განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
130100118002462976
ინსტანცია
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002462976

საქმე №1ბ/1225-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნუ--------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, მცხოვრების მისამართზე: ხ-–------------------------–-----–----ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენით ნუ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაშიც ჩაეთვალა 2018 წლის 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა; დანიშნული სასჯელი (ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაითვალა პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ნუ--------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ხ-–------------------------–----–----ში ნუ--------------ემ თავის საცხოვრებელ სახლში ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ზე--------------ეს; კერძოდ, ხელი დაარტყა თავის არეში, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც დაზარალებული შეეცადა მისგან თავის დაღწევას, მან თანნაქონი დანის მარჯვენა ქვედა კიდურში, კონკრეტულად, წვივში დარტყმით, დაზარალებულს მიაყენა დაზიანება, რამაც ასევე გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის მსუბუქი და უნდა შეიცვლოს, რადგან მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე. ნუ--------------ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ფიზიკურად გაუსწორდა თავის მეუღლეს - ზე--------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეუღლე წლების განმავლობაში აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ამის შესახებ მას არ განუცხადებია სამართალდამცავებისთვის. ყურადსაღებია ძალადობის განხორციელების ფაქტობრივი გარემოებები და მის მიერ დანაშაულის ჩადენისას, მეუღლის მიმართ ცივი იარაღის გამოყენება, რაც კიდევ უფრო ამძიმებს და ხაზს უსვავს ქმედების საშიშროებას და დამნაშავის ძალადობრივ ბუნებაზე მეტყველებს.

აპელანტს მიაჩნია, რომ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის წინააღმდეგ სამართლიანი და სასჯელის მიზნების ადეკვატური ღონისძიებების გაუტარებლობა და მსგავსი დანაშაულის მიმართ, სახელმწიფოს შემწყნარებლური დამოკიდებულება მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული, რადგან სასჯელის პრევენციული მექანიზმის ეფექტურობა მინიმუმამდე იქნება შემცირებული. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ნ-------- ი-----ეს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო იხელმძღვანელებს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით და არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შეაკავებელი მექანიზმი, ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

მსჯავრდებულ ნუ--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქე-------------–--ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ზე--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: აკ-----------ის, ნი----------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ბრალდებულის აღიარება, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნა, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის №1----–- დასკვნა, ბიოლოგიური ექსპერტიზის №1----- დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში მიიღო, რომ ნუ--------------ე აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არ არის დაინტერესებული მისი მკაცრად დასჯით და ჩათვალა, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც იზიარებს და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ თე--------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნუ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა;

 

გამოსაცდელი ვადის პერიოდში კონტროლის განხორციელება მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს;

 

ნუ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

შესაბამის ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში;

 

ნივთმტკიცება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, იატაკის საფენის ორი ცალი პატარა ნაჭერი, შემდგომი კვლევისთვის აღებული მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები, ზე--------------ის სისხლის ნიმუში განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე