განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190100118002425628 -1ბ/875-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
01 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი: მაკა ჭოლაძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლ-–----------–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ-----------–-----------------------------------–-------–-–----------------------------------------------–-----------–------------------------------------- განათლების გარეშე, განქორწინებული, ნასამართლეობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა-------------------------–----------------------------------------
ადვოკატი: რი------------–---
თარჯიმანი: ა---------–----------
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მუ----------------ვმა და ითხოვა სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს სასჯელის მინიმუმი.
ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
მ--------------------- ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;
სასამართლომ დაადგინა :
მურ----------------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’, მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.2018 წლის 02 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნასამართლევმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ მ----------------------- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 88, 6652 რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 13 აპრილს ქ.თბილისში დაწყებული და 2018 წლის 14 აპრილს ქ. რუსთავში დასრულებული მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ფეხსაცმელების შიგთავსიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მურ----------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა კერძოდ: ზუ-------------–---–---------------------------------------------------------------- მურ----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N850/სქ-1042/ქრ დასკვნით, საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მურ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის (საზოგადოების) ზნეობრივი, ფიზიკური ჯანმრთელობა, ასევე ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ობიექტურ მხრივ განსახილველ დანაშაულთა უმრავლესობა აქტიურობითაა ჩადენილი. ასევე შეიძლება ჩადენილი იქნას როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ობიექტურ მხრივ ამ დანაშაულთა უმრავლესობა ფორმალური შემადგენლობისაა. ე.ი. დამთავრებულია ქმედების ჩადენისთანავე, სუბიექტურ მხრივ ნარკოტიკულ დანაშაულთა უმრავლესობა განზრახია.
ნარკოტიკული საშუალების ცნებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში. საქართველოს კანონში ,,ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ’’ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია, სადაც მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ სხვადასხვა გზით. რაც შეეხება უკანონო შენახვას ეს არის განზრახ ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფლის მიჩენაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში;
მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის განაჩენით მურ----------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მიუხედავად ამისა მურ----------------მა კვლავ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 88,6652, რაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 13 აპრილს ქ. თბილისში დაწყებული და 2018 წლის 14 აპრილს ქ. რუსთავში დასრულებული მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ფეხსაცმელების შიგთავსიდან. დანაშაულის ჩადენის დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა, ამდენად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახეზეა არაერთგზისი დანაშაული;
ამასთან, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ 01 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განსაკუთრებით დიდ ოდენობად. მოცემულ საქმეზე ამოღებული ,,ჰეროინის” საერთო წონა 2018 წლის 14 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის №850/სქ-1042/ქრ დასკვნის თანახმად, შეადგენს 88,6652 გრამს, რაც იძლევა ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემადგენლობას.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მურ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით; კერძოდ, მოწმეთა ზუ-------------–---–--------------------------------------ს ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. მურ----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და დასტურდება, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოღებული იქნა სპორტული ფეხსაცმელების შიგთავსიდან.ხოლო ქიმიური ექსპერტიზის N850/სქ-1042/ქრ დასკვნის თანახმად მურ----------------ის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მურ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მურ----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მურ----------------ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ და მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მურ----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ის სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მურ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის მინიმუმის განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, ხოლო მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (სრულად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს) და დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ანალოგიური ქმედებისათვის ნასამართლობა) გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისთვის და მის მიმართ გამოყენებულმა მსუბუქმა სასჯელმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირიქით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანიდან 12 დღეში კვლავ ჩაიდინა იგივე ხასიათის დანაშაული, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით (88,6652 გრამი) ნარკოტიკული საშუალება, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად მეტყველებს მის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათზე და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის განსაკუთრებით მომეტებულ საზოგადოებრივ საფრთხეზე.
გათვალისწინებული იქნა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ მურ----------------ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი, მურ----------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება - მურ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ წონით 88,6652 გრამს და ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მურ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3.მურ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის, მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით;
4.მსჯავრდებულ მ--------------------- ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩამოერთვას: ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით; ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით; ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
5. მსჯავრდებულ მ--------------------- ჩამოერთმეული უფლებების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
6.მსჯავრდებულ მ--------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 14 აპრილიდან.
7. ნივთიერი მტკიცებულება მურ----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ,,ჰეროინს“ წონით 88,6652 გრამს და ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
მ. ისაევი