განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100118002482546
ინსტანცია
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002482546

საქმე №1ბ/1240-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ ირ---–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნა------------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 მაისს, პირადი N3----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. რ-------------–-----------------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–------------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით ნა------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ნა------------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 17:20 საათზე, ნა------------–---ი მართავდა ავტომანქანა ,,ნ-----------ს“ და მოძრაობდა ქ. თ---–--–--------------------------------–----------------------------------------- მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთზე მსვლელობისას, ნა------------–---მა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ელ-------------------------ებს, რომლებიც სავალ ნაწილს კვეთდნენ ქვეითთა გადასასვლელიდან მაქსიმუმ 0,5 მეტრის მოშორებით. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ელ--------------ემ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორმა ირ---–---–-----–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ ნა------------–---ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ლმობიერი, რადგან სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით უნდა შეაფასოს თითოეული ჩადენილი ქმედება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თუ რატომ იყენებს კონკრეტული სასჯელის სახესა და ზომას. მსგავს საკითხზე მსჯელობისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომელიც ასახავს მართლმსაჯულების სათანადოდ აღსრულების პრინციპს კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფის ფარგლებში, სასამართლოებისა და ტრიბუნალების გადაწყვეტილებებმა ადეკვატურად უნდა განსაზღვრონ ის საფუძვლები, რომელთაც მათი გადაწყვეტილებები ეყრდნობა და რომელმაც თავიდან უნდა აიცილოს სასამართლოს თვითნებობა, იმისათვის, რათა მხარეებმა გააცნობიერონ, რომ სასამართლომ მათ ჯეროვნად მოუსმინა. (იხ. Taxquet v. Belgium [GC], no.926/05, 691, ECHR 2010; Salov v. Ukraine, no.65518/01, 8889-92, ECHR 2005 VIII (ამონარიდები) და Hirvisaari v. Finland, no.49684/99, 630, 27 September 2001). ანალოგიური შინაარსის განმარტებას აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმეზე „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო, თავისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შეახსენებს, რომ სამართალწარმოების ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან (იხ. Jgarkava v. Georgia, no.7932/03,871, 24 February 2009;) მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა დამნაშავის ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით დაზარალებულთან მიმართებაში, მოცემულ შემთხვევაში, ნა------------–---მა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ ნაწილობრივ აანაზღაურა. მითითებული გარემოება კი ნამდვილად გასათვალისწინებელია მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ნა------------–---ს განესაზღვროს უფრო მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელი.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ცნობა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული სქემა, დაზარალებულ ელ--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ბე----------------–ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიურ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის პროპორციული უნდა იყოს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ ნა------------–---ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის მარტოხელა დედა, ზიანი ნაწილობრივ აანაზღაურა. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ ირ---–---–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ნა------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

ნა------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ნა------------–---ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე