განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2018
საქმის ნომერი
190100118002574857
ინსტანცია
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002574857

საქმე №1ბ/1285-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გი------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ივლისს, პირადი №2----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. რ------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენით გი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

გი------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

ნა----------ეს მისი მეუღლე გი------------–---–ი თანაცხოვრების პერიოდში, 2000 წლიდან დღემდე სისტემატიურად, კვირაში ორჯერ, სამჯერ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. გი------------–---–ს მიაჩნდა, რომ ოჯახში კაცის სიტყვაა მთავარი და ცოლს არ აძლევდა უფლებას გაეცა პასუხი, აიძულებდა მოეთმინა შეურაცხყოფაც ვინაიდან არის ქალი, უკრძალავდა მას მუშაობას, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლას, რაც ნა----------ისთვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნულის გარდა, 2018 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. რ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ნა----------ეს მისმა მეუღლემ გი------------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, აგინა, უყვირა, იყო აგრესიული მის მიმართ. ბოლოს ძალადობა გადაიზარდა ფიზიკურში, რაც გამოიხატა იმაში, რომ გი------------–---–მა მარჯვენა წარბის არეში მუშტი დაარტყა ნა----------ეს, შემდგომ კი მუშტების და გაშლილი ხელის დარტყმა დაუწყო მკლავებზე. გი------------–---–ის ყველა ქმედების შედეგად ნა----------ემ მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გი------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უსამართლო ვინაიდან, დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა გი------------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი, ოჯახური ძალადობის დანაშაულების საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესი, ჩადენილი დანაშაულის ინტენსივობა და ხასიათი, პირველ რიგში კი, დაზარალებულის ინტერესი, იცხოვროს მშვიდ გარემოში. მართალია ამ უკანასკნელის განცხადება, მეუღლის გ------- რ---–---–ის მიმართ პრეტენზიის არ ქონასთან და მასთან თანაცხოვრების გაგრძელებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების სახით, თუმცა დაზარალებულთა პოზიცია პრეტენზიის არ ქონასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს მყარ არგუმენტს, რათა გამოყენებულ იქნეს ნაკლებად მკაცრი სასჯელის ზომა, ვინაიდან „სტამბულის კონვენცია“ მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლის მშობელი, მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მიდგომა დანაშაულის ფაქტზე მკაცრი რეაგირებისთვის დამოკიდებული ვერ იქნება დაზარალებული ოჯახის წევრის პოზიციაზე ანდაც მოძალადის მიმართ პრეტენზიის არ ქონაზე, რადგან ბუნებრივია ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ დანაშაულის შემდეგ აქვთ სინანულის გრძნობა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულის ფაქტი უნდა დარჩეს ადეკვატური სასჯელის გარეშე. სასჯელის ინსტიტუტი და მიზნები, სწორედაც ამას გულისხმობს, აღდგეს სამართლიანობა, დაზარალებულებს გაუჩნდეთ დაცულობის განცდა, თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული და მოხდეს დამნაშავის რესოციალიზაცია – მსჯავრდებულმა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე აიღოს პასუხისმგებლობა, გაიაზროს ოჯახში ძალადობის დანაშაულის მომტანი საშინელი შედეგები, დაფიქრდეს მის ქმედებებზე, განიმსჭვალოს კანონის პატივისცემით, რითაც ხელი შეეწყობა მის რესოციალიზაციას. ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომელიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს. სწორედაც ფატალური შედეგების თავიდან აცილების მიზნით და ოჯახური დანაშაულის პრევენციისთვის, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ იქნას ადეკვატური ზომები ოჯახური ძალადობის დანაშაულის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად. აღნიშნულ მიზნები კი პირველ რიგში მიიღწევა დანიშნული სათანადო სასჯელით.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ნა----------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ნი----–----------–---–ის, მზ----------ის და გი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმები, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ბაზიდან ამონაწერი აქტების შესახებ და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ გი------------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა გენდერული ნიშნით, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარმოდგენილია დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც დაზარალებული შერიგებულია მსჯავრდებულთან და სურს მასთან თანაცხოვრების გაგრძელება. პალატას მიიჩნია, რომ პირობითი სასჯელი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ხა----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

გი------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

გი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მოცემულ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 18 ივლისიდან 2018 წლის 20 ივლისის ჩათვლით.

 

გი------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში გირაოს თანხა სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით.

 

”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე