განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001518349
საქმე №3ბ/1482-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - შ--–-- კ----–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ--–- მ----–--ე;
წარმომადგენელი - მ----- ნ--------ე;
მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური;
წარმომადგენელი - გ--------------ე;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის არ დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--–- მ----–--ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება და მოპასუხეს დაევალა, ნ--–- მ----–--ის ადმინისტრაციული საჩივრის არსებითად განხილვა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილებით ნ--–- მ----–--ე 8000 ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, მ----–---–ის ქუჩა N--ში (ლ-------ის მთა) სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის და დაევალა მას შესაბამისი უნებართვო ნაგებობების დემონტაჟი.
2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილება ნ--–- მ----–--ის წარმომადგენელ მ----- ნ--------ეს 2016 წლის 25 მაისს ჩაბარდა.
2.3. ნ--–- მ----–--ის წარმომადგენელმა მ----- ნ--------ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ადმინისტრაციული საჩივარი ელექტრონული ფოსტით 2016 წლის 9 ივნისს გადაუგზავნა. აღნიშნული გზავნილის პასუხად მ----- ნ--------ეს განემარტა, რომ საჭირო იყო კორესპონდენციის მატერიალური სახით წარდგენა, რის შემდეგაც ნ--–- მ----–--ის საჩივარი მერიას მატერიალური სახით 2016 წლის 10 ივნისს წარედგინა.
2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანებით ნ--–- მ----–--ის წარმომადგენლის მ----- ნ--------ის 2016 წლის 10 ივნისის N--------- ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა. მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ საჩივრის ავტორის წარმომადგენელი გასაჩივრებულ დადგენილებას პირადად 2016 წლის 25 მაისს გაეცნო. ამავე ბრძანების მიხედვით, სადავო დადგენილება მითითებული დროიდან 15 დღის ვადაში უნდა გასაჩივრებული, თუმცა საჩივარი ამ ვადის დარღვევის მერიას 2016 წლის 10 ივნისს წარედგინა, რის გამოც უნდა ყოფილიყო დატოვებული განუხილველად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.5. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, რომლიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ბრძანების შინაარსის მიხედვით, მისი კანონიერების საკითხის გადასაწყვეტად უნდა შეფასებულიყო, გააჩნდა თუ არა მერს ნ--–- მ----–--ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს. ხოლო იმავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
სასამართლომ მოიხმო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტები, რომლის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილებაზე ნ--–- მ----–--ის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონული ფოსტით კანონით განსაზღვრულ 15- დღიან ვადაში - 2016 წლის 9 ივნისს წარედგინა, წარდგენის ფორმასთან დაკავშირებული მითითება კი მომდევნო დღეს იქნა შესრულებული.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა ნ--–- მ----–--ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, არამედ, იგი ვალდებული იყო, არსებითად ემსჯელა საქმეზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მერს უნდა დაევალოს, განიხილოს საჩივარი.
2.6. შესაბამისად, სასამართლომ მიინია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის მერის ვალდებულება გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნაზე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეთანხმება და სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სამართლებრივი დასაბუთება
6.1. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
6.2. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ხოლო იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და უპასუხებდეს ამ კოდექსის მოთხოვნებს.
პალატა განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში იგი უნდა აღდგეს, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.
პალატა ასევე მიუთითებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებზე, რომლების შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.
ამრიგად, მითითებული ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 11 მაისის N------ დადგენილებაზე ნ--–- მ----–--ის ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ელექტრონული ფოსტით კანონით განსაზღვრულ 15- დღიან ვადაში - 2016 წლის 9 ივნისს წარედგინა, წარდგენის ფორმასთან დაკავშირებული მითითება კი მომდევნო დღეს იქნა შესრულებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების შეფასების შედეგად პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ ქ. თბილისის მერს არ ჰქონდა ნ--–- მ----–--ის საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, არამედ, იგი ვალდებული იყო, არსებითად ემსჯელა საქმეზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 18 აგვისტოს N------ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ. თბილისის მერს უნდა დაევალოს, განიხილოს საჩივარი, აღნიშნული კი გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, იმსჯელოს მითითებული დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნაზე.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა