რომ გადაადგილების სერტიფიკატები EUR.1 არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო ოფისის მიერ, ასევე, გადმოგზავნილი სერტიფიკატების მე-14 გრაფები (სერტიფიკატის უკანა გვერდზე) უარყოფითად არის შევსებული, მომჩივანის მიერ წარმოშობის პრეფერენციული სერტიფიკატები არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება.

 

2015 წლის 23 ოქტომბერს შპს „გ---------------მა“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 02 ოქტომბრის №3---- ბრძანების, საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 15 ივლისის №0----- საგადასახადო მოთხოვნისა და №2---- ბრძანების, 2015 წლის 14 ივლისის №ა1-------- საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის, ასევე, 2014 წლის 25 აპრილის თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროდან მიღებული №5------- წერილის გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით საჩივარი №11-------- არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო საქმეში ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2014 წლის 18 ივლისს №21-05/50680 წერილით მიმართა თურქეთის საბაჟო სამსახურს და მიუთითა, რომ შეისწავლის რამდენიმე კომპანიის საქმიანობას, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტს თურქეთიდან. ამავე მიმართვით, გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 რეალობის დადგენის მიზნით, თურქეთის საბაჟო სამსახურს გადაეგზავნა ამ კომპანიების მიერ საქონლის გაფორმებისას საქართველოს საბაჟო ორგანოში წარდგენილი სერტიფიკატების ორმხრივი ასლების დამოწმებული პირები და ცხრილი და ეთხოვა მიწოდებული გადაადგილების სერტიფიკატების - EUR.1 და მათში მითითებული მონაცემების სისწორის დადასტურება.

 

საქმეში წარმოდგენილია თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმდა EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატები (689 გვერდი). ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ, EUR.1 გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატების მე-14 გრაფა შევსებულია უარყოფითად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 207-ე მუხლის ,,ს” ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა, ხოლო ,,ტ” ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი არის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული მოქმედებები, რომელთა მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა. ამავე კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 112-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძველია - საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისა და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.

 

ინსტრუქციის 114-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით; ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა; გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 195-ე მუხლის მიხედვით, იმპორტის გადასახადის გადამხდელია პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს საქონელს, გარდა ექსპორტისა, ხოლო 196-ე მუხლის თანახმად, იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტია საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთისას საქონლის საბაჟო ღირებულება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 213-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების გამოყენების მიზნებისათვის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ნიშნავს საქონლის დეკლარირების დღისათვის მის შეფასებას. საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი. შემოსავლების სამსახური აკონტროლებს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორეს და იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება დეკლარირებულ საბაჟო ღირებულებას, მას თვითონ განსაზღვრავს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 210-ე მუხლით დადგენილია, რომ საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი არის მონაცემთა სისტემატიზებული ერთობლიობა, რომელიც შედგება: ა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურისაგან (შემდგომში – სეს ესნ); ბ) იმპორტის გადასახდელების განაკვეთებისაგან ან/და შეღავათებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ; გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი შეღავათებისაგან (პრეფერენციებისაგან); დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან, რომლებიც გამოიყენება სეს ესნ-ში მოცემული საქონლის მიმართ. საქართველოს ინტეგრირებული ტარიფი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

 

ამავე კოდექსის 228-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარანტი უფლებამოსილია მოითხოვოს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება, თუ იგი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადგენს რა გარკვეულ უპირატესობებს, წარმოშობის სერტიფიკატი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა გადამხდელის მიერ ბოროტად არ იქნას გამოყენებული მითითებული შეღავათი. დადგენილია, რომ საქართველოში საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი EUR. 1 გაიცემა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე.

 

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 28 დეკემბრის №5653 დადგენილებით რატიფიცირებული 2007 წლის 21 ნოემბრის „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების მიხედვით, EUR.1 გადაადგილების სერტიფიკატის წარმოდგენისას განსაზღვრულია შეღავათები თურქეთში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოში იმპორტისას და საქართველოში წარმოშობილი პროდუქციის თურქეთში იმპორტისას. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, EUR -1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით. თურქეთის და საქართველოს საბაჟო და სხვა კომპეტენტური უწყებები მიაწვდიან ერთმანეთს იმ შტამპის ნიმუშებს, რომელებიც გამოიყენება მათ საბაჟოებში EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატისთვის და საბაჟოს და იმ კომპეტენტური უწყების იმ ხელმძღვანელთა თუ შესაბამისი კომპეტენტური და სათანადო უფლებამოსილი უწყებების მისამართებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან ამ სერტიფიკატების და ანგარიშფაქტურის დეკლარაციების დამოწმებაზე. წინამდებარე ოქმის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, თურქეთი და საქართველო დახმარებას გაუწევენ ერთმანეთს კომპეტენტური საბაჟო ადმინისტრაციების და შესაბამისი კომპეტენციის მქონე და სათანადოდ უფლებამოსილი უწყებების მეშვეობით EUR -1 გადაადგილების სერტიფიკატის ან ანგარიშფაქტურის დეკლარაციის ნამდვილობის და ამ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის სისწორის შემოწმებაში.

 

საქმეში წარმოდგენილია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმებით გათვალისწინებული გადაადგილების სერტიფიკატი ევრო 1-ის ბეჭდვის ინსტრუქცია, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს და თურქეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიძლება ისარგებლონ უფლებით, რომ დაბეჭდონ ფორმები თვითონ, ან დააბეჭდინონ ისინი უფლებამოსილ მბეჭდავებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში თითოეული ფორმა უნდა შეიცავდეს მითითებას ასეთ უფლებაზე. თითოეულ ფორმაზე დატანილი უნდა იყოს დამბეჭდავის სახელი და მისამართი ან ნიშანი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება დამბეჭდავის იდენტიფიცირება. ფორმას ასევე უნდა ჰქონდეს სერიული ნომერი, დაბეჭდილი ან სხვაგვარად დატანილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ფორმის იდენტიფიცირება.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ისტანციის სასამართლოს მსჯელობას ნორმათა კონკურენციის თაობაზე და თვლის, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტის თვალსაზრისით არარელევანტურია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შიდა ნორმატიულ აქტებთან უპირატესობაზე მითითება, რამდენადაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით,საკითხი დგას არა ნორმათა უპირატესობის თაობაზე, არამედ სადავოა პრეფერენციის უფლების გამოყენების კანონიერება, რასაც განაპირობებს EUR-1 გადაადგილების სერტიფიკატის წარდგენა.

 

სააპელაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გადაადგილების სერტიფიკატის წარდგენა და ამ დოკუმენტის საფუძველზე საბაჟო საზღვარზე საქონლის გატარება ქმნის საკმარის და უპირობო საფუძველს, მოხდეს იმპორტის გადასახდელის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეღავათების მიღების საფუძველს ქმნის მხოლოდ ნამდვილი დოკუმენტი, ანუ ის დოკუმენტი, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

 

როგორც უკვე აღინიშნა, თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 მომართვის საფუძველზე დგინდება, რომ გადაადგილების სერტიფიკატები არ არის გაცემული და დამოწმებული მათი საბაჟო სამსახურის მიერ.

 

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას მტკიცებულებათა კონკურენციისა და გამოკვლევის აუცილებლობის თაობაზე გაიზიარებდა იმ პირობებში, თუ დადასტურდებოდა, რომ თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 მომართვაში ასახული ინფორმაცია არის მცდარი ან/და გადაადგილების სერტიფიკატები, მართალია, გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მაგრამ დარღვეულია მათი გაცემის წესი და პროცედურა, რაც ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებისადმი კანონიერი ნდობის საფუძველს. არსებულ პირობებში არცერთი მტკიცებულება არ უპირისპირდება ფაქტს იმის თაობაზე, რომ უფლებამოსილი ორგანო არ ადასტურებს მისი მხრიდან კონკრეტული სერთიფიკატების გაცემას.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში, სასამართლოს მოთხოვნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაასაბუთოს, რითია განპირობებული თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს 2015 წლის 2 აპრილის №55146/21 მომართვისათვის უპირატესობის მინიჭება, მოკლებულია საფუძველს და ნამდვილი შინაარსის გამოცლით, აკნინებს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების მნიშვნელობას.

 

სააპელაციო სასამართლო არანამდვილი სერთიფიკატის დაშვების და გამოყენების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მისი ნამდვილობის გადამოწმების რეალური ბერკეტები. სააპელაციო სასამართლო კვლავაც ყურადღებას მიაქცევს „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე, რომელშიც აღნიშნულია: EUR -1 გადაადგილების სერთიფიკატი გაიცემა ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟოს ან სხვა კომპეტენტური უწყების მიერ, რომელიც ივსება ხელით ექსპორტიორის მიერ ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ექსპორტიორის პასუხისმგებლობით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შეთანხმებაში გაკეთებული დათქმა ექსპორტიორის პასუხისმგებლობის თაობაზე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს სამეწარმეო რისკს და დამოკიდებულია პარტნიორის კეთილსინდისიერებაზე. ისევე როგორც სათანადო მტკიცებულების მოძიება, რომელთა წარმოდგენის შეუძლებლობაზეც მიუთითებს მოსარჩელე, შესაძლოა მოხდეს პარტნიორის მეშვეობით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილია არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაუპირისპირდება თურქეთის საბაჟო და ვაჭრობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სააპელაციო სასამართლო არ ადასტურებს სადავო აქტების გამოცემის პაროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ზაკ-ის 601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს და თვლის, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,გ---------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე: ნინო ქადაგიძე

 

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

 

გელა ბადრიაშვილი