განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
330141318002535500
ინსტანცია
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141318002535500

საქმე №1ბ/1026-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, დანიშნული ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2018 წლის 10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას წარდგინებით მომართა თ---–------------–------------ს უფროსმა დ----- ნ-------მ და ითხოვა მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლა, ვინაიდან მსჯავრდებული თავს არიდებს სასამართლოს მიერ მასზედ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, მის მიმართ ვერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული კონტროლი და მეთვალყურეობა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით ზ------ გ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 08 (რვა) თვის ვადით.

 

ზ------ გ-------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის ?202-რს ,,ამინისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის

საფუძველზე, ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ზ------ გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 04 (ოთხი) წელი და 06 (ექვსი) თვე.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

თ---–-------------–------------------------სის დ----- ნ------ის წარდგინება მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 300 (სამასი) საათის ვადით შეიცვალა ჯარიმით და ზ------ გ-------–---–ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვრა 3 750 ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება მსჯავრდებულმა ზ------ გ-------–---–მა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულია, რომ მის მიმართ შეფარდებულ ჯარიმას ვერ გადაიხდის მისი მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის უმუშევარი, მისი მეუღლე არის სოციალურად დაუცველი, რომელიც თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არის პენსიონერი, ჰყავს ასაკიანი დედა, რომელიც არის პენსიონერი და რომელსაც სჭირდება ყოველდღიური მედიკამენტებით მკურნალობა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახში ყველა წევრი არის უმუშევარი, აქედან გამომდინარე მის შესაძლებლობებს აღემატება ჯარიმის სახით დანიშნული 3 750 ლარის გადახდა, მისი ოჯახის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენს 340 ლარი. დანიშნულ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეუსრულებლობა დაკავშირებული იყო მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, დღეის მდგომარეობით ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და შეუძლია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება. საჩივრის ავტორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში ზ------ გ-------–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

როგორ საქმის მასალებით ირკვევა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით აღსრულების მიზნით, 2016 წლის 15 თებერვლას პრობაციის ო---–--------------------–---–-- მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ს გააცნო მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები, რაზეც შედგენილ იქნა სათანადო ოქმი.2016 წლის 15 თებერვალს მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ს განემარტა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის წესები და არასაპატიო მიზეზით სასჯელის მოხდის პირობების დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზეც შედგა ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და პრობაციის ოფიცერი.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ზ------ გ-------–---–ი იცნობდა დაკისრებულ უფლება–მოვალეობებს და პასუხისმგებლობას მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიუხედვად ზ/აღნიშნულისა მსჯავრდებულის მიერ განხორციელდა დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, რაც ბუნებრივია კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგომას გამოიწვევს.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ს დაკისრებული ჰქონდა მოვალეობა - ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებების, დაწესებულების დებულებების, დაწესებულების დღის განრიგით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დაცვისა, ასევე შესრულება მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისა, რის თაობაზეც მსჯავრდებული ზ------ გ-------–---–ი ინფორმირებული იყო და ხელმოწერითაც ადასტურებდა. (იხ: მსჯავრდებულისთვის უფლება-მოვალეობების გაცნობის შესახებ’’ 2016 წლის 15 თებერვლის ოქმი).

 

სისხლის სამართლის კოდექსის 44- ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, კანონმდებლის მიერ ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის საფუძვლები, კერძოდ: ა) მსჯავრდებულის უარი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებაზე; ბ) მსჯავრდებულის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებისათვის ჯიუტად თავის არიდება.

 

სამართლებრივი სიკეთის - მართლწესრიგის დაცვის და კანონის უზენაესობის განმტკიცების პრინციპი, სახელმწიფოს და სამართლის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც უნდა ბოჭავდეს ინდივიდის მართლსაწინააღმდეგო ქცევას. საჩივარში არსებული პოზიცია, რომ მსჯავრდებული ვერ შეძლებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით დაკისრებული ჯარიმის გადახდას და სურს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდა, ვერ გაიზარებს პალატა, ვინაიდან, პრობაციის ბიურომ ერთხელ უკვე ვერ შეძლო კანონით გათვალისიწინებული კონტროლი და მეთვალყურეობა, რაც მომეტებული საფრთხის შემცველი ვითარებაა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციისას საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ---- მ-------–---–ის პოზიციაზე, რომ რომ ზ.გ-------–---–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები და შესაძლოა ამ მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლოში. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ასრულებს მის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით კი - მსჯავრდებული ზ------ გ-------–---–ი მზადყოფნას გამოთქვამს/შეუძლია შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის/სიმძიმის, განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არა არის საკმარისი ფაქტობრივი/სამართლებრივი საფუძველი მოთხოვნის დაკმაყოფილების, ამასთანავე მის მიმართ უკვე გამოყენებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის შესუბუქების მექანიზმი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

 

თ---–-------------–------------------------სის დ----- ნ------ის წარდგინება მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სასჯელით შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ზ------ გ-------–---–ის მიმართ რუათავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 თებერვლის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი 300 (სამასი) საათის ვადით შეიცვალოს ჯარიმით და ზ------ გ-------–---–ს ჯარიმის ოდენობად განესაზღვროს 3 750 ლარი.

 

ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებით ეცნობოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

განჩინების ასლები გადაეცეთ მხარეებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს.

 

განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე