განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100117002143585
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002143585, №1ბ/827-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ---------------–-–-ილი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - პ----ა ვ-–----- დ---–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე (2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით), რეგისტრირებული: თ---–-------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------.

 

ადვოკატი - რ-------------ია;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, 2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, 2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ პ----ა დ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-------------იას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და პ----ა დ---–--ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა ზოგიერთი მტკიცებულება, მისცა მას მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ინტერპრეტაცია და ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაიზიარა დაზარალებულ მ--------–--------იძის არასარწმუნო ჩვენება. დაზარალებული ეტაპობრივად ქმნიდა მსჯავრდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. შემაკავებელ ორდერებსა და მასთან დაკავშირებით დართულ მასალებში არსად არ მიუთითებია, რომ მას მოკვლით ან ფიზიკური ანგარიშსწორებით ოდესმე დაემუქრა მსჯავრდებული. დაზარალებულმა განმარტა, რომ პ----ა დ---–--ე მას არასოდეს შეხებია ხელით. სავარაუდო მუქარის ორივე შემთხვევაში, მსჯავრდებული იდგა ბინის გარეთ და საინტერესოა ჩათვლიდა თუ არა ჩვეულებრივი ფსიქიკის მქონე ადამიანი ასეთ მუქარას რეალურად. ნი-------–--- ცხოვრობს დედასთან, რომელსაც უფრო მეტი გავლენა აქვს შვილზე, ვიდრე მამას. რაც შეეხება მოწმეებს, წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ისე დაზარალებულის ჩვენებასთან და მთლიანობაში არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. გარდა ამისა, ჯარიმის ანგარიშზე თანხის ასახვა მოხდა დაგვიანებით, რამაც გამოიწვია ერთ ეპიზოდში მსჯავრდებულის ნასამართლობის არსებობა, რაც არ უნდა ყოფილიყო მის საწინააღმდეგოდ გამოყენებული (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და პ----ა დ---–--ის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენება, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს მიერ სწორად და ობიექტურად იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეფასებული, თუმცა მსჯავრდებულის პიროვნების, დანაშაულის ხასიათის და სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლომ დაუნიშნა მსუბუქი სასჯელი. 2016 წლის მარტის განაჩენით, პ----ა დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ნაკლებად მსუბუქი სასჯელი ნამდვილად ვერ იქნება მსჯავრდებულის რესოციალიზაციის გარანტი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----ა დ---–--ემ ჩაიდინა:

§ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, არაერთგზის;

 

§ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა;

 

§ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით პ----ა დ---–--ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

პ----ა დ---–--ემ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა 2016 წლის 14 ნოემბერს.

 

პ----ა დ---–--ე წლების მანძილზე თავის ოჯახის წევრს - რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ--------–--------იძეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუდმივად ამცირებდა მას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა. 2017 წლის 19 სექტემბერს, დილის საათებში, პ----ა დ---–--ე მივიდა მ--------–--------იძის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–----------------- ქ. N-------------ში და სცადა მის საცხოვრებელ ბინაში ძალის გამოყენებით შეღწევა, რის შემდგომაც მეუღლის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფონზე, მ--------–--------იძეს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია.

 

იმავდროულად, მ--------–--------იძის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე ნასამართლევი პ----ა დ---–--ე, კვლავ დაემუქრა მ--------–--------იძეს სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

2017 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, მ---–--------–------------ში, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე, პ----ა დ---–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს მ--------–--------იძეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით, პ----ა დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

პ----ა დ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის განაჩენით დადგენილია, რომ პ----ა დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მითითებულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ პირს წარმოადგენდა მ--------–--------იძე. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განაჩენით.

 

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული წერილის თანახმად, ჯარიმის თანხა 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით გადაირიცხა 2016 წლის 14 ნოემბერს.

 

აღსანიშნავია, რომ პ----ა დ---–--ის მიმართ 2017 წლის 4 ივლისს გამოიცა N0-----, ხოლო 2017 წლის 5 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერები. შემაკავებელი ორდერების თანახმად, პ----ა დ---–--ეს 1 თვით აეკრძალა მსხვერპლთან (მ--------–--------იძესთან), მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

2017 წლის 4 ივლისის გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, მ--------–--------იძემ გამომძიებელთან აღნიშნა, რომ მეუღლე პ----ა დ---–--ე სისტემატურად ავიწროვებს მას და მის მცირეწლოვან შვილს - ნი-------–---ს, ახდენს მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ემუქრება, აგინებს. დაახლოებით თვენახევარია, რაც იგი სახლიდან არის წამოსული და ცხოვრობს ბიძის სახლში. 2017 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 19:45 საათზე, დაბრუნდა სახლში, მდებარე: თ---–--------------------9-ში, იმ მიზნით, რომ წამოეღო პირადი ნივთები, რის გამოც პ----ა დ---–--ე მიუვარდა სახლში, რა დროსაც მიაყენა შეურაცხყოფა.

 

2017 წლის 5 აგვისტოს გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, მ--------–--------იძემ გამომძიებელთან გასაუბრების დროს განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც 2017 წლის 4 ივლისს გაცემულ შემაკავებელ ორდერს გაუვიდა ვადა, დაახლოებით 4-5 აგვისტოს პ----ა დ---–--ისგან მიიღო შეურაცხმყოფელი შინაარსის 40-50 მესიჯი. პ----ა დ---–--ე ორდერის მოქმედების დროსაც იყო მ--------–--------იძის სახლში (მდებარე: თ---–--–-------------------ში) მისული, რა დროსაც ცდილობდა იქ შესვლას.

 

რეგისტრაციის ბარათის მიხედვით (რეზოლუცია 19.09.2017, 23:10 საათი) თ---–--–-----------------------ში მოქალაქე მ--------–--------იძის განცხადებით, მისი მეუღლე პ----ა დ---–--ე მიდის მის საცხოვრებელ ბინასთან, კარებს ურტყამს ფეხებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება ზიანის მიყენებით. 2017 წლის 14 დეკემბრის განცხადებით მ--------–--------იძე კვლავ ითხოვს რეაგირებას პ----ა დ---–--ის მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულმა განმარტა, რომ პ----ა დ---–--ესთან ოფიციალურად განქორწინებული არ არის, თუმცა სასამართლოში შეტანილი აქვს განცხადება განქორწინების თაობაზე. 2016 წლიდან უკვე ერთად აღარ ცხოვრობდნენ. 2016 წლის 17 მარტის განაჩენით საპროცესო თანხის გადახდის შემდეგ პ----ა დ---–--ე გათავისუფლდა. გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ მუდმივად ჰქონდა ადგილი აგრესიებს, მუქარებს, სმს-ებს, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ბავშვისთვის დაბარებებს, რომ დედას „სარზე დაკიდებდა“ და ვერასოდეს ვერ გაშორდებოდა მას, რადგან დასაკარგი ამ ცხოვრებაში არაფერი ჰქონდა. მან დახმარება თხოვა ახლობლებს, სანათესაო წრეს და მამის სამეგობროს. პ----ა დ---–--ე ხშირად მიდიოდა მასთან მთვრალი, უვარდებოდა სახლში, რის გამოც მუდმივი სტრესის ქვეშ უწევდა ცხოვრება და შემაკავებელი ვერ გახდა ორდერიც. პ----ა დ---–--ე კვლავ სისტემატურად ძალადობდა და ლანძღავდა მას, არ აძლევდა მუშაობის საშუალებას. მოწმის განმარტებით, თავის დაცვის მიზნით, მას უწევდა მამის მეგობრების თანხლებით გადაადგილება. მეორე შემაკავებელი ორდერის მიუხედავად კვლავ ემუქრებოდა, რომ არასოდეს მისცემდა მასთან დაშორების და ცალკე ცხოვრების საშუალებას, მჟავას შეასხამდა სახეში, ჩარეცხავდა „კაუსტიკური“ სოდით, „კატასავით გამოჭრიდა ყელს“, ინვალიდის ეტლში ჩასვამდა და თავად მოუვლიდა და ა.შ.. 2017 წლის 19 სექტემბერს, დილით, როდესაც ქალიშვილი გააცილა სკოლაში, მასთან სახლში მივიდა პ----ა დ---–--ე, რომელიც იყო მთვრალი, ყვიროდა, ფეხს ურტყამდა ძლიერად კარს (მას შემდეგ კარი არის დაზიანებული) და ემუქრებოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო დღე და რომ ყველაფერს იმ დღეს დაუმთავრებდა. კარი არ გაუღია, რის გამოც პ----ა დ---–--ე გარედან ყვიროდა, რომ არ გაახარებდა და „კატასავით გამოჭრიდა ყელს“. დაზარალებულმა აგრეთვე დაადასტურა, თუ როგორ ეუბნებოდა პ----ა დ---–--ე მათ ქალიშვილს, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და უკან არაფერზე დაიხევდა, რის გამოც იფიქრა, რომ მის სიცოცხლეს რეალურად ემუქრებოდა საფრთხე. 2017 წლის 13 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში შვილთან ერთად, რა დროსაც მასთან მივარდა პ----ა დ---–--ე, რომელიც ყვიროდა და სთხოვდა კარის გაღებას, თან აგინებდა და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. მოწმის განმარტებით, პ----ა დ---–--ის მუქარა მან აღიქვა რეალურად და თავს გრძნობდა საფრთხეში.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა ნ--------------–იძე, რომელიც არის მ--------–--------იძის კარის მეზობელი. მისი ჩვენებით დგინდება, რომ მ--------–--------იძესა და პ----ა დ---–--ეს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. ბოლო პერიოდში ხშირად ჩხუბობდნენ. პ----ა დ---–--ე ხშირად უბრახუნებდა მ--------–--------იძეს კარზე, ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და ემუქრებოდა. 2017 წლის 19 სექტემბერს შემოესმა ჩხუბის და მ--------–--------იძის კარზე ბრახუნის ხმა. სიტყვები არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ პ----ა დ---–--ის ფრაზები იყო მძიმე მოსასმენი. მოწმემ დაადასტურა, რომ მ--------–--------იძე იყო სახლში, პ----ა დ---–--ე კი - სადარბაზოში. ეს უკანასკნელი ყვიროდა და მოითხოვდა კარის გაღებას. არ ჩათვალა საჭიროდ კონფლიქტში ჩარევა, ვინაიდან ჩხუბს ჰქონდა სისტემატური სახე. მოწმის განმარტებით, 2017 წლის 13 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეხვდა პ----ა დ---–--ეს და მიესალმნენ ერთმანეთს. შემდეგ ამ უკანასკნელმა შეახსენა, რომ წაკითხული ჰქონდა მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სექტემბრის ფაქტთან დაკავშირებით, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და გაერიდა იქაურობას.

 

მოწმე ნი-------–---მ, რომელიც არის დაზარალებულ მ--------–--------იძის და მსჯავრდებულ პ----ა დ---–--ის ქალიშვილი, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს ის არ იმყოფებოდა სახლში, აღნიშნულ კონფლიქტთან დაკავშირებით შეიტყო დედისგან და პოლიციაში მისვლის შემდეგ. 2017 წლის 13 დეკემბერს მამამ დაურეკა ნახვის მიზნით. თანხმობის შემდეგ დაურეკა ისევ 2 წთ-ში, რა დროსაც ესაუბრებოდა აგრესიული და მუქარის შემცველი ტექსტებით დედაზე. 19:30-20:00 საათისთვის მივიდა მათთან სახლში და კარებზე ატეხა ბრახუნი. იმუქრებოდა დედის მისამართით, რომ კატასავით გაგუდავდა, რომ არ აპატიებდა მას და გაუკეთებდა რაც ეკუთვნოდა. მათ კარი არ გაუღიათ. მუქარის და კარზე ბრახუნის ფონზე დედამისს შეეშინდა და დარეკა 112-ში. ნ--------–--ის ჩვენებით, მშობლებს შორის ჩხუბი თანაცხოვრების პერიოდში თითქმის ყოველდღე ხდებოდა, გაშორების შემდეგაც ყოველთვის იყო კონფლიქტები მესიჯებითაც კი. აგრესია გამუდმებით მამის მხრიდან მოდიოდა, მიზეზი კი იყო ყოველთვის გაშორება, რადგან პ----ა დ---–--ეს არ სურდა განქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში ხშირი იყო მტვრევა-ლეწვა, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. მსჯავრდებული აგინებდა და ცუდად მოიხსენიებდა მ--------–--------იძის ნათესავებს და მეგობრებს, ასევე ოჯახის ახლობელ პ----ა ს-------–--ეს. მასთან ერთად ყოფნისას მამამ უთხრა, რომ დედამისს (მ--------–--------იძეს) სარზე დაკიდებდა.

 

მოწმე პ----ა ს-------–--ის ჩვენებით, არის დაზარალებულ მ--------–--------იძის გარდაცვლილი მამის მეგობარი. იცის, რომ მ--------–--------იძესა და პ----ა დ---–--ეს ბოლო 4 წელია ჰქონდათ პრობლემები. 2016 წლის დეკემბერში ერთ-ერთი ჩხუბის დროს მ-------ა მას დაურეკა და დახმარება სთხოვა. მისვლისას დახვდა ლანძღვა და დაძაბული სიტუაცია, რა დროსაც მოწმემ წაიყვანა პ----ა დ---–--ე, ესაუბრა, დაამშვიდა და უთხრა, რომ მ------ს სურდა მასთან დაშორება. მსჯავრდებული ვერ ეგუებოდა ოჯახის დანგრევას, რადგან ჰყავდა შვილი და ყველანაირად ცდილობდა მ------ის დაბრუნებას. მსგავსი ფაქტები, როგორც მისთვის იყო ცნობილი, არაერთხელ განმეორებულა. 2017 წლის სექტემბერში მ-------ა დაურეკა დილითაც და საღამოსაც. დილის საათებში საუბრისას დაზარალებულმა უთხრა, რომ პ----ა მივარდა მასთან სახლში და წიხლებს ურტყამდა კარს. მსჯავრდებული იყო ძალიან გაბრაზებული, ლანძღავდა, აგინებდა და ემუქრებოდა მას, რომელიც ოთახში იყო ჩაკეტილი და ეშინოდა. მან ურჩია, რომ კარი არ გაეღო და პ----ა წავიდოდა. მ------ის მხრიდან მეორე ზარის შემდეგ ურჩია პოლიციის გამოძახება. მოწმის ჩვენებით, მ------ს ეშინოდა პ----ა დ---–--ის.

 

მსჯავრდებულმა პ----ა დ---–--ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტა, რომ მას და მ--------–--------იძეს შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიძაბა, როდესაც მათი ქალიშვილი იყო ავად და ვერ უდგენდნენ დიაგნოზს. შესაძლებელია იგი აგინებდა მის მეუღლეს, თუმცა არასდროს დამუქრებია და არც ხელი აუწევია მასზე. 2017 წლის 19 სექტემბერს იგი იყო მეგობრის სახლში და სურდა ეზოდან მანქანით გასვლა, თუმცა აღმოაჩინა, რომ მის მანქანას მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა უცხო ავტომანქანა. მან დაიწყო ავტომანქანის მფლობელის ძებნა. მეგობართან ერთად შევიდა მ--------–--------იძის სადარბაზოში, რომელსაც შეეკითხა, ხომ არ იცოდა, ვისი იყო ეს ავტომანქანა, რაზეც მეუღლემ უპასუხა, რომ არ იცოდა და წამოვიდა. ამ დროს მ--------–--------იძემ დასწამა, რომ იგი მეუღლეს აყურადებდა. ხმაური, რომელიც მეზობელს შემოესმა, შესაძლებელია გამოწვეული იყო რკინის კარზე არსებული რკინისვე დასაკაკუნებლით. ნ--------------–იძე მას და მ--------–--------იძეს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებია. 2017 წლის 13 დეკემბერს მას სურდა ენახა ქალიშვილი, მიაკითხა მასწავლებელთან, სადაც ეგულებოდა, მაგრამ არ დახვდა. მივიდა მეუღლის სახლში, თუმცა კარი არ გაუღეს. შესაძლოა ამ დროს ხმამაღლა ესაუბრებოდა მეუღლეს, რადგან აინტერესებდა, ასე რატომ იქცეოდა. მას და მ--------–--------იძეს შორის კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო ბინა, რომელიც მან ქალიშვილს აჩუქა, მეუღლემ კი საკუთარ სახელზე გადაიფორმა და ვალდებულებით დატვირთა. მას არასოდეს უთქვამს პ----ა ს-------–--ისთვის, რომ მეუღლეს მოკლავდა. მისი ქალიშვილი მეუღლესთან კონფლიქტს შესწრებია, თუმცა ძალადობას - არასოდეს.

 

მოწმე ა--------------------ის განმარტებით, მისთვის ცნობილია, რომ პ----ა დ---–--ესა და მ--------–--------იძეს შორის იყო კარგი, თბილი ურთიერთობა. 2017 წლის სექტემბერში პ----ა დ---–--ე იყო მის სახლთან, მანქანით, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მანქანას მოძრაობის დაწყებაში ხელს უშლიდა სხვა მანქანა. პ----ა დ---–--ემ სთხოვა მას დახმარება, რათა მოეძებნათ იმ მანქანის მფლობელი. ძებნის დროს ორჯერ ავიდნენ მ--------–--------იძის სადარბაზოში, რა დროსაც ამ უკანასკნელს მ--------–--------იძემ უთხრა, რომ იგი იდგა კართან და აყურადებდა მის სატელეფონო საუბრებს. პ----ა დ---–--ემ აუხსნა, რომ უბრალოდ მანქანის მფლობელს ეძებდნენ. მერე გაიგო, რომ იმ დღეს პ----ა დ---–--ე დაუკავებიათ. 2017 წლის დეკემბერში, პ----ა დ---–--ე იყო მისული მის სახლში, ეძებდა ქალიშვილს, რომელსაც მისი მეუღლე ამეცადინებდა ხოლმე. პ----ა დ---–--ემ გადაწყვიტა შვილისთვის სახლში მიკითხვა, რის გამო თავადაც გაჰყვა მას. მ--------–--------იძის სახლში გაჩერდნენ დაახლოებით 5 წუთი და წამოვიდნენ. მოგვიანებით გაიგო პ----ა დ---–--ის დაკავების შესახებ.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში; ამავე კონვენციით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.

 

როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრს ასევე წარმოადგენს მეუღლე, მათ შორის განქორწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსხვერპლი - მ--------–--------იძე არის პ----ა დ---–--ის მეუღლე, შესაბამისად, ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია მუქარისთვის 111 მუხლით - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის სახით, არის სწორი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით დასჯადია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ პ----ა დ---–--ე თავისი ოჯახის წევრს (მეუღლეს) - მ--------–--------იძეს, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მუდმივად ამცირებდა მას, რითაც ახორციელებდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. ამასთან, 2017 წლის 19 სექტემბერს, პ----ა დ---–--ე მივიდა მ--------–--------იძის სახლში, უბრახუნებდა კარზე და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და ასევე მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობითი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მისი მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ, აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს მატერიალურ დანაშაულს, ვინაიდან აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური კრიტერიუმები. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 19 სექტემბერს პ----ა დ---–--ე დაემუქარა მ--------–--------იძეს სიცოცხლის მოსპობით, რამაც ამ უკანასკნელს გაუჩინა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში. გარდა ამისა, პ----ა დ---–--ე 2017 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, მ---–--------–------------ში, დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე, სიცოცხლის მოსპობით კვლავ დაემუქრა მ--------–--------იძეს, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თავდაპირველად, პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი)

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, პალატას არ გააჩნია ეჭვის შეტანის საფუძველი დაზარალებულ მ--------–--------იძის ჩვენებაში, რადგან გამყარებულია მტკიცებულებებით, როგორც განაჩენით, შემაკავებელი ორდერებით, არასრულწლოვანი მოწმის ნ--------–--ის ჩვენებით, ისე მეზობლის - ნ--------------–იძის და ახლობლის - პ----ა ს-------–--ის ჩვენებებით.

 

ის გარემოება, რომ ნი-------–--- არის პ----ა დ---–--ის და მ--------–--------იძის შვილი, არ მიუთითებს მის არაგულწრფელობაზე და მიკერძოებულობაზე დედის მიმართ, რადგან სააპელაციო სასამართლოში პ----ა დ---–--ემ განმარტა, რომ პენიტენციური დაწესებულებიდანაც კი აქვს შვილთან სისტემატური კავშირი. მოწმის ჩვენება შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან და უტყუარად ადასტურებს როგორც 2017 წლის 13 დეკემბერს განვითარებული ფაქტის სისწორეს, ისე წლების მანძილზე მშობლების დაძაბულ ურთიერთობას და მამის მხრიდან გამოხატულ აგრესიას. ნ--------------- ეპიზოდში ფაქტის უშუალო თვითმხილველია და დაადასტურა, რომ მამამ (პ----ა დ---–--ემ) კარზე ატეხა ბრახუნი, ყვიროდა, აყენებდა დედას (მ--------–--------იძეს) შეურაცხყოფას და ემუქრებოდა „კატასავით გაგგუდავო“. ასევე დაადასტურა, რომ 2017 წლის 17 სექტემბერს, შემთხვევამდე ორი დღით ადრე იგი შეხვდა მამას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ დედამისს „სარზე დაკიდებდა“, რაც მან დედას უამბო. მოწმე ნ--------------–იძის ჩვენებით ასევე დასტურდება, რომ პ----ა დ---–--ის მიერ ოჯახზე ძალადობა იყო სისტემატური მოვლენა და 2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით საჭიროდ არ ჩათვალა ჩარევა, მიუხედავად იმისა, რომ პ----ა დ---–--ე კარზე უბრახუნებდა მ--------–--------იძეს, ყვიროდა და მოითხოვდა კარის გაღებას. პ----ა დ---–--ის ფრაზები, მოწმის აღქმით, იყო მძიმედ მოსასმენი. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს პ----ა ს-------–--ის ჩვენებაც. გარდა ამისა, როგორც განაჩენით, ასევე შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ პ----ა დ---–--ის მხრიდან გამოხატული აგრესია და ძალადობა არ იყო ერთჯერადი ხასიათის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულს განზრახული ჰქონდა პ----ა დ---–--ის დაჭერა, რის გამოც ეტაპობრივად ქმნიდა მსჯავრდებულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებს. აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის გარდა ჩვენებები მისცეს სხვა პირებმაც და პალატას არ გააჩნია მათი გაუზიარებლობის საფუძველი. დაცვის მხარის განმარტება, რომ თითქოს დაზარალებულმა თავად ვერ გაარკვია რა სურდა, რასაც მოწმობს მისი ორი დღის განმავლობაში დაკითხვის ფაქტი, ასევე მოკლებულია საფუძვლიანობას. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ პ----ა დ---–--ის შეურაცხყოფა და დამცირება არ იყო ერთჯერადი ხასიათის. მ--------–--------იძე კი მსხვერპლია, რომელსაც მოუწია სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემა წლების მანძილზე ერთად მცხოვრები პირის და მისი შვილის მამის მიმართ. სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა განმარტა, რომ ყოველთვის თავს იკავებდა პოლიციაში დარეკვისგან, თუმცა ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა გაუჩინა მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური შიში.

 

ამ პირობებში პალატისთვის არადამაჯერებელია როგორც პ----ა დ---–--ის, ისე ა--------------------ის ჩვენებები, მით უფრო მაშინ, როდესაც ა--------------------მა პ----ა დ---–--ეს და დაზარალებულს შორის ურთიერთობა აღწერა როგორც კარგი და თბილი.

 

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30).

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეულ იმ არგუმენტს მიაქცია ყურადღება, რაც პ----ა დ---–--ის და ა--------------------ის ჩვენებების უტყუარობას გამორიცხავდა და რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაც.

 

დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ პ----ა დ---–--ის მუქარის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მ--------–--------იძეს არ უნდა გასჩენოდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ვერ იქნება გაზიარებული და დასაბუთებულად მიჩნეული. კანონმდებელი დასჯად ქმედებად ითვალისწინებს მუქარას, რაც, როგორც სასამართლომ ზემოთ აღნიშნა, მუქარის ობიექტში უნდა წარმოშობდეს განხორციელების საფუძვლიან შიშს და ამისათვის აუცილებელი არ არის პირმა განზრახვის სისრულეში მოყვანა დაიწყოს.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მ--------–--------იძე 2017 წლის სექტემბრის თვეში პირველად არ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი პ----ა დ---–--ის მხრიდან. შესაბამისად, მისგან მომდინარე მუქარის რეალურად აღქმა დასაშვები იყო როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმის მიხედვით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით. 42-ე მუხლით, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ძალადობის ნებისმიერი აქტის ჩადენასთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის დროს კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები ან ეგრეთ წოდებული „ღირსების საკითხი“ არ ჩაითვალოს ასეთი აქტების გასამართლებელ მიზეზად. აქ იგულისხმება ისეთი განცხადებები, რომ მსხვერპლმა დაარღვია შესაბამისი ქცევის კულტურული, რელიგიური, სოციალური ან ტრადიციული ნორმები ან ადათ-წესები.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში პ----ა დ---–--ის ბრალეულობის თაობაზე, სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს პ----ა დ---–--ის ნასამართლობის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდების შემთხვევაში ნასამართლობა ქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 1 წლის შემდეგ. როგორც აღინიშნა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული წერილის თანახმად, პ----ა დ---–--ის მიმართ დანიშნული ჯარიმა შესაბამის ანგარიშზე გადაირიცხა 2016 წლის 14 ნოემბერს, შესაბამისად, 2017 წლის 14 ნოემბრამდე ის ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯარიმის შესაბამის ანგარიშზე გადარიცხვა განხორციელდა დაგვიანებით რაიმე არასაპატიო მიზეზით. ის გარემოება, რომ პ----ა დ---–--ეს გადახდილი ჰქონდა გირაო, არ მიუთითებს, რომ გირაოს თანხა ავტომატურად გადაირიცხებოდა ჯარიმის ანგარიშზე. პ----ა დ---–--ისთვის ცნობილი იყო მისი მსჯავრდების თაობაზე და სურვილის შემთხვევაში განაჩენის გამოტანიდან უახლოეს პერიოდში შეეძლო ჯარიმის ანგარიშზე გადაეხადა თანხა ან განეხორციელებინა სხვა ქმედება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ჯარიმის ანგარიშზე თანხის შეტანა მოხდა 2017 წლის 19 სექტემბრამდე. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პ----ა დ---–--ე 2017 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით იყო ნასამართლობის მქონე, შესაბამისად, მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე სასჯელის დანიშვნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში რეციდივის გათვალისწინებით, არის სწორი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი სასამართლოებს ავალდებულებს დაასაბუთონ გადაწყვეტილებები, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება იმდაგვარად იქნეს გაგებული, რომ იგი ითხოვს დეტალურ პასუხს ყველა არგუმენტზე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: KRASULYA v. RUSSIA, # 12365/03 , პარ. 50). პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე, პალატამ იმსჯელა და მიიჩნია, რომ პ----ა დ---–--ემ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლწინააღმდეგობისა და ბრალეულობის გამომრიცხავი რომელიმე გარემოება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი პ----ა დ---–--ის გამართლების მოთხოვნით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი პ----ა დ---–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, მისი პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 1 წლამდე, ან შინაპატიმრობას ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 1 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასსამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“) კონვენცია მოუწოდებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გაატარონ ყველა საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ზომები იმისათვის, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულები იყოს დასჯადი, ეფექტური, დამაფიქრებელი და თანაზომიერი. კონვენციის 46-ე მუხლით, კონვენცია განსაზღვრავს დამამძიმებელი გარემოებების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ სასამართლოებმა სასჯელის დანიშვნის დროს. დამამძიმებელი გარემოებები კი შემდეგია:

ა. დანაშაული ჩადენილი იყო ყოფილი ან ამჟამინდელი მეუღლის ან პარტნიორის მიმართ, როგორც ეს აღიარებულია შიდა კანონმდებლობით, ოჯახის წევრის მიერ, მსხვერპლთან ერთად მცხოვრები პირის მიერ ან პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება;

ბ. დანაშაული ან მასთან დაკავშირებული დანაშაულები ჩადენილ იქნა არაერთხელ;

გ. დანაშაული ჩადენილი იყო პირის მიმართ, რომელიც გარკვეული გარემოებების გამო მოწყვლადია;

დ. დანაშაული ჩადენილი იყო ბავშვის მიმართ ან ბავშვის თანდასწრებით;

ე. დანაშაული ჩადენილი იყო ორი ან მეტი ადამიანის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთობლივად;

ვ. დანაშაულს წინ უსწრებდა ან თან სდევდა უკიდურესად მაღალი დონის ძალადობა;

ზ. დანაშაული ჩადენილი იყო იარაღით ან იარაღის მუქარის გამოყენებით;

თ. დანაშაულმა მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მსხვერპლს;

ი. დამნაშავე ადრეც ყოფილა ნასამართლევი მსგავსი ხასიათის დანაშაულისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პ----ა დ---–--ე მსჯავრდებულია როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ისე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი თავისთავად გულისხმობს ოჯახში ძალადობას. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, აღნიშნული მუხლისთვის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მსჯავრდებულის პიროვნების, დანაშაულის ხასიათის, სისტემატურობის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და ქმედებების განხორციელების სახის და შედეგის გათვალისწინებით, პალატას სამართლიანად, დასაბუთებულად და კანონიერად მიაჩნია პ----ა დ---–--ისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ წარსულში მის მიმართ გამოყენებულმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა, ვინაიდან, ნასამართლობის გაქარწყლებამდე პ----ა დ---–--ემ კვლავ განახორციელა მ--------–--------იძის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა (2017 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდი).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობას გააჩნია მძიმე ხასიათი და განსაკუთრებულად უარყოფითად აისახება როგორც მსხვერპლის ფსიქიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ბავშვების ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებაზე. პ----ა დ---–--ემ უნდა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების მნიშვნელობა, საშიშროება, მესაკუთრული დამოკიდებულების დაუშვებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ „ღირსების საკითხი“, კულტურა, ადათ-წესები, რელიგია, ტრადიციები და ა.შ.. არ ითვლება მუქარის და ძალადობის გასამართლებელ მიზეზად. დაცვის მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ პ----ა დ---–--ე იცავს შვილს და მამობის უფლებას, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი, არ ამართლებს მუქარის და ძალადობის ფაქტებს. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო იცავს არამარტო მ--------–--------იძის ინტერესებს, არამედ არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესსაც, რასაც ნამდვილად არ წარმოადგენს მისი ფსიქოლოგიური ტრავმირება და ტანჯვა და რასაც უნდა აცნობიერებდეს მამა - პ----ა დ---–--ეც.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფდა პ----ა დ---–--ის მიმართ საბოლოოდ დანიშნული 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებს და იმედოვნებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გატარებული დრო იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, მათ შორის შვილზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ---------------–-–-ილის და მსჯავრდებულ პ----ა დ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ-------------იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი.

 

პ----ა დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 13 დეკემბრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 19 სექტემბრის ეპიზოდი), თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----ა დ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

პ----ა დ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 20 სექტემბრიდან 2017 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია N1/4429-17 საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს შესაბამის ანგარიშზე შემტან პირს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე