განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002147643
საქმე N2ბ/4077-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 ოქტომბერი, 2018 წელი ქ-------–---
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოგიტა თოთოსაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - მ---------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ------------------–---–--------------------ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
შპს ,,ჯ-----------------–---–------------------სის" სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე მ---------------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ-------–---, ს------–-----------–-, საკადასტრო კოდი: №8----------- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა შპს ,,ჯ-----------------–---–------------------სის".
2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
მ---------------ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით დანიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. 2018 წლის 26 მარტს 11:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მ---------------ე, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მ---------------ემ წარმოადგინა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.
სასამართლომ განიხილა მოპასუხე მ---------------ის შუამდგომლობა სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ და მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ და მიიჩნია, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო საქმეზე მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
სამოქალქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით. 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
განსახილველ შემთხევაში, მართალია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ იმაზე მითითებით, რომ იყო ავად და არ შეეძლო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადება, მაგრამ არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც პირდაპირ იქნებოდა მითითებული მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 8----------- მდებარე მისამართზე ქ-------–---, ს------–-----------–-, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,ბ-----------–---------------იას" სახელზე.
შპს ,,ბ-----------–---------------ია" შეერწყა შპს ,,ჯ-----------------–---–------------------სის" შესაბამისად მისი სამართალმემკვიდრე გახდა შპს ,,ჯ-----------------–---–------------------სი".
მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოპასუხე მ---------------ეს.
სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი განმარტავს, რომ ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, კერძოდ ავადმყოფობის ფაქტს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები ცხადყოფს, რომ მ---------------ე ინფორმირებული იყო სასამართლოს სხდომის დღისა და დროის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ სასამართლოს ინფორმირება პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და იყო თუ არა გამოუცხადებლობის მიზეზი საპატიო.
საპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების იურიდიულ შეფასებას.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, თუ კუმულატიურად არსებობს რამდენიმე პირობა, ესენია: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ; ადგილი არა აქვს რაიმე დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; არსებობს სარჩელის აღძვრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სწორად; მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.
სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე .
სასამართლოში მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს ადგენს ამავე კოდექსის 105-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის მასალების ინდივიდუალური და ერთობლივი შეფასების ვალდებულება გააჩნია სასამართლოს. აღნიშნულის მიუხედავად, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზის დადასტურებას უზრუნველყოფდა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი