განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 190210014463580
საქმე №2ბ/7041-14
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
დიანა ბერეკაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
სხდომის მდივანი: ნინო პაპინაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
სააპელაციო საჩივრის ავტორი _ ვ-–-------- ბ-----–---–ი
წარმომადგენელი - თ----------–--–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ვ----------ული, ლ------ ა--–-----–ი,რ--------- ჯ------–---–ი
წარმომადგენელი - გ---–------------
დავის საგანი – სამკვიდროს მისაღებად, კანონით დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება;
აღწერილობითი ნაწილი
1. ნ--–--------–ვილი არის მოსარჩელის მამიდა, რომელიც გარდაიცვალა 0--------- წელს. მამკვიდრებელს პირველი რიგის მემკვიდრეები არ ჰყოლია. მამკვიდრებელს დარჩა 4 მეორე რიგის კანონიერი მემკვიდრე, დები: მოპასუხეები ლ------ ა--–-----–ი, რ--------- ჯ------–---–ი, ვ----------ული და ძმა ნ-----–---- ბ-----–---–ი. ნ-----–---- ბ-----–---–ი გარადაიცვალა 17.11.1971 წელს. ნ-----–---- ბ-----–---–ის ერთადერთი შვილი და მემკვიდრეა მოსარჩელე ვ-–-------- ბ-----–---–ი.
2. მოპასუხეებმა მიიღეს სამკვიდროს და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 1--------- წელს დაირეგისტრირეს მამკვიდერებლის უძრავი ქონება საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში. ხოლო 2013 წლის 28 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად სამკვიდრო ქონება გაასხვისეს ე-----------------ეზე.
3. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და შემდგომაც მოსარჩელე ცხოვრობდა საბერძნეთში. ნ--–--------–ვილის სამკვიდროს მისაღებად მოსარჩელემ 25.10.2011 წელს გასცა რწმუნებულება ლ--------------ზე. 21.03.2012 წელს მოსარჩელის რწმუნებულმა ლ--------------მა სარჩელით მიმართა რუსთავის საქლაქო სასამართლოს სამკვიდრო მისაღებად გაცდენილი ვადის აღდგენის მოთხოვნით, რაც სასამართლოს მიერ წარმოებაში არ იქნა მიღებული რწმუნებულების ხარვეზიანობის გამო. 2012 წლის აპრილში და დეკემბერში მოსარჩელის მიერ რწმუნებულება გაიცა ბ--–--------ეზე.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.06.2012 წლის #-------- გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მამკვიდრებელ ნ--–--------–ვილის სამკვიდროზე მოპასუხეების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასა და 1/4 წილზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რაც შესულია კანონიერ ძალაში. მოსარჩელე მიუთითებდა რომ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო.
5. 2014 წლის 25 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით კვლავ მიმართა ვ-–-------- ბ-----–---–მა მოპასუხეების ვ----------ულის, ლ------ ა--–-----–ის და რ--------- ჯ------–---–ის მიმართ სამკვიდროს მისაღებად, ამჯერად სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობის მოთხოვნით.
6. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობს საბერძნეთის რესპუბლიკაში. 25.10.2011 წელს მინდობილობა გასცა ლ--------------ზე, როგორც წარმომადგენელზე მემკვიდრეობის მისაღებად, თუმცა მისი მარწმუნებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეებმა 1--------- წელს მიიღეს მემკვიდრეობა და იმავე დღესვე დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. 21.03.2012 წელს მიმართეს სასამართლოს სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადის გადაცილების მიზეზების საპატიოდ მიჩნევის შესახებ, თუმცა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი, ხოლო 18.12.2013 წელს მინდობილობა გასცა ბ--–--------ეზე, რომელმაც იურიდიულად დაუსაბუთებელი სარჩელი წარადგინა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.06.2012 წლის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მამკვიდრებლის - ნ--–--------–ვილის სამკვიდროს ¼ ნაწილის მესაკუთრედ ცნობაზე.
7. მოპასუხეებმა ვ----------ულმა, ლ------ ა--–-----–მა და რ--------- ჯ------–---–მა არ ცნეს სარჩელი და ითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ-–-------- ბ-----–---–მა, რომლითაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
9.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მოინდომა დაედგინა, ან/და ვერ დაადგინა გარემოება - ჰქონდა თუ არა ადგილი ხელშეშლას მოტყუების გზით, როდესაც სამკვიდროს მიმღებმა მემკვიდრეებმა დაარწმუნეს მოსარჩელის რწმუნებული ლ--------------ი, რომ ვადის დადგომისას ყველას ერთად განეხორციელებინათ სამემკვიდრეო უფლებები მამკვიდრებელ ნ--–--------–ვილის ქონებაზე, რაც საჭირო დროს გამოაპარეს მას და ხელოვნურად გააშვებინეს ვადა. სასამართლოს სამსჯელო უნდა გამხდარიყო არა მხოლოდ ის, თუ როგორ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება მინდობილმა ლ------------მა, არამედ ის, რომ ვ. ბ-----–---–მა ვადაში გამოთქვა ნება სამკვიდროს მისაღებად და მინდობილობა გასცა საამისოდ ო--------ზე.
9.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე რ. ჯ------–---–მა ცნო სარჩელი და დაადასტურა მოსარჩელის მიერ ვადის გაშვების მიზეზებად მოხმობილი საპატიო გარემოებების არსებობა, თუმცა აღნიშნული არ იქნა ასახული სასამართლო გადაწყვეტილებაში. მოპასუხე რ. ჯ------–---–ის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვ. ბ-----–---–ი მას ჩაეცილებოდა სამემკვიდრეო წილში, რაც დასაშვებია ასევე გადაწყვეტილების განმარტება აღსრულებისას.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემოწმებამდე თვლის, რომ იმსჯელოს რამდენად დასაშვებია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სამკვიდროს მისაღებად, კანონით დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა.
11. პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად დადგენილად მიიჩნევს წინამდებარე განჩინების 1-8 პუნტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან მხარეებს ისინი სადავოდ არ გაუხდიათ.
სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)
12. პალატა განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ იყო დასაშვები, რადგანაც ის არ პასუხობდა სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელში უნდა ყოფილიყო აღინიშნული სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი („სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურად მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.
პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდროს მისაღებად, კანონით დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ ვ----------ულმა, ლ------ ა--–-----–მა და რ--------- ჯ------–---–მა 2013 წლის 28 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად სამკვიდრო ქონება გაასხვისეს ე-----------------ეზე. ასეთ ვითრებაში როდესაც სამკვიდრო ქონება აღარ არის მემკვიდრეთა საკუთრებაში მემკვიდრეს შეუძლია აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი სამკვიდრო მოწმობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობისა და მესაკუთრედ ცნობის ან სადავო სამკვიდრო ქონებიდან მისი ხვედრი წილის ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
14. პალატა ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
პალატა დამატებით განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც გარდაცვლილია ორი მოპასუხე ლ------ ა--–-----–ი და რ--------- ჯ------–---–ი, უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა საპროცესო ეკონომიის თვალსაზრისით საფუძველსმოკლებულია, რადგანაც, სახეზე სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობები. სასარჩელო მოთხოვნა სამკიდრო ქონების რეალიზაციისა და სამკივროს მიმღების მემკვიდრეთა გარდაცვალების პირობებში, სრულად იწვევს სარჩელის ტრანფორმირებას, შეუძლებელს გახდის წარმოდგენილი სარჩელის განხილვას უფლებამონაცლეობის დადგენის შემთხვევაშიც და მოსარჩელისათვის იურიდიული შედეგის მიღწევას. მართალია სასარჩელო მოთხოვნის ჩამოყალიბება მოსარჩელის დისპოზიციური უფლებაა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში სასამართლო არ ახდენს სარჩელის მოთხოვნის ტრანსფორმირებას, თუმცა, სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და ამდენად, სწორად დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის წარმატებულობის ერთ-ერთ განმაპირობებელ გარემოებად მიიჩნევა. (სუსგ ას-457-439-2016)
15. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს სსსკ-ის 372-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაჰბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (შდრ.სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). (სუსგ #ას-91-91-2018)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ვ-–-------- ბ-----–---–ის აღიარებითი სარჩელი მოპასუხეების ვ----------ულის, ლ------ ა--–-----–ის და რ--------- ჯ------–---–ის მიმართ სამკვიდროს მისაღებად, კანონით დადგენილი ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი.
16. საპროცესო ხარჯები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 180-ე; 187-ე, 394-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. ვ-–-------- ბ-----–---–ის სარჩელი დარჩეს განუხილველი.
4. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივრის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) მეშვეობით 12 დღის ვადაში.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა