განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.09.2018
საქმის ნომერი
080310018002326305
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002326305 (3/ბ-304-2018წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 სექტემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ------- ჯ----–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ქ------- ჯ----–--ის სარჩელის უარყოფა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 27 თებერვალს ქ------- ჯ----–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წინააღმდეგ და მ ო ი თ ხ ო ვ ა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილების, ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129 620 ერთეულის ოდენობით სარეიტინგო ქულის მინიჭების შესახებ, - ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დავალდებულება შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და აუნაზღაუროს მოსარჩელეს შეწყვეტილი სოციალური შემწეობა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით დახმარების აღდგენის დღემდე.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 2007 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა უკიდურესად დაბალი ქულები. 2007 წელს სარეიტინგო ქულა შეადგენდა 65 850, ხოლო 2013 წელს - 50 140. 2017 წლის 15 იანვარს განხორციელდა ოჯახის გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ და 2017 წლის 1------------–ს სარეიტინგო ქულა განისაზღვრა - 129 620 ერთეულის ოდენობით.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელდა არამართლზომიერი მოქმედება სარეიტინგო ქულის განსაზღვრის ნაწილში, მოსარჩელის მტკიცებით, მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით, წლების განმავლობაში ეტაპობრივად მცირდებოდა მისი ოჯახის სარეიტინგო ქულა. დაანგარიშებული ქულა შეუსაბამოა რეალობასთან, რადგან მას აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელე არ ეთანხმება დეკლარაციის B1 გრაფაში მითითებულ დაბადების თარიღსა და ასაკს და განმარტავს, რომ აღნიშნული მონაცემები ჩასწორებულია. ასევე, არ ეთანხმება დეკლარაციის F2 -2.1 გრაფას - მალავს შემოსავლებს, მიწოდებული ინფორმაცია საჭიროებს გადამოწმებას.

 

მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამსახურის მხრიდან დაცული იყო კანონის მოთხოვნები, შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ქ------- ჯ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილება ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129 620 ერთეულის ოდენობით სარიტინგო ქულის მინიჭების შესახებ და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით; ქ------- ჯ----–--ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ქ------- ჯ----–--ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2007 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 0-----------.

 

2017 წლის 15 იანვარს განხორციელდა იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ქ------- ჯ----–--ის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით.

 

ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ქ------- ჯ----–--ე ფლობს: ავტოფარეხს (A7 ბლოკის 1 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 80 კვ.მ (A8 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 3 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაკავებულია პარკეტი (A10 ბლოკის 1 გრაფა); ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები: 1. ჯ----–--ე ქ-------ი, დაბადების თარიღი: 2---------, ასაკი- 56; პ/ნ 6---------- (B1 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება (B3 ბლოკი 6 გრაფა). განათლების მიღწეული დონე - უმაღლესი (C2 ბლოკი, გრაფა 7); პირადი ფულადი შემოსავალი - ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა - 60 (C3 ბლოკი, გრაფა 9): ოჯახის ეკონომიკური მდგომაროების ზოგადი შეფასება - ღარიბი (F1 ბლოკი, 2 გრაფა); ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება (F2 ბლოკი): მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას, მალავს შემოსავალს (2; 2.1).

 

აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2017 წლის 1------------–ს ოჯახს განესაზღვრა 129 620 სარეიტინგო ქულა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის N----------- და N------------- წერილებით დადგენილია, რომ ქ------- ჯ----–--ეს უფიქსირდება შემოსავალი 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში. ქ------- ჯ----–--ეს გამოთხოვილი ინფორმაციით დანარჩენ წლებში მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას. მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

სასამართლოს დასკვნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.

 

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ქ------- ჯ----–--ის ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ქ------- ჯ----–--ის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ქ------- ჯ----–--ე სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები, მას გარდა სოციალური დახმარებისა და სხვა შემოსავალი არ აქვს.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისი N 141/ნ ბრძანების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციის „A“, „B“, „C“, „D“ და „E“ ბლოკები ივსება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე.

 

საქალაქო სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაციას, რომ 2017 წლის 15 იანვარს შედგენილ ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილია სწორი მონაცემი ,,მალავს შემოსავალს (2.1)“. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ სსიპ შემოსავლების სამსახურის N----------- და N------------- წერილებზე, რომლის თანახმად, ქ------- ჯ----–--ეს უფიქსირდება შემოსავალი 2008, 2009, 2010 და 2011 წლებში. ქ------- ჯ----–--ეს გამოთხოვილი ინფორმაციით დანარჩენ წლებში მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს ოჯახის დეკლარაციის F2 - გრაფაში შეტანილი მონაცემის ,,მალავს შემოსავალს (2.1)“ სისწორეს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული მეთოდოლოგია დეტალურად ადგენს შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის, მათ შორის, მისი განმსაზღვრელი თითოეული ინდექსის გამოთვლის წესსა და ფორმულას. ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მისანიჭებლად მნიშვნელობა ენიჭება უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ თითოეულ მონაცემს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილმა პირმა ოჯახის დეკლარაციაში მითითებულ მაჩვენებელთან დაკავშირებით ინფორმაცია არასრულად ასახა იმ პირობებში, როდესაც როგორც უკვე აღინიშნა, თითოეული მონაცემის სიზუსტით ასახვას გააჩნია არსებითი მნიშვნელობა კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას.

 

ამდენად საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამსახურის თანამშრომლების კომუნიკაცია ბენეფიციარებთან უნდა ეფუძნებოდეს გულისხმიერების, თავაზიანობის, მზრუნველობის და მათი სრული ინფორმირებისა და ამომწურავი კონსულტირების სტანდარტს, ვინაიდან სწორედ ამგვარი მომსახურების პირობებში არის შესაძლებელი კანონით გარანტირებული უფლების რეალურად განხორციელება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.

 

ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემები უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას დეკლარაციის მიხედვით (F1 გრაფა, პუნქტი 2) ოჯახი არის ღარიბი. სადავო დეკლარაციით ირკვევა, რომ ქ------- ჯ----–--ეს სხვა შემოსავალი გარდა ფულადი სოციალური დახმარების-საარსებო შემწეობისა 60 ლარის ოდენობით არ გააჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველო კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი. მესამე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩასწორების შეტანა დასაშვებია, თუ ჩასწორება ხელს არ უშლის შემოხაზული (ჩაწერილი) მონაცემის (პასუხის) ერთგვაროვან გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩასწორების გაკეთება სადაოს და გაუგებარს ხდის შეტანილ (ჩაწერილი) მონაცემს (პასუხს), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეავსოს ახალი დეკლარაცია.

 

განსახილველ შემთხვევაში თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი დაბადების თარიღია 1----–--–ი, აღნიშნული დაბადების თარიღი შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ქ------- ჯ----–--ის პირადობის მოწმობის ასლში ასახულ მონაცემებს, დეკლარაციის ამავე გრაფაზე ხელი მოწერილი აქვს თავად მოსარჩელეს. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩასწორების შეტანა დეკლარაციაში დასაშვებია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს. მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, საქალაქო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2017 წლის 1-----------–ის გადაწყვეტილება ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის 129 620 ოდენობით მინიჭების შესახებ და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადამოწმება, _ სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ქ------- ჯ----–--ის სარჩელის სრულად უარყოფა.

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

 

„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე–11 მუხლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში: უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას; ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს; ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა - შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად; ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის" მე–3 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. ამასთან, სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც გამორიცხავს ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი გარემოებების ასახვას.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ საფუძველზე, განსხვავებით წინა შეფასების მეთოდოლოგიისგან აღარ არის განსაზღვრული ინტერვიუერის გამოკითხვის ინდექსის გამომთვლელი ფორმულა. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც გამორიცხავს ოჯახის მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რაიმე დამატებითი გარემოებების ასახვას.

 

დეკლარაციის „F“ ბლოკი ივსება უშუალოდ სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, დამოუკიდებლად, ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ან სხვა წევრთან შეთანხმების გარეშე.

დეკლარაციის „F“ ბლოკში ,,სააგენტოს უფლებამოსილი პირის შეფასება“ მოცემული გრაფები ივსება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე.

„F1“ ,,ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი შეფასება“ და „F2“ ,,ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასება“ პუნქტებით გათვალისწინებული ველების შესავსებად გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის წევრებისა და ბინის/სახლკარის მდგომარეობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ამ გრაფებში უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი.

 

„F1“ პუნქტით გათვალისწინებული ველების შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შემოხაზოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის საკუთარი სუბიექტური შეფასების მხოლოდ ერთი შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: გ) ღარიბად შეიძლება ჩაითვალოს შინამეურნეობა თუ მის წევრებს საკუთარი შემოსავლებით შეუძლიათ მხოლოდ საკვების შეძენა, მათი შემოსავალი სრულად ვერ ყოფნის სხვა აუცილებელი საგნებისა თუ მომსახურების შეძენას (მაგ.: ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ ისეთი აუცილებელი საგნების ყიდვა, როგორიცაა წამლები, სახელმძღვანელოები, პირადი ჰიგიენის საგნები და სხვა).

 

დეკლარაციის „F2“ პუნქტში შემოიხაზება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შესაბამისი პასუხის კოდი. ამასთან: ა) მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის ხარისხის შეფასების შესაძლო პასუხებიდან („სანდოა“, „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“) უნდა შემოიხაზოს მხოლოდ ერთი შესაფერისი პასუხი; ბ) თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი შეგნებულად მალავს სიმართლეს, მან უნდა შემოხაზოს პასუხი - „მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას“ და აღნიშნული დააზუსტოს ყველა შესაბამისი პასუხის კოდის შემოხაზვით (მაგ.: „მალავს შემოსავლებს“, „მალავს საცხოვრისს“, „არასწორად უთითებს წევრ(ებ)ის ფიზიკურ მდგომარეობას“ და ა.შ.).

 

შესაბამისად, სოციალურმა აგენტმა კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განახორციელა ოჯახის დეკლარაციის შევსება, არსებითად არ არის დარღვეული დოკუმენტის მომზადების კანონით დადგენილი ნორმები.

 

აპელანტის განმარტებით, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა. ოჯახის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე, შეივსო “ოჯახის დეკლარაცია” (დეკლარირებული ინფორმაცია დადასტურებულია უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით). დეკლარაცია დამუშავდა “სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების შესაბამისად. ოჯახის სარეიტინგო ქულა ძალაში შევიდა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით 2017 წლის 1------------–ს, რამაც შეადგინა 129620.

 

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების თანახმად, “ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება შესაძლებელია სარეიტინგო ქულის მინიჭებიდან, სულ ცოტა, ერთი წლის გასვლის შემდეგ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით განმეორებითი შეფასების მოთხოვნით, სააგენტოს შესაბამის მომსახურების ცენტრისათვის ოჯახს შეეძლო მოემართა 2018 წლის 1-----------–იდან, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ მოსარჩელის პოზიციას და რატომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაგებელი. ამდენად, სააპელაციო სასამართლო დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 1-----2017 წლის გადაწყვეტილების, ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის 129 620 ქულის მინიჭების შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დავალდებულება, - შეადგინოს ახალი დეკლარაცია რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მოსარჩელეს აუნაზღაუროს შეწყვეტილი სოციალური შემწეობა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით დახმარების აღდგენის დღემდე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე პირის უფლების რეალიზაცია პირდაპირ არის დამოკიდებული მის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლების, როგორც კონსტიტუციური უფლების რეალიზაციასთან, რაც კანონით დადგენილი რამდენიმე ფორმით ხორციელდება და რომელიც, თავის მხრივ, განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო საკითხის შემოწმებისა და შეფასების სფეროს. ამდენად, საჯარო მოხელეების მხრიდან პირის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი განცხადების/საჩივრის ზუსტი სწორი სამართლებრივი შეფასება უშუალო კავშირშია დაინტერესებული პირის, როგორც მატერიალური, ასევე პროცედურული უფლებების უზრუნველყოფასთან, მმართველობის კანონიერების, თანასწორობისა და კანონიერი ნდობის უფლების პრინციპების განხორციელებასთან.

 

დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს სოციალური დახმარების სფეროში მმართველობის განხორციელების კანონიერების უზრუნველყოფის მიზანი, ამ სფეროში დასაქმებულ მოხელეთა როლი და სოციალური ფუნქცია, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული სოციალური დახმარების მიმღებთა კონფლიქტი შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან.

 

სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების საჯარო ამოცანების (მათ შორის სოციალური პრობლემების) გადაწყვეტა და ამ ფუნქციის შესასრულებლად სახელმწიფო აფინანსებს გარკვეული კატეგორიის პირებს. სოციალურ სფეროში მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთ საჯარო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყანაში სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ადმინისტრაციული სამართლის პრონციპები – კანონიერების, კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ა. შ. - სრულად ვრცელდება სსიპ სოციალური დახმარების სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოში საჯარო მმართველობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ვალდებულებას ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტების მიმართ, გაუწიონ მათ სრულფასოვანი სამართლებრივი დახმარება. დასახელებული მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით. ადმინისტრაციულ ორგანოთათვის კანონმდებლობით დაწესებული ვალდებულებები წარმოადგენს მათ საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი, პატივსადები მოლოდინი გააჩნია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. მე-14 მუხლი – სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლება (რომელსაც მიერთებულია საქართველოს სახელმწიფო), ადგენს: სოციალური უზრუნველყოფის სამსახურებით სარგებლობის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, უზრუნველყონ ისეთი სამსახურები, რომლებიც სოციალური საქმიანობის მეთოდიკის გამოყენებით ხელს შეუწყობენ როგორც ცალკეულ პირებს, ისე საზოგადოებრივი ჯგუფების კეთილდღეობას და განვითარებას, ასევე, მათ შეგუებას სოციალურ გარემოსთან.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახის დეკლარაციაში ასახული მონაცემი უზუსტოა. დეკლარაცია არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას. დეკლარაციის მიხედვით (F1 გრაფა, პუნქტი 2) ოჯახი არის ღარიბი. სადავო დეკლარაციით ირკვევა, რომ ქ------- ჯ----–--ეს სხვა შემოსავალი გარდა ფულადი სოციალური დახმარების-საარსებო შემწეობისა 60 ლარის ოდენობით არ გააჩნია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ქ------- ჯ----–--ის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.

 

,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ დეკლარაციის B1 ბლოკში დაბადების წელთან დაკავშირებით გაკეთებულია შესწორება და აღნიშნული წარმოადგენს დეკლარაციის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტზე რომლის თანახმად, თუ შევსებული დეკლარაციის გადამოწმებისას აღმოჩენილი იქნება არასწორად შემოხაზული ან ჩაწერილი პასუხი, რომელიც მექანიკურად დაუშვა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა ან დაზუსტების მიზნით ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ითხოვს უკვე შემოხაზული (ჩაწერილი) პასუხის სხვა პასუხით შეცვლას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა უნდა გადახაზოს უკვე შემოხაზული პასუხი „X“ ნიშნით და ახლიდან შემოხაზოს/დააფიქსიროს სწორი პასუხი. ჩასწორებულ პასუხზე ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი. მესამე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჩასწორების შეტანა დასაშვებია, თუ ჩასწორება ხელს არ უშლის შემოხაზული (ჩაწერილი) მონაცემის (პასუხის) ერთგვაროვან გაგებას. იმ შემთხვევაში, თუ ჩასწორების გაკეთება სადაოს და გაუგებარს ხდის შეტანილ (ჩაწერილი) მონაცემს (პასუხს), სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია შეავსოს ახალი დეკლარაცია. ქ------- ჯ----–--ის განმარტებით ირკვევა, რომ მისი დაბადების თარიღია 1----–--–ი, აღნიშნული დაბადების თარიღი შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ ქ------- ჯ----–--ის პირადობის მოწმობის ასლში ასახულ მონაცემებს, დეკლარაციის ამავე გრაფაზე ხელი მოწერილი აქვს თავად მოსარჩელეს. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩასწორების შეტანა დეკლარაციაში დასაშვები იყო.

 

,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია გარემოებები, რაზეც მხარეები ამყარებდნენ თავიანთ მოთხოვნებსა და შესაგებელს, ასევე სამართლებრივად სწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მართებულად დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრისთვის ქ------- ჯ----–--ის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით ახალი დეკლარაციის შედგენის დავალების საფუძველი.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს ადმინიისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენლი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე