განაჩენი

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
190100115793770
ინსტანცია
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100115793770

საქმე № 1ბ/84-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ლ-------------–--ე, გ-------–-–---–ი, ა-----------–---–ი, ხ-----------------ი, ლ-–---------–---–ი.

 

დაზარალებული: ე-–-–------------–---ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: დ----------------–ი, დაბადების თარიღი: 1-------------–--–ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (მონაწილეობის გარეშე).

 

გამართლებულის ადვოკატები: ნ--------–--–--ე, გ-----------–--ე.

 

თარჯიმნები: მ-------------–--ე, ი----------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები).

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებულ დ----------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, დ----------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები) წარდგენილ ბრალდებაში. აპელანტს მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის დასაბუთებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ასაბუთებდა დ----------------–ის ბრალეულობას. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდება არ ემყარებოდა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ და უტყაურ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და ობიექტური მტკიცებულებები. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ე-–-–------------–---მა სასამართლოს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია 1994 წლის 05 აპრილს მის ოჯახზე განხორცილებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ და მიუთითა დ----------------–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე. ასევე განმარტა, რომ გამომძიებლის მიერ წარდგენილი ფოტოსურათებიდან ამოიცნო მის ოჯახზე თავდამსხმელი პირი - დ----------------–ი. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაზარალებულების მ---------–---–ის და ლ-----------–----------ას დაკითხვის ოქმები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყაჩაღობის ფაქტი, ხოლო ფოტოსურათებით ამოცნობისას, ხსენებულმა პირებმა ამოიცნეს დ----------------–ი, რომელიც მათი განმარტებით გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით. სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ყაჩაღობით დაუფლებული ნივთების ნაწილის წარმოდგენის ოქმი და ლაბადის და სხვა ტანსაცმლის ამოცნობის ოქმები, რომლითაც დაზარალებულებმა ა-–---------------------–ის მიერ წარმოდგენილი ნივთებიდან ამოიცნეს მათი კუთვნილი ტანსაცმელი. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დ----------------–ის თანამონაწილის - რ------------------ის მიმართ 1994 წლის 09 დეკემბერს გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახამად, 1994 წლის 05 აპრილს მ---------–---–ის ოჯახზე განხორცილებულ ყაჩაღურ თავდასხმაში დ----------------–ი მონაწილეობდა რ------------------ესთან და სხვა პირებთან ერთად. ასევე გამოკველული იქნა დ----------------–ის თანამონაწილის - ი------------–---–ის მიმართ 1998 წლის 23 აპრილს გამოტანილი განაჩენი, სადაც ასევე მითითებულია, რომ დ----------------–ი ი------------–---–თან და სხვა პირებთან ერთად მონაწილეობდა მ---------–---–ის ოჯახზე განხორცილებულ ყაჩაღურ თავდასხმაში. სასამრთლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებულები. იგი დ----------------–ის ფოტოსურათის არასანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნო ა-–---------------------–ის განმარტებას, რომ თითქოსდა ამოცნობის ოქმში არსებულ ფოტოებზე არ არის გამოსახული დ----------------–ი, რაც არ შეესაბამაება სიმართლეს, ვინაიდან საქმეს ერთვის გამომძიებლის ცნობა, რომლის თანახმად, ფოტოზე გამოსახული პირი არის დ----------------–ი. აპელანტის განმარტებით, დანაშაულის ჩადენის დროს ნებადართული იყო, რომ დაკითხვის და სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმები შედგენილიყო რუსულ ენაზე, გარდა ამისა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოზე წარდგენილი დაკითხვის ოქმების შინაარსი სრულ თანხვედრაშია გარდაცვლილი დაზარალებულების მიერ პოლიციაში მიცემულ ახსნა-განმარტებებთან, რომლებშიც დეტალურად არის მითითებული, როგორც დანაშაულის ჩადენის დეტალები ასევე დ----------------–ის ამოსაცნობი ნიშნები. გარდა ამისა საქმე ეხება 23 წლის წინ ჩადენილ ყაჩაღობას, საქმის მასალები რამდენჯერმე არის გადაქსეროქსებული, შესაბამისად ის გარემოება, რომ დაზარალებულთა დაკითხვის ოქმის ქსეროასლებზე არ ჩანს დაკითხვის თარიღი, არ შეიძლება გახდეს მათი ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა ინტერპრეტირებული დაცვის მხარის მოწმის - ი------------–---–ის ჩვენებაც, ხსენებულმა პირმა საერთოდ ვერ გაიხსენა რომელი ყაჩაღობის საქმეზე იყო დაბარებული. მან დაზარალებულთა ჩვენებებისგან განსხვავებულად აღწერა ყაჩაღობის დეტალები, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი მოტივირებული იყო პასუხისმგებლობისგან დაეხსნა დ----------------–ი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებულ დ----------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი იქნა შესაგებელი, რითაც გამართლებულ დ----------------–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------–--ემ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვერ მიუთითა რა ვითარებაში მიმდინარეობდა ამოცნობა, ასევე განაცხადა, რომ ამოცნობისას პოლიციის განყოფილებაში სხვა დამსწრე პირები არ იმყოფებოდნენ. ამასთან, დაზარალებულებს ლ-----------–----------ას, მ---------–---–ს და ე-–-–-------–---–ს ჩვენებები მიცემული აქვთ რუსულ ენაზე. ფოტოსურათით ამოცნობისას კი, დარღვეულია საქართველოს სსრ საპროცესო კოდექსის 162-ე და 163-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამოცნობის ოქმში საერთოდ არ არის მითითებული თუ რა ნიშან-თვისებით გამოირჩევიან ფოტოსურათზე განთავსებული პირები ერთმანეთისგან. ამოცნობის ოქმში ნაცვლად სამი ფოტოსურათისა განთავსებულია მხოლოდ ორი პირის ფოტოსურათი. ასევე დაუდგენელია, ხსენებული ფოტოსურათები ეკუთვნის თუ არა დ----------------–ს, რადგან ა-–---------------------–მა განმარტა, რომ მითითებული ფოტოსურათებიდან არცერთზე არ არის გამოსახული მისი შვილი. გარდა ამისა, მართალია დაზარალებულთა ჩვენებები ითარგმნა ქართულ ენაზე, თუმცა ვინაიდან დაზარალებულებმა არ იცოდნენ ქართული ენა, 1994 წელს გამომძიებელს ევალებოდა საქმეში თარჯიმნის ჩართვა. ამასთან, ი------------–---–ი არ იცნობს დ----------------–ს და შესბამისად ვერ იქნებოდა მოტივირებული პასუხისმგებლობა აერიდებინა დ----------------–ისთვის.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა დ----------------–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება, იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული.

 

ბრალდების არსი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დ----------------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1994 წლის 05 აპრილს დ----------------–ი დანაშაულებრივად დაუკავშირდა რ-----------–-------------------ს, ი-------------–----------------–---–ს და ძიებით დაუდგენელ ორ პირს, რომელთან ერთადაც წინასწარი შეთანხმებით, დაახლოებით 12:30 საათზე თავს დაესხა ქ. რ-------–--------------------------------ში მცხოვრებ მ---------–---–ს, ლ-----------–----------ას, ე-–-–-------–---–ს, რა დროსაც მათ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მ---------–---–ის, ლ-----------–----------ას, ე-–-–-------–---–ის და რ-------------------ის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ბინიდან გაიტაცეს მ---------–---–ის, ე-–-–-------–---–ის და ლ-----------–----------ას კუთვნილი სხვადასხვა სახის ძვირფასი თუ პირადი ნივთები.

 

1994 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებით დ----------------–ი მიცემული იქნა პასუხისგებაში საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.

 

სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დ----------------–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

დაზარალებულ ე-–-–------------–---ის (ძველი გვარით ი----–---–ი) მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 1994 წლის 05 აპრილს, შუადღისას მივიდა ქ. რუსთავში, მ---- მ/რ, კ----------------ში მდებარე მშობლების საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ბინის კარი გაუღო უცნობმა ბიჭმა და უხეშად შეათრია მისაღებ ოთახში. ოთახში შესვლისას დაინახა, რომ დედას - მ---------–---–ს და მის 10 წლის შვილს - რ-------------------ს, რომლებიც ისხდნენ დივანზე, თავზე ედგა ავტომატით შეიარაღებული პირი. დედამ უთხრა, რომ ეს პირები იყვნენ ყაჩაღები და უნდა მიეცათ ყველაფერი რათა წასულიყვნენ მათი ბინიდან. თავდამსხმელებს განაწილებული ჰქონდათ როლები. ის პირი, რომელმაც გაუღო კარი, დანარჩენებს აძლევდა მითითებებს და ჩათვალა, რომ ის იყო მთავარი. მათ ბინაში იმყოფებოდა სულ ხუთი თავდამსხმელი, რომლებიც გინებით და ყვირილით ითხოვდნენ მათგან ფულს და ძვირფას ნივთებს. იმ პირს, რომელიც ეკონტაქტებოდა მას ჰქონდა პირსტოლეტი, ხოლო იმ პირს, რომელიც იდგა დედამისთან და შვილთან ჰქონდა ავტომატი. დედამ თხოვა თავდამსხმელებისთვის მიეცა ყველაფერი, რათა თავი დაენებებინათ და წასულიყვნენ, თუმცა მათ თავად იპოვეს ყველაფერი და წაიღეს ძალიან ბევრი ოქრო, ბრილიანტები, ძვირფასი ნივთები და ტანსაცმელი. ასევე ბალიშის პირებში ჩადეს მაგნიტოფონი, რადიო-ტელეფონი და ტელევიზორი. მასთან ერთად თავდამსხმელთა მოთხოვნებს ასრულებდა მისი და ლ-----------–----------აც. დაზარალებულმა განმარტა, რომ სახლიდან გასვლისას, თავდამსხმელებმა დააპირეს მისი წაყვანაც. მათ დედამისს უთხრეს, რომ შვილს 20 ათასი დოლარის სანაცვლოდ დაუბრუნებდნენ უკან, თუმცა დედის თხოვნით მისი წაყვანა გადაიფიქრეს. წასვლისას, პირმა, რომელიც როგორც შემდგომ გაიგო იყო დ----------------–ი, მათ ხელები შეუკრა ზეწრით და გააფრთხილა, ნახევარი საათის განმავლობაში არ დაერეკათ პოლიციაში. მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა დატოვეს მათი ბინა, მისმა დამ ფანჯრიდან დაინახა, რომ დამყაჩაღებლები ჩასხდნენ წითელ მანქანაში და წავიდნენ, რის შემდეგაც მათ გაითავისუფლეს თავი. მისაღებ ოთახში ყოფნისას, თავდამსხმელები სახეს იფარავდნენ შარფით, თუმცა შარფი თითქოსდა ეკეთათ სიმბოლურად, ამიტომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა შეძლეს მათი ამოცნობა. მომხდარის შემდეგ მათ პოლიციაში არ დაურეკავთ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დედამ პოლიციაში დაწერა განცხადება. დაზარალებულის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტიდან გასულია 22 წელი, მას კარგად ახსოვს, რომ ფოტოსურათით ამოიცნო პირი, რომელზეც გამომძიებელმა განუმარტა, რომ იყო დ----------------–ი. ამასთან, განმარტა, რომ მართალია აქვს მხედველობის პრობლემები, თუმცა იმ დროს ეკეთა ლინზები და ყაჩაღობის დროს, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში პირადად ჰქონდა კონტაქტი დ----------------–თან, ამიტომ ამოცნობისას შეცდომის დაშვება გამორიცხულია. ფოტოსურათებით ამოცნობის შემდეგ, ოჯახში საუბრისას, მისთვის მეუღლისგან ცნობილი გახდა, რომ დ----------------–ი იყო მისი მეუღლის მეზობელი და ცხოვრობდა მეზობელ კორპუსში.

 

მოწმე რ-------------------ის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ 1994 წლის აპრილში იყო 10 წლის და იმყოფებოდა ქ. რ-------–-------------------------------3-ში მდებარე ბებიის - მ---------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბებია და დეიდა ლ-----------–----------ა. ამ დროს მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. მართალია დეტალებს ვერ იხსენებს, თუმცა ახსოვს, რომ ერთი მათგანი იყო ნიღბით, მეორე სახეს იფარავდა შარფით, დანარჩენები კი სახეს არ მალავდნენ. ხსენებული პირების მისვლიდან რამდენიმე ხანში სახლში დაბრუნდა დედა - ე-–-–------------–---ი, რომელიც თავდამსხმელებმა შეიყვანეს სახლში. თავდამსხმელები ითხოვდნენ ფულს და ძვირფასეულობას, თუმცა მათი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 1994 წლის 04 ივლისს, ლ-----------–----------ას ამოსაცნობად წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო 1994 წლის 05 აპრილს დედამისის ბინაში, მათზე თავდამსხმელი პირი.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 1994 წლის 04 ივლისს, მ----------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო 1994 წლის 05 აპრილს მის ბინაში მათზე თავდამსხმელი პირი.

 

ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 1994 წლის 04 ივლისს, ე-–-–-------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ამოიცნო 1994 წლის 05 აპრილს დედამისის ბინაში, მათზე თავდამსხმელი პირი.

 

წარმოდგენის ოქმით ირკვევა, რომ 1994 წლის ივნისში, ა-–---------------–მა წარადგინა თეთრ ნაქსოვ ტომარაში ჩაწყობილი შემდეგი ნივთები: ქალის უცხოური წარმოების შავი ფერის ტყავის ლაბადა, რომელსაც აქვს სამხრეები და წინა მხარეს მკერდზე და ჯიბეებზე გაწყობილია ტყავის ნახვრეტიანი ბადით; ქალის უცხოური წარმოების ტყავის შემცველი ლაბადა შავ და მოწითალო ფერში, შავი ფერის სარჩულით; გოგოს უცხოური წარმოების ქურთუკი კაპიშონით, წინ თეთრი ფერით გაწყობილი, მხრებზე მოყავისფრო ტყავით, ჯიბეები მოყავისფრო ფერით მასში გარილი ზონარით. ა-–---------------–ის განმარტებით აღნიშნული ტანსაცმელი წარმოადგინა მისი რძლის - ნ---------–---–---ს საცხოვრებელი ბინიდან.

 

ნივთმტკიცების ამოსაცნობად წარდგენის ოქმით ირკვევა, რომ ამოსაცნობად წარდგენილი ქალის ლაბადებიდან და ბავშვის ქურთუკებიდან, ლ-----------–----------ამ ამოიცნო კუთვნილი შავი ფერის ტყავის ქალის ლაბადა, დედის - მ--------–---–ის კუთვნილი ტყავის ლაბადა და ბავშვის ქურთუკი, რომელიც ეკუთვნოდა მის დის შვილს - რ--------ს. ხსენებული ნივთები 1994 წლის 05 აპრილს მ--------–---–ის ბინაზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს ბოროტმოქმედებმა.

 

ქ.რუსთავის სასამართლოს 1994 წლის 19 დეკემბრის N1-174-94 განაჩენით რ-------- ა-–-------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ქ.რუსთავის სასამართლოს 1998 წლის N1-82-98 განაჩენით, ი-------------–----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეოთხე და მეხუთე პუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლით, სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17,152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით, სსკ-ის 17,243-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთქანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ი------------–---–ს განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დ----------------–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტები) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობა მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და მისი ხელყოფის უშუალო ობიექტია როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. იმისთვის, რომ თავდასხმა ჩაითვალოს ყაჩაღობად აუცილებელია დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი და რეალურია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

ყაჩაღობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს, ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. მოცემულ შემთხვევაშიც ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და დამნაშავის ბინაში შესვლის მიზანს წარმოადგენდა სხვისი ქონების დაუფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა მისი ჩადენა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 1994 წლის 05 აპრილს დაახლოებით 12:30 საათზე, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ქ. რ-------–--------------------------------ში მცხოვრებ მ---------–---–ს, ლ-----------–----------ას, ე-–-–-------–---–ს (ამჟამინდელი სახელით ე-–-–------------–---ი), რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით ბინიდან გაიტაცეს მ---------–---–ის, ე-–-–-------–---–ის და ლ-----------–----------ას კუთვნილი სხვადასხვა სახის ძვირფასი თუ პირადი ნივთები. თუმცა, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყურად დადასტურდა ხსენებულ დანაშაულში დ----------------–ის მონაწილეობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დ----------------–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენას. მხოლოდ დაზარალებულ ე-–-–------------–---ის ჩვენება იმის შესახებ, რომ მან თავდამსხმელებს შორის ამოიცნო პირი, რომელიც როგორც გამომძიებლისგან გაიგო იყო დ----------------–ი და ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში გამომძიებელს შეუძლია ამოსაცნობად წარადგინოს პირი ან საგანი. მოწმე, დაზარალებული, ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, რომელსაც წარედგინება ამოსაცნობად პირი ან საგანი, წინასწარ უნდა დაიკითხოს იმ გარემოებათა შესახებ, რომელთა ვითარებაშიც მას უნახავს სათანადო პირი ან საგანი და იმ ნიშნებისა და თავისებურებათა შესახებ, რომელთა მიხედვითაც შეუძლია მას ამოცნობა.

 

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად, კი ამოსაცნობი პირი ამომცნობს წარედგინება სხვა პირებთან ერთად, რომელთა რიცხვი სამზე ნაკლები არ უნდა იყოს და რომლებიც გარეგნობითა და ტანსაცმლით მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ამავე მუხლის თანახმად, განსაკუთრებულ შემთხვევაში პიროვნების ამოცნობა შეიძლება მოეწყოს ფოტოსურათით ამ მუხლით დადგენილი საერთო წესების დაცვით. თუ ამომცნობმა მიუთითა მისთვის წარდგენილ ერთ-ერთ პირზე ან საგანზე, მას წინადადება ეძლევა განმარტოს თუ რა ნიშნების ან თავისებურებათა მიხედვით ამოიცნო მან ეს პირი ან საგანი. ამოსაცნობად წარდგენა წარმოებს დამსწრეთა თანდასწრებით.

 

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ფოტოსურათებით ამოცნობები, ჩატარებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 163-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან ამოსაცნობად წარდგენილ ფოტოსურათებზე გამოსახული პირები ერთმანეთისგან, როგორც გარეგნობით, ისე ტანსაცმლით მკვეთრად განსხვავდებიან. ლ-----------–----------ას მიერ ფოტოსურათით ამოცნობისას, ამ უკანასკნელს წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან მხოლოდ ერთი პირი არის კავკასიური იერის, ხოლო დანარჩენს კი აქვს ისეთი იერი, რომელიც მკვეთრად განსხვავდება კავკასიურისგან. ამასთან, მკვეთრი განსხვავებებია ფოტოსურათების ზომებში და გამოსახულ პირთა ჩაცმულობაში. მ---------–---–ის მიერ ფოტოსურათით ამოცნობისას, ამ უკანასკნელს წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ სურათზე გამოსახული პირი ჩაცმულობით და ვარცხნილობით მკვეთრად განსხვავდება დანარჩენებისგან. ე-–-–-------–---–ის მიერ ფოტოსურათით ამოცნობისას, ამ უკანასკნელს წარედგინა სამი ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ სურათზე გამოსახული პირი ჩაცმულობით, ვარცხნილობით და იერით მკვეთრად განსხვავდება დანარჩენებისგან. ამასთან, ამოცნობის ოქმებში არ არის მითითებული თუ რა ნიშნების ან თავისებურებათა მიხედვით ამოიცნეს ამომცნობმა პირებმა მათ მიერ მითითებული პირი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გარდა გამომძიებლის მიერ გაკეთებული მინაწერისა, არ დასტურდება, რომ ამოცნობილი პირი არის დ----------------–ი.

 

პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ დ----------------–ის დანაშაულის ჩამდენ პირთან იდენტურობის დასადგენად, სისხლის სამართლის საქმეში განთავსებული გამომძიებლის მიერ შედგენილი ცნობა არ შეიძლება ჩაითვალოს პიროვნების დასადგენად უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დაუდგენელია, თუ საიდან მოიპოვა გამომძიებელმა ფოტოსურათები ან საიდანაა მისთვის ცნობილი, რომ ამ ფოტოსურათთაგან ერთ-ერთზე გამოსახულია დ----------------–ი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ე-–-–- ი----–---–ის (დ--------–---ი) მიერ ფოტოსურათით ამოცნობა შედგენილია ქართულ ენაზე, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა განმარტა რომ იგი საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას. აღნიშნულით დარღვეულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო საქმეში მონაწილე პირები, რომლებმაც არ იციან სამართალწარმოების ენა უზრუნველყოფილი არიან თარჯიმნის მომსახურებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 111-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მიღებულია კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან ან კანონით დადგენილი წესის დარღვევით. პალატა თვლის, რომ ზემოხსენებული ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმები ჩატარებულია საქართველოს სსრ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაღვევით და შესაბამისად ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული წარმოდგენის და ნივთმტკიცების ამოსაცნობად წარდგენის ოქმები არ შეიცავენ ინფორმაციას 1994 წლის 05 აპრილს მ---------–---–ის ბინაზე განხორციელებულ ყაჩაღობაში დ----------------–ის მონაწილეობის შესახებ და შესაბამისად არ წარმოადგენენ დ----------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას რ------------------ის და ი------------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების პრეიუდიციად მიღების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 113-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე არსებულად ითვლება პრეიუდიციები, რომლებიდანაც გამომდინარეობს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება სავალდებულოა სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლისა და მოსამართლისათვის, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე საეჭვოდ არ ხდის ამ განაჩენის კანონიერებას. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რ------------------ე და ი------------–---–ი არ დაკითხულან, ამასთან დაცვის მხარე არ ეთანხმება ხსენებულ განაჩენებში მითითებულ გარემოებას დ----------------–ის ყაჩაღობაში მონაწილეობის შესახებ. ზემოხსენებული ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,,პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი შეიძლება უარყოს მხარემ, სასამართლოს განაჩენმა, სხვა შემაჯამებელმა გადაწყვეტილებამ ან დადგენილებამ, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებსა და მოსამართლეთა შინაგან რწმენას“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ დ----------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

პალატამ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 533-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად გამოიკვლია საქმის გარემოებები, შეაფასა სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის უტყუარობის და საკამრისობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----------------–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დ----------------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 547-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

დ----------------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (საქართველოს სსკ-ის 1994 წლის რედაქციით - 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში.

 

დ----------------–ის მიმართ ქ. რუსთავის პროკურორის 1994 წლის 20 ოქტომბერის სანქციით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დადგენილება ძებნის გამოცხადების თაობაზე გაუქმებულია.

 

დ----------------–ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ.ჯეირანაშვილი