განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100118002481707
საქმე №1ბ/1098-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მა-----------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 ივნისს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-----------------–-----–-----------, ფაქტობრივად მცხოვრების: ხაშურის რაიონი, სოფელ ზ--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენით მა-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
მა-----------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე ხაშურის რაიონის სოფელ ზ--------------ში მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში მა-----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, რუ--------------–------ის მიმართ. კერძოდ, ზურგის არეში ხის ჯოხის დარტყმითა და შემდეგ ფეხის ტანის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან სასამართლომ მა-----------ისათვის სასჯელის განსაზღვრისას სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სპეციფიკა, მომეტებული საფრთხე და შედეგები, მა-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი არაერთი პირის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაზარალებულის განმარტებით მსჯავრდებული არაადამიანურად, გამეტებით ურტყამდა მეუღლეს ჯოხს და ფეხს ტანის არეში, რა დროსაც არაფრად აგდებდა იქ მყოფი პირების ყოფნის ფაქტს და ახორციელებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას და დამცირებას; მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ იგი განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულს ექნება განცდა, რომ მეუღლის მიმართ ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებებით და მას არ დაუნიშნავს სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და იგი უნდა გამკაცრდეს.
მსჯავრდებულმა მა-----------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ რუ--------------–------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ცი–------------–---–ის, მე----------–------ის, ლე-------–--ის, ალ-------------------–---–ის, სა--------–--ის, თე-----------ის, ჟა--------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მა-----------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მა-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.
მა-----------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მა-----------ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მა-----------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 05 მაისიდან ამავე წლის 08 მაისის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე