განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
120100118002523293
ინსტანცია
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002523293

საქმე #1ბ/1078-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ფ--–-----–-------ის, დაბადებულის 1971 წლის 30 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: დ-----------–----------–---–------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ--–-----–-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 17 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დ-----------–----------–---–------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ფ--–-----–-------მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს, არასრულწლოვანი ა-----–-------ის თანდასწრებით მის დედას თ---------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენით:

 

ფ--–-----–-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ფ--–-----–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 მაისიდან 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით.

 

გაუქმდა ფ--–-----–-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენის, რომელიც აპელანტის აზრით, არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი, გაუქმებას და მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - თ---------------ის, ს----–---–-------ის, ა-----–-------ის გამოკითხვის ოქმების, ფ--–-----–-------ის აღიარებითი ჩვენებების, თ---------------ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #---------- დასკვნის, ა-----–-------ის დაბადების მოწმობის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ფ--–-----–-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ფ--–-----–-------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ლმობიერი. იგი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან ბრალდებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და არ არის დაინტერესებული მართლმსაჯულების განხორციელებით, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიუთითა დანაშაულის აღიარება, ამასთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ცალსახად წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, ამიტომ უკანონო სასჯელის დანიშვნით სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სააპელაციო საჩივარში პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ჩათვლილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, აგრეთვე, ვინაიდან დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის (სასჯელის) დამამძიმებელ გარემოებას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს დუმილის უფლება, მას აქვს კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება, უფლება, არ დაიბრალოს დანაშაული, ასევე ბრალდებული უფლებამოსილია არ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციებით ნათლად ჩანს, კანონმდებელმა ბრალდებულს მიანიჭა უფლება, არ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ამ უფლების გამოყენება ბრალდებულის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით (ოჯახში ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშნებია, რომლის გარეშეც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნება, ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სამართლებრივად არასწორია სასჯელის დანიშვნისას მითითება საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამ ლოგიკით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას ყველა შემთხვევაში დამნაშავეს უნდა დაენიშნოს სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე და ზომა, რაც სამართლებრივად არასწორია და ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობას, რაზეც აპელირებს პროკურორი თავის სააპელაციო საჩივარში, საქმეში არსებული, ასპინძის მაგისტრატი სასამართლოს 2015 წლის 25 ივნისის განაჩენით ფ--–-----–-------ი გასამართლებულია საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 79–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: პირობით მსჯავრდებულისა - გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ განსახილველი დანაშაულის ჩადენის დროისათვის (2018 წლის 17 მაისი) ფ--–-----–-------ს ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79–ე მუხლის მე–6 ნაწილის თანახმად, „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას“. ამდენად, აღნიშნული არგუმენტით პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის გამკაცრების თაობაზე, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ–ის 63–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად: „თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ფ--–-----–-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ. ფ--–-----–-------მა მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპზე თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, იგი არ არის ნასამართლევი. რაც შეეხება გამოძიებასთან თანამშრომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ ფ--–-----–-------მა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. აგრეთვე, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ მთელ რიგ გარემოებებს, რომ ფ--–-----–-------ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ თ---------------ის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომ შერიგებულია მეუღლესთან და მას მეუღლის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე, ფ--–-----–-------მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ფ--–-----–-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ფ--–-----–-------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

ფ--–-----–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 18 მაისიდან 2018 წლის 5 ივნისის ჩათვლით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ფ--–-----–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;

 

პირობით მსჯავრდებულ ფ--–-----–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე