განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150210017002083993
საქმე №2ბ/7479-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები - კ---------------
წარმომადგენელი - ნ------------------
მოწინააღმდეგე მხარე - პ------------------
წარმომადგენელი - გ-----------------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ა------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მოსარჩელე კ---------------ს სარჩელი მოპასუხე პ------------------ის მიმართ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეები ცხოვრობენ ა------------ რაიონის სოფელ დ-------–- მეზობლად.
2.2. მოსარჩელემ 2017 წლის 10 აპრილს საკუთრებაში დაარეგისტრირა ა------------ რაიონის სოფელ დ-------–- 1526 კვმ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საკადასტრო კოდით 6-----------, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხი და დამხმარე სათავსო.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.3. მოპასუხე პ------------------ი ხელს არ უშლის მოსარჩელე კ---------------ს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით ფლობასა და სარგებლობაში.
მოსარჩელეს ხელი არ ეშლება გზით თავისუფლად სარგებლობაში და თავის მიწის ნაკვეთთან და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან სატრანსპორტო საშუალებით თავისუფლად დაკავშირება.
2.4. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საკუთრების სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა, საერთო სარგებლობის გზის გათავისუფლება. თუმცა, დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (ღობე) მდებარეობს ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს, სადაც 2010 წლიდან ტექნიკური ნორმების დაცვით დემონტაჟებულია ანძა (ელექტრო გადამცემი ბოძი). ელექტრობოძი კი, არ შეიძლება მოეწყოს საჯარო გზის სავალი ნაწილის ტერიტორიაზე.
2.5. პ------------------ი მის ფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში აშენებული კედლით (ღობით) არ ხდება კ---------------სათვის ხელშეშლა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის სადავო გარემოება, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა რაიმე სახის ზიანი, მათ შორის, შეეზღუდა ან/და აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხთან მისასვლელი გზით სარგებლობა. მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ იქნება აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება.
არ დგინდება თუ სად გადიოდა ე.წ. „საჯარო გზა“, რა სიგრძისა და სიგანის იყო, ნამდვილად იყო თუ არა ასეთი ე.წ. „საჯარო გზა“ სწორედ მოსარჩელის და მოპასუხის საკადასტრო ერთეულებს შორის საკადასტრო ერთეულის მთელ პერიმეტრზე (მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად).
ასევე აღსანიშნავია, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო რუკასა და ორთოფოტოზე გარდა უკვე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა, ასევე არის ცარიელი სივრცე, რაც თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა მათგანი არის გზა, რითაც მიწის ნაკვეთები ერთმანეთს უკავშირდებიან, ან/და უკავშირდებიან გრუნტიან გზას ან/და სამანქანე გზას ან/და სოფლის გზას და ა.შ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ თავისი ქმედებით მას მოუსპო თავის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სრულფასოვანი სარგებლობის უფლება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზით არ დგინდება ე.წ. „საჯარო გზის“ არსებობა-არარსებობა, მისი პარამეტრები და ადგილმდებარეობა, რის გამოც, მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. პ------------------ი არც მესაკუთრეა და არც მართლზომიერი მფლობელი. მას უკანონოდ აქვს შემოღობილი საჯარო გზის ნაწილი, რითაც ხელს უშლის კ--------------- თავისი საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე განჩინებით, მსჯელობის საგანს წარმოადგენს ადგილი აქვს თუ არა პ-------------------- მხრიდან იმგვარ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლითაც ხელი ეშლება მოსარჩელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. დასახელებული საკითხის კვლევა უნდა განხორციელდეს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პალატა განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების დანაწესზე და განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. პალატა განმარტავს, რომ ნეგატორული სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილი პირი მესაკუთრეა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სამანქანე გზის 75 კვ.მ არ წარმოადგენს არც მოსარჩელის და არც მოპასუხის საკუთრებას. დადგენილია ასევე, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ანძა, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ პ------------------მა შემოღობა 75 კვ.მ სამანქანო გზის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს და აღნიშნულით კ--------------- ხელი ეშლება გზით სარგებლობაში. პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა მოდავე მხარეებს თანაბარი უფლება აქვთ ისარგებლოს მისით და მოპასუხეს არ აქვს უფლება, მოსარჩელეს ან/და სხვა პირებს აუკრძალოს აღნიშნულით სარგებლობა. ამდენად, დგინდება, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს საერთო ქონებით სარგებლობაში, რის გამოც, პ------------------ს უნდა დაევალოს სოფელ დ-------–- კ---------------ს მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელ სამანქანე გზის 75 კვ.მ ფართზე ხელშეშკლის აღკვეთა და მისი გამოთავისუფლება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ა------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი პ------------------ს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ჯამში, 260 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ---------------ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ა------------ რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. კ---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
4. პ------------------ს დაევალოს სოფელ დ-------–- კ---------------ს მიწის ნაკვეთთან და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელ სამანქანე გზის 75 კვ.მ ფართზე ხელშეშკლის აღკვეთა და გამოთავისუფლება.
5. პ------------------ს კ---------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 260 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე