განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
150100118002626831
ინსტანცია
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002626831

საქმე №1ბ/1306-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხა–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 30 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, უმუშევარის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ნ----–---------------–--------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით ხა–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი;

 

ხა–---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ნ----–-------------------------–-------ში, ხა–---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გა-–--------------ანს, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხა–---------------მა ხელი დაარტყა თავში გა-–--------------ანს, რის შედეგადაც იგი წაიქცა და წაქცეულზე ხა–---------------მა ხელი და ფეხი კვლავ დაარტყა გა-–--------------ანს თავში. ხა–---------------ის ქმედებების შედეგად გა-–--------------ანმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მისი ხანგრძლივი მოშლის გამო.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, ხა–---------------ისათვის უფრო მკაცრი, სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, რადგან დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ვერ შეასრულებს სასჯელის მიზნებს და ვერ მოახდენს დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაული, მან ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს ხელებითა და ფეხებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებული იყო ფაქტიურად უმწეო მდგომარეობაში, ვინაიდან იგი იყო მთვრალი და ვერ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აპელანტის აზრით, დანიშნული პირობითი მსჯავრი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ გა-–--------------ანის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: რა------------------ის, ლე---------------ის, არ----------------ისა და ზა--------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გა-–--------------ანის მიმართ, ხა–---------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილ ქმედებასთან. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სასამართლომ სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს დანიშნული სასჯელი არ არის ზედმეტად ლმობიერი, პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ხა–---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ხა–---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლის ლაქები, რომლებიც ინახება შსს ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე