განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002427704
საქმე №1ბ/1000-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ინ-----–------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 18 სექტემბერს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ბ---–----------------------–-------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენით ინ-----–------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
ინ-----–------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 29 აპრილიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით.
ინ-----–------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 28 აპრილს დაახლოებით 19:00 საათზე, ინ-----–------მა ბოლნისის რაიონის სოფელ გ----ში, ჯერ თავიანთი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, შემდეგ დერეფანში და ბოლოს საძინებლ ოთახში, მეორე ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის გამო, მეუღლეს - აფ-------------ას სხეულის სხვადსხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი, ცომის საბრტყელებელი ჯოხი და საჩხრეკი, რის გამოც აფ-------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი--------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ ინ-----–------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი, ბრალდებულმა წარმოშობილი უმნიშვნელო მიზეზის გამო რკინის საჩხრეკითა და ცომის საბრტყელებელი ჯოხით სცემა თავის მეუღლეს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დგინდება თუ რამდენ ადგილას ჰქონდა მიღებული დაზიანებები. ინ-----–------ის საქციელი მეტყველებს მასზედ, რომ იგი არაფრად აგდებს საზოგადოებში დამკვიდრებულ ნორმალური ცხოვრების წესს, მიუთითებს მის ურყევ განზრახვაზე მცირე მიზეზის გამო დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და მეტყველებს მის მიდრეკილებაზე ძალადობისადმი; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, რომ ინ-----–------ი წარსულში არ არის ნასამართლევი, წარსულში ნასამართლობის არქონა არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების მოტივად. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღკვეთის შესახებ’’ სტამბოლის კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, ევროპის საბჭოს კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებს და ბიჭებს შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში, კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციად, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ, კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე, პირიქით იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია, აქედან გამომდინარე ინ-----–------ისათვის დანიშნული ჰუმანური სასჯელი მას უქმნის დაუსჯელობის განცდას და უბიძგებს ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ აფ--------------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ფი------------–-----ის, სე-------------ის, ზვ----------–---ის, ჯა---–-------–---ას, ხა---------–------ის, ალ---------------------ის, ინ----------–------ის, ნა------–---–------ას, გა-----------------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 29 აპრილის დათვალიერების ოქმი, აფ-------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნები.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ინ-----–------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის და თანასოფლელების მიერ ხასიათდება დადებითად. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ინ-----–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
ინ-----–------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 29 აპრილიდან 2018 წლის 23 მაისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ინ-----–------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ინ-----–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება: რკინის საჩხრეკი და ცომის საბრტყელებელი ჯოხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე