განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
330141018002619256
ინსტანცია
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141018002619256

საქმე №8ბ/09-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე, ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

2018 წლის 06 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ-----– ა-------–---–მა და მოითხოვა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ნასამართლობის მოხსნა. შუამდგომლობის მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მ-----– ა-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და საბოლოოდ, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 02(ორი) წლის ვადით და დამატებით განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მ-----– ა-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან და მ-----– ა-------–---–ი განაჩენის აღსრულების მიზნით აყვანილ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ს ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დანიშნული სასჯელი 06(ექვსი) წლით და 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის, 10(ათი) თვის და15(თხუთმეტი) დღის ვადით. მ-----– ა-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარჩა უცვლელი. მ-----– ა-------–---–ის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 02(ორი) წლის ვადით დარჩა უცვლელი. მ-----– ა-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 14 დეკემბრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს. მ-----– ა-------–---–ს უარი ეთქვა ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ნასამართლობის მოხსნაზე.

 

აღნიშნული განჩინება მსჯავრდებულმა მ-----– ა-------–---–მა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვეს მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულია, რომ დასაქმებულია პერსპექტიულ სამსახურში და მისი დაწინაურება დამოკიდებულია ნასამართლობის მოხსნის საკითხთან. მსჯავრდებულმა მ-----– ა-------–---–მა წარმოადგინა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით განესაზღვრული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დახასიათება და სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ცნობა. საჩივრის ავტორი ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნას.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 06 (ექვსი) წლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში მ-----– ა-------–---–ი მსჯავრდებულია მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის - სხვისი ნივთის დაზიანება; ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, მთვრალ მდგომარეობაში, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მის მიმართ გავრცელდა შეღავათი 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ კანონის გამოყენებით, შეუმცირდა დანიშნული ერთი მეოთხედით სასჯელი და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 28 ოქტომბერს.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მ-----– ა-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის გათავისუფლებიდან დღემდე გასული დრო, არასაკმარისია იმისათვის, რომ სასამართლო დარწმუნდეს სასჯელმოხდილი პირის რესოციალიზაციაში. საქმის გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, პალატას ამ ეტაპისათვის მ-----– ა-------–---–-სათვის ნასამართლობის მოხსნა არ მიაჩნია მართებულად. პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მსჯავრდებულს საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე (ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე) მოეხსნას ნასამართლობა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი საფუძველი ვადაზე ადრე ნასამართლობის მოხსნის. მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ის მიმართ უკვე გამოყენებულია კანონმდებლობით გათვალისიწნებული სასჯელის შესუბუქების მექანიზმი. ამასთანავე იმ გარემოება, რომ მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ს გადახდილი აქვს ჯარიმა (მის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების - დანაშაულის ჩადენისათვის მისჯილი სასჯელი), ვერ იქნება უპირობო სამართლებრივი საფუძველი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის - ამ შემთხვევაში ვადაზე ადრე ნასამართლობის მოხსნის.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ მსაჯვრდებულ მ-----– ა-------–---–ის ნასამართლობის ქონას არ შეუზღუდია მისი სამსახურში მიღება და არც დაწინაურება, საქმეში არსებული დახასიათებით ირკვევა რომ, მ-----– ა-------–---–ი 2015 წლის 24 აგვისტოდან მუშაობს კ--------------------–----------------------------------------–--, დასაქმებიდან დაახლოებით 10 თვეში, 2016 წლის 15 ივნისს, მოხდა მისი დაწინაურება ხ--–-------------–---------------------------ად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ-----– ა-------–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

 

განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე