განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002562665
საქმე №1ბ/1327-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ ირ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - გი----------–----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ირ-------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 03 მარტს, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლეობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ. ხ-–----------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ირ-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ირ-------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულების: მა------–---–-----ის და მი----–-–---–-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ორი პირის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 13 ივნისს, დღის საათებში, ქ. თბილისში, ს--–--–------------------------–----------------ში ძიძამ - ირ-------------ემ სცემა მასზე მოსავლელად მიბარებული უმწეო ბავშვები - 6 თვის მა-----------ი----–-–---–-----ეები, ასევე, მათ მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა ბავშვების საწოლზე თავდაყირა დანარცხებაში. აღნიშნულმა ქმედებამ მა-----------ი----–-–---–-----ეების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ირ-------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი----------–----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ირ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ირ-------------ისათვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რადგან იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მსჯავრდებულის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული ხუთი თვე საკმარისია და უნდა მიეცეს საშულება დაუბრუნდეს ოჯახს და საქმით გაამართლოს გამოცხადებული ნდობა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორ ან---–----–---–მა წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმე ეკ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი, ვიდეო კამერის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები: N0-------- და N0-------- და საქმეში არსებულ სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ირ-------------ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატას ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რაიმე ახალი გარემოება, რაც დანიშნული სასჯელის შემცირების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, წარმოდგენილი არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ირ-------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გი----------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომებისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ირ-------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ირ-------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 21 ივნისიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - დისკი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე