განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
170100118002558916
ინსტანცია
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002558916

საქმე №1ბ/1300-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ივ-------–-----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 17 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1--- წლის 17 აგვისტოს, პირადი N2----------, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ივ-------–-----–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

1) 2018 წლის 9 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე თ------–-------------------------–----------ში მდებარე ივ-------–-----–---–ისა და ეკ----------------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ივ-------–-----–---–მა ხელების, ხელების არეში, მრავალჯერადი დარტყმისა და პლასტმასის ნატეხის ზურგის არეში გასმის გზით ფიზიკურად, ხოლო, თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფითა და გინებით, ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი ცოლის - ეკ----------------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა;

 

2) 2017 წლის ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე თ------–-------------------------–----------ში მდებარე ივ-------–-----–---–ისა და ეკ----------------–---–ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ივ-------–-----–---–მა ხელების სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი ცოლის - ეკ----------------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ბრალდებული ივ-------–-----–---–ი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ივ-------–-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ივ-------–-----–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენის ფაქტს გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ შემდეგი მტკიცებულებები: მოწმე ლა-–---------------ის (დაზარალებულის დედის) გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად მან დაზარალებულ ეკ----------------–---–ისგან გადმოცემით იცის, რომ მას და ივ-------–-----–---–ს ჰქონდათ უთანხმოება, მან 2017 წლის ივლისში, ეკ----------------–---–ი შენიშნა სახლში დაბრუნებული, იგი ტიროდა და სხეულზე ეტყობოდა ძალადობის კვალი სიწითლეების სახით. ეკ----------------–---–ის გადმოცემით, მასზე იძალადა მისმა ქმარმა. ასევე, ეკ----------------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ მას 2018 წლის 10 ივნისს სხეულზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, რაც მისივე განმარტებით მიაყენა ივ-------–-----–---–მა. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია 2018 წლის 09 ივლისს დაზიანების მიყენების იარაღი ე. წ. „აქანდაზის“ სახელური. აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც ცნობილია უდავო მტკიცებულებად, „პირადი გასინჯვის მონაცემებით (10.06.2018წ) ეკ----------------–---–ს აღენიშნება ნაჭდევი და სისხლჩაქცევა გულმკერდის უკანა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.“ ასევე, დასკვნაში იკითხება, რომ დაზარალებულმა ეკ----------------–---–მა ექსპერტს უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა მისმა მეუღლემ ძალადობის შედეგად.

 

გამართლებულ ივ-------–-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნო--------–--ემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სადაც აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, კერძოდ:

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება N1------, ეკ----------------–---–ის ვიზუალური დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ივ-------–-----–---–ის ალკოტესტით შემოწმების ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, მოწმეების: ვა---–---------------------–---–--ის, სო-–--------------–----–ის, თა--------–-----–---–ისა და ლა-–---------------ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 28 ივნისის N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ გახადა და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

კონკრეტულ შემთხვევაში პალატა ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა ეკ----------------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ. ხოლო, ივ-------–-----–---–მა გამოიყენა დუმილის უფლება და უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. მოწმეები: ვა---–---------------------–---–--ი და ს---–------ ვ------–---–ი არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, ისინი არა თუ ადასტურებენ 2018 წლის 9 ივნისს მომხდარ ფაქტს, მათი განმარტებით საერთოდ არ სმენიათ ივ-------–-----–---–სა და ეკ----------------–---–ს შორის არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობებზე, მით უმეტეს ძალადობაზე; თა--------–-----–---–ის განცხადებით - არც სმენია და არც შესწრებია მამის მიერ დედის ცემის ან გინების ფაქტს; ხოლო, ლა-–---------------მა (დაზარალებულის დედა) აღნიშნა, რომ პირადად არასდროს შესწრებია ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მომხდარ ჩხუბს ან ცემის ფაქტს, მხოლოდ სმენია ამის შესახებ. იგი მხოლოდ ერთხელ, 2017 წლის ივნისს, შეესწრო მათ შორის სიტყვიერ „წაკამათებას“, რის შემდეგაც შვილმა უთხრა, რომ ივ-------–-----–---–მა სცემა, თუმცა მოწმე ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატა ცემა ან განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ საგნებს: მაისურს და აქანდაზის ტარის ნაწილს, მათზე რაიმე ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რომლითაც დადგინდებოდა ამოღებული ნივთების კონკრეტული შემხებლობა წარდგენილ ბრალდებებთან და ივ-------–-----–---–თან.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს 2018 წლის 28 ივნისის სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაზე, რომელიც თავის მხრივ ემყარება პირადი გასინჯვის შედეგებს, რომლის თანახმადაც, ეკ----------------–---–ს აღენიშნება ნაჭდევები და სისხლჩაქცევები გულმკერდის უკანა ზედაპირზე, რაც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღებს.

პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება ივ-------–-----–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში, ისევე როგორც დაზარალებულის ვიზუალური დათვალიერების ოქმში, მითითებული ინფორმაცია დაზიანებების ივ-------–-----–---–ის მიერ მიყენების თაობაზე, არ არის საკმარისი ფაქტის დასადგენად, რადგან იგი ეფუძნება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

უზენაესი სასამართლოს მიერ N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,მტკიცებულებათა ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც’’.

 

ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად ვერ დგინდება ივ-------–-----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა დაზარალებულის ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ან სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა, აღნიშნულის თაობაზე არსებობს მხოლოდ ეჭვი, ვინაიდან ცალსახაა, რომ დაზარალებულს აქვს სხეულის დაზიანებები. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ივ-------–-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

ივ-------–-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი განაჩენის აღსასრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს ივ-------–-----–---–ს (2----------).

 

ნივთმტკიცებები: შავი ფერის მაისური და პლასტმასის აქანდაზის სახელური საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს - ეკ----------------–---–ს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ივ-------–-----–---–ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე