განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 180100118002530336
საქმე №1ბ/1215-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მცხეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გი---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მა-–----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი N0----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების მისამართზე: ქალაქი თ---–--------------------------------------–---------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით მა-–----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მა-–----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც შედეგად არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 04 აპრილს ქალაქ დ--–---–-----------–------------ში მდებარე სასტუმრო ,,ო-–--------------–-ს’’ სამზარეულო ოთახში მა-–----------------ემ ამავე სასტუმროს დირექტორის ლე-–-----------ის მიმართ განახორციელა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მა-–----------------ემ გაშლილი ხელი დაარტყა ლე-–-----------ეს სახის არეში მარცხენა მხარეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გადავარდა სკამიდან და დავარდა იატაკზე, ხოლო მა-–----------------ემ წაქცეულ ლე-–-----------ეს კვლავ რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. აღნიშნულის შემდგომ მა-–----------------ემ საკონფერენციო ოთახში გასულ ლე-–-----------ეს ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - აგინებდა, მოიხსენიებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, შემდეგ კი კვლავ განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და თავის არეში. მა-–----------------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ლე-–-----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორმა გი---------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მა-–----------------ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უსამართლოა და დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ უნდა მიიღოს მხოლოდ მსჯავრდებულის პიროვნება, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში მოხდა, არამედ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ქმედების ხასიათი, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ იქნა განზრახი კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მოწყვლადი პირთა წრის წარმომადგენლის - ქალის მიმართ, რომელსაც თანამშრომლების თვალწინ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა არამხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ მორალური თვალსაზრისითაც მძიმე წნეხის ქვეშ მოექცა, სასამართლომ კი მხედველობაში არ მიიღო ზემოაღნიშნული გარემოებანი და მსჯავრდებულ მა-–----------------ეს დაუნიშნა შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციებიდან ყველაზე მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა იმ ოდენობით, რომელიც ფაქტობრივად, ჩადენილი ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, უტოლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის მინიმალურ ოდენობას, რაც აშკარა უსამართლობას წარმოადგენს. სასამართლომ სასჯელის დასაბუთებისას იმსჯელა მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებებზე, თუმცა მხედველობაში არ მიიღო, რომ დაზარალებული დღემდე არ არის შერიგებული მსჯავრდებულთან, ამ უკანასკნელის მიერ მისთვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, არ იმსჯელა ქმედების განხორციელების სახეზე, კერძოდ იმაზე, რომ მსჯავრდებული გამეტებით ურტყამდა დაზარალებულ ქალბატონს, როდესაც ეს უკანასკნელი გაარიდეს და გაიყვანეს სხვა ოთახში, მა-–----------------ე კვლავ შეიჭრა მასთან ოთახში და გააგრძელა მისი ცემა. მა-–----------------ე საბოლოოდ მხოლოდ სასტუმროს თანამშრომელთა ძალისხმევის შედეგად იქნა გაყვანილი სასტუმროს ტერიტორიიდან; დაზარალებულმა განიცადა არამხოლოდ ფიზიკური ტკივილი, არამედ დამდგარი შედეგი ბევრად გასცდა სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ძირითად შედეგს, ვინაიდან დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა მის მოუშლელად. აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და მა-–----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და------------------ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ცემის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლე-–-----------ის ჩვენება, მოწმეების: ეკ------------------–ის, მა---------–--–---–ის და მზ------–----ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს, რომ მა-–----------------ეს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ მან სასამართლოში საქმის განხილვისას გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში გამოთქვამს მზადყოფნას აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური ზიანი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, სადაც მა-–----------------ე 2008 წლიდან 2017 წლამდე გენერალური მდივნის პოზიციაზე მუშაობდა, მას ახასიათებს დადებითად. პალატას მიიჩნია, რომ ჯარიმა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ გი---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მა-–----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 01 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ მა-–----------------ის მიერ ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მა-–----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს ვ-------- ჯ---------ეს, პირადი ნომერი 0----------, დაუბრუნდეს ამ საქმეზე სს ,,საქართველოს ბანკში’’ 2018 წლის 06 ივლისს შეტანილი საგირავნო თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
ნივთიერი მტკიცებულებები: ორი ცალი ,,სიდი’’ დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის მოცემულ საქმეს მისი (საქმის) შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე