განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 3-----------------
საქმე №1ბ/1109-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორის - ა----------–---–ის,ადვოკატ - ი------------–--ის მონაწილეობით,ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–--–-------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ--------------–------------–---- მიმართ (მონაწილეობის გარეშე) - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–---------------–----------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–---------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენით:
დ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ბ--------------–---ს“, 2016 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;
დ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ლ--------------ს“, 2016 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ბ--------------–---ს“, 2016 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - ჯარიმამ 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით, შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ლ--------------ს“, 2016 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ დ---------–--ემ ჩაიდინა:
თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (02 ეპიზოდი).
დ---------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 06 აპრილს, დ---------–--ემ გ-------------ის კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, თბილისში, სავაჭრო ცენტრ ,,კიდობანში“ არსებულ მაღაზია ,,ტ------–---–ი“, სს ,,ბ--------------–---ს“ მეშვეობით, განვადებით შეიძინა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა 1535,25 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2016 წლის 12 აპრილს, დ---------–--ემ გ-------------ის კუთვნილი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გამოყენებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სს ,,----------––-“, ამავე ორგანიზაციის სისტემის მეშვეობით (www.eloan.ge ) გააკეთა ე.წ. სწრაფი სესხი 350 ლარის ოდენობით, რომელიც გამოიტანა სს ,,ლ--------------ს“ გლდანის N1--ე სერვისცენტრიდან, რითაც დაზარალებულ სს ,,ლიბერთი ბანკს“ მიადგა 350 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–--–-------ამ და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის გამკაცრების კუთხით, კერძოდ მსჯავრდებულ დ---------–--ისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლოს მხრიდან ყურადღება არ არის გამახვილებული დ---------–--ის როგორც წარსულ ცხოვრებაზე, ისე მის ყოფაქცევაზე ქმედების ჩადენის შემდეგ. პროკურორის განმარტებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას არაერთხელ გამოიკვეთა დ---------–--ის მხრიდან უპასუხისმგებლობა მისთვის დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; მსჯავრდებულმა არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძების სახით განსაზღვრული გირაოს თანხა და საქმის არსებითი განხილვისას არ გამოცხადდა ბოლო რამდენიმე პროცესზე. ამას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ მან საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული სასამართლო პროცესი. ამასთან, მართალია დ---------–--ის მიმართ წარსულში ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა გაქარწყლებულია, მაგრამ აღნიშნულ განაჩენს უნდა მიექცეს ყურდღება მისი პიროვნული მახასიათებლების შეფასების კითხით. აპელანტი ასევე განმარტავს, რომ დ---------–--ის დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეულია მნიშვნელოვანი ზიანი და მისი ქმედება წარმოადგენს მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რისთვისაც სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა არ არის მართებული.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ა----------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულ დ---------–--ის ადვოკატმა ი------------–--ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-–--–-------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. დ---------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ივანე საბაშვილის, გურანდა წერეთლის, გ-------------ის და ირაკლი ბაქრაძის გამოკითხვის ოქმებით; სს ,,ბ--------------–---დან“ და სს ,,ი კაპიტალიდან“ ამოღებული დოკუმენტაციით და მათი დათვალიერების ოქმებით; გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით; ამოღებული ვიდეოჩანაწერით და მისი დათვალიერების ოქმით და ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ---------–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და ვერ მიიჩნევს მათ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების საფუძვლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა ზემოთ აღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ბრალდებულის პიროვნება, მისი მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ასევე ის ფაქტი, რომ დ---------–--ემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი სრულად აქვს ანაზღაურებული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე კი პირის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, სასამართლომ დ---------–--ეს თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის განუსაზღვრა ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ დ---------–--ის ქმედება წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს, რისთვისაც სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნა არ არის მართებული, რადგანაც სასჯელი დანაშაულის არაპროპორციულია. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელი განსაზღვრულია ბრალად წარდეგნილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში. ამასთან, ვინიაიდან სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი იძლევა რამდენიმე ალტერანტიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სახის სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ მიანიშნებს მის სიმსუბუქესა და ლმობიერებაზე.
რაც შეეხება დ---------–--ის წარსულში ნასამართლობას, პალატა აღნიშნავს, რომ დ---------–--ე დღეის მდგომარეობით არის ნასამართლობის არმქონე პირი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, დაუშველებია სასჯელის, როგორც სისხლისსამართელბრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას რაიმე ფორმით მხედველობაში იქნეს მიღებული გაქარწყლებული ნასამართლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის #3------- გადაწყვეტილება).
პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ გირაოს სახით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის ქვეყნიდან წასვლა და სასამართლო სხდომების ნაწილზე მისი გამოუცხადებლობა ვერ გახდება მის მიმართ დანიშნული სასჯელის სააპელაციო სასამართლოს ინსტანციაში უფრო მკაცრი სახის სასჯელით შეცვლის საფუძველი. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გირაოს გადაუხდელობისა და ბრალდებულის მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ დაუყენებია შუამდგომლობა. მოცემულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიმართ არსებულ არაერთ შემამასუბუქებელ გარემოებას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ სულად ასახა განაჩენში; პალატა მხედველობაში იღებს ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, გამოწვეულ შედეგს და მიაჩნია, რომ დ---------–--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, არის მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, კერძოდ დამნაშავის რესოციალიზაციას, სამართლიანობის აღდგენას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 03 ივლისის განაჩენი;
დ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ბ--------------–---ს“, 2016 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით;
დ---------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ლ--------------ს“, 2016 წლის 12 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სს ,,ბ--------------–---ს“, 2016 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით.
დ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
მსჯავრდებულ დ---------–--ის მიმართ დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება, დაევალოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დ---------–--ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. ,,კეპი“, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს, ხოლო სს ,,ლ--------------ს“ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გადატანილი DVD დისკზე, რაც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე