განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2018
საქმის ნომერი
330100117002042111
ინსტანცია
თარიღი
02.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002042111, №1/ბ-573-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატა შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–- ამ------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ირ---–- ქუ----–--, დაბადებული 198--–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–---------------–---------------------------------------------;

 

ადვოკატი - გი--–- მა------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

ბრალდების მიხედვით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი - განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

 

განაჩენის მიხედვით:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;

 

სასჯელი:

 

განაჩენთა ერთობლიობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- ამ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა და ირ---–- ქუ----–--ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი ირ---–- ქუ----–--ს გამართლების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მოწმეებმა დამაჯერებლად აღწერეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო წერილობით მტკიცებულებებში ასახულმა ინფორმაციამ სრულად მოიცვა ირ---–- ქუ----–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ყველა რელევანტური ელემენტი და რაც მთავარია, ბრალდებულის, როგორც უშუალო ამსრულებლის როლი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების განხორციელებაში. მართალია, სასამართლოში მოწმეთა ნაწილმა მისცა გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენება, თუმცა, მოწმეებმა ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას, რადგან დანაშაული ჩაიდინა სწორედ ირ---–- ქუ----–--მ. ოდოროლოგიურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ირ---–- ქუ----–--ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი, ხოლო დაცვის მხარის არგუმენტი სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა, ვინაიდან სუნის კვალის მდგრადობა დამოკიდებულია დროის ხანგრძლივობაზე, რის გამოც გამორიცხულია ადრე დატოვებული კვალი აღმოჩენილიყო დანაშაულის ადგილზე (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი);

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ირ---–- ქუ----–--ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულთა ჩადენის ფაქტი. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ირ---–- ქუ----–--ს მიერ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე (ვრცლად იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ირ---–- ქუ----–--ს ბრალი წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში და ტარებაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------------------------ის ეზოში, ირ---–- ქუ----–--მ მოკვლის განზრახვით, გი------ აზ-------–-–---–ის მიმართულებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განახორციელა დაახლოებით 15 გასროლა, რა დროსაც განზრახ შეექმნა საფრთხე იქვე მყოფი ვლ------რ ლა-----სა და გო---------ას სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო გი------ აზ-------–-–---–მა სიცოცხლისათვის საშიში ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო.

 

ირ---–- ქუ----–--მ, დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი და სროლისათვის ვარგისი 9 მმ კალიბრის, პიეტრო ბერეტას კონსტრუქციის, ,,92S” მოდელის NX------ პისტოლეტი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი ცამეტი ცალი ქარხნული წესით დამზადებული, გამოყენებისათვის ვარგისი 9 მმ. Parabellum 1908 წლის ნიმუშის საბრძოლო ვაზნა. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, 2017 წლის 04 ივლისს, ირ---–- ქუ----–-- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისი პაპის - ო--–-------ას საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თბ--–---------------------------------ში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ირ---–- ქუ----–--მ ჩაიდინა მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ირ---–- ქუ----–--მ, დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი და სროლისათვის ვარგისი 9 მმ კალიბრის, პიეტრო ბერეტას კონსტრუქციის, ,,92S” მოდელის NX------ პისტოლეტი და ამავე პისტოლეტისათვის განკუთვნილი ცამეტი ცალი ქარხნული წესით დამზადებული, გამოყენებისათვის ვარგისი 9 მმ. Parabellum 1908 წლის ნიმუშის საბრძოლო ვაზნა. ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, 2017 წლის 04 ივლისს, ირ---–- ქუ----–-- მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მისი პაპის - ო--–-------ას საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ.თბ--–---------------------------------ში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით, ირ---–- ქუ----–-- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ირ---–- ქუ----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი, რაც შეცვლილია ჯარიმით და საბოლოოდ ირ---–- ქუ----–--ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. ირ---–- ქუ----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 04 ივლისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა 2017 წლის 3 ივლისს, 10:40 საათიდან 13:15 საათამდე პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბ--–--–-------------–---------------------------ე კორპუსის ეზოში. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ასფალტის ზედაპირი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები ამონათხრელის სახით. აღებული იქნა ანაწმენდები, ავტომანქანის წინა მხრის სანომრე ნიშნიდან და ,,ბამპერს“ შორის დაზიანებული ადგილიდან ამოღებული იქნა პატარა მეტალის ფრაგმენტები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა გი------ აზ-------–-–---–მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 03 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათზე, გო---------ასთან და ვლ------რ ლა-----სთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბ--–--–-------------–--------------------------ე კოპრუსის ეზოში, სადაც საუბრობდნენ და სვამდნენ ლუდს. მოწმის ჩვენებით, უცნობმა პირმა მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე გასროლა, რის შემდეგაც გაიქცა. სროლის შედეგად დაიჭრა, რა დროსაც ვლ------რ ლა-----მ და მისმა მეზობელმა ა/მანქანით გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში. ირ---–- ქუ----–--სთან დაკავშირებით, გი------ აზ-------–-–---–მა განმარტა, რომ მასთან კონფლიქტი არ ჰქონია და ერთმანეთში ჰქონდათ კარგი სალამი. დაზარალებულის ჩვენებით, თავდამსხმელი იყო დაბალი და „ჩამჯდარი“ აღნაგობის, შავგვრემანი სახის მქონე, ნახვის შემთხვევაში შეძლებს ამოცნობას. პირი, რომელმაც ესროლა, რადიკალურად განსხვავდებოდა ირ---–- ქუ----–--სგან და დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი არ ყოფილა ირ---–- ქუ----–--. გამოძიებაში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით გი------ აზ-------–-–---–მა განმარტა, რომ ჩვენებაზე ხელმოწერა ეკუთვნოდა მას, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო საავადმყოფოში მიღებული მედიკამენტების გამო ვერ გაიხსენა ზუსტი გარემოებები, შემდეგ გახსენებული დეტალები კი დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე.

 

ვლ------რ ლა-----ს ჩვენებით,2017 წლის 03 ივლისს, ღამის საათებში, გო---------ასთან და გი------ აზ-------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა ქ.თბ--–--–-------------–--------------------------ე კორპრუსის ეზოში. მოულოდნელად, უცნობმა პირმა მათი მიმართულებით, დაახლოებით 7-8 მეტრიდან ავტომატური რეჟიმით განახორციელა დაახლოებით 10-15 გასროლა. სროლის შემდეგ თავდამსხმელი წავიდა, რომელსაც გაეკიდა, თუმცა უშედეგოდ. მას თავდამსხმელის სახე არ დაუნახავს. შემდეგ დაჭრილი გი------ აზ-------–-–---–ი მეზობლის - ალ---ი სა--------ის დახმარებით გადაიყვანა სამედიცინო ცენტრში. პოლიციას დაუყოვნებლივ ვერ შეატყობინა, რადგან ტელეფონი არ ჰქონდა და ამასთან ყურადღება გადატანილი ჰქონდა გი------ აზ-------–-–---–ზე, რომელიც მაშინვე გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრში. შემდეგ, სამედიცინო ცენტრში გააკეთებინა შეტყობინება და გაესაუბრა მისულ პოლიციის თანამშრომელსაც, რომელი შეტყობინებაც უნდა იყოს მოთავსებული საქმეში. გამოძიებას მისცა ჩვენება, უთხრა, რომ პიროვნება არ დაუნახავს, თორემ ითანამშრომლებდა. ირ---–- ქუ----–--ს სახელი და გვარი არც იცოდა. ჩვენებას ისე მოაწერა ხელი, არც წაუკითხავს, რადგან ენდობოდა გამოძიებას. გო---------ას ვერ დაარწმუნებდა დამნაშავის ვინაობაში, ვინაიდან თვითონაც ვერ დაინახა.

 

სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა გო---------ამ განმარტა, რომ დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელმაც ავტომატური ჯერით გაისროლა დაახლოებით 15-ჯერ. მას ძალინ შეეშინდა და ძირს დაწვა. მან მეორე დღეს ვლ------რ ლა-----სგან შეიტყო, რომ გი------ აზ-------–-–---–ი სროლის შედეგად დაიჭრა. გამოძიების ეტაპზე მას ვლ------რ ლა----- უცხადებდა, რომ თავდამსხმელი იყო ირ---–- ქუ----–--. თავდამსხმელსა და ბრალდებულს შორის არის დიდი სხვაობა, თავდამსხმელი იყო მსუქანი აღნაგობის და ჰქონდა წვერი. პოლიციის თანამშრომლები მას აიძულებდნენ, რომ ფოტოსურათით ამოეცნო ირ---–- ქუ----–--. მან ვლ------რ ლა-----სგან პირველად პოლიციის განყოფილებაში გაიგო, რომ თითქოს მსროლელი ირ---–- ქუ----–-- იყო. აჩვენეს ირ---–- ქუ----–--ს სურათი და უთხრეს, რომ ხელი დაედო. პოლიციის განყოფილებაში მას ხელით არავინ შეხებია, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში უყვიროდნენ და აიძულებდნენ ხელის მოწერას. დანამდვილებით ამბობს, რომ ირ---–- ქუ----–--ს არ უსვრია, მსროლელი მკვეთრად განსხვავდება ფიზიკურად ირ---–- ქუ----–--სგან.

 

ირ---–- ქუ----–--მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მისი ჩვენებით, გი------ აზ-------–-–---–ს იცნობს, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არ აქვს. ასევე იცნობს სალმით გო---------ას და ვლ------რ ლა-----ს. შემთხვევის ადგილზე თითქმის ყოველ დღე უწევს ყოფნა, ვინაიდან იქ მისი მეგობრები ცხოვრობენ.

 

მოწმე ალ---ი სა--------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებით, 2017 წლის 03 ივლისს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში და ეძინა. გააღვიძა მეზობელმა ვლ------რ ლა-----მ, რომელმაც თხოვა ავტომანქანით გი------ აზ-------–-–---–ის წაყვანა სამედიცინო ცენტრში. გზაში შეიტყო, რომ გი------ აზ-------–-–---–ი იყო დაჭრილი. იკითხა რა მოხდა, თუმცა უპასუხეს, რომ არაფერი იცოდნენ.

 

მოწმე ქე------------ის ჩვენებით, 2017 წლის 3 ივლისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა სროლის ხმა და სადარბაზოში უცნობი პირების საუბარი. გაიხედა ფანჯარაში და დაინახა, რომ მამაკაცს ხელში ეჭირა დიდი ზომის იარაღი, ავტომატი, ხოლო ორ პირს პატარა ზომის იარაღები, პისტოლეტები. მამაკაცები კორპუსთან რესტორნის მხარეს გაიქცნენ. აღნიშნული პირების ამოცნობა მას არ შეუძლია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რა-------------–---–მა განაცხადა, რომ მას სროლის შედეგად დაუზიანდა კუთვნილი ა/მანქანა, კერძოდ ა/მანქანის საჭის მექანიზმი იყო გახვრეტილი, საიდანაც სითხე ჩამოიღვარა, ასევე დაზიანებული იყო საბურავი.

 

მოწმე ვ----------–---–ის ჩვენების მიხედვით, ცხოვრობს ვ---------–------------------------- კორპუსში. ირ---–- ქუ----–-- ცხოვრობს ვა--------–-----------------------------ე კორპუსში. მათ სახლებს შორის დგას 4---ე კორპუსი. კორპუსს აქვს ორი არკა, რომლებსაც იყენებენ მოკლე გზის გასავლელად. ირ---–- ქუ----–-- ხშირად მიდიოდა მასთან სტუმრად, ხოლო მისასვლელად უნდა გაევლო არკები.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი, F--------- პაკეტში მოთავსებული ლითონის დეფორმირებული საგნები წარმოადგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს - დეფორმირებულ ტყვიის გარსის და პერანგის ფრაგმენტებს და ისინი არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას. დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რომელი კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილია - შეუძლებელია. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი, ორი ცალი ლითონის დეფორმირებული საგანი წარმოადგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს - დეფორმირებულ ტყვიის გარსის და პერანგის ფრაგმენტებს და ისინი არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას. დადგენა იმისა, თუ კონკრეტულად რომელი კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილია - შეუძლებელია. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი ობიექტების შედარება ტყვია-მასროთეკის ობიექტებთან ვერ მოხდება. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვანო ბოლქვაძემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოიკვლია 4 ფრაგმენტი, 2 მანქანიდან ამოღებული, 2 სხეულიდან ამოღებული. 4 ლითონის ნაჭერი იყო ძალიან დეფორმირებული და საიდენტიფიკაციოდ უვარგისი.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4--------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 03 ივლისს, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და გი------ აზ-------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან და ირ---–- ქუ----–--საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები ვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის და შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ქ.თბ--–--–-------------–----------------------ში, კორპუსი N4---ის მეცხრე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს თაღის კუთხეში ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ირ---–- ქუ----–--საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------ ტა------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სუნის კვალი, თუ ხელშემშლელი ფაქტორები არ არის, შესაძლებელია გაჩერდეს 2-3 დღე, შეიძლება ერთი კვირის მანძილზეც, თუ არ არის მასში რაიმე სახის დაბინძურება.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, გი------ აზ-------–-–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა საზარდულის მიდამოს მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა სიგმოიდური კოლინჯის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი, მარჯვენა ლუმბარული მიდამოს არაშემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ბარძაყის და დუნდულოს ნაკვეთი ჭრილობა. აღნიშნული დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მარჯვენა საზარდულის მიდამოს მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა სიგმოიდური კოლინჯის დაზიანებით, ჰემოპერიტონეუმი განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. მარჯვენა ლუმბარული მიდამოს არაშემავალი ცეცხლსასროლი ჭრილობა განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ბარძაყის და დუნდულოს მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებანი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის N2----- დასკვნის თანახმად, გი------ აზ-------–-–---–ის სისხლი მიეკუთვნება Βα/III/ ჯგუფს. გი------ აზ-------–-–---–ს შარვალზე, მაისურზე, ტრუსზე, წინდებზე და ფეხსაცმელებზე აღმოაჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Βα/III/ ჯგუფს. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა/მანქანიდან (,,სუზუკი“ სახ. N---------) ამოღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Βα/III/ ჯგუფს. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-------ემ.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეც. პაკეტში შტრიხკოდით F-------- და წარწერით ,,ირ---–- გ---ს ძე ქუ----–--“ მოთავსებულ მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებზე არ აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოში მიიჩნევა გამოკვლეულად, ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის მოთხოვნას ასევე არ წარმოადგენდა დანიშნული სასჯელის დამძიმება, რის გამოც, პალატა იმსჯელებს მხოლოდ განაჩენის გასაჩივრებულ დებულებებზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის უშუალო შემსწრე პირებს წარმოადგენენ მხოლოდ დაზარალებულები. სხვა მოწმე, რომელიც იქნებოდა დანაშაულის თვითმხილველი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. მოწმე ქე------------ის ჩვენებაზე ბრალდების მხარემ თავად განმარტა, რომ მოწმეს არ დაუნახავს უშუალოდ შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც მიუთითა სამ იარაღიან პირზე. შესაბამისად, პალატა შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რაც რელევანტურია მოცემულ საქმესთან.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულებმა გი------ აზ-------–-–---–მა, ვლ------რ ლა-----მ და გო---------ამ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებისგან არსებითად განსხვავებული ჩვენებები მიაწოდეს სასამართლოს. დაზარალებულმა გი------ აზ-------–-–---–მა აღნიშნა, რომ პირი, რომელმაც მათი მიმართულებით დაიწყო სროლა, იყო განსხვავებული აღნაგობის და ის არ იყო ირ---–- ქუ----–--. გო---------ამ აღნიშნა, რომ გამოძიებაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ხოლო ვლ------რ ლა-----ს მითითებამ, რომ მსროლელი იყო ირ---–- ქუ----–--, განაპირობა ჩვენების მიცემა და ამოცნობის ოქმში ირ---–- ქუ----–--ს მითითება. ამ პირობებში, ვლ------რ ლა-----, რომელიც მითითებული პერიოდისთვის იყო დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი და რომელიც გამოძიების დაწყებიდან ასახელებდა ირ---–- ქუ----–--ს, სასამართლო სხდომაზე გამორიცხავს ირ---–- ქუ----–--ს მონაწილეობას დანაშაულში. მოწმე ვლ------რ ლა-----მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ გამოძიებაში წაკითხვის გარეშე მოაწერა ხელი ჩვენებას, შესაბამისად, ფაქტობრივად ბრალი დასდო გამომძიებელს ოქმის გაყალბებაში, თუმცა, მას არ განუმარტავს თუ რატომ ან რის საფუძველზე მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, და რა დაადასტურა ხელმოწერით. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ჩვენებები. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მოწმეთა ჩვენებების გაბათილების მიზნით, პროკურორმა მიუთითა გამომძიებელთა ჩვენებებზე, რომლითაც სურდა გამოერიცხა მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენა გამოძიების პერიოდში. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში დასადგენ და გადასაწყვეტ საკითხს არ წარმოადგენს თუ რამ განაპირობა ჩვენებებს შორის სხვაობა. ფაქტია, რომ თვითმხილველმა მოწმეებმა, სასამართლოში მიცემული ჩვენებებით გამორიცხეს შემთხვევის ადგილზე ირ---–- ქუ----–--ს ყოფნაც კი, არათუ მისი მხრიდან სროლების განხორციელება. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებს, არ დასტურდება დანაშაულში ირ---–- ქუ----–--ს მონაწილეობა. რაც შეეხება სხვა მოწმეებს და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილე პირთა ჩვენებებს, არ წარმოადგენს პირდაპირს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ვერ შექმნიან გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

პალატა განმარტავს, რომ თავისთავად, მოწმეთა არსებობა-არარსებობა უპირობოდ არ იწვევს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, თუმცა, მოცემულ საქმეში, ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი სხვა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს, არის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ქ.თბ--–--–-------------–----------------------ში, კორპუსი N4---ის მეცხრე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს თაღის კუთხეში ასფალტის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ირ---–- ქუ----–--საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ აღნიშნული დასკვნით უპირობოდ არ დგინდება შემთხვევის დროს ირ---–- ქუ----–--ს ყოფნის ფაქტი. პირველ რიგში აღსანიშნავია თავად ირ---–- ქუ----–--ს განმარტება, რომლის მიხედვითაც მას ხშირად უწევს მითითებულ ადგილზე გავლა, რაც არ არის უარყოფილი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო მოწმე ვ----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ ირ---–- ქუ----–-- ყოველდღიურად მიდიოდა მასთან, რა დროსაც უნდა გაევლო ის ტერიტორია, სადაც მოხდა სროლა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ექსპერტის განმარტება. ექსპერტმა გი------ ტა------ემ, მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ ხელშემშლელი ფაქტორების არარსებობის შემთხვევაში სუნის კვალი შესაძლებელია დარჩეს რამდენიმე დღე. ერთის მხრივ, ბრალდების მხარე უთითებს, რომ სუნის კვალი ვერ დარჩება დიდხანს შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეორეს მხრივ, საქმეში წარმოდგენილი ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 10:40 საათზე, ხოლო სუნის ნიმუში აღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით კი დგინდება, რომ ექსპერიმენტი დაიწყო 2017 წლის 3 ივლისს, 14:25 საათზე, მაშინ, როდესაც დანაშაული მომხდარი იყო დაახლოებით 02:00 საათზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობას არ ქმნის, არამედ არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველსაც კი, რომ ირ---–- ქუ----–-- ზუსტად შემთხვევის დროს იმყოფებოდა მითითებულ ადგილზე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისთვის რელევანტური ფაქტებისა თუ გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც, საბოლოო ჯამში, პირის ბრალეულობაზე მიუთითებს […] მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს იმას, რომ საეჭვო, მცდარი ან სავარაუდოდ გაყალბებული მტკიცებულებები გამოირიცხოს სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებიდან. გამორიცხული უნდა იყოს გონივრული ეჭვი წარდგენილი მტკიცებულების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით. სათანადო პროცესუალური სტანდარტების შემცველი, არაორაზროვანი ნორმების საფუძველზე, სასამართლოს, კონკრეტული საქმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უნდა შეეძლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების რელევანტურობის, მათი მნიშვნელობისა და უტყუარობის შეფასება. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, აღჭურვოს სასამართლო სახელმძღვანელო პრინციპებით, რომელიც მას ირიბი ჩვენების დასაშვებობის საკითხის ან, ასეთ ჩვენებაზე დაყრდნობით, განაჩენის მიღებაში დაეხმარება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა სხვა პირდაპირი მტკიცებულებები. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული გამოძიებით ამოღებული არ ყოფილა დანაშაულის ჩადენის საგანი. იარაღი, რაც ეკუთვნოდა ირ---–- ქუ----–--ს და რომლის შეძენა-შენახვის გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი, არ წარმოადგენს იმ იარაღის მსგავს საგანს, რომლითაც გი------ აზ-------–-–---–ის, ვლ------რ ლა-----ს და გო---------ას მიმართულებით განხორციელდა სროლა. საქმეში არ არსებობს ისეთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა მითითებულ პერიოდში ირ---–- ქუ----–--ს ყოფნას შემთხვევის ადგილზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია, რომ თითქოს საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ წარმოადგენს საფუძვლიანს. ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულების სახით, არც ერთი პირდაპირ არ ადასტურებს ირ---–- ქუ----–--ს მონაწილეობას დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება ამოცნობის ოქმს, პალატა ვერ მიიჩნევს ბრალდების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად მაშინ, როდესაც სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა გამორიცხა ირ---–- ქუ----–--ს მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში და განმარტა საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, მიუხედავად იმისა, რომ პალატა აღნიშნულ გარემოებას და ზემოქმედებას მოწმეზე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, არ მიიჩნევს დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...] გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პალატის მოსაზრებით ვერ პასუხობენ მტკიცებულების ერთობლიობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა ირ---–- ქუ----–--ს დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არსებობდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, რაშიც ირ---–- ქუ----–-- დამნაშავედ იქნა ცნობილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი კანონიერია, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-–- ამ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი ირ---–- ქუ----–--ს მიმართ.

 

ირ---–- ქუ----–-- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ირ---–- ქუ----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათი, რაც შეცვლილია ჯარიმით და საბოლოოდ ირ---–- ქუ----–--ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–- ქუ----–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 04 ივლისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

§ ი.ქუ----–--ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის მფლობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

§ გ.აზ-------–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

§ დეფორმირებული ლითონის საგანი, ორი ცალი ტყვიის გარსის დეფორმირებული ფრაგმენტი, ანაწმენდები და საკონტროლო ნიმუშები, სისხლის ნიმუშები, სუნის კვლის ნიმუშები, ირ---–- ქუ----–--ს ფრჩხილიდან აღებული ნიმუშები, ირ---–- ქუ----–--ს ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

§ პისტოლეტი მჭიდით და 10 ცალი ვაზნა - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

გოჩა ჯეირანაშვილი