განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
130100118002453278
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002453278

საქმე №1ბ/1004-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ჯო-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ხ-–------------------------–-----------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენით ჯო-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯო-----------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალა 2018 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და საბოლოოდ სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.

 

ჯო-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, ჯო-----------ემ ხ-–------------------------–-----------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ჩაიდინა ძალადობა თავისი მეუღლის, ქე--------–--ის მიმართ, კერძოდ, ხელი წაუჭირა ყელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ ჯო-----------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სპეციფიკა, მომეტებული საფრთხე და შედეგები, ჯო-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მეუღლის მიმართ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებებით და მას არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.

მსჯავრდებულ ჯო-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თა------–-----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ქე--------–--ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულება, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ ჯო-----------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს; დაზარალებული არ არის დაინტერესებული ბრალდებულის მკაცრად დასჯით, იგი გამოძიების ეტაპზე, პირველივე გამოკითხვისას აცხადებდა, რომ სხვა დროს მეუღლესთან კონფლიქტი არ ჰქონია და პოლიციის დახმარება პრევენციის მიზნით ითხოვა. პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ჯო-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯო-----------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს 2018 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და საბოლოოდ სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.

ჯო-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულია; გირაოს სახით შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

დანიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე