განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002032714
საქმე №3ბ/715-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ილონა თოდუა
მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი, თამარ ონიანი
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი - ლ-–-----–------ი;
აპელანტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ე-----–-----------ძე;
მოწინააღმდეგე მხარე - ა--------- რ------–---ი;
წარმომადგენელი- რ-------------–---–ი;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07დეკემბრის გადაწყვეტილებით ა--------- რ------–---ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ. 140-150).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 1 მარტს ა--------- რ------–---ის მიმართ შეადგინა #E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ იგი 2017 წლის 1 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ნ----–------ში შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით R------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა--------- რ------–---ი, პ/ნ 3----------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად უკანა სავარძლის ქვეშ და სათადარიგო საბურავის ადგილას აღმოჩენილ იქნა დამალული სიგარეტი 1--- ღერი. იგი დაჯარიმდა და ფულად ჯარიმასთან ერთად სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ფულადი ჯარიმა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 113).
2.1.2. ა--------- რ------–---ს, საგადასახადო სამართალდარღვევის გამო, ჩამოერთვა სიგარეტი G---- 1--- ღერი და ავტომანქანა S----- სახელმწიფო ნომრით R------, რაზეც 2017 წლის 1 მარტს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6-----------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6---------- (ს.ფ. 17).
2.1.3. ა--------- რ------–---მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით ა--------- რ------–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება (ს.ფ. 18-19)
2.1.4. ა--------- რ------–---მა N1--------- საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ა--------- რ------–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ასახულია დავების განხილვის საბჭოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-25).
2.1.5. ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული წერილობითი დახასიათებით დასტურდება, რომ ა--------- რ------–---ი დასაქმებულია საკუთარ სოფლის მეურნეობაში. მოსარჩელის განმარტებით, იგი ჩამორთმეულ ავტომანქანას იყენებდა სოფლის მეურნეობაში, ასევე - ოჯახის წევრთა გადაადგილების მიზნით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად.
ამავე კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის N0----- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი; სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას და განიხილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, თუმცა, იგი იმავდროულად საგადასახადო სამართალდარღვევის დადგენისა და დამრღვევისთვის სანქციის შეფარდების ახდენს, რის გამოც მისი კანონიერების შეფასების მიზნით უნდა შემოწმდეს ასევე სამართალდარღვევის დადგენისა და სახდელის დაკისრების ზოგად პრინციპებთან შესაბამისობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სახდელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება ის ზოგადი საწყისები, რომლებიც განაპირობებს სამართლიანი სახდელის დაკისრებას, პირის დასჯას მის მიერ ჩადენილი ქმედების თანაზომიერად. მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რაც სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გატარების აუცილებელი პირობათაგანია (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა ა--------- რ------–---ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოტანის გამო. მას საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე შეეფარდა საგადასახადო სანქცია: ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
სასამართლოს განმარტებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655-1627(კ-11) გადაწყვეტილება).
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება.
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს, მართალია, რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას.
სასამართლომ განმარტა, რომ რამდენიმე სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
საგადასახადო სანქციის ცნებას განმარტავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის იხედვითაც, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს.
სასამართლოს განმარტებით, დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სანქციის სახე დაკავშირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, შესაბამისად, სანქციის ამ სახის გამოყენება სხვა სახის სახდელთან ერთად, რომელიც თავის მხრივ, ასევე საკუთრების უფლების ჩამორთმევას გულისხმობს, დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დარღვევების შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად დასაბუთებულად მოპასუხეთა არგუმენტი მასშტაბურად გავრცელებული სამართალდარღვევის აღკვეთის მიზანთან დაკავშირებით. სამართალდარღვევის ჩადენის ინდივიდუალური თუ ზოგადი პრევენცია, თავისთავად, წარმოადგენს სანქციის ერთ-ერთ მიზანს, განსაკუთრებით კი - ისეთი სახის სამართალდარღვევის, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებს, თუმცა, ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ მიდგომას და დაუშვებელია, ერთი სახის სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა მიმართ განურჩევლად ერთგვაროვანი მიდგომა. გასათვალისწინებელია საქონლის ოდენობა, მისი შემდგომი რეალიზაციით გამოწვეული სავარაუდო ზიანის მოცულობა, დამრღვევის პიროვნება, სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის შესაძლო გავლენა მის ქონებრივ მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორები. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მიიღეს მხედველობაში ამგვარი ინდივიდუალური გარემოებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ა--------- რ------–---ის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სანქციის სამივე სახის გამოყენება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, წარმოადგენს ზედმეტად მკაცრ ღონისძიებას. მოსარჩელე სადავოდ ხდის სანქციას მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში. სასამართლოს მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში აფასებს სადავო აქტებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაკლებად მკაცრი სანქციის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის და ქონების ჩამორთმევის გამოყენება სრულად უზრუნველყოფს სანქციის მიზნების მიღწევას და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა შეუსაბამოდ ამძიმებს სანქციას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი. აპელანტების განმარტებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ განსახილველ შემთხვევაში საჯარო ინტერესები აღემატება პირის კერძო ინტერესებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ამ ინტერესების დაკმაყოფილებას კანონის დარვევით ცდილობს. მათი განმარტებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორად შეაფასა საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსი, გაითვალისწინა როგორც ქმედების სახე, ისე მისი მნიშვნელობა სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის და შეარჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2017 წლის 1 მარტს ა--------- რ------–---ის მიმართ შეადგინა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი მასზედ, რომ იგი 2017 წლის 1 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან ს.გ.პ. ნ----–------ში შემოვიდა მსუბუქი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით R------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე ა--------- რ------–---ი, პ/ნ 3----------. ავტომანქანის დათვალიერების შედეგად უკანა სავარძლის ქვეშ და სათადარიგო საბურავის ადგილას აღმოჩენილ იქნა დამალული სიგარეტი 1--- ღერი. იგი დაჯარიმდა და ფულად ჯარიმასთან ერთად სანქციის სახით შეეფარდა სამართალდარღვევის საქონლის და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა. ფულადი ჯარიმა განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობით.
4.1.2. ა--------- რ------–---ს, საგადასახადო სამართალდარღვევის გამო, ჩამოერთვა სიგარეტი G---- 1--- ღერი და ავტომანქანა S----- სახელმწიფო ნომრით R------, რაზეც 2017 წლის 1 მარტს შედგა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6-----------
4.1.3. ა--------- რ------–---მა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის პირველი მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანებით ა--------- რ------–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
4.1.4. ა--------- რ------–---მა N1--------- საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 1 მარტის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 მარტის N8--- ბრძანების ბათილად ცნობა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით ა--------- რ------–---ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ავტომანქანის ჩამორთმევის სახით სახდელის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ასახულია დავების განხილვის საბჭოს დასაბუთება, რომლის მიხედვითაც, არსებობს მნიშვნელოვანი ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი მომავალშიც იქნეს გამოყენებული არადეკლარირებული საქონლის მალულად გადასატანად. ამასთან, ჩადენილი სამართალდარღვევა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, აღნიშნული სამართალდარღვევის მასშტაბმა მიაღწია არასასურველ ზღვარს, მიიღო საშიში ტენდენციის სახე და მისი აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი უმკაცრესი ზომის გამოყენებაც საბჭომ მართლზომიერად მიიჩნია.
4.1.5. ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული წერილობითი დახასიათებით დასტურდება, რომ ა--------- რ------–---ი დასაქმებულია საკუთარ სოფლის მეურნეობაში. მოსარჩელის განმარტებით, იგი ჩამორთმეულ ავტომანქანას იყენებდა სოფლის მეურნეობაში, ასევე - ოჯახის წევრთა გადაადგილების მიზნით.
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)
სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს უდავოა, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, არამედ ითხოვს სანქციის შემსუბუქებას, კერძოდ დაკისრებულ სანქციათაგან - სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ნაწილში გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევას. მოცემული ნორმის გრამატიკული განმარტებიდან გამომდინარე, მისი შინაარსი გულისხმობს, რომ პირის მიერ საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქონლის შემოტანის შემთხვევის გამოვლენისას სამართალდამრღვევს შეიძლება, შეეფარდოს სამი სახის სანქციათაგან ერთ-ერთი, ორი ან - სამივე ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სანქციის გამოყენება გულისხმობს გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ყველაზე უფრო მკაცრი ზომის გამოყენებას. ,,ნორმაში ალტერნატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, უკეთუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (სუს 11/04/2012 Nბს-1655- 1627(კ-11) გადაწყვეტილება).
4.2.3. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა როგორც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, ისე - სასამართლო განხილვის ფარგლებში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების დასაბუთების მიზნით უნდა მიუთითონ და დაასაბუთონ მათ მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რაც უფლებას ანიჭებდა მათ, თავისუფლად შეერჩიათ რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან ერთ- ერთი.
დისკრეციული უფლებამოსილების ცნება, მისი გამოყენების ფარგლები და წესი რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომლის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ხოლო ამავე კოდექსის მე-6-7 მუხლების თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე. უდავოა, რომ სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორ ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივ შედეგს ადგენს და აძლევს ორგანოს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს. თუმცა, როდესაც საკითხი ეხება ადმინისტრაციული გადაცდომისთვის პასუხისმგებლობის დამდგენ სამართლებრივ ნორმებს. მართალია, რიგ შემთხვევებში დაწესებულია რამდენიმე ალტერნატიული სანქცია, მათ შორის - რამდენიმე სანქციის კუმულატიურად გამოყენების შესაძლებლობა, ამგვარი ალტერნატივის დაწესება გამოწვეულია ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის, ასევე - კონკრეტული საქმის ობიექტური თუ სუბიექტური მახასიათებლების მრავალფეროვნებით. სახდელის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით და შეუძლებელია, კანონმდებელი აწესებდეს სხვადასხვა სიმძიმის სახდელთაგან ერთ-ერთის თვითნებურად შერჩევის შესაძლებლობას.
ზემოაღნისნული ნორმების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა დასკვნის სახით განმარტავს, რომ სახდელის ალტერნატივის დაწესებით კანონი მათი შერჩევის თავისუფლებას კი არ ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს, არამედ - სახდელის შერჩევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჩადენილი ქმედების სიმძიმის და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ადეკვატურად. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ მინიმალურ სტანდარტს, ხოლო კანონით შეთავაზებული არჩევანის გამოყენების მიზანშეწონილობას სასამართლო ვერ შეაფასებს. სახდელის შეფარდებისას კი ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია სახდელის შეფარდებისათვის დადგენილი ზოგადი პრინციპებით. პასუხისმგებლობის ზომის შერჩევა სწორედ კანონიერების მკაცრი დაცვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს და საქმის გარემოებათა მიხედვით ყოველთვის არის შესაძლებელი შერჩეული სანქციის შესაბამისობის შემოწმება.
სააპელაციო პალატა მოიხმობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლს, რომელიც ადგენს საგადასახადო სანქციის დეფინიციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საგადასახადო სანქცია - არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოთვლის საგადასახადო სანქციის სხვადასხვა სახეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სიმძიმის მიხედვით. ეს მუხლი აწესებს ასევე საგადასახადო სანქციის დაკისრების ზოგად პრინციპებს, როგორიცაა ერთი და იმავე ქმედებისთვის ორჯერ დასჯის აკრძალვა, სახდელთა შეკრების პრინციპი, ასევე აწესრიგებს სხვა საკითხებს. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა არ შეიცავს პირდაპირ რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემები უნდა მიიღოს მხედველობაში სახდელის შემფარდებელმა ორგანომ სახდელის შერჩევისას, თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული საყოველთაო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სხვადასხვა სიმძიმის სახდელების დაწესება, სულ მცირე, არ უნდა იწვევდეს ერთსა და იმავე პირობებში უთანასწორო მოპყრობას. შესაბამისად, სახდელის შეფარდებისას, სამართალდარღვევის ბუნებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი მახასიათებლები, როგორიცაა: ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ქმედების სხვა ობიექტური ფაქტორები, დამრღვევის პიროვნება, ბრალის ხარისხი და სხვა სუბიექტური მახასიათებლები. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს სანქციის კონკრეტული სახე.
ზემაღნიშნული გარემოებების გაანალიზების შედეგად სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას პირველი ინსატანციის სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არასრულყოფილი შესწავლის თაობაზე და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულყოფილად იქნა გამოკვლეული და შესწავლილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე წარმოდგენილ მოსაზრებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქარტველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, კანონის მოთხოვნათა დარღვევით და მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.1.2. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ და "ლ" ქვეპუნქტების საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი
თამარ ონიანი