განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 101210018002442981
საქმე № 2/ბ-825-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): ბ----- ბ-–---
წარმომადგენელი: ი---------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ნ----- ფ-–-–-- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი: განქორწინება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2013 წლის 06 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ბ----- ბ-–---სთან. თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ ძალიან რთული ურთიერთობა, რასაც დაერთო ეჭვიანობა მოპასუხის მხრიდან, ამიტომაც შვილი არ შეძენიათ. ერთად ცხოვრების პერიოდში ოჯახის წევრებთანაც ჰქონდა ხშირი კონფლიქტი. აღნიშნულის ნიადაგზე დაშორდნენ ერთმანეთს და უკვე სამი თვეა ერთად აღარ ცხოვრობენ. ვინაიდან, მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია, ხოლო მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით ქორწინების შეწყვეტაზე, აუცილებელია სასამართლო გადაწყვეტილებით მოხდეს განქორწინება. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ბ----- ბ-–---მ სარჩელი არ სცნო და განმარტა რომ არანაირ უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. მან, მოსარჩელე მშობლების მოსანახულებლად წაიყვანა ჩხოროწყუს რაიონში და დატოვა დროებით, როდესაც ჩააკითხა წამოსაყვანად აღარ გამოატანეს, დაუწყეს დავა და გამოიძახეს პოლიცია. მხოლოდ ხუთი წუთი მოახერხა მეუღლესთან გასაუბრება, რომელმაც უთხრა, რომ განქორწინება მისი სურვილი არ იყო და აძალებდნენ ოჯახის წევრები. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ნ----- ფ-–-–--ს (პირადი №-----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. ნ----- ფ-–-–--სა (პირადი №-----------) და ბ----- ბ-–---ს (პირადი №-----------) შორის, 2013 წლის 06 ნოემბერს (სააქტო ჩანაწერი №-----------) სსგს ჩხოროწყუს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების მოწმობა №-----------, განმეორებით გაცემის თარიღი 2018 წლის 23 აპრილი) შეწყდეს განქორწინებით; 3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. ნ----- ფ-–-–-- (პირადი №-----------) და ბ----- ბ-–--- (პირადი №-----------) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 06 ნოემბრიდან. თანაცხოვრების მანძილზე შვილი არ შეძენიათ. 2.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარეებს შესარიგებლად მიეცათ ერთთვიანი ვადა, თუმცა მათ შორის შერიგება არ მოხდა. 2.3. მხარეები რამდენიმე თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მიუხედავად მიღებული ზომებისა, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1127-ე, 1212-ე, 1214-ე მუხლებზე და განმარტა: ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც წყდება განქორწინებით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა. განქორწინება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა. 2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მეუღლეთა (მხარეთა) შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და მათი ქორწინებაში დატოვება დაარღვევდა მეუღლეთა ქორწინებაში ყოფნის ნებაყოფლობით პრინციპს. გარდა ამისა, სასამართლოს მხრიდან შესარიგებელი ვადის, კიდევ ერთხელ განსაზღვრა, სამართლებრივად ვერ იქნებოდა გამართლებული.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, ნ----- ფ-–-–--მ ვერ დაასახელა რეალური მიზეზი განქორწინებისათვის, სასამართლომ კი დაუსაბუთებლად არ მისცა კიდევ ერთხელ დამატებითი ვადა შესარიგებლად. აშკარაა რომ მოსარჩელე არის ოჯახის წევრების ზეწოლის ქვეშ. 3.2. მეუღლესთან განშორება მისთვის ძალზე მძიმეა და ცდილობს შეურიგდეს. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი, სწორედ დამატებითი დროისათვის ესაჭიროება და თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება შევა ძალაში, მათთვის ყველაფერი დასრულდება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ბ----- ბ-–---- სააპელაციო საჩივარი ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი და საქმის განხილვა დაინიშნა მთავარ სხდომაზე 2018 წლის 19 სექტემბერს 16:00 საათზე. 4.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 19 სექტემბერს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე- ნ----- ფ-–-–--, ხოლო აპელანტმა იშუამდგომლა სხდომის გადადება, რაც დაკმაყოფილდა და სასამართლოს მთავარი სხდომა გადაიდო 2018 წლის 03 ოქტომბერს 15.00 საათზე. 4.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს, სასამართლოს მთავარი სხდომის დროისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე, მოწინააღმდეგე მხარე, ნ----- ფ-–-–-- გაფრთხილებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა, ბ---- ბ-–---მ მოითხოვა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 4.4. აპელანტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა–განმარტებას და დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, თუ საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად გამართლებულია. 4.5. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” პუნქტის შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. 4.6. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ნ----- ფ-–-–--, ამასთან არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. მიუხედავად აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და განქორწინების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. 4.8. ამავე კოდექსის 1123-ე და 1127.3-ე მუხლის შესაბამისად, განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, ამასთან, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად მიღებული ზომებისა. 4.9. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ითხოვს შერიგებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრას, მაგრამ სასამართლოსათვის ისეთი ფაქტები არ მიუთითებია და მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას ქორწინების შეწყვეტამდე შესარიგებელი ვადის კიდევ ერთხელ, დამატებით განსაზღვრისათვის. ისეთ ვითარებაში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე კანონით დადგენილი წესით გაფრთხილების მიუხედავად არ ცხადდება სასამართლო სხდომებზე, აშკარაა, რომ აპელანტთან ქორწინებაში ყოფნის სურვილი და ასეთი მოთხოვნით სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით დავის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია. ამ მსჯელობიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მოსარჩელეს პირადი უფლებების ხელყოფას-ნებაყოფილობით კავშირში იმყოფებოდეს ბ----- ბ-–---სთან, რაც დაუშვებელია. 4.10. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლისა და 230-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა მოსარჩელესათვის განქორწინებაზე უარის თქმისა და შერიგების ვადის კიდევ ერთხელ მიცემის თაობაზე იურიდიულად გაუმართლებელია, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ბ----- ბ-–---- შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ბ----- ბ-–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მიუხედავად იმისა, რომ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ---- ბ-–---- შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ბ---- ბ-–---- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში საჩხერის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.
4. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ირმა პერანიძე