განაჩენი

სისხლის სამართლის 28.09.2018
საქმის ნომერი
200100118002420399
ინსტანცია
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002420399

საქმე #1ბ/752-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ვ-–-------------–---–ის

მსჯავრდებულის: ბ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ-–-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ბ-------------ის, დაბადებულის 1972 წლის 16 მაისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის: ქ------–--–---------------–-–---–----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–---------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

ბ-------------ე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლე ხ-----------------–---–ს იმის გამო, თუ რატომ არ ნახულობდა მას შვილი გ----------ე. 2017 წლის 20 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ-------------ე მივიდა ქ------–--–------------------------ში მცხოვრებ ხ-----------------–---–ის სახლთან, აგრესიულად მოითხოვდა კარების გაღებას, ყოფილ მეუღლეს აგინებდა უცენზურო სიტყვებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ბ-------------ის ასეთი საქციელით ხ-----------------–---–ი იყო შეურაცხყოფილი და განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

2018 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 13:30 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბ-------------ე მივიდა ქ------–--–------------------------ში მცხოვრებ ხ-----------------–---–ის სახლთან, სადაც სახეში ხელის გარტყმით მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე აგინა იმავე სახლის ეზოში მყოფ ყოფილ სიდედრ ქ-----------------–---–ს, რომელიც ხელის კვრით წააქცია და ძირს დააგდო. ბ-------------ის ასეთი საქციელით ხ------- და ქ-----------------–---–ებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და იყვნენ შეურაცხყოფილები.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით:

 

ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით.

ბ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ-------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

ბ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 9 აპრილიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (38 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 190 (ას ოთხმოცდაათი საათი)) და ბ-------------ეს, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ვ-–-------------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ბ-------------ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ბ-------------ეს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ნაცვლად, სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი უსამართლო და აშკარად ლმობიერია. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული ალკოჰოლის სისტემატური მომხმარებელია და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ განახორციელა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ხ------- და ქ-----------------–---–ებზე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის თვალსაზრისით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების - ხ-----------------–---–ისა და ქ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ქ-------------------–---–ის, გ--------------–---–ის, ვ--–------------–---–ის, ლია იმერლიშვილის, ომარი გავარდაშვილის და გ----------ის გამოკითხვის ოქმებით, ბ-------------ის გამოკითხვის ოქმებით და მის მიერ დანაშაულების აღიარებით, ალკოტესტით შემოწმების ოქმებით, შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მითითებული არგუმენტების საფუძველზე, მსჯავრდებულ ბ-------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის გამკაცრების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია თუნდაც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც პალატას შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა და გამოეყენებინა მსჯავრდებულ ბ-------------ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე კანონით დადგენილი წესით მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ბ-------------ის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. ბ-------------ემ როგორც გამოძიებაში, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას და სააპელაციო სასამართლოში პროკურორის სააპელაციო საჩივრის განხილვისას თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ბ-------------ემ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებით ითანამშრომლა გამოძიებასთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების და ცხადია, სასჯელის დანიშვნის, საკითხების გადაწყვეტისას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, გარდა დანაშაულის აღიარებისა და გულწრფელი მონანიებისა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ-------------ე დასაქმებულია და კმაყოფაზე ჰყავს მოხუცი მშობლები, ბ-------------ემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, აგრეთვე, ბრალდების მეორე ეპიზოდში მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულების მიმართ განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა მასშტაბური ხასიათის და გამოიხატა მხოლოდ ერთჯერადად სახეში ხელის გარტყმაში (ხ-----------------–---–ის მიმართ) და ხელის კვრაში (ქ-----------------–---–ის მიმართ).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ბ-------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. იმავდროულად, პალატას მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია ბ-------------ის მიმართ დამატებითი მექანიზმების გამოყენება, რომელიც იქნება უკეთესი გარანტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის უზრუნველსაყოფად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ფიზიკურ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში განხორციელებული, არაერთჯერადი ძალადობრივი ქმედებების მხედველობაში მიღებით, მიზანშეწონილია ბ-------------ისთვის მოვალეობის დაკისრება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის სახით, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პრობაციის ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი დამატებით ვალდებულებასთან ერთად, შეძლებს დააფიქროს ბ-------------ე, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენში ბ-------------ის მიმართ, ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ვ-–-------------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში ბ-------------ის მიმართ, ცვლილება იქნას შეტანილი;

 

ბ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;

 

ბ-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ-------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 9 აპრილიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (38 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 190 (ას ოთხმოცდაათი საათი)) და ბ-------------ეს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 210 (ორას ათი) საათის ვადით, რაც დღეის მდგომარეობით სრულად აქვს მოხდილი;

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ბ-------------ეს დაეკისროს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე