განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002533946
საქმე №1ბ/1219-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
აშ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 სექტემბერს, პ/ნ N4----------, საქართველოს მოქალაქის, ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. ა---––-----–-----------–---------------------, რეგისტრირებულის: ქ. ა---––-----–-----------------–--------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენით აშ--------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
აშ--------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 21 მაისს დაახლოებით 18:30 საათზე აშ--------------მა ქ. ა---––---–--–-------------–-- ქუჩაზე მდებარე ცენტრალური სტადიონის მახლობლად ვალის გადაუხდელობის გამო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ქ. ა---––---–------–---------------------ში მცხოვრებ კა---–---------ეს, რის შემდეგაც ხელის რამდენიმე დარტყმით სახის არეში კა---–---------ეს მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, აშ--------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ვერ იქნება შემაკავებელი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სასჯელის მიზნებს. სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება დაზარალებულის მდგომარეობაზე, მისთვის მიყენებული დამამცირებელი მოპყრობის და დაზიანებების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში საინტერესოა მოსამართლის ხედვა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, ბრალდების აზრით აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის, ყოველივე აღნიშნულის გამოთქმის საფუძველს იძლევა თუნდაც ბრალდებულის პიროვნება და წარსული ნასამართლობები, სახელმწიფოს მიერ გამოყენებულმა არაერთმა ჰუმანურმა და შემწყნარებლურმა დამოკიდებულებამ ვერ იქონია გავლენა ბრალდებულის რესოციალიზაციაზე, სხვა დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენაზე; გაუგებარია და არც განაჩენში იკითხება თუ რა ფაქტორმა შეუქმნა მოსამართლეს მეტისმეტი შემწყნარებლური შინაგანი რწმენა ლმობიერი და მართლაც, რომ წამახალისებელი განაჩენის დადგენისა, რაც ასევე ერთგვარად მიანიშნებს სასჯელის უკანონობაზე, დაუსაბუთებლობაზე და სიმსუბუქეზე.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო-------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ კა---–---------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ტა--------------–-----ის, ელ---------------ის, ან-------------------ის და თი----------–---რის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N4---------, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 31 მაისის N6------ დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ აშ--------------ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. ამასთან, დაზარალებულმა მას აპატია ჩადენილი ქმედება, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს მაქსიმალური შეღავათების და არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კა--------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
აშ--------------ი პ/ნ (4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლისა და 06 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 01 წელი და 06 თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 02 წელი.
აშ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 2000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ჟ----- ბ--------ის პ/ნ (4----------) საკუთრებაში არსებულ 80.70 კვ.მ უძრავ ქონებას მდებარე: ა---––-------------–----------------, ს.კ 6------------------. (2018 წლის 04 ივლისის N 12/038-18 განჩინება).
პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ, აშ--------------ის მიმართ კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
ნივთმტკიცება: კა---–---------ის კუთვნილი ერთი ცალი მაისური, რომელიც ინახება შსს ახალციხის პოლიციის სამმართველოში, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - კა---–---------ეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე