განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160141318002400149
საქმე №1ბ/999-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
სე-–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 4 მაისს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: დ------ს რაიონი, სოფელი მ---–-–--, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენით სე-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით) მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.
სე-–---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, დ------ს რაიონის სოფელ მ---–-–--ში მდებარე ბა-----------------ას საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთში სე-–----------------მა, ვალის თაობაზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, დას - ბა----------------ას კისრისა და კეფის არეში ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო შემდეგ ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რის გამოც ბა----------------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნი--------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ სე-–---------------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი, მოტივი, გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე არის მომეტებული საფრთხის შემცველი, ბრალდებულმა წარმოშობილი უმნიშვნელო მიზეზის გამო ცემისათვის გაიმეტა და, რომელსაც ისედაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ბრალდებულმა ისე ძლიერად დაარტყა დაზარალებულს, რომ მას ტკივილისგან გონება დაეკარგა, წაიქცა და ტკივილის გასაყუჩებლად მედიკამენტების მიღება დასჭირდა, ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ბრალდებული არაფრად აგდებს საზოგადოებში დამკვიდრებულ ნორმალური ცხოვრების წესს, მიუთითებს მის ურყევ განზრახვაზე მცირე მიზეზის გამო დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა და მეტყველებს მის მიდრეკილებაზე ძალადობისადმი; სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა, რომ სე-–---------------ი წარსულში არ არის ნასამართლევი, რაც არ უნდა ჩაითვალოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების მოტივად, ვინაიდან დანაშაულის არჩადენა ამა თუ იმ ასპექტში ადამიანს რაიმე უპირატესობას კი არ ანიჭებს, არამედ ყოველი მოქალაქე მოვალეა დაიცვას მართლწესრიგი; ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის აღკვეთის შესახებ’’ სტამბოლის კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, ევროპის საბჭოს კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებს და ბიჭებს შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში, კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღაირებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციად, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ, კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე, პირიქით იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია, აქედან გამომდინარე სე-–---------------ისათვის დანიშნული ჰუმანური სასჯელი მას უქმნის დაუსჯელობის განცდას და უბიძგებს ახალი დანაშაულის ჩადენისაკენ შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულ სე-–---------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხა---------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების: ხა-–---------------ის, ბა----------------ას, მა---------–--–---ას, ჯა-------------------ის, რო--------------–-–---–ის, მა-------------ეს, ჟა---------------–---–-------–---–ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 11 აპრილის დათვალიერების ოქმი, დაბადების აქტების ჩანაწერები, 2018 წლის 16 აპრილის ამოღების ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- და №0-------- დასკვნები.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
კონკრეტულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ სე-–---------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა ჩადენილი დანაშაული, შერიგებულია დაზარალებულთან, ხასიათდება დადებითად. პალატას მიიჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნი--------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
სე-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ხანგრძლივობით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 11 აპრილიდან 2018 წლის 13 აპრილის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 65 (სამოცდახუთი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სე-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე