განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210018002379928
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-793-2018 26 სექტემბერი 2018 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - - - - ზ----- ლ----ე ნ--- ზ------ე ზ---- რ------ე თ---------- ფ-----ე
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, დამხმარე ნაგებობის გადატანა, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება, მოპასუხე ზ---- რ------ისათვის, სამეზობლო საზღვარზე აშენებული დამხმარე ნაგებობის გადატანის დავალდებულება, მოპასუხის სახურავიდან გადმოდინებული წყლით მიყენებული ზიანის-4000 ლარის ზ---- რ------ისათვის დაკისრება სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 1998 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა და 2002 წელს საჯარო რეესტრში საკუთრებაში დაირეგისტრირა ქ.ზ----------ში, 9-------–-- ქუჩა N---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მის მეზობლად N---ში ცხოვრობს მოპასუხე ზ---- რ------ე. მოპასუხემ მათი ეზოების საზღვარზე ააშენა დამხმარე ნაგებობები - სააბაზანო და საპირფარეშო, რაც ხელს უშლის თავისი საკუთრების სარგებლობაში, ისინი მდებარეობს მის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან და უქმნის დისკომფორტს, როგორც ეზოში ყოფნისას, ასევე ეზოში შესვლისა და გასვლის მომენტშიც. ამდენად, ზ---- რ------ემ სხვა ადგილზე უნდა გადაიტანოს მის მიერ აშენებული დამხმარე ნაგებობა. გარდა ამისა, ზ.რ------ის საცხოვრებელი სახლის სახურავიდან და დამხმარე ნაგებობის (სველი წერტილის) სახურავიდან გადმოდის წყალი, რითაც ზიანდება მისი საცხოვრებელი სახლის ჭერი, კედლები, იატაკი, ფანჯრები და კიბე. ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა კი შეადგენს 6100 ლარს, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წლებია ცხოვრობს ზ----- ლ----ის მოსაზღვრედ. ამ ხნის განმავლობაში მოსარჩელე არაერთხელ ედავა სასამართლო წესით, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ. არც მისი საცხოვრებელი სახლი და არც დამხმარე ნაგებობა ზ----- ლ----ეს არ უშლის ხელს და არც ზიანს აყენებს, ვინაიდან, ისეა აშენებული, რომ სახურავებიდან ჩამონადენი წყალი თავად მისსავე ეზოში ჩაედინება და არა ზ----- ლ----ის ეზოში. გარდა ამისა, საცხოვრებელი ე.წ. ,,ფინური სახლი'' ააშენა 2007 წელს, მანამდე იქ არსებული ძველი ხის სახლის ფარგლებში, პროექტის საფუძველზე და კანონის სრული დაცვით. დამხმარე ნაგებობა - სველი წერტილი ააშენა 2007 წელს ძველი დამხმარე ნაგებოების ადგილას, კანონის სრული დაცვით, ზ----------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტით, რომელიც საჯარო რეესტრშია დარეგისტრირებული. რაც შეეხება საზიარო ბელეტაჟის სახლს, ას წელზე მეტია აშენებულია და იმავე მდგომარეობაშია, როგორც ზ----- ლ----ის მიერ მისი შეძენის დროს იმყოფებოდა და მასზე მოპასუხის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. მოსარჩელე ზ----- ლ----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ზ----- ლ----ისა და ზ---- რ------ის ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ქ.ზ----------ში, 9-------–-- ქუჩა N---სა და N---ში ერთმანეთის მეზობლად და მომიჯნავედ. 2.2. ზ---- რ------ის ეზოში განთავსებულია ორი სახლი. ერთი ფინურ სტილზე დახურული და მეორე ბელეტაჟზე აგებული, რომლის ერთი ნაწილი, მარცხენა მხარე არის ზ---- რ------ის, ხოლო მარჯვენა მხარეს - ზ----- ლ----ის. საზიარო სახლის ნაწილები გაყოფილია ყრუ კედლით, ხოლო სახლის წინა ნაწილში, მხარეთა კუთვნილი სივრცეები გამოყოფილია ზ. ლ----ის აივნის მოაჯირის ზემოთ დამაგრებული, დაახლოებით 2,20 მეტრი სიმაღლისა და 1.50 სიგანის ლითონის ფურცლით იმგვარად, რომ ზ. რ------ის ეზოდან, ზ. ლ----ის ეზოში გადასვლა და გადახედვა შეუძლებელია. ეზოების გამყოფი ლითონის ფურცლები არსებობდა ზ----- ლ----ის მიერ სახლის შეძენამდე და წინა მესაკუთრის გაკეთებულია. ზ. ლ----ის კუთვნილი სახლის ნაწილი გადახურულია ძველი შიფერით, რომლის ქვემოთაც დამაგრებულია წყლის სადინარი ღარი. სახლის წინა შუშაბანდი, კედლები და ჭერი სიძველისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების გამო ძალზე დაზიანებულია. შუშაბანდს და ფანჯრებს ზოგ ადგილას არ აქვს მინები. სახლის ჭერზე და კედლებზე ალაგ -ალაგ შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი. საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად თითქმის უვარგისია. 2.3. ზ----- ლ----ის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან 70 სმ-ში არის ზ. რ------ის კუთვნილი დამხმარე ნაგებობა - სველი წერტილი. მისი კედელი გვერდის მხრიდან ესაზღვრება ქუჩას, ხოლო უკანა კედელი 1.80 მეტრის სიგრძეზე წარმოადგენს ღიობის გარეშე არსებულ, მხარეთა ეზოების ფაქტობრივ საზღვარს, მიჯნას. დამხმარე ნაგებობის კედლის შემდეგ, ეზოებს ყოფს 2004 წელს, თავად ზ----- ლ----ის მიერ აშენებული 25 სმ სიგანის, 1.30 სმ სიმაღლის და 5.80 მეტრი სიგრძის აგურის კედელი (ღობე), რომელიც 12 სანტიმეტრით დაშორებულია ზ---- რ------ის დამხმარე ნაგებობის - სველი წერტილის უკანა კედლიდან. აგურის ღობის დასასრულს მდებარეობს ზ----- ლ----ის საცხოვრებელი სახლის კიბე მოაჯირით, რომელსაც მოაჯირის ზემოთ, მხარეთა ეზოების გასამიჯნად დამაგრებული აქვს ლითონის ფურცელი, სიგრძე -2 მეტრი, სიმაღლე - 1.20 მეტრი. აგურის ღობიდან მარცხნივ, 50 სმ-ში მდებარეობს ზ---- რ------ის ე.წ. ფინურად დახურული სახლის უკანა კედელი. 2.4. ზ---- რ------ის ეზოში მდებარე მეორე, ე.წ. ფინური სტილის სახლი აშენდა 2007 წელს, იქ არსებული ძველის ხის სახლის ფარგლებში. სახლის სახურავი არ გადადის მოსარჩელეს ეზოში, ეშვება მოპასუხის ეზოში და დამხმარე ნაგებობის -სველი წერტილის სახურავზე. სველი წერტილის სახურავი არის ბეტონით მოპირკეთებული და დაქანება აქვს გზის, ასევე ზ---- რ------ის ეზოს მხარეს. ზ---- რ------ის სახლისა და დამხმარე ნაგებობის კედლებს, ასევე მხარეთა ეზოების გამყოფ აგურის ღობეს, წყლის ჩამოსვლის კვალი არ ეტყობა. 2.5. საზიარო, ბელეტაჟი სახლის ზ---- რ------ის კუთვნილ ნაწილს აქვს საჰაერო, რომელიც ამოშენებული არ არის. საჰაეროს აფარებული აქვს ლითონის ბადე იმგვარად, რომ ხელს არ უშლის ჰაერის თავისუფლად მოძრაობას. სახლის ეს ნაწილი დახურულია შიფერით, წყლის საწვიმარი ღარი მოწყობილი აქვს ზ. რ------ის ეზოს მხარეს და მისი დაქანება იმგვარია, რომ სახურავიდან გადმოსული წყალი ჩადის ისევ, ზ. რ------ის ეზოში. 2.6. მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან, ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა - სველი წერტილი (სააბაზანო და საპირფარეშო) ზ----------ის რაიონის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების მიერ დამტკიცებული სათანადო პროექტის საფუძველზე, 2007 წელს ააშენა ზ---- რ------ემ, იქ არსებული და ზ----------ის რაიონის გამგეობის ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე. დამხმარე ნაგებობა (საპირფარეშო და სააბაზანო) არის კაპიტალური, მოწესრიგებული და სუფთა, მათგან რაიმე არასასიამოვნო სუნი არ მომდინარეობს და არც ნარეცხი ან ნაწვიმარი წყალი, ან რაიმე ანტისანიტარული ზემოქმედება მეზობელი ზ----- ლ----ის ეზოსა და საცხოვრებელი სახლისაკენ არ მიემართება. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 992-ე მუხლებზე და განმარტა: მოსარჩელე მოითხოვს მისი საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას და დელიქტიდან წარმოშობილი ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, მეზობელ ნაკვეთზე არსებული დამხმარე ნაგებობის გადატანას და ზიანის ანაზღაურებას. 2.8. ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მხარეთა ეზოები და საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთმანეთის მეზობლად და მომიჯნავედ. ამასთან, ზ---- რ------ის კუთვნილი არც ერთი ნაგებობიდან ზ----- ლ----ის ეზოში წყლის გადადადინების, რაიმე ანტისანიტარიის ან მავნე ზემოქმედების ფაქტი არ დადასტურდა. გარდა ამისა, მოპასუხის კუთვნილი ნაგებობები აშენებულია 2007 წელს, სათანადო წესის დაცვით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად, ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობების ადგილზე და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, ხოლო მათი კანონდარღვევით აგებისა და მისი გადატანის მოთხოვნით, ზ----- ლ----ეს 2018 წლის 2 აპრილამდე სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც ადასტურებს ამ ნაწილში მოთხოვის ხანდაზმულობას. ამდენად, მოსარჩელემ ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით, მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რაც გამორიცხავს სკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, დამხმარე ნაგებობის გადატანის თაობაზე, მოპასუხის დავალდებულების, ასევე სკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, 6100 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 2.9. გაზიარებული არ იქნა მოსარჩელეს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ადასტურებდა მოპასუხის ქმედების არამართლზომიერებას და მისგან მომდინარე ზიანის ფაქტს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მტკიცებულებით დასტურდებოდა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზ----- ლ----ის სახლი დაზიანებულია, საცხოვრებლად თითქმის უვარგისია და რას შეადგენდა მისი აღდგენითი სამუშაოების ღირებულება (ანუ ზიანის ოდენობა), თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ სახლის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით, ზ. ლ----ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც ასევე უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდიდა სასარჩელო მოთხოვნას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტავს, რომ მოპასუხემ, მხარეთა კუთვნილი ეზოების საზღვართან, ამჟამად არსებული კაპიტალური დამხმარე ნაგებობა – სველი წერტილი (სააბაზანაო და საპირფარეშო) 2007 წელში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე ააშენა, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გარკვეულა და არ დაზუსტებულა, თუ როდის მოხდა მისი აშენება. ასევე, არასწორად იქნა დადგენილია, რომ დამხმარე ნაგებობა აშენდა, მანამდე, იქ არსებული და ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ძველი დამხმარე ნაგებობის ადგილზე ვინაიდან, ძველი ნახაზების მიხედვით, დამხმარე ნაგებობები საზღვარს მოშორებული იყო, ამჟამად კი ზედ საზღვარზეა დაშენებული. 3.2. სამოქალაქო საქმეში არსებობს აპელანტის მთელი რიგი განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მხარეებს შორის დავა უკვე რამოდენიმე წელია მიმდინარეობს. 3.3. მიუხედავად იმისა, რომ ადგილის დათვალიერებაზე მოწვეული იყო სპეციალისტი, მოცემულ საქმეში სპეციალისტის ოფიციალური, წერილობითი დასკვნა დავასთან დაკავშირებით არ არსებობს. 3.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ დავა ხანდაზმულია, ხოლო იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა აპელანტის კანონიერი უფლება და შეილახა თუ არა მისი, როგორც მესაკუთრის ინტერესები-საერთოდ არ უმსჯელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ზ----- ლ----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა სრულად იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე 2.7-2.9 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 174-ე, 175-ე, 176-ე, 992-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს, მეზობელი ნაკვეთიდან მომდინარე ხელშეშლის აღკვეთა, დამხმარე ნაგებობის გადატანა და ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს როგორც სამეზობლო ურთიერთობიდან, ისე დელიქტიდან. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოძიებული უნდა იქნეს სამეზობლო სამართლის და დელიქტის ნორმებში, კერძოდ, ესენია სკ-ის 174-182 და 992-ე მუხლები და კონკრეტული ნორმების წინაპირობების შემოწმების გზით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის განხილვა. 4.4. სამეზობლო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, კანონი მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. სარგებლობის შესაძლო შეზღუდვას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, თუ სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (იხ. სუსგ ას-413-396-2016, 15.07.2016წ.; ას-368-352-2016, 21.10.2016წ.). 4.5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესოკოდექსის 102-ე მუხ.). აღნიშნული სტანდარტის თანახმად, იმ ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთში განთავსებული, მოპასუხე ზ---- რ------ის კუთვნილი უძრავი ქონებიდან (საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა) მომდინარე ზემოქმედებანი დაუშვებლად ხელყოფენ ზ-----ი ლ----ის კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობას და ეს იმთავითვე აშკარაა- მოსარჩელეს ვალდებულებაა. 4.6. სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრების ხელყოფას აქვს ადგილი მოპასუხის მიერ აშენებული ნაგებობებით ან მას სხვაგვარად ეშლება ხელი მისით სარგებლობაში, ვინაიდან, საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით, აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, აპელანტის მოთხოვნა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, როგორც ხელშეშლის აღკვეთის, ისე ზიანის ანაზღაურების თაობაზე და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ზ----- ლ----ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ზ----- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, სსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, არ არსებობს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ----- ლ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნ--- კალანდაძე