განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.10.2018
საქმის ნომერი
080210118001497350
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210118001497350

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-823-18 10 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოპასუხე) - - - შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“ ც------ ცა---ა ო----- ლ---–--ე, გ------- მჟ------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხეთათვის, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად 14152,37 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-სა და მოპასუხეებს შორის, 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ო-----ი ლ---–--ემ მიიღო სესხი 23800 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დღიური პროცენტი განისაზღვრა - 0.2%, რაც შეადგენდა 47.6 აშშ დოლარს (თვეში, 30 დღეზე 1428 აშშ დოლარს, ხოლო წლიურად12 თვეზე-17136 აშშ დოლარს); კრედიტის დაფარვის ვადა - 18.02.16 წელი.

ხელშეკრულების თანახმად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი.

ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ------- მჟ------ემ, როგორც თავდებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

მოვალის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 18 თებერვალს, როდესაც არ გადაიხადა სესხის ძირითადი თანხა და დარჩენილი სარგებელი. ამ დროისთვის მოვალის მიერ ჯამში გადახდილი იყო 18 883,19 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი იქნა 5000 აშშ დოლარი, რითაც განხორციელდა გადაუხდელი სარგებელის-2026,9 აშშ დოლარის დაფარვა, ხოლო დანარჩენი გამოკლებულ იქნა ძირ თანხაზე.

შესაბამისად, სარჩელის წარდგენის დროისათვის, გადასახდელმა ძირითადმა თანხამ შეადგინა 14 152,37 აშშ დოლარი, რაც უნდა დაეკისროთ მხარეებს სოლიდარულად.

 

მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათ მიერ თანხა სრულად არის დაფარული, გადახდილია იმაზე მეტი ვიდრე მიიღო მოსარჩელისაგან. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვილი თანხის- 14152,37 აშშ დოლარის ოდენობის ადეკვატურობა დაუსაბუთებელია და არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. ო-----ი ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1810,28 აშშ დოლარის გადახდა. 3. მოსარჩელე შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის მოთხოვნა, მოპასუხე გ------- მჟ------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. 4. მოსარჩელე, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის მოთხოვნა 12342,09 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. 5. ო-----ი ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 124,91 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის გადახდა. 6. მოსარჩელე, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ს დაუბრუნდეს, 2016 წლის 07 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1322,00 ლარიდან - ნაწილი 345 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150. 7. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 851,60 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. 8. გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-სა და მოპასუხეებს შორის, 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ო-----ი ლ---–--ემ მიიღო სესხი 23800 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის დღიური პროცენტი - 0.2%, კრედიტის დაფარვის ვადა-18.02.16 წელი, ამასთან, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო, თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი. 2.2. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-სა და მოპასუხეებს შორის, 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმებულ კრედიტისა და თავდებობის------ ხელშეკრულების მე-11 მუხლის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე 2.3. 2015 წლის 18 თებერვლის №---- კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ სულ გადახდილია 23 883,19 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 აშშ დოლარი გადახდილი იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 463-ე, 623-ე, 625-ე, 892-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11 -ე მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც, მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის საფუძველზეც ო-----ი ლ---–--ეზე სესხად გაიცა 23 8000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, დღეში 47,6 აშშ დოლარის სარგებლის დარიცხვის პირობით. ო-----ი ლ---–--ემ იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა, 12 თვის ვადაში დაეფარა. 2.5. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ო-----ი ლ---–--ემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში სრულად არ დააბრუნა. სესხი არც თავდებმა პირმა არ დაფარა, რაც ვალდებულების შეუსრულებლობაა. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, თუმცა სარჩელის განხილვისას დაცული უნდა იქნეს მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. №ას-1701-1685-2011, 22.10.2012 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. ვინაიდან, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო საპროცენტო სარგებლად და მსესხებლის ინტერესების დაცვის მიზნით, ის უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას. 2.6. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტის ყოველდღიური პროცენტი შეადგენს 0.2%-ს, რაც ნიშნავს, რომ სესხის ყოველწლიური სარგებელი სესხის თანხის 72%-ს შეადგენდა. სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, იგი ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება, ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. 2.7. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველდღიური 0.2%. მართალია, ამ შეთავაზებას ო-----ი ლ---–--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც ის მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ- ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად, კერძოდ, მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები. მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება, ვინაიდან, ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების დებულება (მე-4 პუნქტი), რომლითაც შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-მა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარგებლის ოდენობა უნდა შემცირდეს წლიურ 36%-მდე. შემცირებული საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით, მოპასუხეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა დღეში 23.8 აშშ დოლარი, რაც ერთ თვეში შეადგენს 714 აშშ დოლარს, ხოლო 12 თვეში 8568 აშშ დოლარს და არა მოსარჩელის მიერ დარიცხული ოდენობით (17136 აშშ დოლარი).

2.8. დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხემ გადაიხადა 18 883,19 აშშ დოლარი (საიდანაც პროცენტი დაიფარა 17 136 აშშ დოლარი, ხოლო 1747,19 აშშ დოლარი ძირი თანხა). ასევე, მან გადაიხადა 5000 აშშ დოლარი, ანუ სულ 23 883, 19 აშშ დოლარი.

იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი იყო შეუსაბამოდ მაღალი და სესხის წლიურ გონივრულ პროცენტად ჩაითვალა 36%, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ო-----ი ლ---–--ეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 8568 აშშ დოლარი.

ამ თანხის გათვალისწინებით, 17125.47 აშშ დოლარს (ძირ თანხას) უნდა გამოაკლდეს 5000 აშშ დოლარი და 1747,19 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 10 378.28 აშშ დოლარს.

ვინაიდან, მოპასუხის მიერ გადახდილი პროცენტი ძალიან მაღალია, 10378.28 აშშ დოლარს უნდა გამოაკლდეს 8568 (წლიური 36%) აშშ დოლარი და მოპასუხის ვალი უნდა განისაზღვროს 1810.28 აშშ დოლარი, რაც გადასახდელად უნდა დაეკისროს მოვალეს-ო-----ი ლ---–--ეს.

 

2.9. თავდები პირის, გ------- მჟ------ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

სკ-ის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობა აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იქნეს გამოხატული. ამისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე და იმ პირის ვალდებულებისათვის, რომელიც კრედიტორთან მოვალედ გამოდის.

გარდა ამისა, თავდებობის დოკუმენტში, ანუ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს გარანტი პასუხისმგებლობას. აღნიშნული ფორმის დაუცველობა იწვევს თავდებობის თაობაზე მიღწეული ყველა ფორმის ბათილობას და თავდების ვალდებულების გაუქმებას.

ვინაიდან, 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებაში არ არის მითითებული თავდების ზღვრული ოდენობა შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“ სასარჩელო მოთხოვნა გ------- მჟ------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-15 პუნქტით, მხარეები შეთანხმებულნი არიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ვინაიდან, წინამდებარე შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-15 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად შეამცირა პროცენტის ოდენობა 72%-დან-36%-მდე, არასწორად გამოაკლო მოვალის მიერ გადახდილი თანხები არსებულ დავალიანებას, რამაც მოვალეთა დავალიანების არასწორი ოდენობით განსაზღვრა განაპირობა. 3.2. სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 18 თებერვალს, 12 თვის ვადით გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის------ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ო-----ი ლ---–--ემ მიიღო სესხი 23 800 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დღიური პროცენტი შეადგენდა - 0,2%, ყოველთვიური პროცენტი 6%, ხოლო წლიური სარგებელი - 72%. ხელშეკრულების თანახმად, ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მსესხებელი არ შეამცირებდა სესხის ძირს, 12 თვის მანძილზე 23 800 აშშ დოლარით სარგებლობისათვის გადასახდელი ექნებოდა დარიცხული პროცენტი 17136 აშშ დოლარი (23 800-ის 72%=17 136). 3.3. სარჩელის წარდგენის დროისათვის, სარჩელზე თანდართული ამონაწერით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ ჯამში გადახდილია 18 883.19 აშშ დოლარი, საიდანაც, 6674.53 აშშ დოლარი გამოაკლდა სესხის ძირს (23800-6674,53=17125,47), ხოლო 12 208.66 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი. ამის შემდეგ, მოსარჩელემ გადაიხადა 5000 აშშ დოლარი, საიდანაც, 2026.9 აშშ დოლარით დაიფარა პორცენტი, ხოლო 2973.1 აშშ დოლარი გამოაკლდა სესხის ძირს. ანუ, დარჩენილი დავალიანება-14152.37 აშშ დოლარი, სრულად წარმოადგენს სესხის ძირს, რაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხე მხარეს. 3.4. სესხზე დარიცხული პროცენტის შემცირების საკითხზე გადაწყვეტილებაში განხორციელებული მსჯელობა, ეფუძნება და ითვალისწინებს, სარგებლის ოდენობასთან დაკავშირებით საკასაციო პალატის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, თუმცა სამართალწარმოებისას, სასამართლო მოვალეა ინდივიდუალურად განიხილოს ყოველი კონკრეტული დავა, დეტალურად შეისწავლოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს ამ დავაში არსებული ფაქტები და მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ზნეობის კრიტერიუმი კანონით არ არის განსაზღვრული, ზნეობის განმარტება შეფასებას საჭიროებს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მ----------------- ორგანიზაციები სესხად გასაცემ თანხებს, თავად სესხულობენ ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით. ამასთან, მტკიცებას არც ის ფაქტი საჭიროებს, რომ მ----------------- ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები, ძალიან მაღალი რისკით გამოირჩევა. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა იყოს 100 პროცენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხისათვის წლიურ 100 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე შეთანხმება კანონშესაბამისია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთის ამორალურობასა და შემცირებასთან დაკავშირებით უკანონოა და უნდა გაუქმდეს. 3.5. გარდა იმისა, რომ სასამართლომ სამართლებრივად არასწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება და მოსარჩელე არ ეთანხმება სესხზე დარიცხული პროცენტის შემცირების საკითხს, სესხის თანხის გაანგარიშებისას არითმეტიკული შეცდომებიც დაუშვა, კერძოდ, თუ მიიჩნევდა, რომ მოპასუხეს ჯამში გადახდილი ჰქონდა 23 883.19 აშშ დოლარი 36% სარგებელის გათვალისწინებით, გადასახდელი დავალიანების ოდენობა იქნებოდა 8484.81 აშშ დოლარი. 3.6. დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ, რაც გამორიცხავდა თავდების მიმართ თანხის დაკისრებას. სასამართლოს ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ უნდა აღინიშნოს, რომ თავდებობის ხელშეკრულება არის სესხის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი და ცალკე არ გაფორმებულა. ანუ, თავდებობის ხელშეკრულების ნადვილობისთვის საჭირო ინფორმაცია - თავდებობის ზღვრული-მაქსიმალური ოდენობა დაფიქსირებულია კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებაში, რის შესრულებაზეც პასუხისმგებლობა თავდების მიერ დადასტურებული იქნა ხელმოწერით. ამდენად, სადავო ხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, თავდებმა, ძირითად მსესხებელთან ერთად, შპს „მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის წინაშე, სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი ვალდებულებების შესრულება, რაც წარმოადგენდა მისთვის თანხის დაკისრების წინაპირობას. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის შესაბამისად, პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.3 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე 2.4.-2.7, 2.9-2.10 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები- სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 463-ე, 623-ე, 625-ე, 892-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე მუხლი, თუმცა მიაჩნია, რომ დავალიანების თანხის გაანგარიშებასთან დაკავშირებით (ამ გადაწყვეტილების 2.8. პუნქტი) მსჯელობა არითმეტიკულად არასწორია, რაზედაც შედავება ასახული იქნა კიდეც სააპელაციო საჩივარში. 4.4. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს: სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადახდილია 18 883,19 აშშ დოლარი (ს.ფ.17-19). შემცირებულ პროცენტზე-წლიურად 36%-ზე გაანგარიშებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ძირითადი თანხაზე-23800 აშშ დოლარზე შესატანი სარგებელი უნდა განისაზღვროს 8568 აშშ დოლარი (23800-ის 36%=8568). ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოვალის მიერ გადახდილი 18883,19 აშშ დოლარიდან, სესხისთვის გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი-8568 აშშ დოლარი სრულად გადახდილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო დარჩენილი სხვაობა 10 315,19 აშშ დოლარი (18883,19-8568=10315,19) უნდა გამოაკლდეს ძირითად თანხას და ხელშეკრულების ვადის გასვლის დროისათვის, გადაუხდელი ძირითადი თანხა უნდა განისაზღვროს 13454,81 აშშ დოლარი (23800-10315,19=13454,81). 4.5. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მოვალემ კვლავ განახორციელა კრედიტორის ანგარიშზე 5000 ლარის შეტანა. კრედიტორს იმ დროისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება არ გამოუყენებია და შეტანილი თანხა მიაქცია 72%-ზე გაანგარიშებით სარგებლის დასაფარად, ხოლო დარჩენილი სხვაობა გამოაკლო ძირითად თანხას. ვინაიდან, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, პროცენტის გადახდაზე შეთანხმება მხარეთა შორის არ ყოფილა და კრედიტორს პირგასამტეხლო არ მოუთხოვია, პალატა მიიჩნევს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი 5000 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად, რომლის გათვალისწინებითაც დარჩენილი დავალიანება შეადგენს 8484,81 აშშ დოლარს (13454,81-5000=8484,81). ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის მიმართ ო----- ლ---–--ის დავალიანება შეადგენდა 1810,28 აშშ დოლარს არასწორია, რაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითად მოვალეს-ო----- ლ---–--ეს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების- 8484, 81 აშშ დოლარის გადახდა. 4.6. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას პროცენტის შემცირებასა და თავდები პირის მიმართ თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აპელანტს დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკასთან (იხ.სუსგ №ას-663-629-2015 28 ივლისი, 2015 წელი). 4.7. პალატა მიუთითებს, რომ მართალია, 2015 წლის 18 თებერვლის კრედიტისა და თავდებობის------ ხელშეკრულების 11-ე პუნქტში თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა ციფრებით არ არის გამოხატული, მაგრამ ხელშეკრულება, ასევე არ შეიცავს ჩანაწერს, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული იქნებოდა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები: ძირითადი ვალი, პროცენტი, რაც დაწესებულია საკრედიტო ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო, ბანკისთვის მიყენებული ზიანი და სასამართლო ხარჯები. ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ჩანაწერი: „თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე“ (ს.ფ.16), წარმოადგენს ზოგად ჩანაწერს, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის მოთხოვნებს და არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ თავდებობა ნამდვილია, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი თავდებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრებისა. 4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად დაასაბუთა გადაწყვეტილება, სესხის დავალიანების გაანგარიშებისას არასწორად მოახდინა ფაქტის დადგენა, რამაც მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის არასწორი ოდენობით თანხის დაკისრება გამოიწვია, აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ო----- ლ---–--ის მიმართ თანხის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ო----- ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8484, 81 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება გ------- მჟ------ის, როგორც თავდები პირის მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ო----- ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ----------------+“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის-8484,81 აშშ დოლარის პროპორციულად, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის (სულ 7%-ის ოდენობით), წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის- 1613,38 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ო----- ლ---–--ის მიმართ თანხის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ო----- ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 8484, 81 აშშ დოლარის გადახდა;

5. ო----- ლ---–--ეს, შპს ,,მ----------------- ო---------–-- კ---------------- +“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, 1613,38 ლარის ანაზღაურება;

6. გადაწყვეტილება გ------- მჟ------ის მიმართ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე: ირმა პერანიძე

მოსამართლეები: ლაურა მიქავა

ნანა კალანდაძე