განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100118002469776
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002469776, №1/ბ-988-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ირ---–- ქა------ა;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ალ---- ვა-–------ის ძე ფო–------–---–ი - დაბადებული 198--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გუ---------------------------–-----–------------------------–----, მცხოვრები: ქ.თბ--–---------------–--------------------------------------- (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატი - ნო-------–-----ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით (რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–- ქა------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის გამკაცრება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასჯელი არის ლმობიერი და დამნაშავის პიროვნებასთან შეუსაბამო, სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე, ის გარემოება, რომ ალ---- ფო–------–---–ის მიერ ჩადენილი იყო ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. მოსამართლის მიერ დანიშნული სასჯელი ვერ შეძლებს სასჯელის მიზნების მიღწევას და ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის, ვინაიდან ალ---- ფო–------–---–ი, პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით, სრულად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის პოზიცია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ალ---- ფო–------–---–ს ყოფილმა მეუღლემ უთხრა, რომ აპირებდა გათხოვებას, რის გამოც ურთიერთობა აღარ ჰქონოდა შვილთან, რამაც გააღიზიანა მსჯავრდებული და სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, იცავდა მამობის უფლებას, თუმცა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა მისი რესოციალიზაციისთვის. მან აღიარა და მოინანია ჩადენილი. დღეის მდგომარეობით მუშაობს, რათა თავისი შრომით უზრუნველყოს შვილის მომავალი, სასჯელის დამძიმების პირობებში კი მას გაუჭირდება მუშაობა. ამასთან, დაზარალებულს მისთვის განსაზღვრულ სასჯელთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით, ალ---- ფო–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ:

 

2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში, ალ---- ფო–------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს თა-----------–---–ს, ამცირებდა და აგინებდა. სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თა-----------–---–ი ყოფილი მეუღლის ალ---- ფო–------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას. 2018 წლის 28 თებერვალს, ქ.თბილისში, წა-–----------------ში, თა-----------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა ყოფილმა მეუღლემ ალ---- ფო–------–---–მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თა-----------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენით, ალ---- ფო–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ალ---- ფო–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა სრულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალ---- ფო–------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით (ბრალდებულის აღიარებით, დაზარალებულ თა-----------–---–ის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ალ---- ფო–------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს ყოფილი მეუღლე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - თა-----------–---–ი არის ალ---- ფო–------–---–ის ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია მუქარისთვის 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის სახით, არის სწორი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. 42-ე მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები ან ადათ-წესები.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის თებერვლამდე პერიოდში, ალ---- ფო–------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ყოფილ მეუღლეს თა-----------–---–ს, ამცირებდა და აგინებდა, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქოლოგიურ (მორალურ) დამცირებას და ტანჯვას. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს, ალ---- ფო–------–---–ი დაემუქრა ყოფილ მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თა-----------–---–ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ალ---- ფო–------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:

ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ალ---- ფო–------–---–ი მსჯავრდებულია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ისე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი თავისთავად გულისხმობს ოჯახში ძალადობას. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, აღნიშნული მუხლისთვის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება.

 

პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ალ---- ფო–------–---–ს დაუნიშნა ლმობიერი სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რომლის მოხდისგანაც გაათავისუფლა პატიმრობაში ყოფნის 41 დღის გათვალისწინებით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი, რაც უკვე მოხდილი აქვს მსჯავრდებულს (ანუ 41 დღით თავისუფლების აღკვეთა), ვერ შეასრულებს სასჯელის მიზნებს იმ პირობებში, როდესაც ალ---- ფო–------–---–ი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე, ხოლო ბოლოს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

დაცვის მხარის არგუმენტები, რომ ალ---- ფო–------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ და ფაქტობრივად ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, რომ არის დასაქმებული და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, სასჯელის დანიშვის დროს უპირობოდ გასათვალისწინებელ გარემოებებს წარმოადგენს, თუმცა, არა იმ ზომით, რომ ალ---- ფო–------–---–ს შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც მან არ უნდა მოიხადოს.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროებას სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დაცვა, შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება-შეფასება.

 

პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ალ---- ფო–------–---–ის გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თა-----------–---–ს სურდა ახალი ოჯახის შექმნა. არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მამა (ალ---- ფო–------–---–ი) გაბრაზდა, როცა მან უთხრა, რომ დედას (თა-----------–---–ს) უნდა გაეჩინა ტყუპები და უთხრა მას, რომ დედას ამას არ აპატიებდა. ალ---- ფო–------–---–ის 2018 წლის 17 მარტის გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდის მიხედვით, „მე გავბრაზდი, რადგან არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუ თა----- გათხოვდება და ოჯახს შექმნის მეორედ, მაგრამ რაიმე ურთიერთობის ჩემი შვილის თვალწინ ვარ წინააღმდეგი“.

 

აღნიშნული განმარტებებით, ცხადია, რომ ალ---- ფო–------–---–მა უკეთ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების მნიშვნელობა, საშიშროება, მესაკუთრული დამოკიდებულების დაუშვებლობა, მით უფრო მაშინ, როდესაც „ღირსების საკითხი“, კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ა.შ.. არ ითვლება მუქარის და ძალადობის გასამართლებელ მიზეზად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ძალადობას ოჯახში, გააჩნია განსაკუთრებულად მძიმე ხასიათი და ასევე განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე შვილების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ალ---- ფო–------–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის თავისუფლების აღკვეთით შეცვლა და მისი პირობით ჩათვლა, რაც იქნება დამატებითი გარანტია ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის დასწრების გარეშე საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში, უპირობოდ არ გულისხმობს სასჯელის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალ---- ფო–------–---–ისთვის ცნობილი იყო სხდომის თარიღი და მან თავად განაცხადა უარი სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე დასწრებაზე. შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა და მისი ჩათვლა პირობით, შესაბამისობაშია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების მოთხოვნებთან, ამასთან, პალატა იმედოვნებს, რომ დანიშნული საბოლოო სასჯელი იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ალ---- ფო–------–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე. მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ირ---–- ქა------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

ალ---- ფო–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ალ---- ფო–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

სასჯელის მოხდის ვადაში ალ---- ფო–------–---–ს ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 აპრილიდან 2018 წლის 05 ივნისის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ალ---- ფო–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე