განაჩენი

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
010141318700067319
ინსტანცია
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700067319

საქმე N1აგ/561-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

16 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ლ-–- კ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება;

 

ლ-–- კ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდააათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლისა და 63-64-ე მუხლების გამოყენებით კვლავ ჩაეთვალა პირობით.

 

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ლ-–- კ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდააათი) საათის ვადით.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 4 1 ნაწილის საფუძველზე თანახმად 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

2018 წლის 4 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ლ-–- კ------ემ და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვა; კერძოდ, მსჯავრდებული შუამდგომლობაში მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის განაჩენის უნდა გაუქმდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის N1/3/1282 გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ლ-–- კ------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები, მიიჩნია რომ აღნიშნული შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისიწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველბს.

 

კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 იანვრის განაჩენით ლ-–- კ------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინისა“ და „მეტამფეტამინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, დანაშაული გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ-–- კ------ის მოთხოვნას, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციულ წესით სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა არ შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციაში. შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-–- კ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტში მითითებულ საფუძველს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310 - 313-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ლ-–- კ------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ორი კვირის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე