განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
140100118002416626
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002416626

საქმე #1ბ/896-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ო---------------–---–ის

მსჯავრდებულის: მ-----–--–-–-ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის და მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №011240318003), მ-----–--–-–-ის, დაბადებულის 1987 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ბ--------------------------------–-----–--------------–-------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუქნტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

 

მ-----–--–-–-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გო----------------------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მ-----–--–-–-მა, ოჯახის კუთვნილი თანხის განკარგვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს - ლ------------–--–---–ს სახისა და ტანის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, რის შედეგადაც ლ------------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.

 

მ-----–--–-–-მა ასევე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის სექტემბერში, ქ. თბილისში, ანა დგებუაძის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ---------------------------------------ში, მ-----–--–-–-მა ორსულ მეუღლეს - ლ------------–--–---–ს სახეში ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ლ------------–--–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მ-----–--–-–-მა ასევე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 24 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, გო----------------------–------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ-----–--–-–-ი მეუღლეს - ლ------------–--–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენით:

 

მ-----–--–-–-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ-----–--–-–-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მ-----–--–-–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 25 მარტიდან.

 

მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო---------------–---–მა და მსჯავრდებულმა მ-----–--–-–-მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აპელანტმა, სახელმწიფო ბრალმდებელმა ო---------------–---–მა მოითხოვა მ-----–--–-–-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად ბრალდების ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში აპელანტმა, მსჯავრდებულმა მ-----–--–-–-მა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, ნაცვლად განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთისა, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მ-----–--–-–-ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-----–--–-–-ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ შეფასებას ბრალდების ამ ეპიზოდში გამართლებულ მ-----–--–-–-თან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, ბრალდებას არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა მ-----–--–-–-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. დაზარალებულმა ლ------------–--–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის სექტემბერში, როდესაც იგი ორსულად იყო და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ნათესავის - ანა დგებუაძის საცხოვრებელ სახლში, მ-----–--–-–-მა, შელაპარაკების ნიადაგზე, ერთხელ დაარტყა მას (დაზარალებულს) ხელი სახის არეში, რის შედეგადც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია, რადგან ამ დროს იგი (ლ------------–--–---–ი), მეუღლესთან ერთად ანა დგებუაძის საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მას (დაზარალებულს) არც სამედიცინო დაწესებულების და არც პოლიციისთვის არ მიუმართავს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ 2017 წლის სექტემბერში, ქ. თბილისში, ანა დგებუაძის საცხოვრებელ სახლში, მ-----–--–-–-მა ორსული მეუღლის მიმართ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა (ხელი დაარტყა სახეში), რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ბრალდება ამ ეპიზოდში ეფუძნება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ ლ------------–--–---–ის ჩვენებას. მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დასტურდება მოცემულ საქმეზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - ნ-----–--–-–---–ის, გ--------------–-–---–ის, რ-----------------ის, გ-------------–--ისა და გ------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვანი მოწმის - ტ----------------–--–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლ------------–--–---–ის კუთვნილი ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით, მ-----–--–-–-ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით - როგორც ამას მიუთითებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ-----–--–-–-ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დამადასტურებლად, რომ მ-----–--–-–-მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, მ-----–--–-–-ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რასაც იგი აღიარებს და ინანიებს, მაგრამ სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულების სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის წარსულში ნასამართლობას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 მაისის განაჩენით მ-----–--–-–-ი გასამართლებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის (ქურდობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი არ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან ნასამართლობის ვადის გაქარწყლებამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაულის ორი ეპიზოდი. ამდენად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----–--–-–-ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ი მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ-----–--–-–-ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მ-----–--–-–-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მ-----–--–-–-ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----–--–-–-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ მ-----–--–-–-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 25 მარტიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ-----–--–-–-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე