განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
280310018002287511
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საპენსიო
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 280310018002287511

საქმე N3/ბ-298-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი _ დ------ ფ---–---–--ა

მოწინააღმდეგე მხარე _ 1.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

2.სსიპ სოციალურიმომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილება

დავის საგანი _ მიუღებელი პენსიის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

დ------ ფ---–---–--ამ სარჩელით მიმართა ჩხოროწტუს მაგისტრატ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს რაიონული განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის გაუცემელი პენსიის თანხის დაკისრება.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ხელშეკრულებით დანიშნული იყო ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრად, რის გამო შეუჩერდა პენსია იმ მოტივით, რომ მოსარჩელე კომისიაში ეწეოდა საჯარო საქმიანობას, რასაც დ------ ფ---–---–--ა არ დაეთანხმა და მოითხოვა ნოემბრის თვეში გაუცემელი პენსიის მიღებას. ბუღალტრის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, მოსარჩელემ ვერ მიიღო აგრეთვე დეკემბრის თვის პენსიაც, რისი მიღების მოთხოვნაც ასევე გააჩნია მოსარჩელეს. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მის მიმართ არსებული ორი თვის დავალიანება შეადგენდა ჯამში 374 ლარს.

მოპასუხე მხარემ არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით დ------ ფ---–---–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დ------ ფ---–---–--ა იღებდა ყოველთვიურ პენსიას 187 ლარის ოდენობით.

 

N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 23 აგვისტოს №003/2017 განკარგულებით, დ------ ფ---–---–--ა დაინიშნა ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 23 აგვისტოდან.

 

მითითებული განკარგულება საფუძვლად დაედო დ------ ფ---–---–--ასა და N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შორის 2017 წლის 23 აგვისტოს №69/1 შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, რომლითაც დამსაქმებელმა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიამ მოსარჩელე დ------ ფ---–---–--ა მიიღო საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესასრულებლად. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 23 აგვისტოდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშების წარდგენამდე.

 

შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ------ ფ---–---–--ა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც საჯარო მოსამსახურე.

 

2017 წლის 01 ნოემბრიდან დ------ ფ---–---–--ას „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე შეუწყდა პენსიის მიღება საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. ამასთან, მოსარჩელე დ------ ფ---–---–--ა №69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის საჯარო საქმიანობას ასრულებდა 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ ვერ მიიღო 2017 წლის ნოემბრის თვის პენსია.

 

საჯარო-საბუღალტრო საქმიანობის პერიოდის ამოწურვის შემდგომ, დ------ ფ---–---–--ამ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში მიმართა პენსიის დანიშვნის მოთხოვნით, რის გამოც მასზე არ გაიცა იმავე წლის დეკემბრის თვის პენსია.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სასამართლომ განმარტა „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი და მიუთითა მის მიზანზე, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ - ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში, ამასთან, კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

სასამართლოს მითითებით, აღნიშნული ნორმატიული აქტი ერთმანეთისაგან განსხვავებს პენსიაზე უფლების წარმოშობისა და პენსიის დანიშვნის ცნებებს. კერძოდ, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, თუმცა იმისათვის, რომ პირმა მიიღოს პენსია მან, კანონის მე-13 და მე-14 მუხლების მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება უნდა წარადგინოს ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად კომპეტენტურ ორგანოში, რომელიც პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. აღსანიშნავია კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა მასზედ, რომ პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, ხოლო დანიშნული პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, თანახმად იმავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მოპასუხეს პენსიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი არ გააჩნია, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიაში მისი საქმიანობა არ უნდა შეფასებულიყო საჯარო საქმიანობად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება: ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი 6 აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან; დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას ამყარებს იმავე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

სასამართლომ მიუთითა „საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში, თუმცა იმავე მუხლის მე-10 პუნქტი აკონკრეტებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

 

სასამართლოს მითითებით, სწორედ ასეთი ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელესთან 2017 წლის 23 აგვისტოს.

 

სასამართლომ შრომითი ხელშეკრულებასთან დაკავშრებით განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი (ამ კანონის პირველი–124-ე მუხლები, 125-ე მუხლის მე-2 და მე5–მე-9 პუნქტები ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან). კერძოდ: კანონის მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხოლო იმავე მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტი განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირია ის პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე საოლქო საარჩევნო კომისიაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბუღალტრად მუშაობის პერიოდში წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც მას მოპასუხისაგან მართებულად ეთქვა უარი 2017 წლის ნოემბრის თვის პენსიის გაცემაზე.

 

დეკემბრის თვის პენსიასთან დაკავშირებით,სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს 01.11.2017 წლიდან შეუწყდა პენსიის მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო. პენსიის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეწყვეტილი პენსიის ავტომატურ რეჟიმში აღდგენის საფუძველს და აღდგენისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა მიმართოს განცხადებით კომპეტენტურ ორგანოს იმავე კანონის მე-5 თავით გათვალისწინებული წესით, რაც მოსარჩელის მიერ განხორციელებულია დეკემბრის თვეში. „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, თუ კომპეტენტური ორგანო დააკამყოფილებს განცხადებას პენსიის დანიშვნის თაობაზე, პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არ დავობს, რომ მან სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის ხელახლა დანიშვნის მოთხოვნით მიმართა 2017 წლის დეკემბრის თვეში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მითითებული ნორმიდან გამომდინარე, 2017 წლის დეკემბრის თვის პენსია არ ეკუთვნის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ მიუთითა სასამართლოს, თუ კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მხრიდან, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

სააპელაციო საჩივრები:

 

ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ------ ფ---–---–--ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის მითითებით, N69 წალენჯიხის საოლქო საარცევნო კომისიაში დასაქმებული იყო ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, არ წარმოადგენს საჯარო მოხელეს და შესაბამისად, უკანონოდ მოხდა მისთვის პენსიის შეწყვეტა.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ დ------ ფ---–---–--ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება დ------ ფ---–---–--ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

დადგენილია, რომ N69 ხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 23 აგვისტოს N003/2017 განკარგულებით შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დ------ ფ---–---–--ა 2017 წლის 23 აგვისტოდან 2017 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით, დაინიშნა N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის ბუღალტრად.

 

207 წლის 23 აგვისტოს N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და დ------ ფ---–---–--ას შორის წერილობით დაიდო შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) N69/1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 23 აგვისტოდან ცენტრალურ საარცევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშების წარდგენამდე.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილების 2017 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ------ ფ---–---–--ას „პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე, შეუჩერდა პენსიის ჩარიცხვა საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.

 

N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 01 ნოემბრის N79 ცნობის თანახმად, დ------ ფ---–---–--ა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით აყვანილია ამავე კომისიის ბუღალტრად.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილების 2017 წლის 20 დეკემბრის N04-09-07/1463 მიმართვით დ------ ფ---–---–--ას ეცნობა, რომ მას 2017 წლის 01 ნოემბრიდან, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო, შეუწყდა სახელმწიფო გასაცემელის ჩარიცხვა. ვინაიდან მუშაობა დაიწყო 2017 წლის 1 სექტემბრიდან, 2017 წლის ოქტომბრის თვის პენსიის და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლებას ვერ იპოვებდა. აღნიშნულის გამო მიღებული 183 ლარის დაბრუნება დაევალა.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 03 იანვრის N40/3 მიმართვით დ------ ფ---–---–--ას ეცნობა, რომ საჯარო საქმიანობად არ მიიჩნეოდა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა, განურჩევლად დაკავებული პოზიციისა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში საჯარო საქმიანობის პერიოდში გასაცემლის მიღების უფლების შეზღუდვა არ ეხებოდა მხოლოდ კომისიის დროებით წევრს. საოლქო საარჩევნო კომისიაში დასაქმებულის მიმართ, თუ ის არ წარმოადგენდა ამ კომისიის დროებით წევრს, ვრცელდებოდა კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვა.

 

საქართველოს ცენტრალური საარცევნო კომისიის 2018 წლის 17 იანვრის N03-08/63 მიმართვით დ------ ფ---–---–--ას ეცნობა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო პერიოდში მის მიერ დაკავებული პოზიცია (ბუღალტერი) არ ითვლება საჯარო მოხელის თანამდებობად.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას, ხოლო მე-2 ნაწილის 23-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა მიერ სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობის მიზნით სახელმწიფო ვალდებულებას იღებს უზრუნველყონ ხანდაზმულთა დარჩენა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, რაც შეიძლება დიდხანს, რაც მაგალითად, ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოიხატება ადეკვატური სახსრების გამოყოფით, რაც საშუალებას მისცემს მათ იცხოვრონ ღირსეულად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის საფუძვლით დ------ ფ---–---–--ას სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩხოროწყუს განყოფილების 2017 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეუჩერდა პენსიის გაცემა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკის პირისთვის პენსიის უფლების წარმოშობის ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება.

 

საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.

 

„საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან; ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან; გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

„საარჩევნო კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-10 ნაწილით, საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ საოლქო საარჩევნო კომისია აღჭურვილია უფლებამოსილებით შრომითი ხელშეკრულებით დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი, ასევე ბუღალტერი, იმ განსხვავებით, რომ ბუღალტერს დაასაქმებს 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე, ხოლო სხვა დამმხმარე და ტექნიკურ პერსონალს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მის დასრულებამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ახორციელებს თუ არა N69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისიაში ბუღალტრის თანამდებობაზე დანიშნული დ------ ფ---–---–--ა საჯარო საქმიანობას.

 

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; ამავე მუხლის „ე“ პუნქტით, პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს; „ვ“ პუნქტით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი, რომელიც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ------ ფ---–---–--ა N69 წალენჯიხის საოლქო საარჩევნიო კომისიაში ბუღალტრად შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, ბუღალტრის ფუნქციების გათვალისწინებით კი იგი არ შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის საჯარო მოხელედ ვინაიდან, არ არის დანიშნული მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე და მისთვის მინიჭებული ფუნქციების გათვალისწინებით, არ ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტერი არ განსაზღვრავს კონკრეტული საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობის მიმართულებებს, იგი თავის უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია მხოლოდ ფინანსების ხარჯვასა და შესაბამისი ანგარიშების წარდგენაზე. შესაბამისად, წარმოადგენს არამუდმივი ამოცანების შესრულებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც არის უშუალო შემსრულებელი მასზე დაკისრებული ფუნქციების და არა მათი განმსაზღვრელი. ამასთან, როგორც სასამართლომ აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-5 ნაწილით ცესკოსა და უსკოს აპარატების თანამშრომლები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) საჯარო მოხელეები არიან და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ------ ფ---–---–--ა სადავო პერიოდში, კანონის მოთხოვნათა დარღვევით, არ იქნა უზრუნველყოფილი პენსიით, რისი გაცემის ვალდებულებაც სახელმწიფო მიერ დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე გააჩნდა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, მისი მოთხოვნა - აუნაზღაურდეს მიუღებელი პენსია 374 ლარის ოდენობით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ------ ფ---–---–--ას სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაკმაყოფილდეს დ------ ფ---–---–--ას სასარჩელო მოთხოვნა.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ------ ფ---–---–--ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2.გაუქმდეს ჩხოროწყუს მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3.დ------ ფ---–---–--ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

 

4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ------ ფ---–---–--ას სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი პენსიის ანაზღაურება 374 ლარის ოდენობით;

 

5.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი