განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002277845
საქმე #1ბ/738-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ------------–---–ის
მსჯავრდებულის: ა-–-------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №------------), ა-–-------------ის, დაბადებულის 1990 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებელის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–---------------------------------------–------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–-------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
ა-–-------------ემ 2017 წლის ივლისიდან 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით არაერთხელ მიაყენა დედამისს - რ----------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები ა-–-------------ემ რ----------ის მიმართ განახორციელა ასევე 2017 წლის 8 ოქტომბერს, 21 ოქტომბერს და 22 ოქტომბერს - ქ-------–--–------------------------------------------------ში, რამაც გამოიწვია დაზარალებულ რ----------ის ტანჯვა.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-–-------------ემ ასევე ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------------ში, ა-–-------------ემ დედამისს, რ----------ეს დაარტყა ხელი და მიანარცხა კედელზე.
2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 11:25 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------------ში, ა-–-------------ემ დედამისს, რ----------ეს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სხეულზე.
2017 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-------–--–------------------------------------------------ში, ა-–-------------ემ დედამისს, რ----------ეს მუშტი დაარტყა სახის არეში და ხელი ჰკრა, რის შედეგადაც რ----------ე დაეჯახა კედელს. ყოველივე ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ რ----------ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით:
ა-–-------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა-–-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
ა-–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-------------ემ 2017 წლის 8 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, ქ-------–--–------------------------------------------------ში, დედამისს - რ----------ეს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას. ყოველივე ამან შედეგად გამოიწვია დაზარალებულ რ----------ის ფსიქიკური ტანჯვა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში აპელანტმა მოითხოვა ა-–-------------ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში ა-–-------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, აღნიშნული კვალიფიკაციით ამ უკანასკნელის დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (იხ. სააპელაციო საჩივარი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ა-–-------------ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
აპელანტი, - სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ რ----------ის, მოწმეების - ლ-----------ის (მსჯავრდებულის ძმა), გ---------------ას (პატრულ-ინსპექტორი, რომელიც თავის მეწყვილესთან ერთად 2017 წლის 8 ოქტომბერს გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - დაზარალებულის ბინაში) ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (2017 წლის 18 დეკემბერს დათვალიერდა რ----------ის საცხოვრებელი ბინა), ამოღების ოქმით (2017 წლის 18 დეკემბერს რ----------ისგან ამოღებული იქნა დაზიანებული სათვალე) - დადგენილი და დადასტურებულია მსჯავრდებულ ა-–-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა-–-------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს და 2017 წლის 20 ოქტომბერს ა-–-------------ემ ფიზიკურად იძალადა დედამისზე - რ----------ეზე, როგორც ეს ბრალდების შესახებ დადგენილებაშია მითითებული. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდება აღნიშნულ ეპიზოდში ემყარება მხოლოდ დაზარალებულ რ----------ის ჩვენებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ა-–-------------ემ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის - დედის მიმართ სისტემატური ცემა ჩაიდინა. ბრალდება ამ ეპიზოდში ეფუძნება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ რ----------ის ჩვენებას. მოწმეები - ლ-----------ე და გ---------------ა სასამართლოში მიცემულ თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ ა-–-------------ის მიერ მხოლოდ 2017 წლის 8 ოქტომბერს ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებზე, რაც ასევე დადასტურებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 112-ის ექიმების - თამარ კობერიძისა და ლია ბატიაშვილის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით და ამავე დღეს გ---------------ას მიერ შედგენილი №003727 შემაკავებელი ორდერით, ხოლო საგამოძიებო მოქმედებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამოღება - ჩატარებულია 2017 წლის 18 დეკემბერს. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ა-–-------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დამადასტურებლად, რომ ა-–-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშული.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ ა-–-------------ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------------ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ა-–-------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ა-–-------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
ა-–-------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
სისხლის კვალის ნიმუში და მინის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, განადგურდეს;
სათვალე, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, დაზარალებულ რ----------ეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე