განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002273152
საქმე №1ბ/540-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
გოჩა ჯეირანაშვილი
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ-----------------–---–ის
მსჯავრდებულის: შ----–---–----ს
ადვოკატის: გ---------------ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ შ----–---–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №090271117001) შ----–---–----ს მიმართ. შ----–---–---- დაბადებულია 1--- წლის 01 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №0----------), ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–----------–-----------–-------------–------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----–---–---მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონიო შეძენა და შენახვა, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შ----–---–---მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შემდგომში გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1981 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, საიდანაც 2017 წლის 28 ნოემბერს ქ. თ---–-–-, სოფელ ფ-------–-–---–------–---------------–--------იმდებარე ტერიტორიაზე 0,0314 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 წონაკად, 100 ლარად გაასაღა მ------------–-–---–ზე, ხოლო დარჩენილი 0,1667 გრამი ნარკოტიკული სააშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება შეინახა პირადად, რაც ამოღებულ იქნა 2017 წლის 22 დეკემბერს ქ. თ---–--–----------–----------–-–--------------–-----------–--–---–------–---------------–------ მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული შ----–---–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენით:
შ----–---–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
შ----–---–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ----–---–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
შ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
შ----–---–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
შ----–---–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ----–---–---მა. სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა შ----–---–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---------------ემ სააპელაციო საჩივარს მხარი დაუჭირეს. დაცვის მხარემ მოითხოვა მსჯავრდებულ შ----–---–----ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 8 (რვა) წლის ვადით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება იმ მოტივით, რომ შ----–---–---- წარსულში ნასამართლევი არ არის, დანაშაულის ჩადენის დროს იყო 18 წლის. მან ითანამშრომლმა გამოძიებასთან - დაასახელა პირი, რომლისგანაც სისტემატურად ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას, რის საფუძველზეც აღნიშნული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე უდავოდ გახადა მტკიცებულებები და დაზოგა სახელმწიფოს რესურსი.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას პროკურორმა მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ შ----–---–----ს მიმართ სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ შ----–---–----ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში შ----–---–---მა წარდგენილ ბრალდებებში თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ, ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებად.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას შ----–---–---მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით სასჯელის შემსუბუქება, ვინაიდან არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას - დაასახელა პირი, რომლისგანაც სისტემატიურად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. უდავოდ გახადა მტკიცებულებები. შ----–---–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, რომელთა შესწავლის, შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ შ----–---–---მა ჩაიდინა დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად მიღწევას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მართებულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, შემამსუბუქებელი გარემოებები (შ----–---–---- არ არის ნასამართლევი, დანაშაულის ჩადენის დროს იყო 18 წლის, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, სადავოდ არ გახადა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა პირი, რომლისგანაც სისტემატიურად იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. ამასთან, მიუთითა, რომ დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სანქციით განსაზღვრულია 6 წლიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, შ----–---–---ს დანიშნული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატას მიაჩნია მკაცრად ჩამოთვლილი შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობის გამო. პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისიწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნის საფუძველი. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკული დანაშაული მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და საფრთხის შემცველია, სანქციის ფარგლებში მინიმუმის ან მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შ----–---–----ს მიმართ ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით 4 (ოთხი) წლის ვადით დანიშნულ სასჯელს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ნაწილში (საქართელოს სსკ-ის მ-4 ნაწილი) დანიშნულ სასჯელს თვლის მკაცრად და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება. კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შ----–---–----სთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - რვა წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს აღნიშნული მუხლის სანქციით განსაზრული სასჯელის მინიმუმამდე და უნდა გაენასაზღვროს 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც, პალატის აზრით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შ----–---–----სთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ შ----–---–----ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ შ----–---–----ს მიმართ სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ----–---–----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ შ----–---–----ს მიმართ შევიდეს ცვლილება;
შ----–---–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
შ----–---–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ----–---–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
შ----–---–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ შ----–---–----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
შ----–---–---ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალებები დალუქული NFCD 653290; 734643 პაკეტებში, რომლებიც ინახება შსს-ს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
ერთი ცალი DVD R დისკი (ფარული აუდიო-ვიდეო) მასალით დალუქული NFCD 671827 პაკეტში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
შ----–---–----ს პირადი ნივთები, რომლებიც ინახება შსს-ს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, ასევე ამოღებული ავტომანქანა HONDA FIT, სახელმწიფო ნომრით V------ დალუქული სახით, რომელიც გაჩერებულია ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დაცულ ავტოსადგომზე და ავტომანქანის გასაღები დალუქული სახით, რომელიც ინახება შსს-ს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
გ. ჯეირანაშვილი