განაჩენი

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330100116001513016
ინსტანცია
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001513016

საქმე №1ბ/503-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნინო სანდოძის

ნათია ბარბაქაძის

 

ლელა ბახტაძის და ნინო სოლომნიაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ------------ის

გამართლებულის: მ----------------ის

ადვოკატის: გ--------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ----------------ის მიმართ. მ----------------ე დაბადებულია 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მ----------------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

მ----------------ის აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

 

მ----------------ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი აბები, რაც 2016 წლის 21 აგვისტოს შემდგომი რეალიზაციის მიზნით უკანონოდ შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე სასაზღვრო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ გავლით. მის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანილ აბებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონა წარმოადგენს 0,36887 გრამს.

 

მ----------------ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინი საერთო წონით 0,36887 გრამი, რაც ორ ეტაპად გაასაღა მ-----------–-----ზე. კერძოდ: 2016 წლის 22 აგვისტოს, დილის საათებში მ----------------ემ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება 23 მთლიანი აბი და აბის ნატეხები, სადაც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის ოდენობა შეადგენს 0,18927 გრამს, უკანონოდ გაასაღა მ-----------–-----ზე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, ხოლო იმავე დღეს მ----------------ემ მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებიდან დარჩენილი 19 მთლიანი აბი და 15 აბის ნატეხი ფხვიერ ნივთიერებასთან ერთად, სადაც ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის საერთო წონა შეადგენს 0,1796 გრამს, კვლავ უკანონოდ გაასაღა ისევ მ-----------–-----ზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით:

 

მ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზ------------ემ. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მ----------------ის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მ----------------ის მიმართ გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რა დროსაც დაამახინჯა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგან შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს. შესაბამისად, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გამართლებულის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.

 

დაცვის მხარემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება მ----------------ის მიმართ.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპის/სტანდარტების გაანალიზებით და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, პალატა ბრალდების მხარის არგუმენტებს გამართლებულ მ----------------ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის შესახებ ვერ გაზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-------------------მ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. 2016 წლის 22 აგვისტოს მან მიიღო ინფორმაცია, რომ მ-----------–-----ი ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ინფორმაცია პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და ამ ინფორმაციის საფუძველზე დაიკითხა. მოგვიანებით მ-----------–-----ის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება. მ-----------–-----მა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა მ----------------ისგან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–------------–---მ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. 2016 წლის 22 აგვისტოს შესასრულებლად დაეწერა პატაკი და პროკურორთან შეთანხმებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მ-----------–-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. მან გამოკითხა პატაკის ავტორი - ე-------------------, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს მ-----------–-----ი უნდა ყოფილიყო თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც უნდა ჰქონოდა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------–-–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. 2016 წლის 22 აგვისტოს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მ-----------–-----ი პირადად ან ბინაში (თბილისში, ქ----–------------–-), ინახავდა ნარკოტიკებს. იგი თანამშრომლებთან ერთად მივიდა მ-----------–-----ის ბინაში. გ---–-----ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც, მ-----------–-----ი, მიხვდა რა, რომ ნარკოტიკებს მაინც აღმოაჩენდნენ, თავადვე მიუთითა მისი ადგილსამყოფელი. ბინის ჩხრეკის შედეგად ი-------------–---მ ამოიღო ბუპრენორფინის შემცველი 23 აბი და აბის ნატეხები. როგორც მ-----------–-----მა განმარტა, 23 აბი გამზადებული ჰქონდა სარეალიზაციოდ, ხოლო აბის ნატეხები უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. მ-----------–-----მა განაცხადა, რომ წინა დღეს მ----------------ესთან ერთად თურქეთიდან შემოიტანა 50 აბი, საიდანაც 25 აბი ქ--------მ მას გადასცა სარეალიზაციოდ. რეალიზაციის შემდეგ მას ქ-------------- უნდა გადაეცა 10 000 ლარი, რის შემდეგ ქ-------- მას მისცემდა დარჩენილ 25 აბს შემდგომი რეალიზაციის მიზნით. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მ-----------–-----ი არ დაეკავებინათ, რადგან მან თანხმობა განაცხადა პოლიციასთან თანამშრომლობაზე. მ-----------–-----ი დაუკავშირდა მ----------------ეს და უთხრა, რომ მოახდინა 25 აბის რეალიზაცია 10000 ლარად და მზად იყო, გადაეცა თანხა, რის შემდეგ უნდა მიეღო დარჩენილი 25 აბი შემდგომი რეალიზაციისთვის. შეთანხმდნენ შეხვედრის ადგილზე. გამოიყო ოპერატიული თანხა. მ-----------–-----ი აღჭურვილი იქნა ფარული აუდიო-ვიდეო ჩამწერით. გ---–-----ი ქინქლაძის ქუჩაზე შეხვდა მ----------------ეს, ჩაუჯდა ავტომანქანაში, სადაც გადასცა 10000 ლარი, ხოლო ქ--------მ - 25 აბი ,,სუბოტექსი“. მან ვიდეოჩანაწერში დაინახა, როგორ დადო მ----------------ემ მანქანის ე.წ. ,,რიჩაგთან“ ფლაკონი, რომელშიც იყო ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მ-----------–-----მა გადასცა მას ფული და აიღო ხელში ფლაკონი, რომელიც იქ მ----------------ემ დადო. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მ-----------–-----მა პოლიციელებს ანიშნა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, რის შემდეგ იგი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ამოუღეს მ----------------ისგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები, ვინაიდან ქუჩაში (შემთხვევის ადგილზე) არ იყო ხელსაყრელი პირობები. მ-----------–-----თან შეხვედრის შემდეგ იგი სხვა პოლიციელებთან ერთად გაჰყვა მ----------------ეს და დააკავეს ჩიტაიას ქუჩაზე, პირველივე შუქნიშანზე. მ----------------ეს ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შარვლის ჯიბიდან ამოუღეს მ-----------–-----ის მიერ გადაცემული ოპერატიული თანხა. მოხდა კუპიურების ნომრების გადამოწმება და ეს სწორედ ის თანხა იყო, რომელიც მას მ-----------–-----მა გადასცა. მ----------------ემ საგამოძიებო მოქმედების ოქმებს ხელი არ მოაწერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მ-----------–-----ის სახლიდან ნარკოტიკის ამოღების შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდა მ----------------ე, რომელსაც მ-----------–-----ის დედამ დაურეკა. მ-----------–-----ი გავიდა ქუჩაში და იცრუა, რომ პოლიციის თანამშრომლები მასთან უბრალოდ შემოწმების მიზნით იყვნენ მისული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------–-------მ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. 2016 წლის 22 აგვისტოს იყო სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მ-----------–-----ი პირადად ან სახლში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. ხელმძღვანელობის დავალებით გავიდა მ-----------–-----ის სახლთან, სადაც მალევე გამოჩნდა მ-----------–-----ი, რომელსაც პოლიციელებმა გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის თაობაზე. მ-----------–-----ს მისსავე სახლში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. მ-----------–-----ს ასევე გაეცნო დადგენილება ბინის ჩხრეკის თაობაზე. ჩატარდა ბინის ჩხრეკაც, რა დროსაც ი-------------–---მ თაროზე ნახა პოლიეთილენის პარკში გახვეული სამი აბი წარწერით N8 და ფურცელში გახვეული ფხვნილი, იმავე ოთახში სათავსოდან ამოიღო დასკოჩილ სამედიცინო ქილაში მოთავსებული 20 აბი წარწერით N8. ამოღებული ნივთები დაილუქა. მ-----------–-----ი გაეცნო საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს და ლუქებზე მოაწერა ხელი. მ-----------–-----მა ასევე განაცხადა, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება იყო ,,სუბოტექსი“, რაც მან მ----------------ესთან ერთად შემოიტანა თურქეთიდან სარეალიზაციოდ. მ-----------–-----მა დაადასტურა, რომ მ----------------ისთვის უნდა მიეცა 10000 ლარი, რის შემდეგ მისგან მიიღებდა დამატებით 25 აბ ,,სუბუტექსს“. საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მ-----------–-----ს ტელეფონზე დაურეკეს, თუმცა რაზე საუბრობდა, არ გაუგია. მოგვიანებით მ-----------–-----მა განაცხადა, რომ ტელეფონით მ----------------ემ დაურეკა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------------–---მ განმარტა, რომ არის საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებელი. 2016 წლის 22 აგვისტოს მიღებული იქნა ოპერტიული ინფორმაცია, რომ მ-----------–-----ს თბილისში, ქ----–------------–- უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალებები პირადად ან საცხოვრებელ სახლში. თანამშრომლებთან ერთად მივიდა მ-----------–-----ის ბინასთან, დაელოდა გ---–-----ის გამოჩენას, რის შემდეგ შეჰყვნენ სახლში. გ---–-----ს გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი პირადი ჩხრეკის თაობაზე. ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ აღმოაჩნდა. ამის შემდეგ გააცნეს დადგენილება ბინის ჩხრეკის თაობაზე. დაიწყეს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც თაროზე აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში შეხვეული სამი აბი წარწერით N8, ასევე ფხვნილი. იმავე ოთახში ნანახი იქნა ფლაკონში დასკოჩილი 20 აბი წარწერით N8. მ-----------–-----მა განმარტა, რომ ეს იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოტექსი“, რაც სარეალიზაციოდ ჩამოიტანა მ----------------ესთან ერთად თურქეთიდან. ნარკოტიკის რეალიზაციის შემდეგ მ----------------ისთვის უნდა მიეცა 10000 ლარი, რის შემდეგ ქ-------- მისცემდა დარჩენილ 25 აბს. ამასობაში გ---–-----ს დაურეკა ქ--------მ. გ---–-----ი გავიდა ქუჩაში. ამ დროს იგი უკვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მალევე დაბრუნდა სახლში, რის შემდეგ გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მ-----------–-----ი არ დაუკავებიათ, ვინაიდან საუბარი იყო პოლიციასთან თანამშრომლობაზე და უფრო დიდი ოდენობით ნარკოტიკის ამოღებაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----–-------–---მ განმარტა, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს მუშაობდა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლად. მ-----------–-----ის სისხლის სამართლის საქმეზე მან მოწმის სახით დაკითხა მ-----------–-----ი, რომელიც მისივე ტელეფონით დაუკავშირდა მ----------------ეს და უთხრა, რომ მისთვის მიცემული ,,პარტია“ ნარკოტიკი გაყიდა და აღებული თანხა 10000 ლარი ჰქონდა თან. ასევე ჰყავდა კლიენტი, რომელსაც სურდა 22 აბი ,,სუბოტექსის“ შეძენა, რომელიც ქ--------ს უნდა მიეცა მისთვის. დათქვეს შეხვედრის ადგილი, სადაც მ-----------–-----ს ქ-------------- უნდა გადაეცა 10000 ლარი, ქ--------ს კი - 22 აბი ,,სუბოტექსი“. მ-----------–-----ს გადაეცა ოპერატიული თანხა 10000 ლარი. შეხვედრისას ქ--------მ ოპერატიული თანხა გადასცა ქ--------ს, ხოლო ქ--------მ მას - მინის ჭურჭელში მოთავსებული ნარკოტიკი. დაკითხვის შემდეგ მ-----------–-----მა განუცხადა, რომ ჯიბეში ჰქონდა ფლაკონი, რომელშიც იყო ნარკოტიკი, რაც მ----------------ემ გადასცა 10000 ლარის სანაცვლოდ, რაც მან ამოიღო მ-----------–-----ისგან. შუშის ფლაკონში მოთავსებული იყო 19 აბი დააბის ნატეხები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ-------------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამომძიებლად. 2016 წლის 22 აგვისტოს მონაწილეობდა ღონისძიებაში, რომლის დროს ჩატარდა მ-----------–-----ის პირადი და ბინის ჩხრეკა, თუმცა ამ საგამოძიებო მოქმედებებში მას უშუალოდ მონაწილეობა არ მიუღია. მისთვის ცნობილია, რომ მ-----------–-----მა ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიუთითა პირზე, ვისგანაც შეიძინა ნარკოტიკები, ასევე გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდებოდა მ----------------ეს, რომელსაც გადასცემდა თითქოსდა ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებულ თანხას. 2016 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მისმა თანამშრომელმა ი-------------–---მ შემთხვევის ადგილზე მიიყვანა მ-----------–-----ი, რომელიც შეხვდა მ----------------ეს, რომლისთვისაც ნარკოტიკის სანაცვლოდ უნდა გადაეცა ოპერატიული თანხა 10000 ლარი. იგი თვალყურს ადევნებდა მ-----------–-----ის და მ----------------ის შეხვედრას. მანქანიდან გადმოსვლისას მ-----------–-----მა ხელის მოძრაობით მიანიშნა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მ----------------ესთან შეხვედრის შემდეგ მ-----------–-----ი ისევ ი-------------–---მ წაიყვანა პოლიციაში. ის კი გაჰყვა მ----------------ის მანქანას და როდესაც ქ-------- შეჩერდა შუქნიშანზე, შეაჩერეს და ექსპერტების მონაწილეობით გაჩხრიკეს. შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს ოპერატიული თანხა 10000 ლარი, რაც მას მ-----------–-----მა გადასცა ნარკოტიკული საშუალებების სანაცვლოდ. მ----------------ემ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ-------------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ექსპერტად. 2016 წლის 22 აგვისტოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების შეტყობინების საფუძველზე კოლეგასთან ი-----–------------სთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს მალაკნების ხიდთან. იყო საღამოხანი, ისინი გამოძახებიდან დაახლოებით 15 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც შეჩერებული ჰყავდათ მ----------------ე და ექსერტების დახმარებით ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რომლის შედეგად მისი შარვლის ჯიბიდან მოხდა ფულადი თანხის -10000 ლარის ამოღება. ამოღებული თანხა დასურათდა, დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. ადგილზე შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. ასევე მოხდა ავტომანქანის დათვალიერება, საიდანაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. ადგილზე შედგა დათვალიერების ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მ----------------ემ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს ხელი არ მოაწერა.

 

ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად 2016 წლის 22 აგვისტოს 14:25-15:20 საათზე თბილისში, ო.ქ----–------------–- მდებარე მ-----------–-----ის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში გახვეული 3 აბი წარწერით N8 და ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის ფხვნილი, პატარა ზომის სამედიცინო მინის ქილა, რომელშიც მოთავსებული იყო 20 აბი წარწერით N8.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად 2016 წლის 22 აგვისტოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს სინთეტიკური წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა გ------------–-–---–მა შეადგინა ოქმი, რომ სისხლის სამართლის N0----------- საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მისი თანდასწრებით დათვალიერებული იქნა ე------ თ---------ის მიერ წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი თანხა 10000 ლარი.

 

ამოღების ოქმის თანახმად 2016 წლის 22 აგვისტოს, 21:00-21:20 საათზე ქ.თბილისში, კ.ჩალაძის ქ. N1-ში მ-----------–-----მა მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გამომძიებელს წარუდგინა მინის სამედიცინო ქილა, რომელიც მას გადასცა მ----------------ემ 10000 ლარის სანაცვლოდ. მინის ქილაში მოთავსებული იყო 19 თეთრი ფერის აბი წარწერით N8.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 2016 წლის 22 აგვისტოს, 20:05-22:05 საათზე თბილსში, გ.ჩიტაიას ქ. N26-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მ----------------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარცხენა წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა 10000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2016 წლის 23 აგვისტოს N1366/სქ-N1435/ქრ დასკვნის თანახმად ყავისფერი პოლიმერული მასალის ფლაკონში მოთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო N8 ამონატვიფრებით) 19 ცალი მთლიანი ტაბლეტი და თეთრი ფერის ერთ მხარეს წახნაგოვანი ფორმის, სხვადასხვა ზომის (ერთ ზედაპირზე შესაბამისად ლოგო N8, N და 8 ამონატვიფრებით) 15 ცალი ტაბლეტის ნატეხი ფხვიერ ნივთიერებასთან ერთად საერთო წონით 8,98 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,1796 გრამის ოდენობით. (ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,008 გრამ ბუპრენორფინს). უფერო გამჭვირვალე მინის ფლაკონში (მოთეთრო ფერის ხუფით) მოთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო N8 ამონატვიფრებით) 20 ცალი ტაბლეტი; უფერო პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის (ერთ ზედაპირზე ლოგო N8 ამონატვიფრებით) 3 ცალი ტაბლეტი და ცალხაზიანი ქაღალდის ფურცელში გადახვეული თეთრი ფხვიერი ნივთიერება მცირე ზომის ტაბლეტის ნატეხებთან ერთად საერთო წონით 9,4638 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,18927 გრამის ოდენობით. (ერთი ტაბლეტი შეიცავს 0,008 გრამ ბუპრენორფინს).

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ა-–----------------------მ და ნ-----–-------მ.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2016 წლის 15 სექტემბრის N1326/ფ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი სადავო ჩანაწერი (სამეტყველო სიგნალი) არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის 2016 წლის 16 სექტემბრის N483/ჰ-ვ-ტ დასკვნის თანახმად სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,Rec1_001“ 00:01:49 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ მ----------------------------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება. ვიდეოგრამას არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------მ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2016 წლის 30 სექტემბრის N005800616 დასკვნის თანახმად გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: - პაკეტში, წარწერით: ,,... ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები ნატეხები და ფხვიერი ნივთიერება, ს.წ. – 8,9365 გ (საწყისი ს.წ. 8,98 გრამი)...“, მოთავსებულ მინის კონტეინერზე წარწერით: Corinfar 20 mg retard…”, და მის თავსახურზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს, მინორულ წილში მ-----------–-----ისა და მ----------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. - პაკეტში, წარწერით: ,,... ბუპრენორფინის შემცველი ტაბლეტები და ფხვნილი, საერთო წონით - 9,3962 გრამი (საწყისი საერთო წონა 9,4638 გრამი)...“ მოთავსებულ: მინის კონტეინერზე, წარწერით ,,ВАЛЕРИАНЫ ЭКСТРАКТ...“ მის თავსახურსა და კონტეინერზე შემოხვეულ გამჭვირვალე წებოვან ლენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის მ-----------–-----ს, ხოლო მ----------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ქაღალდის ფურცელზე არსებული ბიომასალის (ობიექტი N4) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება მ-----------–-----ის გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო მ----------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ქ-----------------–-–---–მა და ი-------–---------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე შ-----–---------- განმარტა, რომ არის მაკლერი, დაკავებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით. 2016 წლის ივლის-აგვისტოში მას დაუკავშირდა მ----------------ე, რომელსაც აინტერესებდა მიწის ნაკვეთი, რომლის შეძენა სურდა მის მეგობარს 6000-10000 აშშ დოლარის ფარგლებში. მან დაუდასტურა მ----------------ეს, რომ იყო ამის შესაძლებლობა და საჭირო იყო მიწის ნაკვეთის ადგილზე ნახვა. მისთვის უცნობია, ვინ აპირებდა მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე მ----------–------ განმარტა, რომ არის მ----------------ის მეუღლე. 2016 წლის 25 დეკემბერს მის კარზე ზარი დარეკეს. კარი რომ გააღო, ნახა ამანათი, რომელსაც ეწერა: მ----------–----ეს - მ-----------–-----ი. ამანათი შინ შეიტანა და ნახა წერილი, სადაც მ-----------–-----ი აღიარებდა, რომ ყველაფერი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ჩაიდინა. იძულებული იყო, დაესახელებინა მ----------------ე, რომელიც იყო უდანაშაულო. მ-----------–-----ი ბოდიშს იხდიდა, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან იცოდა, რომ მ-----------–-----ი ამხელდა მის მეუღლეს. ამანათში იყო დისკიც. ისინი დაუკავშირდნენ ადვოკატებს და გადასცეს დისკი, სადაც იყო ჩაწერილი მ-----------–-----ის მონათხრობი, რომლის მიხედვით მისი მეუღლე იყო უდანაშაულო.

 

პალატა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს გამართლებულ მ----------------ის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალების შესწავლით დგინდება, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებს გააჩნდა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ მ-----------–-----ი ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ იძენდა და ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში, თუმცა ბრალდების მხარისთვის ცნობილი არ იყო, თუ ვისგან ახდენა ნარკოტიკული საშუალებების შეძენას მ-----------–-----ი. დადგენილია ისიც, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ მ-----------–-----ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.

 

ბრალდების მხარის მსჯელობით, ნარკოტიკული საშუალების ჩხრეკის შედეგად ამოღების შემდეგ მ-----------–-----მა მათ განუცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა მ----------------ისგან, ხოლო ამ უკანასკნელმა კი ისინი შემოიტანა თურქეთის რესპუბლიკიდან. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, რომ კონრეტული გარემოების დადასტურების კუთხით მხარეთა მიერ გაცხადებული არგუმენტების დასადასტურებლად აუცილებელია, რომ არგუმენტები/პოზიციები დადასტურებული იყოს საკმარისად ძლიერი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს (განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მ-----------–-----ი მოცემული ინფორმაციის მიწოდებისას სარგებლობდა ბრალდებულის სტატუსით)“. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, ,,მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ“.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით ნათელია, რომ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანასთან დაკავშირებით, გამართლებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების კუთხით, ბრალდების მხარე იშველიებს გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ორგანოებისათვის მ-----------–-----ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მ-----------–-----ს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება საქმის არსებითი განხილვის დროს არ დაუდასტურებია, რადგან მისი პირველი ინსტანციის (ასევე სააპელაციო სასამართლოს) სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვა არ მომხდარა. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის არგუმენტების საპირისპიროდ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის შესწავლით დგინდება, რომ მ-----------–-----ი გამორიცხავს გამართლებულისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის ფაქტს და აცხადებს, რომ ისიც და გამართლებულიც არიან უდანაშაულოები და რომ პოლიციის თანამშრომლება აიძულეს, ეთქვა, თითქოსდა მ----------------ე ყიდდა ნარკოტიკებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, წამოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შემდეგ პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მ-----------------ს მიერ საქართველოში უკანონოდ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანა. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს 2016 წლის 24 აგვისტოს საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის წერილზე, რომლის თანახმად მ----------------ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2016 წლის 21 აგვისტოს, 7:31 საათზე სსკგ ,,სარფის“ გავლით, რაც მიუთითებს მასზედ, რომ გამართლებული ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში და აღნიშნულ დღეს კვლავ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა აღნიშნული გარემოება აპრიორი/უალტერნატივოდ არ მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევის დროს (როდესაც ის საქართველოში შემოვიდა) მას თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და ისინი უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის არგუმენტები კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის თვალსაზრისით ეფუძნება მხოლოდ ეჭვებს და ვარაუდებს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მ----------------ე უნდა გამართლდეს, რადგან წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლება დამაჯერებლობის იმ ხარისხს, რომლითაც ობიექტური პირი დარწმუნდებოდა მითითებული ბრალდების ნაწილში გამართლებულის ბრალეულობაში.

 

რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მ----------------ის მიერ უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების გაანალიზებით ადგენს, რომ ინფორმაცია აღნიშნული დანაშაულის თითქოსდა გამართლებულის მიერ ჩადენის შესახებ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა ისევდაისევ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ მ-----------–-----ისგან (მისი საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის შემდეგ, როგორც ამას ბრალდების მხარე უთითებს), რომელსაც (იგულისხმება მ-----------–-----ი) აღნიშნული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების კუთხით ინფორმაცია სასამართლოსათვის არ მიუწოდებია მოწმის სახით დაკითხვის ფორმით. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კი მ-----------–-----ი განმარტავს, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს მასთან სახლში მივიდა ორი გოგონა, რომლებიც წარუდგნენ, როგორც ცესკო-ს წარმომადგენლები. დაინტერესდნენ მისი ვინაობით. დაახლოებით ერთ წუთში სახლში შევიდნენ პოლიციელები, რომლებმაც უთხრეს, რომ სახლში უნდა ჰქონოდა იარაღი, რომელიც ვერ იპოვეს. ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც წარუდგა, როგორც ნარკომანიის სამსახურის უფროსი, მიუტანა ქილაში მოთავსებული ნარკოტიკები და უთხრა, რომ დააკავებდნენ დედამისს, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში, თუ არ დათანხმდებოდა თანამშრომლობას. აუხსნეს, რომ მ----------------ე იყო ,,ინტრიგანი“ და დაუმორჩილებელი და მას უნდა ეთქვა, რომ მ----------------ე ყიდდა ნარკოტიკს. 3-4 საათში მან დაურეკა მ-------ს. პოლიციელებმა დაგეგმეს, თითქოს მ-------ს მისთვის უკვე გადაცემული ჰქონდა ნარკოტიკი და მისგან აღებული ჰქონდა 10000 ლარი. მას გადასცეს დანომრლი ფული, რომელიც შეხვედრისას გადასცა მ-------ს. მ-------ი მისგან ლოგიკურად ელოდებოდა ამ თანხას, რადგან სოფელ ფ---–------------–- უნდა შეეძინათ მიწის ნაკვეთი. პოლიციელების დავალებით ნარკოტიკებიანი ქილა კადრებში არ უნდა გამოჩენილიყო. იგი ასეც მოიქცა. ისიც და მ----------------ეც არიან უდანაშაულოები და არავითარი შეხება არ ჰქონიათ ნარკოტიკებთან. მას ნარკოტიკი ჩაუდეს, რასაც ასევე მოწმობს ის ფაქტი, რომ ნარკოლოგიურშიც არ გადაუყვანიათ შესამოწმებლად.

 

მითითებული ჩანაწერის შინაარსობრივი მხარის შეფასება ცხადყოფს, რომ მ-----------–-----ი სრულად გამორიცხავს გამართლებულისგან ნარკოტიკული ნივთერების შეძენის ფაქტს, ხოლო ფარულ საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით, რომელიც ჩატარებულ იქნა მისი მონაწილეობით, უთითებს, რომ აღნიშნული პოლიციელების დავალებით დაიგეგმა, რა დროსაც მას უნდა ეთქვა, თითქოსდა მ----------------ე ყიდიდა ნარკოტიკებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ დედის დაკავებით. აღნიშნული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ მ-----------–-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებული პოზიციები, რომლებიც მხარეების მიერ სხავადსხვა ფორმით იქნა წარმოდგენილი სასამართლოში (ბრალდების მხარემ მისი დაკითხვის ოქმის სახით, ხოლო დაცვის მხარემ კი ვიდეოჩანაწერის სახით წარმოდგინა), ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას შეიცავენ ბრალდებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. ბრალდების მხარის არგუმენტებით მ-----------–-----ი თითქოსდა არის ის პიროვნება, რომელიც ამხელს დანაშულის ჩადენაში გამართლებულს, აღნიშნულის საპირისპიროდ კი დაცვის მხარე იგივე მ-----------–-----ის განმარტების, ვიდეოჩანაწერის გაანალიზებით გამორიცხავს გამართლებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ მ-----------–-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია, რომლებსაც მხარეები თავიანთი არგუმენტების გასამყარებლად იშველიებენ, ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათისაა. ამ ინფორმაციების გადამოწმების შესაძლებლობა მ-----------–-----ის დაკითხვის გზით სასამართლოს არ გააჩნდა (მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო), შესაბამისად, ბრალდების მხარის არგუმენტებს, თითქოსდა მ-----------–-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება გამართლებულის ბრალეულობა, პალატა ვერ გაიზიარებს. ბრალდების მხარე ასევე უთითებს, რომ გამართლებულის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა აღნიშნული მოწმეების მიერ გაცხადებული ინფორმაცია ეყრდნობა ისევდაისევ მ-----------–-----ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას - სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც სასამართლოში არ დაკითხულა. ვიდეოჩანაწერით და საქმის მასალებით კი, როგორც აღინიშნა, მ-----------–-----მა გამოძიებას მიაწოდა ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია.

 

პალატა მოცემული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შემდეგ ყურადღებას მიაქცევს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოცემული ბრალდების ფარგლებში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებს, რომ აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად არ დგინდება, რომ მ-----------–-----ს მ----------------ემ გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რის სანაცვლოდაც მიიღო ფულადი თანხა 10000 ლარის ოდენობით. ცალსახაა, რომ მ-----------–----სა და მ----------------ეს შორის მოხდა შეხვედრა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ მოხდა მითითებული პირების პირადი ჩხრეკა. მ-----------–-----ისაგან ნარკოტიკული საშუალებების ამოღება მოხდა არა მ----------------ის ა/მანქანიდან გადმოსვლისთანავე, არამედ გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციის შენობაში. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მ-----------–-----ს აღნიშნული შეხვედრიდან პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე თავისუფლება შეზღუდული არ ჰქონია.

 

საქმის მასალების შესწავლით დგინდება, რომ მ----------------ის ა/მანქნიდან გადმოსვლის შემდეგ მ-----------–-----ი მიდის პლიციის განყოფილებაში, სადაც იკითხება მოწმის სახით და ამის შემდეგ ხდება მისგან შუშის ფლაკონის ამოღება ნარკოტიკებით.

 

ბრალდებამ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, თუ როგორ მოხდა მ-----------–-----ის პოლიციის შენობაში გადაყვანა, იმყოფებოდა თუ არა იგი პოლიციის თანამშრომელთა უწყვეტი კონტროლის ქვეშ, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, გამოერიცხა ნივთმტკიცების (ნარკოტიკული საშუალების) შესაძლო გამოცვლის შესახებ ობიექტური ეჭვი. არ არიან დაკითხული პოლიციის თანამშრომლები (თანამშრომელი), რომლებმაც მ-----------–-----ი გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. უფრო მეტიც, დაკითხულმა მოწმეებმა გამოძიებასა და სასამართლოს განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ ვინ მიიყვანა მ-----------–-----ი პოლიციის შენობაში: მოწმე რ-------------------–---–ის ჩვენებით, შემთხვევის ადგილიდან მ-----------–-----ი პოლიციაში გადაიყვანა ფარული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა ი-------------–---მ, თუმცა ი-------------–--- მ-----------–-----ის პოლიციაში გადაყვანის ფაქტს ადასტურებს მისი ბინის გაჩხრეკის და არა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ. გამოძიებას არ დაუდგენია, თუ რეალურად ვინ გადაიყვანა მ-----------–-----ი პოლიციის შენობაში და არ გამოკითხულა მითითებული პირი იმის შესახებ, გააჩნდა თუ არა მ-----------–-----ს ხელთ არსებული მტკიცებულების გამოცვლის შესაძლებლობა.

 

შესაბამისად, აპრიორი იმის მტკიცება, რომ მ-----------–-----მა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები გამოართვა გამართლებულს და არა სხვა პირს და ა.შ. უტყუარად არ დგინდება. მით უფრო, რომ დაცვის მხარე ავითარებს ვერსია იმასთან მიმართებით, რომ 10000 ლარი მ--------------მა გამართლებულს გადასცა მიწის ნაკვეთის შესაძენად, დაცვის მხარის აღნიშნული ვერსიის გასაბათილებლად/გასაქარწყლებლად ბრალდების მხარეს სარწმუნო, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ მ----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას ვერ იქნა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისი იქნებოდა იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ რომ მ----------------ემ ბრალად წარდგენილი დანაშაულები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე.

 

სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ----------------ემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი გამართლებულ მ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-300 მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპატრამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის ზ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი გამართლებულ მ----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

მ----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ მ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

გაუქმდეს მ----------------ის მიმართ გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად მ----------–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ხ--–----------------------------–-------------–----–- - საკადასტრო კოდით 2------------ დადებული ყადაღა.

 

გამართლებულ მ----------------ეს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთმტკიცება:

 

მ----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.

 

მ-----------–-----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და მ-----------–-----ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

მ----------------ის ხმის ნიმუში, ჩაწერილი CD დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერი, ჩაწერილი DVD-R დისკზე, ფოტოსურათები, ჩაწერილი 2 ცალ DVD-R დისკზე, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

ნ. სანდოძე