განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017001767266
საქმე №2ბ/3355-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ბესარიონ ტაბაღუა
საქმის განხილვის ფორმა --ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ--–---- ქ------–------, ლ---- ქ------–------, ჯ------- კ-----–---–--
წარმომადგენელი - ვ-–-----------------
მოწინააღმდეგე მხარე - ს----------------------ი“
წარმომადგენელი - გ-------------------, ვ----–----–-–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2008 წლის 01 აგვისტოს ს----------------------სა“ და მ--–---- ქ------–------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება N4------, 2015 წლის 23 ოქტომბერს კი მოხდა აღნიშნული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმარტება, ასევე ხელშეკრულებას დაემატა 2.5, 4.9 და 8.5 პუნქტები. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, არაუმეტეს წლიური 36%-ის გადახდით.
2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 23 ოქტომბერს შემადგენელი ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა სესხი N7------------ აშშ დოლარის ოდენობით, 93 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.
3. 2008 წლის 01 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს----------------------სა“ და ჯ------- კ-----–---–--ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ჯ------- კ-----–---–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ------------ N19 და ფ-----–---–---ს ქ N20, N22, ბინა N3. ს/კ 0----------------------.
4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ს----------------------სა“ და ჯ------- კ-----–---–--ს შორის 2008 წლის 01 აგვისტოს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 01 აგვისტოს ს----------------------სა“ და ლ---- ქ------–------ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარული მოვალეები თანახმა არიან მსესხებელთან ერთად იკისრონ ფულადი ვალდებულებები სოლიდარულად. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით.
5. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 26 სექტემბრის შეადგენს 62 505.5 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 49103.62 აშშ დოლარი, პროცენტი - 12 476.82 აშშ დოლარი, ჯარიმა 925.06 აშშ დოლარი.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს----------------------მა“ და მოითხოვა მოპასუხეებს მ--–---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს და ლ---- ქ------–------ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სესხის ძირი თანხა 49103.62 აშშ დოლარი, სარგებლის 12 476.82 აშშ დოლარი და პირგასამტეხლოს 925.06 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს მ--–---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს და ლ---- ქ------–------ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირ თანხაზე 49 103.62 აშშ დოლარზე, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით 22 214.23 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს ჯ------- კ-----–---–--ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების ქ. თბილისი, ქ------------ N19 და ფ----–---–---ს ქ N20, N22, ბინა N3. ს/კ 0----------------------. აუქციონზე რეალიზაცია. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეთა დავალიანება (გრაფიკის ბოლომდე) ბანკის წინაშე #7------ შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს ჯამში - 84719,73 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 49103,62 აშშ დოლარი, პროცენტი 34691,05 აშშ დოლარი და ჯარიმა 925,06 აშშ დოლარი. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ ვალი დაუფარავია.
7. მოპასუხეთა წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე ცნო მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის 49 103.62 აშშ დოლარის და პირგასამტელოს 925.06 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოთხოვნები არ ცნო. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული სარგებელი არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ს----------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მ--–---- ქ------–------ს, ლ---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 2015 წლის 23 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება სესხის ძირი თანხა 49 103.62 აშშ დოლარის, სარგებლის 12 476. 82 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 925.06 აშშ დოლარის გადახდა. მ--–---- ქ------–------ს, ლ---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 3928.28 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ------------ N19 და ფ----–---–---ს ქ N20, N22, ბინა N3 ს/კ 0----------------------, მესაკუთრე ჯ------- კ-----–---–--. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ მოხდება ვალდებულების სრულად შესრულება, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა ქონებაზე. მ--–---- ქ------–------ს, ლ---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 905.81 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხეების წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ცნო სესხის ძირი თანხისა და პირგასამტეხლოს ნაწილში, რაც ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე ამავე ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის კერძოდსესხის ძირი თანხის 49103.62 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 925 აშშ დოლარის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.
8.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 12 476.82 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რაც წლიურ 17%-ს შეადგენს. ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული.
ზემოაღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, პროცენტის საერთო ოდენობა შეადგენს 34 691 აშშ დოლარს, საიდანაც სესხზე დარიცხული სარგებელი 2017 წლის 16 იანვრის მდგომარეობით(სარჩელის აღძვრის დროისათვის) შეადგენს 12 476.82 აშშ დოლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებლის ოდენობა 22 214.23 აშშ დოლარს. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი დაკრედიტების შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მ--–---- ქ------–------ს, ლ---- ქ------–------ს და ჯ------- კ-----–---–--ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2008 წლის 01 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ერთ წელზე დაანგარიშებით შეადგენს 3928.88 აშშ დოლარს. სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ არგუმენტებს და მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მ--–---- ქ------–---ას, ლ---- ქ------–------ს და ჯ------- კ-----–---–--ს ს----------------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის 3928.28 აშშ დოლარის გადახდა.
8.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად, სს „პ-----------------სა“ და ჯ------- კ-----–---–--ს მინდობილობით მ--–---- ქ------–------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ჯ------- კ-----–---–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ------------ N19 და ფ----–---–---ს ქ N20, N22, ბინა N3. ს/კ 0----------------------.
ამავე გარიგებების 5.6. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მოპასუხეების სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხეთა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები. ასევე დასაბუთებულია ს----------------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მ--–---- ქ------–------მ, ლ---- ქ------–------მ და ჯ------- კ-----–---–--მ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ნორმების გამოყენებისა და განმარტებისას არ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ მსესხებელს ბანკისთვის დაბრუნებული აქვს გაცილებით მეტი თანხა ვიდრე ძირი თანხა და ახალ განაწილვადებაში ძირ თანხაში ჩათვლილი (მიმატებული) აქვს სწორედ გადაუხდელი სარგებელი და ხელახლა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნასთან და ძირი თანხის დაბრუნებასთან ერთად დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნიათ პირგასამტეხლოს 905.06 აშშ დოლარის დაკისრება, მაგრამ მიუღებელი შემოსავლისა და სარგებლის დამატებით დაკისრება უსაფუძვლოა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
სამოტივაციო ნაწილი
10. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
11. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
11.1. 2008 წლის 01 აგვისტოს ს----------------------სა“ და მ--–---- ქ------–------ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება N4------, 2015 წლის 23 ოქტომბერს კი მოხდა აღნიშნული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის განმარტება, ასევე ხელშეკრულებას დაემატა 2.5, 4.9 და 8.5 პუნქტები. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, არაუმეტეს წლიური 36%-ის გადახდით.
11.2. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 23 ოქტომბერს შემადგენელი ხელშეკრულების ფარგლებში გაიცა სესხი N7------------ აშშ დოლარის ოდენობით, 93 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით.
11.3. 2008 წლის 01 აგვისტოს გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს----------------------სა“ და ჯ------- კ-----–---–--ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ჯ------- კ-----–---–--ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, ქ------------ N19 და ფ-----–---–---ს ქ N20, N22, ბინა N3. ს/კ 0----------------------.
11.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, ს----------------------სა“ და ჯ------- კ------–---–--ს შორის 2008 წლის 01 აგვისტოს დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, ასევე 2008 წლის 01 აგვისტოს ს----------------------სა“ და ლ---- ქ------–------ს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარული მოვალეები თანახმა არიან მსესხებელთან ერთად იკისრონ ფულადი ვალდებულებები სოლიდარულად. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარით.
12. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას შეუსაბამოდ მაღალი სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით და განმარტავს შემდეგს:
2015 წლის 23 ოქტომბერს შემადგენელი ხელშეკრულების ფარგლებში მ--–---- ქ------–------ზე გაიცა სესხი N7------, 51457 აშშ დოლარის ოდენობით, 93 თვის ვადით, წლიური 17% სარგებლის დარიცხვით. საქმეში არსებული 2015 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულების 4.9. პუნქტის თანახმად: „თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია, რაზეც მხარეები აცხადებენ თანხმობას“, ხოლო 01.08.2008 წლის 4------. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1. პუნქტის თანახმად ბანკი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე და მის საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულება, მოითხოვოს გაცემული კრედიტის ვადამდე დაფარვა, დარიცხული პროცენტის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაფაროს კრედიტის/კრედიტების დარჩენილი თანხა, დარიცხული პროცენტები და პირგასამტეხლო, აგრეთვე აანაზღაუროს ბანკისთვის მიყენებული ზიანი.
პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
2018 წლის 29 მარტის მდგომარეობით, მ--–---- ქ------–------ს დავალიანება სს „პ-------------------ს” მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 49 103 62 აშშ დოლარი, პროცენტი - 12 476 82 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 925.06 აშშ დოლარი. პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ზემოაღნიშნული სააკრედიტო ხელშეკრულებების დებულებები, რომლითაც სესხისათვის სარგებელი განისაზღვრა, არ არის შეუსაბამოდ მაღალი არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით არ არის უცილოდ ბათილი, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიწვევდა არა მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას, არამედ სარგებლის ნაწილში მის ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე. პალატა განმარტავს რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.
პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ივლისის №ას-663-629-2015 გადაწყვეტილებაში მითითებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული სესხის იმ პირობის სამართლიანობას, რომელიც სესხისათვის არაგონივრულ სარგებელს ითვალისწინებდა და ამით არღვევდა კრედიტორის ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს „სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა და სარგებლის მიმღები მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა“. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი შემცირდა წლიურ 48%-მდე. (ას-139-139-2018)
13. მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება ეფუძნება სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე და 412-ე მუხლების სამართლებრივ დანაწესს, რომლის მიხედვითაც ფულადი ვალდებულების შესრულების წარმოშობის დროდან კრედიტორს შესაძლობლობა ჰქონდა მიეღო სარგებელი, კონკრეტულ შემთხვევაში კი, დათქმულ დროში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი. (იხ სუსგ საქმე ას-929-869-2017)
პალატა განმარტავს რომ, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ოდენობის მართლზომიერი დაანგარიშების მნიშვნელობს თვალსაზრისით საკასაციო პალატა მოიხმობს საქარველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტლებებში გაკეთებულ განმარტებებს, რომლებიც შეეხება კრედიტორის სასარგებლოდ ზიანის დაკისრების წარმოშობის საფუძვლებს და მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშების პერიოდს. საქმეზე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი,2015 წელი, საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „ზიანი არის კანონითგათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის(სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა,რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი).სსკ-ის 411 ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. (შდრ: სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012)
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011). იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
ამდენად, მიუღებელი შემოსავლის სახით პრეზუმირებულ ზიანს ძირითადად მაშინ აქვს ადგილი, როდესაც დავა შეეხება ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას. რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას (იხ.,იხ., სუსგ №ას-992-950-2013, 4 მარტი, 2014 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ ბანკმა უნდა მიიღოს ის თანხა, რასაც იგი მიიღებდა, მაგრამ ვერ მიიღო ხელშეკრულების დარღვევის გამო. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის დავალიანება დადგენილია სესხი ძირი თანხა 49 103 62 აშშ დოლარი და გადაუხდელი სარგებელი - 12 476 82 აშშ დოლარი ამდენად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანი ვალდებულების დარღვევიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. (შეად. სუსგ საქმე ას-929-869-2017) მართალია მოსარჩელის მიერ მოთხოვილი არ არის გადაწყვეტილების აღრსულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით გადასახდელი თანხის გარკვეული გონივრული პროცენტი, თუმცა მას მისი მოთხოვნის ფარგლებში დაეკისრა მთლიანად/ერთიანად ერთი წლის მიუღებელი შემოსავალი. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის კი კრედიტორის მიერ პრეტენზიების წარდგენის მიუხედავად ვალდებულება შესრულებული არ არის, ამდენად, პალატა თვლის, რომ მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
14. საპროცესო ხარჯები
აპელანტების მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ--–---- ქ------–------ს, ლ---- ქ------–------ს, ჯ------- კ-----–---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
ბესარიონ ტაბაღუა